ვინ არის გენიოსი? ეს კითხვა საუკუნეებია აწუხებს კაცობრიობას. აინშტაინი რომ გენიოსი იყო, ყველამ ვიცით. ის პრაქტიკულად „გენიოსის” საერთაშორისო სიმბოლოდ იქცა. მაგრამ National Geographic-ის გუნდმა გადაწყვიტა ამ ინტელექტუალური სიმბოლოს მიღმა გაეხედა და გაერკვია, რა მახასიათებლები აქცევს გენიოსს გენიოსად და ერთ ადამიანს მეორეზე ჭკვიანად.

ვაჟა-ფშაველას ლექსი რომ წაუკითხავს ილია ჭავჭავაძეს, წამოუძახია: არა, ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავსდვათ, გზა კი ვაჟას უნდა დავუთმოთო. წინამდებარე ნომერში ვაჟაზე მწერალი და National Geographic-ის ავტორი პოლ სალოპეკი მოგითხრობთ. პულიტცერის პრემიის ორგზის მფლობელმა საქართველოში თითქმის ნახევარი წელი დაჰყო, ჩარგალსაც ესტუმრა და „ვაჟას თანაზიარიც” გახდა.
გენიალური “ვეფხისტყაოსნის” უძველესი ხელნაწერის შესახებ ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის ტრადიციული რუბრიკიდან შეიტყობთ, ხოლო ფიროსმანის გენიაზე რუბრიკა „სამყაროში” ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერია მოგითხრობთ. კიდევ რას გთავაზობთ? – ცოცხალ გენიოსს, საჭადრაკო „ოსკარის” მფლობელსა და პირველ ქალ დიდოსტატს, ნონა გაფრინდაშვილს ჩვენი ავტორი ქეთი პატარაია ესაუბრა რუბრიკაში „ხმა”.
მე კი, ამ ამპლუაში პირველად წარმოგიდგენთ National Geographic საქართველოს მაისის ნომერს და ჩვენი რედაქციის განახლებული გუნდის სახელით გპირდებით – ვეცდებით, იმედი არ გაგიცრუოთ!