ღამის ცხოვრება
შუაგული ოკეანის კუნაპეტ სიღრმეებში არსებულ ნაკადებთან იშვიათად ხილული არსებები ცეკვავენ.


ღამის ცხოვრება
შუაგული ოკეანის კუნაპეტ სიღრმეებში არსებულ ნაკადებთან იშვიათად ხილული არსებები ცეკვავენ.
ღამეული ოკეანის წყვდიადში მანათობელი ბაგირი უხმოდ იძირება 30 მეტრის სიღრმეზე.
რამდენიმე წუთის შემდეგ მას მყვინთავებიც მიჰყვებიან. აკვალანგით, განათებებითა და წყალგამძლე DSLR კამერებით აღჭურვილი დევიდ დუბილე და ჯენიფერ ჰეისი ჯადოსნურ სამყაროში ეშვებიან.
„წყალში ჩასვლისას თავდაპირველად მანათობელ გალაქტიკაში აღმოჩნდები“, – ამბობს დუბილე ოკეანეში ღამეულ ყვინთვაზე. ხედავ დანარჩენ მყვინთავებს, რომლებიც განათების სხვადასხვანაირ, მოძრავ სვეტებს ასხივებენ და თავი კოსმოსში გგონია.


ზოოპლანქტონი – მაგალითად, მედუზა (მარცხნივ) და ციცქნა, კრევეტისებრი ამფიპოდებით გარშემორტყმული ლარვულ სტადიაში მყოფი ლომთევზა (მარჯვნივ) – საკვების საძიებლად ღამით ხშირად სიღრმეებიდან ზედაპირისკენ ამოდის. ღია ოკეანეში მზის ჩასვლის შემდგომ ყვინთვა „სამყაროში ყველაზე უცნაური და ეგზოტიკური არსებების აღლუმზე დასაკვირვებლად საუკეთესო საშუალებაა“, – ამბობს დუბილე.
სიბნელეში – ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის სარგასოს ზღვაში იქნება თუ ინდონეზიაში მდებარე რაჯა-ამპატის არქიპელაგის ტროპიკულ წყლებში – დუბილე და ჰეისი ისეთი რაღაცების მომსწრენი ხდებიან, რასაც ბევრი ვერასოდეს იხილავს, – „ღამის ზღვაში ხომ ყველაფერი უცნაური ცეკვავს“, – ამბობს დუბილე.
ფოტოგრაფები ლარვულ სტადიაში მყოფი სხვადასხვა სახეობის იშვიათ ფოტოებს იღებენ და აკვირდებიან ჭკვიანურ ხერხებს, რომლებსაც ცხოველები ღამით თავის გადასარჩენად იყენებენ, როგორც, მაგალითად, მედუზის უკან დამალული ნორჩი სტავრიდისებრი (caranx hippos), ამავდროულად, მყვინთავებს დინება მიათრევს და ისინი მხოლოდ ჰაერის ბუშტუკების დახმარებით თუ ხვდებიან, საითაა ზედაპირი; არც მანათობელ ბაგირს კარგავენ მხედველობიდან, რათა გემს ძალიან არ დაშორდნენ. „ყველაფერი დინებაზეა დამოკიდებული, – ამბობს ჰეისი, – მას მიუყვები და გამართლებაზეა, რამეს თუ გადაეყრები“.

The National Geographic Society-ს მიზანია ჩვენი სამყაროს საოცრებათა გაშუქება და დაცვა. ეს ორგანიზაცია 2012 წლიდან აფინანსებს მკვლევარ დევიდ დუბილეს. წელს, National Geographic-ისთვის შესრულებული მისი პირველი ფოტოგრაფიული დავალებიდან, 50 წელი შესრულდა. დუბილე და ჯენიფერ ჰეისი აშუქებენ როგორც ჩვენი ოკეანეების სილამაზეს, ისე მისთვის მიყენებულ ზიანს.
ილუსტრაცია: ჯო მაკკენდრი