ღამის ცვლა
ვინ მუშაობს, სანამ ჩვენ გვძინავს?
ღამურების შესახებ გავრცელებული
წარმოდგენების მიღმა ამ მფრინავი
ძუძუმწოვრის უდიდესი დამსახურება იმალება.
ღამის ცვლა
ვინ მუშაობს, სანამ ჩვენ გვძინავს? ღამურების შესახებ გავრცელებული წარმოდგენების მიღმა ამ მფრინავი ძუძუმწოვრის უდიდესი დამსახურება იმალება.
ისინი ყველგან არიან.
„ადრე ჩემთან, სახურავის ქვეშ ბინადრობდნენ“, – ამბობს მეღვინე დიმიტრი ჭანია და ალუბლის, გარგარისა და ატმის ხეებით, პალმებითა და აყვავებული ვარდებით გარშემორტყმულ სახლზე მიმითითებს. სახლის წინ პატარა დეკორატიულ აუზში ოქროს თევზები ცურავენ, უკან კი მარანია. ეზოს შუაგულში უზარმაზარ ბატუტზე მხიარული ჭყივილით დახტიან დიმიტრის შვილიშვილები.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დიმიტრიმ დიდი რაოდენობით ღამურა შენიშნა, რომლებიც მისი აივნის ქვეშიდან გამოფრინდნენ. თავიდან ეგონა, რომ უბრალოდ ჯგუფურად ჩაიფრინეს მის სახლთან, მაგრამ შემდეგ წრიპინის ხმაც შემოესმა. აღმოჩნდა, რომ ღამურებს სახურავის ქვეშ ნაშიერები გაუჩენიათ.
„აივანზე ყავასაც ვეღარ ვსვამდი, ზემოდან ექსკრემენტები ცვიოდა!“ – იხსენებს დიმიტრი. „ერთ დღეს ღამურა ჩემი შვილიშვილის ოთახში შეფრინდა და გოგონა პანიკაში ჩავარდა – გაგონილი ჰქონდა, თმაში ჩაბურდვა იციანო და ისე შეეშინდა, ჩვენს სახლში მოსვლაც აღარ უნდოდა“.

დიმიტრიმ ღრიჭოები ქაფით ამოქოლა, მაგრამ ამაოდ – ღამურები შესვლა-გამოსვლას მაინც ახერხებდნენ. შემდეგ რჩევები ინტერნეტით მოიძია და ქიმიური ნივთიერებების შესხურება სცადა, მაგრამ არც ამან გაამართლა. ღამურების მოშორება დიმიტრიმ მხოლოდ მესამე მცდელობის, ღრიჭოების ხის ძელაკებით ამოქოლვის შედეგად შეძლო. არასასურველი მეზობლების გასახლებას მთელი წელი მოანდომა.
ხელფრთიანები, რომელთაც პოპულარულ ენაზე ღამურებად მოვიხსენიებთ, თითქმის ყველგან გვხვდებიან: მთაშიც, ბარშიც, უდაბნოშიც, ჯუნგლებშიც და ტაიგაშიც – მათ მხოლოდ ანტარქტიდაში ვერ ნახავთ. სახეობათა რიცხვი 1400-ზე მეტია. ხელფრთიანები (ღამურები) აღრიცხულ ძუძუმწოვართა გლობალური პოპულაციის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტაზე არსებული ყოველი მეხუთე ძუძუმწოვარი ღამურაა.
ევროპაში ღამურების 53 სახეობაა გავრცელებული და ეგვიპტური მფრინავი ძაღლის (Rousettus aegyptiacus) გარდა ყველა მწერებით იკვებება. აქედან საქართველოში ღამურების დაახლოებით 30 სახეობა ფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოში თითქმის ყველა სახეობა გვხვდება, რაც კი მთელ საქართველოშია დაფიქსირებული, რადგან აღნიშნულ რეგიონში მრავლადაა ღამურასთვის მიმზიდველი კარსტული მღვიმეები. საქართველოს ღამურები თავს აფარებენ ასევე ხის ფუღუროებს, მიტოვებულ შენობებს, სხვენებსა და სარდაფებს, ხიდებს და მეტროსაც კი.

„საქართველოში მობინადრე ღამურების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. საბჭოთა პერიოდში დროდადრო ატარებდნენ კვლევებს, ჩვენმა გუნდმა კი მათ კვლევაზე მიზანმიმართული მუშაობა 2000-იან წლებში დაიწყო“, – გვიამბობს იოსებ (სოსო) ნატრაძე და თან თამამად მიაგელვებს ყველგანმავალ ფორდის პიკაპს იმერეთის ციცაბო და ქვიან გზაზე. სოსო ქიროპტეროლოგია – ღამურების შემსწავლელი მეცნიერი. იგი ასისტენტ-მკვლევარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ხერხემლიან ცხოველთა შემსწავლელ ჯგუფში. დღეს ველზე მივყვებით მას და მის გუნდს, რომლებიც მღვიმეების თიხიან ტალახსა და ტყის ეკალ-ბარდებში სამუშაოდ არიან გამოწყობილნი. გარეგნულად, ქცევებითა და ემოციურობით, სოსო კვალში ჩამდგარ მონადირეს წააგავს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა დავადგინოთ, თუ რომელი ღამურები ბინადრობენ ჩვენს ქვეყანაში და დავაზუსტოთ – სად. ღამურების კვლევა ადვილი არაა, რადგან ისინი სინათლეს ერიდებიან. ზამთარში მათი ჰიბერნაციის ადგილებს ვსტუმრობთ, სახეობების იდენტიფიცირებასა და კოლონიაში ინდივიდების რაოდენობის განსაზღვრას ვცდილობთ. თბილ სეზონზე ულტრაბგერით დეტექტორებსა და საფრენ ტრაექტორიებზე გაჭიმულ საჭერ ბადეებს ვიყენებთ.
ძუძუმწოვართა გლობალური პოპულაციის დაახლოებით 20%-ს ღამურები შეადგენენ.
სოსო ნატრაძე და მისი გუნდი იმერეთში, სოფელ ყუმისთავთან მდებარე ერთ-ერთ მღვიმეში მიდიან. ადგილობრივი მოსახლეობა იტყობინებოდა, რომ იქ უამრავი ღამურაა. მღვიმიდან აგვისტოს სიცხესთან კონტრასტული სასიამოვნო სიგრილე იფრქვევა. მკვლევრები ჩაფხუტებს ირგებენ, შუბლის ფარნებს ანთებენ და შედიან. პირველი მიწისქვეშა დარბაზი იმედს არ ამართლებს – გუანოს (ღამურას ექსკრემენტების) სულ რამდენიმე კვალი ხვდებათ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქ ბევრი ინდივიდი არ ყოფილა. სოსო იხსენებს ერთი კაცის ნათქვამს, რომ „ღამურები მეორე დარბაზში ნახა, სადაც შვილთან ერთად იყო ჩასული“. ჯგუფი ეჭვნარევი გამომეტყველებით უყურებს ციცაბო და სახიფათო ჩასასვლელს – ნუთუ იქ ვინმე ბავშვთან ერთად ჩავიდოდა? მკვლევრები თოკს იმარჯვებენ. ღამურების თავშესაფრის ადგილების დასალაშქრად სპელეოლოგიისა და მეკლდეურობის უნარებია საჭირო – ეს ცხოველები ხომ უსაფრთხო და მიუწვდომელ ადგილებს არჩევენ. მაგრამ ქვედა დარბაზში ოთხი ძაღლის ძვლები ხვდებათ მხოლოდ – ღამურები არც იქ აღმოჩნდნენ; არ დადასტურდა ადგილობრივთა მონაყოლი, თითქოს აქ უზარმაზარი კოლონია და მუხლებამდე გუანო იყო.

„ასე ძალიან ხშირად ხდება“, – გვიხსნის სოსო. „ხალხს გაზვიადება სჩვევია ხოლმე, ამიტომ გადამოწმება აუცილებელია“.
ყუმისთავიდან მეცნიერთა ჯგუფი ქუთაისთან მდებარე მინდვრებში გადადის. აქ მათ შრომატევადი საქმე ელით – ახლო მომავალში ქარის ტურბინების დადგმა იგეგმება და მკვლევრებმა უნდა შეაფასონ, რა გავლენა ექნება პროექტს ღამურებზე. ქარის ტურბინები შესაძლოა ღამურების სიკვდილიანობის მიზეზი გახდეს. შესაბამისად, საჭიროა ღამურებზე ქარის ტურბინების პოტენციური უარყოფითი ზემოქმედების შეფასება, მის შესამცირებლად სათანადო შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. მკვლევართა ჯგუფი შეფასებისას ეყრდნობა EUROBATS-ის (ევროპულ ხელფრთიანთა პოპულაციების კონსერვაციის შესახებ შეთანხმება) ფარგლებში შემუშავებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც მოიცავს კვლევის ძირითად მიდგომებსა და რეკომენდაციებს შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე. კვლევის პირველი ნაბიჯია ღამურას სახეობათა და მათი სეზონური ქცევების კვლევა.
„ეს ადგილი ფერმასთან, ძველ ფარდულებთან და საწყობებთანაა ახლოს, სადაც, როგორც ჩანს, ღამურები ბინადრობენ. მინდვრები და ტყეები ერთობლივად მრავალფეროვან გარემოს ქმნიან. არაა გამორიცხული, აქ იშვიათი სახეობაც კი შემოგვხვდეს“, – ამბობს სოსო. მეცნიერები სხვადასხვა სახეობაზე საგანგებოდ მორგებულ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, რათა მათზე ქარის ტურბინების უარყოფითი ზემოქმედება მინიმუმამდე დაიყვანონ. „რეკომენდაციები არც ისე მკაცრია, როგორც შეიძლება იფიქროთ“, – გვიხსნის სოსო. „ღამურები 5-7 მ/წმ-ზე მაღალი სიჩქარის ქარში არ დაფრინავენ, ენერგია კი ძირითადად უფრო ძლიერ ქარში გამომუშავდება“.
სანამ მკვლევრები ბადეებს ამონტაჟებენ, დღის მწერები სათითაოდ დუმდებიან და მცირე პაუზის შემდეგ ღამის სიმფონია იწყება – ჭრიჭინებისა და კალიების ტკაცუნის, ზუზუნის, სისინისა და გუგუნის ჰარმონია სიცოცხლის ტრიუმფს ეხმიანება, ხოლო სოლოს ბაყაყები ასრულებენ.
მარცხნივ: ღამურას თავის ქალა, რომელიც ინახება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის კოლექციაში.
მარჯვნივ: ალექსანდრე ბუხნიკაშვილი ღამურას შეისწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის კოლექციაში. საბჭოთადროინდელ ზოგიერთ ეტიკეტზე მწირი ინფორმაციაა: მასალის შეგროვების თარიღი და სახელი „ღამურა“. ეგზემპლარების სახელები ხშირად მხოლოდ რიგის დონეს აღნიშნავს.
ბადეების სადარაჯოდ ორი მკვლევარი რჩება, ხოლო დანარჩენი ორი ღამურების დეტექტორებითა და ყურსასმენებით აღჭურვილი მიუყვება მოუკირწყლავ გზას. პირველი მათგანი დაბალი სიხშირის სიგნალებს უსმენს, მეორე კი – მაღალს. დრო გადის და მხოლოდ ერთი სახეობის ორიოდე ინდივიდის დაფიქსირება ხერხდება. ბადეებიც ცარიელი რჩება. სოსო ჩაფიქრებული გვეუბნება: „ზოგადად ღამურები ჯანსაღი გარემოს ინდიკატორები არიან. მათი არყოფნა იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის“.
ღამურასგან, როგორც მეღამური მწერების მთავარი მტაცებლისგან, გარემოს მდგომარეობის შესახებ ბევრი რამის გაგება შეგვიძლია. მათზე დაკვირვება სანდო მონაცემებს იძლევა. მიწის ექსპლუატაციის, სამეურნეო საქმიანობის, ურბანიზაციის, სინათლით დაბინძურების, მძიმე ლითონების, ჰაბიტატის ფრაგმენტაციისა და გვალვის მიმართ მგრძნობიარენი არიან და ცვლილებები მათზე მკვეთრად აისახება. სწორედ ამიტომაა, რომ ისინი ველური ბუნების ზოგადი სიჯანსაღისა და გარემოს ხარისხის შესანიშნავ ინდიკატორებად ითვლებიან.
ულტრაბგერითი დეტექტორებით აღჭურვილი მკვლევრები უკან უსიამოვნო ამბით ბრუნდებიან. გზის ქვედა მხარეს კომბოსტოა გაშენებული, სადაც მწერები საერთოდ არაა. მესაკუთრეებმა ეს ადგილი სავარაუდოდ ახლახან ინსექტიციდებით დაამუშავეს, ხოლო სადაც მწერი არ ჭაჭანებს, იქ არც ფრინველი და ღამურა იქნება.
საშიშნი არიან?
სოფელ ყუმისთავთან მდებარე მღვიმე, ღლიანა, ერთი შეხედვით ღამურებისა და ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების სანიმუშო მაგალითად მოჩანს. ხუთამდე სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელი ათასობით ღამურა ირჩევს მას სამშობიარო თავშესაფრად, ნაშიერების გასაჩენად და შთამომავლობის გამოსაზრდელად. ამ მღვიმეს დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს და მისი შესასვლელი კერძო ტერიტორიაზე მდებარეობს, რაც „აბეზარი“ მნახველების რაოდენობას მკვეთრად ზღუდავს.

ამჯერად სოსო ნატრაძის გუნდს ექიმის თავდაჯერებული იერის მქონე ქალბატონი შეემატა. იგი მღვიმის შესასვლელთან დადგმულ საპიკნიკე მაგიდაზე დიდი ჩანთიდან სინჯარებს, შპრიცებს, ეტიკეტებსა და მარკერებს იღებს. დანარჩენი მეცნიერები ამ დროს ბადეებს შლიან. უეცრად მღვიმიდან ხმადაბალი ზუზუნი მოისმის. „რა ხდება?“ – შიშით კითხულობს ქალი. – „ვიღაც ვენახს რწყავს და ტუმბო ქვემოთაა, მღვიმეში“, – უხსნის სოსო.
„მერედა, ღამურებისთვის არა უშავს?“ – კითხულობს ქალი. „აქ ღამურებისა და ადამიანების თანაცხოვრება არც ისეთი ჰარმონიულია, როგორიც შეიძლება გეგონოთ“. ახლომდებარე სასტუმროდან ხმამაღალი მუსიკა მოისმის. ტურისტებს განტვირთვა და გართობა სურთ. დიახ, ღამურებისთვის შემაწუხებელია, მაგრამ ვერც ადამიანებს გაამტყუნებ: კანონს არ არღვევენ, მხოლოდ საკუთარ და ოჯახის კომფორტზე ზრუნავენ. მთელ ევროპაში ხდება ასე: ღამურებზე ადამიანების ზეწოლა სულ უფრო იზრდება. ტყეების გაჩეხის, სინათლითა და ხმით დაბინძურებისა თუ პესტიციდების გამოყენების შედეგად ღამურების პოპულაციები გლობალურად მცირდება.
მალე მოშიებული ღამურები მღვიმიდან გამოფრენას და ბადეებში გაბმას იწყებენ. „ისინი მალევე მიხვდებიან, რომ აქ ბადეები გავშალეთ და მღვიმის მეორე გასასვლელიდან გაფრინდებიან, მაგრამ ამასობაში საკმარისი რაოდენობით გვეყოლება დაჭერილი“, – უხსნის სოსო ქალს, რომელიც სამედიცინო სტერილურ ხელთათმანსა და პირბადეს იმარჯვებს და მუშაობას იწყებს. ის ლაბორატორიის თანამშრომელია და ღამურები სხვადასხვა დაავადებაზე უნდა შეამოწმოს. განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ადამიანისა და ღამურასთვის საერთო ინფექციებს, როგორებიცაა კორონავირუსები ან ცოფი.
უკანასკნელი წლების პანდემიამ ადამიანების ღამურებისადმი განწყობა გააუარესა. „ვიცი, რომ საშიშ დაავადებებს ავრცელებენ!“, – ეუბნება მკვლევრებს მღვიმესთან მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს დარაჯი და თან ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე სანადიროდ გავარდნილ ღამურებს შეშფოთებული გამომეტყველებით აყოლებს თვალს.
„ღამურები ჯანსაღი გარემოს ინდიკატორები არიან. მათი არყოფნა იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის“.
– იოსებ ნატრაძე, ქიროპტეროლოგი
„სიტუაციას ზედმიწევნით ვადევნებთ თვალს და ვაკონტროლებთ, – არწმუნებს სოსო ნატრაძე, – განსაკუთრებით დასახლებულ პუნქტებთან ასე ახლოს მდებარე კოლონიების შემთხვევაში. ჩვენი კვლევის შედეგების მიხედვით, აქ მობინადრე ღამურები ჯანმრთელები უნდა იყვნენ. თუმცა გაფრთხილებთ, რომ ღამურებს მაინც არ უნდა შეეხოთ, განსაკუთრებით კი შიშველი ხელებით, რადგან ისინი გარეული ძუძუმწოვრები არიან და შესაძლოა სხვადასხვა დაავადების მატარებლები აღმოჩნდნენ“.
საქართველოსა და მთელი ევროპის ღამურებში COVID-19-ით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. პანდემიის საწყის პერიოდში მკვლევრები დამცავ ნიღბებსა და სათვალეებს ატარებდნენ, რათა დაავადება შემთხვევით ცხოველებისთვის არ გადაედოთ. რიგმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თავდაპირველად ღამურებში არსებულმა ვირუსმა სხვა მატარებელზე, სავარაუდოდ, პანგოლინზე გადასვლისა და შემდეგ ადამიანზე გადადების პროცესში შეუქცევადი ცვლილებები განიცადა. COVID-19-ის ადამიანიდან ღამურებზე გადაცემის შემთხვევები ბუნებაში არ გამოვლენილა. რაც შეეხება ცოფს, საქართველოს ტერიტორიაზე ის ღამურებში არ დაფიქსირებულა.
ახალი სახეობები საქართველოში
ამჯერად მკვლევრები და მათი ბადეები დედოფლისწყაროსთან მდებარე მშვიდი ხელოვნური ტბის ნაპირას გვხვდებიან, ბადეში კი უჩვეულო ღამურაა გაბმული. „ასეთი არასოდეს მინახავს“, – ჩურჩულებს სოსო, რომელმაც ცხოველი ხელში მოიქცია. ღამურა მის კბენას ცდილობს, მაგრამ კბილები ტყავის სქელ ხელთათმანში ვერ ატანს. მეცნიერი სიხარულს ძლივს მალავს, რადგან საქმე შეიძლება საქართველოსთვის ახალ სახეობასთან ჰქონდეს!
2000-იანი წლების დასაწყისში ქართველების ერთ-ერთმა ჯგუფმა რამდენიმე ისეთ სახეობას მიაკვლია, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მანამდე არ დაფიქსირებულა. ევროპული ტადარიდა (Tadarida teniotis), მაგალითად, აღწერილი იყო რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, თანამედროვე აკუსტიკური ტექნოლოგიის შეძენის შედეგად კი ჩვენმა მეცნიერებმა შეძლეს, ამ სახეობის არსებობა საქართველოშიც დაედასტურებინათ, ხოლო გენეტიკური კვლევების განვითარებამ კიდევ უფრო მეტად დახვეწა საკვლევი ტექნოლოგიები და აღმოჩნდა, რომ ღამურა, რომელსაც ნატერერის მღამიობს უწოდებდნენ, სინამდვილეში ორი განსხვავებული სახეობა ყოფილა: Myotis nattereri და Myotis tschuliensis.
„არსებობს კიდევ ერთი სახეობა, ჩვეულებრივი ფრთაგრძელი (Miniopterus schreibersii), რომელიც ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ორ სახეობად – Miniopterus schreibersii და Miniopterus pallidus – დაყვეს. ვფიქრობთ, რომ ეს უკანასკნელი ველის ფრთაგრძელი (Miniopterus palidus) აღმოსავლეთ საქართველოში უნდა ბინადრობდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ შეგვხვედრია. იმედი გვაქვს, რომ მასაც დავაფიქსირებთ, რადგან სომხეთში ეს სახეობა აღწერილია. მეამაყება, რომ ჩვენმა ჯგუფმა სიაში ექვსი სახეობის დამატება უკვე მოახერხა“, – აღნიშნავს სოსო.

უჩვეულო ღამურას მკვლევრის მანქანაში ათავსებენ. ლაბორატორიაში მას დეტალური კვლევა ჩაუტარდება. თუ გამოირკვა, რომ ის მართლაც საქართველოსთვის ახალი სახეობის წარმომადგენელია, მკვლევრები მომდევნო ამოცანის წინაშე დადგებიან: უნდა განსაზღვრონ, სად ბინადრობენ ეს ღამურები და რამხელაა მათი პოპულაცია.
„ახალი სახეობის დაფიქსირება ძალიან სასიხარულოა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. შესაძლოა, ისინი ჩვენს ქვეყანაში უკვე გადაშენებულად უნდა მივიჩნიოთ“, – სინანულით ამბობს სოსო.
2021 წელს საქართველომ გადაწყვიტა, წითელი ნუსხის საერთაშორისო სტანდარტზე გადასულიყო. ჩვენმა მკვლევრებმა სახეობები საერთაშორისო კატეგორიების მიხედვით შეაფასეს. „ღამურების სახეობათა უმრავლესობა ნაკლები საფრთხის ქვეშ მყოფის კატეგორიაში მოხვდა, – აჯამებს სოსო, – ხოლო შვიდ სახეობას დაცვითი სტატუსი ესაჭიროება“.
სოფლის ბიომეურნეობა და დამხმარე ღამურები
გლობალურად, ღამურების მნიშვნელობა შეუფასებლად დიდია. ხილის 500-ზე მეტი სახეობის დამტვერვა ღამურების იმ სახეობებზეა დამოკიდებული, რომლებიც ნექტრით და ხილით იკვებებიან. მათ გარეშე დავემშვიდობებით, მაგალითად, ბანანს, ავოკადოსა და მანგოს. ღამურები ავრცელებენ ასევე კაკლეულის, ლეღვისა და კაკაოს მარცვლებს. მებაღეობასაც ითავსებენ; ხის თესლების გავრცელების შედეგად ახალ ტყეებს აშენებენ.
კავკასიაში გავრცელებული მწერიჭამია ღამურებიც უდიდეს საქმეს აკეთებენ. ადამიანებმა იციან, რომ ფრინველები მწერების განადგურებით ფერმერებსა და ეკოსისტემებს უწყობენ ხელს, ღამურები კი ფრინველებზე ორჯერ მეტ მწერს ჭამენ! უფრო მეტიც, დღის განმავლობაში ფრინველები ყოველგვარი მწერით იკვებებიან – როგორც მავნებელი, ისე სასარგებლო სახეობებითაც, ღამურები კი ღამით ნადირობენ, როდესაც სოფლის მეურნეობისათვის სასარგებლო მწერებს სძინავთ; ისეთ მავნებლებს ანადგურებენ, რომლებსაც ფრინველები ვერ ჭამენ. ერთი ღამის განმავლობაში ღამურას საკუთარი წონის 50-100%-ის შესაბამისი ოდენობის მწერის შეჭმა შეუძლია. დიდი კოლონიები ღამეში ტონობით მწერს ანადგურებენ.
მარცხნივ: სოფელ ბროწეულაში ბიომეღვინე დიმიტრი ჭანია 1500 ბოთლ ღვინოს აწარმოებს ყოველწლიურად. ვენახში იგი არ იყენებს ქიმიურ სასუქებს, პესტიციდებსა და ჰერბიციდებს. „როდესაც შევიტყვე, რომ ღამურები ამდენ მავნე მწერს ჭამენ, მათ მიმართ უფრო კეთილგანწყობილი გავხდი“, – ამბობს იგი.
მარჯვნივ: ზოგი სახეობა გარეგნობით მარტივად ამოსაცნობია, ზოგის გარჩევა კბილებზე დაკვირვებით შეიძლება; რიგ შემთხვევებში კი სახეობის დასადგენად დნმ-ის ანალიზია საჭირო.
ღამურები მავნებლებს მთლიანად არ სპობენ, მაგრამ მათ რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებენ. კლიმატის ცვლილების შედეგად მავნე მწერების პოპულაციური აფეთქებები შეინიშნება ხოლმე, როგორც ეს 2019 წელს დასავლეთ საქართველოში აზიური ბაღლინჯოს (ფართოდ ცნობილი, როგორც „ფაროსანა“) შემთხვევაში მოხდა. ღამურების პოპულაციების ზრდა ამგვარ აფეთქებებს ასუსტებს, შესაბამისად, კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას არბილებს და ნატურალურ მეღვინეობასა თუ მიწათმოქმედების სხვა დარგებს მდგრადი მოსავლის მიღებაში ეხმარება.
უკანასკნელ წლებში ხშირია მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად არგებს ქართულ სოფლის მეურნეობას ბიოწარმოებაზე გადასვლა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს და აცხადებს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია „ბიო/ორგანული და ბუნებრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა“.
„ბიოლოგიურად სუფთა საკვების გლობალური ბაზარი 2022 წელს 196 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა და მოსალოდნელია, რომ 2028 წელს 362 მილიარდს მიაღწიოს“ აღნიშნული ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების თანახმად. ფერმერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადადიან ორგანულ მიწათმოქმედებაზე და ერთმანეთს უთავსებენ ტრადიციულ მეთოდებსა და თანამედროვე ცოდნას, მათ შორის სარგებლობენ მავნებლების გამანადგურებელი ღამურებისა და სხვა ველური ცხოველების მიერ გაწეული სამსახურით.
ღამურები ნადირობენ ღამით, როდესაც სოფლის მეურნეობისათვის სასარგებლო მწერებს სძინავთ.
ესპანელი მეცნიერების ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ უმეტესად ვენახებით გაშენებულ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის აგროეკოსისტემებში მცირე ცხვირნალა (Rhinolophus hipposideros), რომელიც საქართველოშიც ფართოდაა გავრცელებული, სოფლის მეურნეობისათვის მავნებელ მრავალ მწერს სპობს. აღნიშნულმა კვლევამ ღამურას რაციონში შემავალი 55 სახეობის მავნე მწერი განსაზღვრა, რომელთაგან 25 სახეობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას, ხოლო 8 – ვაზს ვნებს. ღამურების რაციონში მწერების შემადგენლობა სეზონურად მკვეთრად იცვლებოდა, რაც ამ მავნებლების აქტიურობის განსხვავებულ პერიოდებზე მიუთითებდა. აღნიშნული კვლევა ღამურას მხოლოდ ერთ სახეობას ეხებოდა, მაგრამ მისი სახეობები შეხმატკბილებულად მოქმედებენ!
„სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა მწერით იკვებება, – გვიხსნის სოსო ნატრაძე, – მაგალითად, მღამიობის ზოგ სახეობას ჩასაფრება შეუძლია: ვაზის ან ხის ტოტზე ჩამომჯდარი ყურს უგდებს, საკბილო როდის მიუახლოვდება. ზოგს შეუძლია მოზრდილ მწერებზე ნადირობაც, როგორიცაა მაისის ღრაჭა და მისი ლარვები, რომლებიც რტოებზე დაცოცავენ. სხვა ღამურები, მაგალითად ცხვირნალები, დაბლა დაფრინავენ ტოტებქვეშ თუ ვენახის რიგებს შორის და ღამის პეპლებსა და ბუზებს იჭერენ, ზოგი სახეობა კი ხეხილის ბაღებსა თუ ვენახებს შორის ნადირობს და მწერების გავრცელებას ამგვარად უშლის ხელს – ნამდვილი გუნდური მუშაობა მიდის“.
აშშ-ში მცენარეთა მავნებლებთან ბიოლოგიური გზით საბრძოლველად ღამურებს იყენებენ – მაგალითად, სიმინდის ყანების, ბაღებისა და ვენახების დაცვისთვის ღამურების ბუნებრივ ჰაბიტატებს უფრთხილდებიან და ხელოვნურ კოლონიებსაც ქმნიან. ამერიკელმა მკვლევრებმა გამოითვალეს, რომ მხოლოდ სიმინდის კულტურებისთვის ღამურების მიერ მწერების განადგურებით გაწეული სამსახური გლობალურად 1 მილიარდ დოლარად ფასდება. მათ ასევე აჩვენეს, რომ ღამურებს უფრო ნაკლებ შესამჩნევი, ირიბი სარგებელიც მოაქვთ. მაგალითად, ღამურები ჭამენ იმ ჭიებს, რომლებიც ხელს უწყობენ სოკოვანი დაავადებების გავრცელებას და ამგვარად, სიმინდის სოკოვანი დაავადებებიც იკლებს, რაც, თავის მხრივ, საქონელსა და მის მომხმარებელ ადამიანებზე უარყოფით გავლენას ამცირებს.

რაც შეეხება ბიოწარმოებას საქართველოში, სიტუაცია არც ისე სახარბიელო ჩანს. ბიომეღვინე დიმიტრი ჭანია წლიურად 1500 ბოთლ ნატურალურ ღვინოს ასხამს მარტყოფთან, სოფელ ბროწეულაში მდებარე მისი ვენახებიდან, სადაც არ იყენებს ქიმიურ სასუქს, პესტიციდებსა და ჰერბიციდებს. მის ფერმაში ასევე ნახავთ ვაშლისა და ალუბლის ბაღებს, კარტოფილისა და გოგრის რიგებს, სხვადასხვა ბოსტნეულს. წესების მიხედვით, ბიომეღვინე დიმიტრის ქიმიკატების გამოყენების უფლება არც ბაღისა და ბოსტნისთვის აქვს.
„მავნე მწერები ბიომეღვინეებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენენ, განსაკუთრებით – ყურძნის ჭია, ბაღს კი ფაროსანა აზიანებს. წელს ძალიან ბევრნი არიან; პომიდორი ნახევრად გამინადგურეს. ცოლთან ერთად ბევრჯერ დავუარეთ, მწერები ხელით ვაშორეთ და სათლით ვაგროვეთ, მაგრამ მოსავლის დიდი ნაწილი მაინც დავკარგეთ! წელს მწერებმა და ვაზის დაავადებამ ყურძნის ნახევარი მაინც გამიფუჭა. ვენახი სპეციალური ხსნარებით დავამუშავე, მაგრამ როგორც ჩანს, საკმარისად ვერ უშველა“, – ამბობს დიმიტრი.
„წელს მაქსიმუმ 500-600 ბოთლი ღვინო თუ გამომივა. ცუდი შედეგია. გაისადაც ასე თუ გაგრძელდა, ბიომეღვინეობაზე ალბათ ხელს ჩავიქნევ… ეს ბიოწარმოება ბევრ მუშახელს საჭიროებს, ახალგაზრდებს. ჩემს ასაკში ასეთი შრომა აღარ გამომდის“.
ღამესთან ერთად დიმიტრისთვის ქათმების დაბინავებისა და მოდარაჯე ძაღლისთვის საკვების მიცემის დრო ახლოვდება. ხეების გარშემო ბინდბუნდში თითქმის უხილავი ჩრდილები დაქრიან. დიმიტრი ღამის ცაზე მონავარდე ღამურებს უყურებს და ამბობს: „მათი გაყრა კი მომიწია, რადგან საუკეთესო მეზობლები არ არიან და ჩემს შვილიშვილებს ეშინოდათ, მაგრამ მიხარია, რომ სადღაც ახლოს ბინადრობენ, სავარაუდოდ, ჩემს მიწაზე მდებარე ფარდულში და იქიდან მეხმარებიან. რაც შევიტყვე, რომ ამდენ მავნე მწერს სპობენ, ღამურების მიმართ ბევრად უფრო კეთილგანწყობილი გავხდი“.
ბოღდანა ვაშჩენკოსა და ვიქტორ ლიაგუშკინის ერთობლივი ნამუშევრები National Geographic –საქართველოს არაერთ ნომერშია გამოქვეყნებული. ისინი მოგვითხრობდნენ ვაშლოვანის ნაკრძალზე, კოლხურ ბზასა და პრომეთეს მღვიმეზე.