
ღამის კერამიკა
მექსიკაში უძველესი ხელოვნება აღზევდება პლასტმასის მდგრად ალტერნატივად.
ლეგენდის თანახმად, სოფელ სან-ბარტოლო-კოიოტეპეკის თიხა წმინდაა. ხელოსნებს, რომლებიც მას იყენებენ ოახაკის სახელგანთქმული barro negro-ს, შავი თიხის ჭურჭლის დასამზადებლად, არ სურთ მისი დამზადების საიდუმლოს გამხელა.
მაგრამ 66 წლის ამანდო პედრო მარტინესი გამონაკლისია. ვუყურებ, თუ როგორ შეწვდა ნაჭრით დაფარული ხელებით ჯერ კიდევ ცხელ გამოსაწვავ ღუმელს და ერთიმეორის მიყოლებით გამოაწყო გლუვი, შავი თეფშები.
ხეობის გადაღმა, სიერა-მადრეს ფერდობებზე მოპოვებული თიხისგან დამზადებულ ამ ჭურჭელს თავდაპირველად სველი ტალახის ფერი ჰქონდა. სიმხურვალის და კვამლის შეღწევის შემდეგ ჭურჭელი პრიალა რუხ და შავ, ბინდისფერებად გარდაიქმნა. გასაკვირი არ არის, რომ საპოტეკების ხალხურ თქმულებებში barro negro-ს ღამის კერამიკას უწოდებენ.
პედრო მარტინესი განაგრძობს ოსტატობის 2500-წლიან ტრადიციას. მისი სტუდიის გადაღმა კოხტა ქალაქია, ფართო ხეივნებზე ჩამწკრივებული ოჯახური სახელოსნოებით, სადაც ოსტატები გვერდიგვერდ შრომობენ თიხის სხვადასხვა ჭურჭლად და პატარა ქანდაკებებად გარდასაქმნელად. მოგზაურები ტურისტული ავტობუსებით მოდიან განსხვავებული შავი ჭურჭლის შესაძენად – თუმცა, რასაც ისინი ხედავენ, არ არის ზედმიწევნით ტრადიციული.
როდესაც თუნუქმა, ალუმინმა და პლასტმასამ წყალგამძლე შავი თიხის ჭურჭლის ჩანაცვლება დაიწყეს, ხელოსნები შეცვლილ ბაზარს მიესადაგნენ და ახალი ფორმები წარმოადგინეს. ისინი სთავაზობდნენ მომხმარებელს დეკორატიულ ნაკეთობებს და აითვისეს ახალი ტექნიკა – გრავირებული ორნამენტები და დაიწყეს პლასტმასის ყალიბების გამოყენება. მაშინ როდესაც ცვლილებებმა შავი კერამიკის გადარჩენას ხელი შეუწყო, ხოლო ზოგიერთის აზრით ააყვავა კიდეც, ის დაუპირისპირდა სოფლის თიხასთან ისტორიულ დამოკიდებულებას.

თუმცა ახალი, ნიჭიერი თაობა, მათ შორის კოოპერატივი „Collectivo 1050°“, რომლის წევრიც არის პედრო მარტინესი, აბრუნებს კერამიკას მის უტილიტარულ ფესვებთან. ამასთან, ხელოსნები ყურადღებას აქცევენ ნაკეთობის დახვეწილ დიზაინსა და მისთვის დამახასიათებელ მდგრადობას, რაც ერთჯერადი პლასტმასის ნივთების ანტიდოტია.
`Barro negro ოახაკის მეთუნეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა“, – ამბობს ფოტოდოკუმენტალისტი და წიგნის „ცეცხლი და თიხა: ოახაკის ჭურჭლის ხელოვნება“ ავტორი ერიკ მინდლინგი. „მისი გამორჩევა ყველაზე ადვილია, თუმცა მისი პოპულარობა განპირობებულია ჭურჭლის მდიდარი ეკოსისტემით“. მინდლინგი ოახაკის 70-ზე მეტ სოფელს ეწვია და, ყველაზე ცოტა, ამდენივე კერამიკის სტილს გადააწყდა.
შავი კერამიკის უძველესი ნიმუშები ნაპოვნია მონტე-ალბანში, მეზოამერიკული ცივილიზაციის, საპოტეკისა და მიშტეკის ხალხების მაღალგანვითარებულ ცენტრში, რომელიც ძვ.წ. 500 წლით თარიღდება. ქალაქ ოახაკის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით რვა კილომეტრის დაშორებით, მონტე-ალბანი აღმართულია ოახაკის სამი მთავარი ხეობის შეერთების ადგილას.
ოახაკის კერამიკა განვითარდა ამოცანების შესასრულებლად, როგორიცაა საჭმლის მომზადება, პროდუქტების შენახვა და მორწყვა. რეგიონის კერამიკის უდიდესი ნაწილი ისე იყო დამზადებული, რომ შთაენთქა თბური დარტყმა, რომელიც ცეცხლის ალზე მომზადებისას წარმოიქმნება. თუმცა, სან-ბარტოლო-კოიოტეპეკში განსხვავებულად ამზადებდნენ: მიწის ქვეშ დალუქულ ღუმელში, მაღალ ტემპერატურაზე, Barro negro იღებს ფერს და შეუღწეველ გარსს, რომელიც გამოწვეულია ინტენსიური კარბონიზაციით. ის განკუთვნილია სითხის შესანახად და გადასატანად – მაგრამ არა საჭმლის მოსამზადებლად, რისთვისაც ტრადიციული, წითელი კერამიკა გამოიყენება.
„ოახაკაში თიხა ცხოვრების წესს წარმოადგენს“, – ამბობს ინდუსტრიული დიზაინერი, კითცია ბარერა „Colectivo 1050°“-ის თანადამფუძნებელი, რომელიც თანამშრომლობს ადგილობრივ კერამიკოსებთან, რათა ყურადღება გაამახვილოს უძველეს, დედამიწასთან ბალანსში მყოფ წარმოებისა და მოხმარების სისტემაზე – რასაც ბარერა „ხელოსნის აზროვნების წესს“ უწოდებს.
ოახაკაში, სადაც ტრადიციული საზოგადოება ებრძვის მარგინალიზაციას, თიხა იდენტობის განუყოფელი ნაწილია. „ასე რომ, ჩვენ ვალდებული ვართ გავაგრძელოთ თიხის დამზადება და მოხმარება“, – ამბობს ბარერა.
რაჩნა საჩასინი წერს მოგზაურობასა და კულტურაზე და უმუშავია ხელოსნების, მათ შორის ოახაკის, ჯგუფებთან. მარისეუ ერტალ გარსია მექსიკელი ფოტოგრაფია, რომელიც კერეტაროს შტატში ცხოვრობს.