ღამის მტაცებლები
მექსიკაში მაიას ტომის უძველესი ტაძარი იშვიათი,
ხორცისმჭამელი ღამურების საიდუმლოებას ააშკარავებს


ღამის მტაცებლები
მექსიკაში მაიას ტომის უძველესი ტაძარი იშვიათი, ხორცისმჭამელი ღამურების საიდუმლოებას ააშკარავებს
ისინი მაიას ტომის უძველესი ტაძრის ქვის ცივ ჭერზე ჩამოკიდებულან და გვაშტერდებიან, მათი თვალები კი ჩვენი შუბლის ფარნების წითელ შუქში ოქროსფრად ბრწყინავს.
დიდკბილა ღამურებს გრძელი, თითქმის გამჭვირვალე, ბაჭიისებრი ყურები და დანაოჭებული, მგლისებრი სახე აქვთ. დინგის ზემოთ წვეტიანი, ფოთლის ფორმის ნაკეცი ამშვენებთ – ამ გამონაზარდს ღამურები ექოლოკაციისთვის იყენებენ.
კალაკმულის ბიოსფეროს ნაკრძალთან, იუკატანის ნახევარკუნძულზე მცხოვრები მისტიკური ღამურები, სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ათასობით ინდივიდისგან შემდგარ ჯგუფებად არ ცხოვრობენ.

ხორცისმჭამელ ღამურებს არასისხლისმწოველ ღამურებად (ცრუვამპირებად) იხსენიებენ, რადგან ისინი სისხლისმწოველი ღამურებისგან – ნამდვილი ვამპირებისგან განსხვავებით, ცხოველთა სისხლს არ სვამენ. მათ ტროპიკებში ვხვდებით, თუმცა მცირე რაოდენობით: ღამურათა სახეობების მხოლოდ ერთი პროცენტი იკვებება სხვა ხერხემლიანებით.
ორი ასეთი სახეობა ამერიკაში გვხვდება – სამხრეთი მექსიკიდან ბოლივიასა და ბრაზილიამდე, ერთ-ერთი კი სამხრეთით – პარაგვაისა და არგენტინის ნაწილებში ვრცელდება. ესენია: დიდყურა, გრძელბეწვიანი ცრუვამპირი Chrotopterus auritus (ისეთი, როგორიც მაიას ტაძარში შეგვხვდა) და დიდი ცრუვამპირი Vampyrum spectrum. ეს უკანასკნელი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ღამურებს შორის უდიდესია; ზოგიერთი ასეთი ვამპირის ფრთების შლილი ერთ მეტრსაც აღწევს. მათ საცხოვრებელ ტროპიკულ ტყეებს საფრთხე ემუქრება, რის გამოც ამ ღამურების ქცევის შესწავლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

რა გასაკვირია, რომ ეს ხორცისმჭამელი ღამურები მაიას ტომს ისევე აფრთხობდნენ, როგორც დღეს თავიანთ ნადავლს სცემენ თავზარს… მაგრამ, როდესაც ქანდარაზე მოკუნტულები საკვლევად გამოვიჭირეთ, ჩვენ მათი რბილი, დაუცველი მხარეც ვნახეთ. ეს უცნაური გარეგნობის არსება – თაგვისა და მგლის ფრთოსანი ნარევი – თავისიანების მიმართ ისეთივე ნაზი და მზრუნველია, როგორც სხვა ნებისმიერი ძუძუმწოვარი.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.
ვირჯინია მორელმა დაწერა New York Times- ის ბესტსელერი „ცხოველთა გონი: საიდან ვიცით, რომ ცხოველები აზროვნებენ და გრძნობენ“. ანანდ ვარმას სტატია კოლიბრების შესახებ 2017 წლის ივლისის გამოცემაში დაიბეჭდა.