
ღირსება ჭუჭყიან სამსახურში
ჰაიტიში, პორტ-ო-პრენსის „ბაიაკუები“ ქალაქის გასაჯანსაღებლად მნიშვნელოვან სამუშაოებს ასრულებენ, მაგრამ ამას საიდუმლოდ ინახავენ.
ექსილიენ სენა არის ბაიაკუ – მუშა, რომელიც ჰაიტიზე ტუალეტებს ასუფთავებს. ფოტო მაშინ გადავიღე, როდესაც ექსილიენი პორტ-ო-პრენსში ერთ-ერთ ტუალეტს ასუფთავებდა. არასასიამოვნო სამუშაოს მიუხედავად, ექსილიენი მომაკვდინებელი პრობლემის – ცუდი სანიტარიული პირობების გადაჭრას წარმოადგენს.
National Geographic-ისთვის ღია დეფეკაციის შესახებ ისტორიის გადაღება დამევალა. ეს თემა დიდად არ მაწუხებდა, რეპორტაჟები მაქვს გაკეთებული ომებსა და კონფლიქტებზე, სადაც სანიტარია პრიორიტეტული არ არის. სირთულე ამდაგვარ ბანალურ და ყველასთვის ნაცნობ თემაზე საინტერესო ფოტოების გადაღება იყო.
გასაოცრად რთულია, ადამიანებს ტუალეტში გაჰყვე. მათ ამ ყველაზე მარტივ, ადამიანურ საკითხზე პოზიტიური ცვლილების მომტანი დისკუსიის დაწყება კი არა, უბრალოდ საუბარიც არ შეუძლიათ. არადა, ნორმალური საკანალიზაციო სისტემის გარეშე შეუძლებელია სუფთა წყლის ქონა.
ჰაიტის ბაიაკუები კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებულ ჩვენ მრავალ კომპლექსს ეჩეხებიან. ადამიანები მათ ქვებს ესვრიან, თითქოს ერიდებათ, რომ ბაიაკუს მსგავსი ხალხი ესაჭიროებათ თავიანთი ნარჩენების საწმენდად. ამის გამო ბაიაკუების დიდი ნაწილი ღამით მუშაობს და საკუთარ საქმიანობას საკუთარი ოჯახებისგანაც კი მალავს. თუმცა, მათზე დიდი მოთხოვნაა და კარგად უხდიან.
პროექტის ყველაზე რთული ნაწილი ისეთი ბაიაკუს პოვნა აღმოჩნდა, რომელიც გადაღებაზე დათანხმდებოდა. ხუთთვიანი მცდელობების შემდეგ ექსილიენს შევხვდი. იგი მოწადინებული იყო, რომ მისი სამუშაო გადამეღო, რადგანაც ის უარყოფს იმ აზრს, რომ მისი პროფესია სამარცხვინოა. იგი ამაყობს თავისი საქმით და სურს, რომ პატივისცემით მოეპყრონ.
ექსილიენსა და მის ორ კოლეგას გვიან ღამით უნდა შევხვედროდი. თან დამცავი აღჭურვილობა წავიღე: ნიღბები და შარფები (სუნის შესაკავებლად), საწვიმარი (ჩემი ტანსაცმლის დასაცავად), მაგრამ ჩაცმა მომერიდა, არ მინდოდა ექსილიენს ეფიქრა, რომ მისი სამუშაო ზიზღს იწვევდა ჩემში.
ეზოში სინათლის უმრავლესობა ჩამქრალი იყო. გარეთ მდგარი ტუალეტი ერთი წლის განმავლობაში არ დაუცლიათ. ექსილიენმა სამუშაოს შესრულება ხვრელში ხელის ჩაყოფით და უახლესი ფენის ამოტანით დაიწყო. სიმყრალემ ჰაერი დაამძიმა. მისი ორი კოლეგა სწრაფად ყრიდა ფეკალიებს ნაჭრის ძველ ტომრებში. მათ ექსილიენზე მეტი გამოცდილება ჰქონდათ და ორმოებს აღარ ასუფთავებდნენ.

როდესაც ორმოს შიგთავსი ექსილიენისთვის მიუწვდომელი გახდა, ის შიგნით ჩაძვრა. მითხრა, რომ ჩეჩმებში ადამიანების ნეშტები და გველები უნახავს, სხვებისთვის დენსაც დაურტყამს.
ეს ხილული საფრთხეებია, დაავადებები კი არ ჩანს. ჰაიტიზე ქოლერა ისევ კლავს ხალხს, თუმცა სამკურნალო ცენტრების გამო ის ქალაქში ნაკლებად სასიკვდილოა. ექსილიენის თქმით, ის ხშირად ხდება ავად. დილისკენ იგი თვალებს დასიებისგან თითქმის ვეღარ ახელდა.
ბაიაკუები სამუშაოს შემდეგ კარგად იბანენ. მათი უმრავლესობა გახდილი მუშაობს, რათა ტანსაცმელი არ გააფუჭოს. ექსილიენს ტანსაცმელი მთელი ღამე ეცვა, ვფიქრობ, ჩემ გამო, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია გახდა, როდესაც დაიბანა და ტანსაცმელი გამოიცვალა. სამწუხაროდ, ტუალეტის მფლობელის უკმაყოფილების გამო მას მეორედ მოუწია მიბრუნება.
ფეკალიებით სავსე ტომრები ურიკაზე დაალაგეს, მდინარესთან ჩაიტანეს და წყალში ჩაყარეს. არსებობს სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ფეკალიებს გადაამუშავებს, მაგრამ იქ მისასვლელად სატვირთო მანქანაა საჭირო. ექსილიენს სურდა, ხალხს ენახა, თუ რას აკეთებს იგი. არავის სურს, უხილავი იყოს. ამაშია, ჩემი აზრით, ფოტოგრაფიის ძალა. როდესაც ვინმეს ფოტოს უღებ, ამით ეუბნები: შენი ცხოვრება მნიშვნელოვანია.
ანდრეა ბრუსი ძირითადად მოგვითხრობს იმ ამბებზე, თუ როგორია ადამიანთა ცხოვრება ომის დასრულების შემდეგ.