
ღვინის სამშობლო
სულ ცოტა ხნის წინ საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ოღონდ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამ ყურადღების მიზეზი ნამდვილად სასიხარულო და საამაყოა ჩვენთვის – 13 ნოემბერს აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან”. ის მრავალწლიანი, საერთაშორისო, მულტიდისციპლინარული კვლევის შედეგია და ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს უკვე 8000 წლის წინ ამზადებდნენ. სწორედ ამ თემას ეძღვნება კვლევის ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, პროფ. დავით ლორთქიფანიძის ტრადიციული რუბრიკა ჩვენს ნომერში. იგი საინტერესოდ მოგითხრობთ იმ არქეოლოგიური ექსპედიციებისა თუ კვლევების შესახებ, რომლებმაც ამ მასშტაბური პროექტის წინაპირობა შექმნა და იმას, თუ როგორ შეისწავლეს მეცნიერებმა „გადაჭრილი გორის” არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
თუმცა, დეკემბრის ნომერში კიდევ არაერთ საინტერესო სტატიას წაიკითხავთ ოკეანის გადაღმა გამრავლებული ქართული რუხი ფუტკრის, აფხაზეთის მთებში მცხოვრები ქალღმერთ ანანაგუნდას, აჭარული ჯარას თუ თაფლზე მონადირე ნეპალელების შესახებ, რომლებიც აუცილებლად ფუტკრებისა და მაიმუნების მცველი რანგკემის რჩეულნი უნდა იყვნენ. წაიკითხავთ პოლ სალოპეკის მორიგ სტატიას, რათა მასთან ერთად გაუმკლავდეთ უდაბნოში მოხეტიალე ჯინებს და გაიგებთ, თუ როგორ ცდილობს აფრიკა, ფეხი აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიას; „სილიკონის სავანა” – ასე უწოდებენ კენიაში უბანს, სადაც ახალი თაობა ცდილობს „სილიკონველის” ანალოგი შექმნას.
დაბოლოს, რუბრიკა „ხმის” სტუმარი მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილია. ის სექტემბერში ეწვია საქართველოს და წინანდლის ახლადგახსნილ დარბაზში კონცერტი გამართა ლეგენდარულ მაესტრო ზუბინ მეტასთან და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, ჩვენ კი სიამოვნებით დაგვთანხმდა, ესაუბრა მუსიკის მისეულ აღქმაზე.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic საქართველოს.