ბონსაის უძველესი ხელოვნება შეიძლება მარტივი მოგეჩვენოთ, მაგრამ მას დიდი ხნის განმავლობაში სჭირდება თანმიმდევრული ზრუნვა – განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ მთელ მინიატიურულ ტყეს გააშენებთ, როგორიცაა ცნობილი ცოცხალი არტეფაქტი, სახელწოდებით, „გოშინი“.
ამ ბონსაის შექმნა 70 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, როდესაც იაპონური წარმოშობის ამერიკელმა ხელოვანმა, ჯონ ნაკამ, ზრდასრულ ჩინურ ღვიას კენწერო გადააჭრა და ის ქოთანში ჩარგო. მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში ნაკამ მას შეუამხანაგა კიდევ ათი ხე და თავის მინიატიურულ ტყეს უწოდა „გოშინი“, რაც იაპონურ ენაზე „სულის მფარველს“ ნიშნავს.
დღეს „გოშინი“ გამოფენილია ბონსაისა და ფენძინგის ეროვნულ მუზეუმში, რომელიც ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) მდებარე დენდრარიუმის ფარგლებშია. ნაკა 89 წლის გარდაიცვალა 2004 წელს, მაგრამ სიცოცხლის ბოლო ათწლეულებში მუზეუმის კურატორებს ასწავლიდა, თუ როგორ განეგრძოთ ამ ტყის მოვლა თავისივე ხედვის შესაბამისად.

„ხე რომ ჯანმრთელი იყოს, გაზრდისა და ძალის მოკრების საშუალება უნდა მისცე, – ამბობს აღნიშნული მუზეუმის კურატორი მაიკლ ჯეიმსი, – მაგრამ ასეთ შემთხვევაში ის ფორმას კარგავს და უკვე აღარ ჰგავს ბონსაის. ამგვარად, მისი შეკრეჭა გიწევთ“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბონსაი არასდროსაა დასრულებული. სათანადო ყურადღებით „გოშინს“ წლობით შეუძლია იცოცხლოს.
ისტორიულად ბონსაი იაპონური ხელოვნებაა, რომელიც საუკუნეებს ითვლის, თუმცა ადრეულმა ხელოვანებმა შთაგონების წყარო, სავარაუდოდ, ჩინურ პრაქტიკა ფენძინგში იპოვეს, რომლის კვალიც ხანის დინასტიამდე მიდის და დაახლოებით 2000 წელს ითვლის. ფენძინგი გულისხმობს მინიატიურული ქოთნის ლანდშაფტების შექმნას, სადაც გვხვდება ხეები, ქვები, წყალი, ადამიანთა თუ ცხოველთა ფიგურები. მაგრამ, რაც ბონსაის გამოარჩევს, გახლავთ მისი ერთადერთი ფოკუსი პატარა ხეებისთვის იმგვარი ტექნიკებით ფორმის მიცემაზე, რომ ისინი ბევრად დიდ ეგზემპლარებს ჰგავდნენ.

ჯონ ნაკა ბონსაის აღწერდა, როგორც „ცოცხალ ხელოვნებას“, როდესაც „გოშინი“ ბონსაისა და ფენძინგის ეროვნულ მუზეუმს გადასცა 1984 წელს (ქვემოთ მარჯვნივ).
ფოტო: აშშ-ის ეროვნული დენდრარიუმი
კოლორადოში დაბადებულმა ნაკამ აღნიშნული პრაქტიკა აღმოაჩინა მას შემდეგ, რაც 8 წლის ასაკში მშობლებთან ერთად მშობლიურ იაპონიაში დაბრუნდა. იქ ბონსაის ხელოვნება მისმა პაპამ გააცნო. დაახლოებით 25 წლის ასაკში იგი კვლავ კოლორადოში დაბრუნდა, საბოლოოდ კი ლოს-ანჯელესში დასახლდა, სადაც მისი დახმარებით „კალიფორნიის ბონსაის საზოგადოება“ დაარსდა. მომდევნო ათწლეულებში მან ქვეყნისა თუ მსოფლიო მასშტაბით გაითქვა სახელი, როგორც ხელოვანმა და მასწავლებელმა.
1984 წელს ნაკამ „გოშინი“ გადასცა ბონსაისა და ფენძინგის ეროვნულ მუზეუმს. ნაკას მიერ გაკეთებულ ბონსაის კომპოზიციებს შორის „გოშინი“ ყველასგან გამოირჩევა ხეების სიდიდით (თითქმის 2 მეტრამდე სიმაღლის) და მათი ძალიან მჭიდრო განლაგებით. ეს განსაკუთრებით რთული მისაღწევია ფესვების ზედმეტად შეჭრის გარეშე, რამაც ხე შეიძლება გაახმოს.
„იგი ყოველ წელს მოდიოდა და ეხმარებოდა მუზეუმის კურატორებს „გოშინის“ მოვლაში“, – ამბობს ჯეიმსი ნაკას საქმისადმი ერთგულებაზე, მის თავდადებაზე, რომ ეს ხელოვნება სხვებისთვისაც ესწავლებინა. „ვცდილობთ, ის იმგვარად შევინარჩუნოთ, როგორც თავად ნაკა ისურვებდა“.