გონივრული ეჭვის მიღმა
რაც მეტია მეცნიერება კრიმინალისტიკაში, მით მეტად აღესრულება სამართლიანობა


გონივრული ეჭვის მიღმა
რაც მეტია მეცნიერება კრიმინალისტიკაში, მით მეტად აღესრულება სამართლიანობა
2009 წლის 23 ნოემბრის დილას, ლუიზიანაში, ქალაქ ლეიკ-ჩარლზის სიახლოვეს, ველოსიპედისტმა სოფლის გზასთან ახალგაზრდა ქალის გვამი აღმოაჩინა; სახეზე ისე იყო ნაგვემი, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი გახლდათ, თუმცა უჩვეულო სვირინგით პოლიციელებმა 19 წლის სიერა ბუზიგარდის იდენტიფიცირება მოახერხეს. გამოძიებას კალკაშუს ოლქის შერიფი, ტონი მანკუზო ხელმძღვანელობდა, რომელმაც დაუყოვნებლივ დაიწყო ქალის სიცოცხლის უკანასკნელი საათების აღდგენა. რამდენიმე ადამიანს ბუზიგარდისთვის ტელეფონი უთხოვებია.
თავდამსხმელმა კვალიც დატოვა – ქალის ფრჩხილების ქვეშ დარჩენილი ქსოვილიდან, დნმ-ის ნიმუშის აღება შეძლეს. მკვლელის გამოსააშკარავებლად, ახლა მხოლოდ დნმ-ის შესატყვისობის დადგენა იყო საჭირო. ბუზიგარდის მიერ უკანასკნელად აკრეფილმა ნომრებმა პოლიცია არალეგალი მექსიკელი მუშების ჯგუფზე გაიყვანა. „ჩვენ ორდერები გამოვითხოვეთ, რომ მათი დნმ-ის ნაცხები აგვეღო, საიმიგრაციო სამსახურთან მომუშავე თარჯიმნებსაც დავუკავშირდით“, – იხსენებს მანკუზო.
თუმცა, დანაშაულის ადგილზე აღებულ სინჯს არც ერთი მექსიკელის დნმ არ დაემთხვა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი სისხლის სამართლის დამნაშავეების, უკვალოდ დაკარგულებისა და პატიმრების მონაცემთა ბაზაში, რომელიც დნმ-ინდექსის გაერთიანებული სისტემის (CODIS) სახელითაა ცნობილი, მსგავსი არაფერი მოიძებნა. საქმე ადგილიდან არ იძვროდა.
2015 წლის ივნისში, შერიფის ოფისთან მომუშავე ლაბორატორიის დნმ-ის ანალიზის წამყვანმა სპეციალისტმა მონიკა კვალმა დნმ-ის სინჯიდან ინფორმაციის ამოღების ახალი მეთოდის შესახებ შეიტყო. დნმ-ის ფენოტიპირებით სინჯის მფლობელის ფიზიკური იერსახის (მათ შორის ისეთი მახასიათებლების, როგორებიცაა გეოგრაფიული წარმოშობა, თვალისა და თმის ფერი და სახის ნაკვთების სავარაუდო ფორმები) აღდგენა შეიძლება. კვალს მაშინვე გაახსენდა ბუზიგარდის საქმე, რომელშიც დანაშაულის ადგილზე დარჩენილი დნმ პრაქტიკულად ერთადერთი სამხილი იყო. ის მანკუზოს და საქმის გამომძიებელს, ლეიტენანტ ლეს ბლანჩარდს დაუკავშირდა, რომლებმაც დნმ-ის ფენოტიპირებაზე სპეციალიზებული პარაბონის ნანოტექნოლოგიების ლაბორატორიის ბიოინფორმატიკის დირექტორთან, ელენ გრეიტაკთან, დნმის სინჯი გაგზავნეს.
არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, გამომძიებლები ჯერ ისევ თვლიდნენ, რომ გოგონას მკვლელი ლათინოამერიკელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, პარაბონის ლაბორატორიაში დნმ-ის საფუძველზე შექმნილი პორტრეტის მიხედვით, დამნაშავე ფერმკრთალი და ჭორფლიანი აღმოჩნდა. თმა წაბლისფერი, თვალები კი მწვანე ან ცისფერი უნდა ჰქონოდა. ანალიზის მიხედვით, მისი წარმომავლობა ჩრდილოევროპული იყო.
„გამოვიდა, რომ უკან უნდა დაგვეხია და გვეთქვა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით“, – ამბობს მანკუზო. თუმცა, ამ ახალი მტკიცებულებით შეიარაღებული მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი: „ვფიქრობ, რაღაც მომენტში შევძლებთ ამ საქმის გახსნას, რადგან დნმ-ის ასეთი კარგი სინჯი და აღწერილობა გვაქვს. ვიცით, როგორ გამოიყურება მკვლელი. მხოლოდ ის არ ვიცით, ვინ არის“.
დნმ-ის ფენოტიპირება შედარებით ახალი მეთოდია კრიმინალისტიკაში. ამიტომ ზოგიერთი კრიტიკოსი თვლის, რომ ამ მეთოდით შექმნილი სახეები, მხოლოდ გენეტიკიდან გამომდინარე ვარაუდებია და არა ფოტოები. ადამიანის გარეგნობის მრავალი ასპექტი დნმ-ით არ არის კოდირებული და მისი მეშვეობით ვერ დაადგენ, მაგალითად, ვინმეს წვერი აქვს თუ შეღებილი თმა. მიუხედავად ამისა, პარაბონის კლიენტი 40-ზე მეტი სამართალდამცავი ორგანიზაციაა.
დღეს ასპარეზზე გამოდის კრიმინალისტიკის სხვა მაღალტექნოლოგიური მეთოდებიც; კომპიუტერული ტომოგრაფია გვამის ვირტუალური გაკვეთისა და მკვლელობის იმ ნიშნებზე დაკვირვების საშუალებას იძლევა, რომელთა გამოვლენა სტანდარტული გაკვეთით არ ხერხდება. მეცნიერები იკვლევენ, შეუძლიათ თუ არა გვამში არსებულ ბაქტერიებს სიკვდილის დადგომის უფრო ზუსტი დროის განსაზღვრა. ასევე იძიებენ, შესაძლებელია თუ არა დამნაშავეთა იდენტიფიცირება არა მარტო დანაშაულის ადგილზე დარჩენილი დნმ-ით, არამედ მათ მიერ დატოვებული ბაქტერიების მიკრობული „ხელწერითაც“.
მე-20 საუკუნის ბოლოს სასამართლო დარბაზებში გამოძიების უამრავი მეთოდი იყო წარმოდგენილი. გამოძიების ფედერალური ბიუროს ანალიტიკოსებს მოჰყავდათ მტკიცებულებები დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი თმის და ნაკბენის კვალის ანალიზის საფუძველზე, რომლებიც ფართოდ იყო გავრცელებული 70-იანი წლების დასაწყისში (პირველ შემთხვევაში ისინი ნაპოვნ თმის ღერს ეჭვმიტანილების თმასთან ადარებდნენ, ყურადღებას ამახვილებდნენ თმის ღერის მიკროსკოპულ გარსზე, სისქესა და შეფერილობაზე და სხვა მახასიათებლებთან ერთად, მასში არსებული პიგმენტური გრანულების წყობაზე, ხოლო ნაკბენის ანალიზისას მსხვერპლზე დატოვებული ნაკბენის ნიმუშს ეჭვმიტანილის კბილებს უსაბამებდნენ). შედარების სხვა ვიზუალურმა საშუალებებმა (მათ შორის საბურავების კვალმა, ფეხსაცმლის ანაბეჭდებმა და ტყვიის მასრების სახასიათო ნიშნებმა), ასევე გაიარეს გზა სამხილიდან მტკიცებულებამდე – სამართალდამცავთა მიერ ეჭვმიტანილების იდენტიფიკაციიდან სასამართლოში ბრალის დამტკიცებამდე. მოსამართლეებს უნდა გადაეწყვიტათ, იყო თუ არა გამოცდილი ექსპერტების ჩვენებები საიმედო სამხილი და საკმარისი წინაპირობა, რათა ის მტკიცებულებად ეღიარებინათ.
მაგრამ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში აშკარა გახდა, რომ მრავალი სასამართლო მეთოდოლოგია ნაკლებად დამაჯერებელ შედეგს გვთავაზობს. როდესაც სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულების სარწმუნოობა გაზვიადებულია, ციხეში უდანაშაულო ადამიანებიც ხვდებიან.
1981 წელს ვაშინგტონში ქალს საკუთარ ბინაში დაესხნენ თავს და გააუპატიურეს. პოლიციის მხატვართან ერთად, მან თავდამსხმელის ფოტორობოტის შექმნაზე იმუშავა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ერთ-ერთმა ოფიცერმა დეტექტივები 18 წლის კირკ ოდომის კვალზე გაიყვანა. ოდომის დედა ამტკიცებდა, რომ იმ დღეს ბიჭი შინ იმყოფებოდა. მაგრამ, მსხვერპლმა ცოცხლად ამოიცნო ის. საქმე აღიძრა გამოძიების ფედერალური ბიუროს ანალიტიკოსის ჩვენების საფუძველზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ოდომის თმის ღერი მიკროსკოპულად არ განსხვავდებოდა მსხვერპლის ღამის პერანგზე ნაპოვნი თმისგან. ოდომმა 22 წელზე მეტი გაატარა ციხეში, რვა წელი – პირობითი სასჯელით, სანამ ოლქის სახალხო დამცველის სამსახური ახალ მტკიცებულებას მოიპოვებდა და მის უდანაშაულობას დაამტკიცებდა.
1992 წელს, კამერონ ტოდ უილინგემს, საკუთარ სახლში, კორსიკანაში (ტეხასი) ხანძრის გაჩენაში დასდეს ბრალი, რამაც მისი სამი ახალგაზრდა ქალიშვილი შეიწირა. ხანძრის გამომძიებლებმა სახლის იატაკზე დანახშირებული ნიმუშებით დაადგინეს, რომ ცეცხლი არაერთ ადგილზე გაჩნდა, რაც წინასწარგანზრახული, ბენზინის დასხმით გამოწვეული ხანძრის ნიშნებად მიიჩნიეს. 2011 წელს ტეხასის შტატმა დაადგინა, რომ საქმეში მტკიცებულების ინტერპრეტაცია შეცდომებით იყო სავსე, მაგრამ დააგვიანდათ: შვიდი წლით ადრე ტოდი სიკვდილით დასაჯეს.
ასეთივეა ორეგონელი ადვოკატის, ბრენდონ მეიფილდის შემთხვევა, რომელიც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ თავის ოფისში 2004 წლის მაისში დააკავა. მის თითის ანაბეჭდებს ავტომატიზებულ დაქტილოსკოპიურ საიდენტიფიკაციო სისტემაში ძიებისას წააწყდნენ. ორმა სპეციალისტმა დაადგინა, რომ ანაბეჭდები შეესაბამებოდა პოლიეთილენის პარკზე ნაპოვნ ანაბეჭდებს, რომელშიც მადრიდის ტერორისტული აქტისას გამოყენებული მასალები იყო (ამ აქტს 191 ადამიანი ემსხვერპლა). მაგრამ, მეიფილდის დაკავებიდან ორი კვირის შემდეგ, ესპანელმა გამომძიებლებმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს შეუთვალეს, რომ თვითონ იპოვეს ანაბეჭდების შესატყვისი პიროვნება – ალჟირელი მამაკაცი, რომელსაც თავდასხმების ერთ-ერთ მთავარ დამგეგმავად მიიჩნევენ დღემდე. თუმცა, ის ჯერ კიდევ არ დაუპატიმრებიათ.
ყველა ამ ისტორიას ერთი რამ აერთიანებს: მათი ნდობა იმ მეთოდებისა და ინტერპრეტაციებისადმი, სადაც ხელობა უფრო მეტია, ვიდრე მეცნიერება. მაგალითად, თმის ანალიზის შესაძლებლობები მეტისმეტად გაზვიადებულია. გამოძიების ფედერალური ბიურო აღიარებს, რომ თმის მიკროსკოპული შედარებისას, მისმა ანალიტიკოსებმა განხილული საქმეების 90 პროცენტზე მეტ შემთხვევაში მცდარი განცხადებები გააკეთეს.
ცეცხლის გაჩენის მტკიცებულებაც პრობლემატურია. წლების განმავლობაში, ხანძრის გამომძიებლებმა შეისწავლეს ცეცხლწაკიდებული ფანჯრების ნიმუშები. ისინი აკვირდებოდნენ, იყო თუ არა კარების ლითონის ზღურბლი დამდნარი და დასკდა თუ არა ბეტონის იატაკი მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით. თუ ტემპერატურა საკმარისად მაღალი იყო ამგვარი დაზიანებების გამოსაწვევად, ითვლებოდა, რომ გამოყენებული იყო ბენზინის მსგავსი ნივთიერება. თუმცა ხანძრის გამომძიებელი ჯონ ლენტინი ამბობს, რომ ამგვარი ვარაუდები მოძველებულია.
„თეორია მდგომარეობდა იმაში, რომ ბენზინით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, მოკლე დროში მეტი სითბო გამოიყოფა, ვიდრე მხოლოდ ხის წვისას, ამიტომ ალის ტემპერატურა უფრო მაღალი უნდა იყოს, ხომ ასეა? – ტყუილია!“ კვლევები აჩვენებს, რომ ცეცხლის სიმხურვალეს და სიჩქარეს ვენტილაცია უფრო მეტად განსაზღვრავს, ვიდრე ხანძრის გაჩენის მიზეზი.
თითის ანაბეჭდების მტკიცებულების უტყუარობაც კი ეჭვქვეშ დადგა. დიახ, კომპიუტერები კარგ საქმეს აკეთებენ, როდესაც შესატყვისობას სტანდარტული მელნით ან ელექტრონული სკანირებით აღებული ანაბეჭდების მონაცემთა ბაზაში ძიების გზით ადგენენ. მაგრამ ისინი ადამიანის თვალს მაინც ვერ ჯობნიან, როდესაც საქმე არამკაფიოდ გამოხატული ანაბეჭდების ეჭვმიტანილის თითის ანაბეჭდთან შესაბამისობას ეხება. იმის გამო, რომ ამგვარი ანაბეჭდები ხშირად დამახინჯებული ან დასვრილია, შესაბამისობა ეყრდნობა ექსპერტთა შეფასებებს, რომლებიც, მიუხედავად საქმეში გაწაფულობისა, მაინც სუბიექტურ თვალსაზრისს წარმოადგენენ.
2009 წელს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გაავრცელა მეტად კრიტიკული მოხსენება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა თითის ანაბეჭდების, ნაკბენის კვალის, სისხლის შხეფების, ტანსაცმლის ბოჭკოს, კალიგრაფიის, ტყვიის სახასიათო ნიშნებისა და კრიმინალისტიკური გამოძიების ბევრი სხვა საფუძვლის მეცნიერულ დასაბუთებას. მან დაასკვნა, რომ დნმ-ის ანალიზის გარდა, არც ერთ კრიმინალისტიკურ მეთოდზე არ შეიძლება დაყრდნობა საიმედოობის მაღალი ხარისხით „მტკიცებულებასა და კონკრეტულ პიროვნებას თუ წყაროს შორის კავშირის საჩვენებლად“.
შემთხვევითი არაა, რომ დნმ-ის მეთოდოლოგია, რომელიც კრიტიკას გადაურჩა მეცნიერებათა აკადემიის მოხსენებაში, შეიმუშავეს არა სამართალდამცავებმა, არამედ აკადემიური ლაბორატორიის მეცნიერმა. 1984 წელს ბრიტანელი გენეტიკოსი ალეკ ჯეფრისი საკვირველ ჭეშმარიტებას წააწყდა: მისმა ექსპერიმენტმა ადამიანები ერთმანეთისგან გაარჩია თითოეულის მხოლოდ და მხოლოდ დნმ-ის ფრაგმენტების მიხედვით, გენეტიკური კოდით, რომელიც ყველას გადმოგვეცემა მემკვიდრეობით მშობლებისგან.
ჯეფრისის აღმოჩენა საფუძვლად დაედო პირველი თაობის დნმ-ტესტებს. სამი წლის შემდეგ ჯეფრისის ლაბორატორიამ შეისწავლა ინგლისში ორი მოზარდი გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის ახალგაზრდის დნმ და დაადგინა, რომ ის არ ემთხვეოდა მსხვერპლთა ორგანიზმში ნაპოვნი სპერმის დნმ-ს. ამგვარად, სისხლის სამართლის საქმეში დნმ-ის პირველმა გამოყენებამ მოიტანა არა ბრალდება, არამედ გამართლება (დანაშაული მოგვიანებით ნამდვილმა მკვლელმა აღიარა მას შემდეგ, რაც იმ ოლქში მამაკაცთა საკვლევი ჯგუფის დნმ-სკრინინგისთვის თავის არიდება არ გამოუვიდა).
მალე სხვა, უფრო მგრძნობიარე ტესტების გამოყენება დაიწყო. 1997 წლისთვის გამოძიების ფედერალური ბიურო იყენებდა ერთ-ერთს, რომელიც სინჯავდა 13 უბანს გენომში, სადაც ვლინდებოდა განმეორებადი ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა. ალბათობა, რომ ნათესაურ კავშირში არმყოფ ორ ადამიანს 13 მსგავსი კონფიგურაცია ჰქონდეს, სულ ცოტა, ასი მილიარდიდან, ერთია. სწორედ ამ კონფიგურაციებმა შექმნა საფუძველი გამოძიების ფედერალური ბიუროს დნმ-ინდექსების გაერთიანებული სისტემის (CODIS) მონაცემთა ბაზის ფორმირებისთვის. გასული საუკუნის 90-იანი წლებისთვის დნმ-დაქტილოსკოპია ფართოდ გამოიყენებოდა სასამართლო საქმეებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით – შეერთებულ შტატებში მისი გამოყენების ყველაზე ცნობილი შემთხვევაა ო. ჯ. სიმპსონის მკვლელობის საქმე.
დნმ-მტკიცებულება ბოლომდე უტყუარი არ არის. მისი ღირებულება შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს უცხო დნმ-ით დაბინძურების გამო, ჯაჭვის ნებისმიერ რგოლში, დანაშაულის ჩადენის ადგილიდან ლაბორატორიამდე, სადაც სინჯის ნუკლეოტიდურ თანმიმდევრობას ადგენენ. ხარისხიან სინჯს სპერმიდან, ნერწყვიდან ან ქსოვილიდან ცრუ დამთხვევის ალბათობის დაყვანა პრაქტიკულად ნულამდე შეუძლია, მაგრამ დნმ-ის მინიმალურმა რაოდენობამ, რომელიც ეჭვმიტანილმა საგანზე დატოვა, შესაძლოა, ბევრად ნაკლებად ზუსტი შედეგები მოგვცეს. ამასთან, ლაბორატორიაში დნმ-ის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის დადგენის ხარისხიც მხოლოდ ექსპერტის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.
შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოხსენება კრიმინალისტიკის სრულ გადახედვას მოგვიწოდებდა. მისი ზოგიერთი რეკომენდაცია – მაგალითად, კრიმინალისტიკის ეროვნული ინსტიტუტის შექმნა – როგორც სამთავრობო წყაროები ამბობენ, ძნელად თუ აღსრულდება ფინანსური პრობლემების გამო. სხვა რეკომენდაციები, როგორებიცაა კვლევების გაზრდა იმის დასადგენად, თუ რეალურად რამდენად სანდოა თითის ანაბეჭდები, ნაკბენის კვალი და სხვა სინჯები პიროვნების იდენტიფიკაციისთვის, დამუშავების პროცესშია. აკადემიის მოხსენებიდან პირველ ხუთ წელიწადში სამართლის ეროვნულმა ინსტიტუტმა 100 მილიონი დოლარი დახარჯა პროექტებზე, რასაც შედეგად 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მოხსენება მოჰყვა. მაგრამ პროცესი ნელი ტემპით მიდის.
ამგვარი სტანდარტების შემუშავებით, კრიმინალისტიკა უფრო მეცნიერული გახდება. სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST) დახმარებით იქმნება ზუსტი მეთოდების ნუსხა, იმის შესახებ, თუ როგორ გაიმართოს ხელსაწყოები, რა პროცედურები უნდა გამოიყენონ თითის ანაბეჭდების შედარებისას, როგორ მოხდეს ტყვიის მასრების, დნმ-ტიპირებისა და ნარკოანალიზის შედეგების ინტერპრეტაცია, და სხვა მრავალი. „საბოლოოდ, ეს იქნება სტანდარტების რეესტრი, რომელიც გვეტყვის: ეს არის სანდოობის ის დონე, რომელზეც უნდა გასწორდეს ანალიზის შედეგები, – ამბობს ანალიზური ქიმიის სპეციალისტი ჯონ ბატლერი, რომელიც სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის სპეციალური თანაშემწეა კრიმინალისტიკის სფეროში, – ახლა კი აბსოლუტურად არაფერი არსებობს“.
ფედერალური ბიუროს სასწავლო ცენტრში, საცხოვრებელი ქუჩის მაკეტზე გამომძიებელი ლაზერის გამოყენებას სწავლობს ტყვიის ტრაექტორიის ვიზუალიზაციისა და სროლის ინციდენტის აღდგენისათვის. კრიტიკოსთა თქმით, აუცილებელია, როგორც წვრთნა, ისევე, მეცნიერული მეთოდები.
გზისპირა მემორიალი აღნიშნავს იმ ადგილს, სადაც სიერა ბუზიგარდის ცხედარი იპოვეს შვიდი წლის წინ ლუიზიანაში. მკვლელობას მოწმეები არ ჰყავდა, ხოლო მისი ფრჩხილების ქვეშ აღმოჩენილი ქსოვილის დნმ არც ერთი ეჭვმიტანილის დნმ-ს არ დაემთხვა. დეტექტივი ლეს ბლანჩარდი იმედოვნებს, რომ ახალი კრიმინალისტიკური მეთოდი ამ საქმეს გახსნის.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები მსხვერპლს ფრჩხილებს აჭრიან, რათა ნახონ, მის ქვეშ დარჩენილი ქსოვილის დნმ შეესაბამება თუ არა დნმ-მონაცემთა ბაზაში არსებულ ნიმუშს. დამთხვევის გარეშეც, დნმ-ფენოტიპირების ახალი მეთოდი ავლენს თვალის, კანისა და თმის ფერს.
1985 წელს მოკლული მამაკაცის ქალა იპოვეს მერილენდში ნაგვის ურნაში. მან მცირე სამხილი მისცა გამოძიებას საიდენტიფიკაციოდ. მაგრამ პარაბონის ნანოტექნოლოგიების ლაბორატორიამ შეძლო მსხვერპლის სახის აღდგენა დნმ-ფენოტიპირების კომბინირებით თავის ქალის ძირითად დეტალებთან.
კირკ ოდომი გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს. ექსპერტის ჩვენებით, მსხვერპლის ღამის პერანგზე ნაპოვნი თმა მისას ემთხვეოდა. ოდომმა 22 წელიწადზე მეტი გაატარა ციხეში, სანამ დნმ-ტესტებმა მისი უდანაშაულობა არ დაამტკიცა. ამჟამად, გამოძიების ფედერალური ბიურო ასობით სხვა შემთხვევას განიხილავს, სადაც თმის ანალიზის მნიშვნელობა, შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს.
პრობლემა კბილებთან დაკავშირებით ერთ-ერთ კვლევაში 30-მა დანტისტმა გააანალიზა ღორის ტყავზე – როგორც ადამიანის სხეულის შემცვლელზე ხელოვნურად გაკეთებული ნაკბენები. გამოცდილმა სპეციალისტებმაც კი დაუშვეს შეცდომები.
პრობლემა კბილებთან დაკავშირებით სასამართლო სტომატოლოგმა ჩვენება მისცა – მილიონიდან ერთი შანსი იყო, რომ მსხვერპლის მკლავზე ნაკბენის კვალი არ ეკუთვნოდა სტივენ მარკ ჩეინის, რომელსაც 1987 წელს 28-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მაგრამ ნაკბენის კვალი სასამართლო მედიცინის სარწმუნო ინსტრუმენტად ვერ გამოდგება, მეცნიერული დასაბუთების სიმწირის გამო.
ტეხასი. ღია ცის ქვეშ მოწყობილ ლაბორატორიაში კრიმინალისტ-ენტომოლოგი სიბილ ბუჩელი ხრწნად სხეულში მოფუთფუთე მწერების რაოდენობასა და ტიპს იკვლევს სიკვდილის დროის დასადგენად. ამჟამად, მეცნიერები იკვლევენ, თუ როგორ შეუძლიათ გვამის დამშლელ ბაქტერიებში მიმდინარე ცვლილებებს გვიკარნახონ ადამიანის გარდაცვალების დრო.
კრიმინალისტიკა, ახლა უფრო მეტი მეცნიერებით მას შემდეგ, რაც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2009 წლის ანგარიშში გააკრიტიკეს ხანძრის გაჩენის გამოძიება და თითის ანაბეჭდების ანალიზები, ორივე მიმართულება გააქტიურდა. ხანძრის შემსწავლელი ლაბორატორია ოთახს ცეცხლს უკიდებს, სიცხეზე, კვამლსა და აირებზე მონაცემების შესაგროვებლად.
თითის ანაბეჭდებით იდენტიფიკაციისთვის ახალი წესები შემოდის. დაქტილოსკოპი სილვია ბაფინგტონ-ლესტერი ამბობს, რომ ანალიტიკოსმა ჯერ დანაშაულის ადგილზე უნდა შეისწავლოს ანაბეჭდები და მხოლოდ შემდეგ ეჭვმიტანილის: „თუ სრულყოფილი ანებჭდებით იწყებთ, თქვენ უკვე სუბიექტურობა გძლევთ“.
ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტის მაგისტრანტები იძიებენ სასტუმროს ნომერში იმიტირებულ დანაშაულის სცენას, რომ მტკიცებულებათა დეტალური დაფიქსირება ისწავლონ. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ანგარიში მოუწოდებს აკადემიურ ინსტიტუტებს მეტი სწავლებისკენ პროფესიული უნარების გასაღრმავებლად.
ფედერალური ბიუროს სასწავლო ცენტრში, საცხოვრებელი ქუჩის მაკეტზე გამომძიებელი ლაზერის გამოყენებას სწავლობს ტყვიის ტრაექტორიის ვიზუალიზაციისა და სროლის ინციდენტის აღდგენისათვის. კრიტიკოსთა თქმით, აუცილებელია, როგორც წვრთნა, ისევე, მეცნიერული მეთოდები.
გზისპირა მემორიალი აღნიშნავს იმ ადგილს, სადაც სიერა ბუზიგარდის ცხედარი იპოვეს შვიდი წლის წინ ლუიზიანაში. მკვლელობას მოწმეები არ ჰყავდა, ხოლო მისი ფრჩხილების ქვეშ აღმოჩენილი ქსოვილის დნმ არც ერთი ეჭვმიტანილის დნმ-ს არ დაემთხვა. დეტექტივი ლეს ბლანჩარდი იმედოვნებს, რომ ახალი კრიმინალისტიკური მეთოდი ამ საქმეს გახსნის.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები მსხვერპლს ფრჩხილებს აჭრიან, რათა ნახონ, მის ქვეშ დარჩენილი ქსოვილის დნმ შეესაბამება თუ არა დნმ-მონაცემთა ბაზაში არსებულ ნიმუშს. დამთხვევის გარეშეც, დნმ-ფენოტიპირების ახალი მეთოდი ავლენს თვალის, კანისა და თმის ფერს.
1985 წელს მოკლული მამაკაცის ქალა იპოვეს მერილენდში ნაგვის ურნაში. მან მცირე სამხილი მისცა გამოძიებას საიდენტიფიკაციოდ. მაგრამ პარაბონის ნანოტექნოლოგიების ლაბორატორიამ შეძლო მსხვერპლის სახის აღდგენა დნმ-ფენოტიპირების კომბინირებით თავის ქალის ძირითად დეტალებთან.
კირკ ოდომი გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს. ექსპერტის ჩვენებით, მსხვერპლის ღამის პერანგზე ნაპოვნი თმა მისას ემთხვეოდა. ოდომმა 22 წელიწადზე მეტი გაატარა ციხეში, სანამ დნმ-ტესტებმა მისი უდანაშაულობა არ დაამტკიცა. ამჟამად, გამოძიების ფედერალური ბიურო ასობით სხვა შემთხვევას განიხილავს, სადაც თმის ანალიზის მნიშვნელობა, შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს.
პრობლემა კბილებთან დაკავშირებით ერთ-ერთ კვლევაში 30-მა დანტისტმა გააანალიზა ღორის ტყავზე – როგორც ადამიანის სხეულის შემცვლელზე ხელოვნურად გაკეთებული ნაკბენები. გამოცდილმა სპეციალისტებმაც კი დაუშვეს შეცდომები.
პრობლემა კბილებთან დაკავშირებით სასამართლო სტომატოლოგმა ჩვენება მისცა – მილიონიდან ერთი შანსი იყო, რომ მსხვერპლის მკლავზე ნაკბენის კვალი არ ეკუთვნოდა სტივენ მარკ ჩეინის, რომელსაც 1987 წელს 28-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მაგრამ ნაკბენის კვალი სასამართლო მედიცინის სარწმუნო ინსტრუმენტად ვერ გამოდგება, მეცნიერული დასაბუთების სიმწირის გამო.
ტეხასი. ღია ცის ქვეშ მოწყობილ ლაბორატორიაში კრიმინალისტ-ენტომოლოგი სიბილ ბუჩელი ხრწნად სხეულში მოფუთფუთე მწერების რაოდენობასა და ტიპს იკვლევს სიკვდილის დროის დასადგენად. ამჟამად, მეცნიერები იკვლევენ, თუ როგორ შეუძლიათ გვამის დამშლელ ბაქტერიებში მიმდინარე ცვლილებებს გვიკარნახონ ადამიანის გარდაცვალების დრო.
კრიმინალისტიკა, ახლა უფრო მეტი მეცნიერებით მას შემდეგ, რაც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2009 წლის ანგარიშში გააკრიტიკეს ხანძრის გაჩენის გამოძიება და თითის ანაბეჭდების ანალიზები, ორივე მიმართულება გააქტიურდა. ხანძრის შემსწავლელი ლაბორატორია ოთახს ცეცხლს უკიდებს, სიცხეზე, კვამლსა და აირებზე მონაცემების შესაგროვებლად.
თითის ანაბეჭდებით იდენტიფიკაციისთვის ახალი წესები შემოდის. დაქტილოსკოპი სილვია ბაფინგტონ-ლესტერი ამბობს, რომ ანალიტიკოსმა ჯერ დანაშაულის ადგილზე უნდა შეისწავლოს ანაბეჭდები და მხოლოდ შემდეგ ეჭვმიტანილის: „თუ სრულყოფილი ანებჭდებით იწყებთ, თქვენ უკვე სუბიექტურობა გძლევთ“.
ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტის მაგისტრანტები იძიებენ სასტუმროს ნომერში იმიტირებულ დანაშაულის სცენას, რომ მტკიცებულებათა დეტალური დაფიქსირება ისწავლონ. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ანგარიში მოუწოდებს აკადემიურ ინსტიტუტებს მეტი სწავლებისკენ პროფესიული უნარების გასაღრმავებლად.
თუმცა, მას შემდეგაც კი, როდესაც სტანდარტების საზღვრები დადგინდება, სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი ვერ მოსთხოვს შესაბამის დაწესებულებებს, რომ აღნიშნული ინსტრუქციებით იხელმძღვანელონ. სავარაუდოდ, მოხდება ის, რომ დაწესებულებებს, რომლებიც პროცედურისთვის საჭირო სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, უფლება ექნებათ მიიღონ აკრედიტაცია – გაიარონ მესამე მხარის მიერ შემოთავაზებული ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი. 2014 წელს, როდესაც ათასზე მეტი კრიმინალისტიკური ექსპერტიზის პროვაიდერის შემოწმება ჩატარდა (მათ შორის, ლაბორატორიებისა და პოლიციის სამმართველოების), შემოწმების ინიციატორებმა აღმოაჩინეს, რომ 70 პროცენტზე მეტს ზოგადი აკრედიტაცია არ გააჩნდა.
ჯენიფერ მნუკინის (კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი) თქმით, კიდევ ერთი დაბრკოლება არის ის, რომ მოსამართლეები, რომლებიც სამართლის სადარაჯოზე დგანან, განაგრძობენ საეჭვო კრიმინალისტიკური მტკიცებულებების, მათ შორის თმისა და ნაკბენის კვალის ანალიზების მიღებას. მანამ, სანამ ამგვარი ჩვენებები სასამართლოში დაიშვება, კრიმინალისტ-ექსპერტებს რეალური ცვლილებების განხორციელების ნაკლები სტიმული აქვთ. „მოსამართლეებმა, ფაქტობრივად, სერიოზულად არ აღიქვეს ამ სტანდარტების დადგენისა და დაშვებულ შეცდომათა წილის განსაზღვრის საჭიროება, – ამბობს მნუკინი, – უმეტეს შემთხვევაში, სასამართლო სისტემას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება, მიდგომების შესაცვლელად“.
მაგრამ ცვლილებათა ამ ნელი ტემპის ფონზეც არსებობს გარკვეული იმედისმომცემი ნიშნები. მიმდინარე წლის თებერვალში, პირველად ქვეყანაში, ტეხასის კრიმინალისტიკის კომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ მორატორიუმი გამოეცხადებინათ სასამართლოში ნაკბენის კვალის მტკიცებულებად გამოყენებაზე, სანამ მათი საფუძვლიანობის შესწავლისა და დადასტურების საიმედო მეთოდები არ იარსებებდა. ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ დააჩქარა გასულ შემოდგომაზე სტივენ მარკ ჩეინის, ტეხასელი მამაკაცის გათავისუფლებამ. მან 28 წელი გაატარა ციხეში, მკვლელობის ბრალდებით, რომელიც ძირითადად ნაკბენის კვალის მტკიცებულებას ეფუძნებოდა, რაც ამჟამად უარყოფილია, როგორც მეცნიერულად დაუსაბუთებელი.
საინტერესოა, იძლევა თუ არა, ამგვარი, კრიტიკის წინაშე მდგარი ტრადიციული კრიმინალისტიკური მეთოდების ფონზე, ახალი, მეცნიერებაზე დაფუძნებული დნმ-ფენოტიპირება მეტ იმედს, თუ გაურკვევლობის კიდევ ერთი წყაროა?
2015 წლის პირველი სექტემბერს ლეიკ-ჩარლზში (ლუიზიანა) კალკაშუს ოლქის შერიფის ოფისმა მედიას გადასცა სიერა ბუზიგარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეთრკანიანი მამაკაცის აღწერილობა. პარაბონის ნანოტექნოლოგიათა ლაბორატორიაში შექმნილი სურათი გამოხატავს, თუ რამდენადაა შესაძლებელი დნმ-ის საშუალებით ადამიანის შესახედაობის დადგენა და რამდენად – არა. სახე მოკლებულია ინდივიდუალობას ან ემოციას; არაფერი შეფარული მის თვალებში არ მიუთითებს პრობლემურ ბავშვობაზე, ვერც გესლიან ირონიას ვხედავთ სქელ ტუჩებზე, რამაც შეიძლება კანონდარღვევისკენ მიდრეკილება გასცეს.
ბუზიგარდის საქმე არ არის პირველი შემთხვევა, როცა დნმ-ფენოტიპირება სისხლის სამართლის გამოძიებას დაეხმარა. უფრო ადრეულმა მეთოდმა, რომელიც დნმ-ს მხოლოდ ეჭვმიტანილის გეოგრაფიული წარმოშობის საიდენტიფიკაციოდ იყენებს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სერიული მკვლელის შეპყრობაში ლუიზიანაში 2003 წელს. ისევე, როგორც ბუზიგარდის შემთხვევაში, პოლიცია კონკრეტული წარმოშობის პიროვნებას ეძებდა, ხოლო დნმ-დაქტილოსკოპიამ აჩვენა, რომ მოსახლეობის სულ სხვა სეგმენტს აკვირდებოდნენ.
ამ მეთოდის შედარებით უფრო ახალი ვერსიები დეტალურ მემკვიდრულ სურათს იძლევა ფიზიკური მახასიათებლებით, რომელთაც მეცნიერებისთვის ცნობილი გენეტიკური ფესვები აქვს. აღმოსავლეთ აზიელებსაც და ევროპელებსაც ფერმკრთალი კანი აქვთ – თუმცა სხვადასხვა ძირითადი გენეტიკური გავლენების გამო. ევროპელების კანი დაკავშირებულია SLC24A5 გენის კონკრეტულ ვერსიასთან. თითქმის ყველა ევროპელს გენის ამ ვერსიის ორი ასლი გააჩნია; არაევროპელ მოსახლეობას ამ ვერსიის ერთი ასლით, ბევრად უფრო ღია ფერის კანი აქვს იმათთან შედარებით, ვისაც საერთოდ არ აქვს ის. „მე შემიძლია ოთახში აფროამერიკელებთან ერთად დავჯდე და საკმაო სიზუსტით გითხრათ, თუ რომელს აქვს ეს გენი, – ამბობს მარკ შრივერი, ბიოლოგიური ანთროპოლოგიის პროფესორი პენსილვანიის უნივერსიტეტში, – მას ისეთი მძლავრი გავლენა აქვს ჩვენს გარეგნობაზე, რომ აშკარად შესამჩნევია“.
გარდა გარკვეული ნაკვთების მაკოდირებელი გენების ვერსიებზე დაკვირვებისა, დნმ-ფენოტიპირების სპეციალისტებს უმცირესი ვარიაციების მოძებნაც შეუძლიათ, რომლებსაც ერთნუკლეოტიდური პოლიმორფიზმები (SNPs) ეწოდებათ და გაბნეული არიან მთელ გენომში. ცნობილია, რომ ისინი ასოცირდებიან ისეთ ფიზიკურ ნიშანთვისებებთან, როგორებიცაა თმისა და თვალების ფერი, ჭორფლისკენ მიდრეკილება და ყურის ბიბილო მიმაგრებულია თუ არა.
მეცნიერები პარაბონსა და „ადამიანის დღეგრძელობაში“, ერთი ნაბიჯით წინ მიდიან და მონაცემთა უზარმაზარ კომპიუტერულ ბაზას იყენებენ ნუკლეოტიდური პოლიმორფიზმების სტრუქტურასა და სახის ნაკვთების კონტურებს შორის კავშირის დასადგენად. კვლევის დროს მოხალისეებს სთხოვენ, შეავსონ კითხვარები მათი გარეგნობის შესახებ, სადაც უნდა მიუთითონ, აქვთ თუ არა ჭორფლი. შემდეგ თითოეული მოხალისის დნმ მოწმდება დაახლოებით მილიონ წერტილში, სადაც, როგორც წესი, პოლიმორფიზმები გვხვდება. სამგანზომილებიანი სკანერი მოხალისის სახის ფორმას აფიქსირებს – ღაწვის ძვლებს, ნიკაპის ხაზს, ცხვირის კონკრეტულ კუთხეებს და ასე შემდეგ – და სახის კომპიუტერულ სურათს ქმნის. ამის შემდეგ, კომპიუტერის ალგორითმებს შეუძლიათ მოძებნონ კავშირი ერთი და იმავე პიროვნების პოლიმორფიზმების კონკრეტულ სტრუქტურებსა და 3-D სკანერით მიღებულ მის სახასიათო ნაკვთებს შორის – როგორიცაა მაგალითად ნიკაპის ან ცხვირის ფორმა. ინფორმაცია იმდენად დიდია, რომ მის დამუშავებას შეიძლება კვირები და ასობით კომპიუტერის მუშაობა დასჭირდეს. მიღებული კორელაციები პოლიმორფიზმის სტრუქტურებსა და გამოკვეთილ ნაკვთებს შორის, შესაძლოა, შემდგომ გამოყენებულ იქნეს უკუპროცესის დასაწყებად – დნმ-ის სინჯიდან უცნობი პიროვნების გამოსახულების მისაღებად – მაგალითად, მკვლელის, რომლის ქსოვილი ბუზიგარდის ფრჩხილების ქვეშ იპოვეს.
რა თქმა უნდა, ისიც საკითხავია, თუ რამდენად ჰგავს ეს სახე იმ პიროვნებას, რომლის დნმ-იც იყო გამოყენებული ამ გამოსახულების მისაღებად, თან მხოლოდ იმ ერთს, სხვა, თუნდაც ანალოგიური გეოგრაფიული წარმოშობის ადამიანების გამორიცხვით. თეორიულად, რაც მეტი სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილებისა და სახის პროფილის მქონე ადამიანი შეიტანს წვლილს დნმ-ის მონაცემთა ბაზაში, მით უკეთ იქნება შესაძლებელი დანაშაულში ეჭვმიტანილთა სახეების პროგნოზირება. ის, რაც ჯერ არ გვაქვს, ამბობს ერასმუსის უნივერსიტეტის პროფესორი მანფრედ კაიზერი, რომელმაც დნმ-ის მეშვეობით თვალებისა და თმის ფერის პროგნოზირების ტესტი შეიმუშავა, არის მკაფიო, უდავო მტკიცებულება, რომ თუნდაც მრავალი ათასი ადამიანის მონაცემთა ბაზიდან შექმნილი მოდელებითაც კი, შესაძლებელია მონაცემთა ბაზაში არმყოფი პიროვნების ზუსტი სურათის შექმნა: „მთავარი ისაა, რომ რასაც აკეთებენ ფენოტიპირების ლაბორატორიები, უნდა იყოს დადასტურებული და შემოწმებადი“. ამჟამად, პარაბონი მუშაობს თავისი მეთოდოლოგიის ერთ მცირე ექსპერიმენტზე ბრიუს ბუდოულთან, ჩრდილოეთ ტეხასის გამოყენებითი გენეტიკის ხელმძღვანელთან და გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ დნმ-ექსპერტთან.
როგორც პარაბონის აღმასრულებელი დირექტორი, სტივენ არმენტრუტი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ ნათელი წარმოდგენა გვქონდეს, როგორ გამოვიყენოთ კომპანიის მიერ აღდგენილი სახეები; არა კონკრეტული ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებისთვის, არამედ იმათ გამოსარიცხად, ვინც ნაკლებად ჰგავს სურათს და ვინც ნამდვილად არ შეესატყვისება – როგორც მექსიკელი მუშები ბუზიგარდის საქმეში.
„მომავალში დნმ-ფენოტიპირებას გამოძიების დასაწყისში გავაკეთებთ – ვინ უნდა იყოს ეჭვმიტანილთა სიაში და ვინ არა“, – ამბობს არმენტრუტი. როდესაც შესაძლო ეჭვმიტანილთა რაოდენობა შემცირდება, პარაბონის „სნეპშოტის“ მიერ გამოურიცხავი ეჭვმიტანილის დნმ უკვე დანაშაულის ადგილზე დატოვებულ ნიმუშთან უნდა შედარდეს. პარაბონის ფენოტიპირება მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების იდენტიფიკაციას.
„მსურს, ხაზი გავუსვა ამ მესიჯს. სინამდვილეში, ეს ახალი ტექნოლოგიები ხელშემწყობია, რომ კანონის აღსრულების პროცესი უფრო ეფექტური გახდეს“, – ამბობს არმენტრუტი.
შარშან, სექტემბერში ლეიკ-ჩარლზის დეტექტივმა ლეს ბლანჩარდმა და მისმა გუნდმა უამრავი სამხილი მიიღო პარაბონის „სნეპშოტის“ გასაჯაროების შემდეგ. გამომძიებლებმა უკვე დაიწყეს კარზე კაკუნი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
როდესაც ეს სტატია დასრულდა, სურათზე გამოსახული პიროვნება ჯერ კიდევ არ ჰყავდათ ნაპოვნი.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.