ბურკინა-ფასოს სოფელ პისის გრანიტის მაღარო ქანებისა და ჯაფისგან შემდგარი დამთრგუნველი სამყაროა. მაგრამ, უმრავლესობა მაღაროსგან განსხვავებით, ეს კარიერი ქალაქის ფარგლებშია და სულ ახლოსაა უაგადუგუს ცენტრალური მაგისტრალიდან. „მაღაროს ხმები იქამდე გესმით, სანამ მას დაინახავთ“, – ამბობს ფოტოგრაფი მოისეს სამანი.
როდესაც უახლოვდებით, ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის ხმებს თანდათან ერწყმის ქვის სამტვრევი ასობით ჩაქუჩის რიტმული კაკუნი, – ამბობს სამანი, – შემდეგ, უცბად, თითქოს არსაიდან, უზარმაზარი ორმო ჩნდება – რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმის და სულ ცოტა, ქალაქის კვარტლის სიგანისა“. იქ მამაკაცები მოზრდილ ქანებს ამტვრევენ ჩაქუჩებითა და ღოჯებით, ქალები კი გრანიტის ტვირთს თავზე იწყობენ და ციცაბო ფერდობებზე ეზიდებიან. ბავშვები, სულაც 6 წლისანი, თავიანთ მშობლებთან ერთად მუშაობენ ბეტონისა და ხრეშის დასამზადებლად საჭირო ქანის მოსაპოვებლად ბურკინა-ფასოს თანამედროვე სამშენებლო პროექტებისთვის.
მაღაროს სიღრმეში ძველ საბურავებს წვავენ; ამ სახელდახელოდ მოწყობილ ღუმლებს ქანების დასარბილებლად იყენებენ. აღნიშნულ პროცესში გამოიყოფა ტოქსიკური კვამლი, რომელიც მთელ მაღაროს ბურუსში ახვევს და დანტესეულ ჯოჯოხეთს აცოცხლებს – სამანის სიტყვებით, „ყველაზე დრამატული სცენა, რომელიც კი ამ სტატიაზე მუშაობისას უნახავს“.

ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ესპანელ-ამერიკელი ფოტოგრაფი მოისეს სამანი კონფლიქტების გაშუქებაზე ფოკუსირდება. მას ფოტოჟურნალისტთა საერთაშორისო კონკურსის (World Press Photo) რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული.
ფოტო: ფრენკ ტულონი