გუმბათის ქვეშ
კლდის გუმბათი – არქიტექტურული შედევრი და ისლამის მესამე უწმინდესი ძეგლი – მკვლევრებს მათთვის აქამდე მიუწვდომელ საიდუმლოებებს უმხელს.


გუმბათის ქვეშ
კლდის გუმბათი – არქიტექტურული შედევრი და ისლამის მესამე უწმინდესი ძეგლი – მკვლევრებს მათთვის აქამდე მიუწვდომელ საიდუმლოებებს უმხელს.
„არც ერთ მნახველს არ ეყოფა სიტყვები მის აღსაწერად“, გაოცებით აღნიშნა მოგზაურმა იბნ ბატუტამ 1326 წელს იერუსალიმის სტუმრობისას.
13 საუკუნეზე მეტია, კლდის გუმბათი იერუსალიმის წმინდა აკროპოლისს ამშვენებს; ამ ვრცელ ტერიტორიას ებრაელები და ქრისტიანები ტაძრის მთის, ხოლო მუსლიმები ჰარამ ალ-შარიფის – კეთილშობილი საკურთხევლის – სახელით იცნობენ.
ზამთრის ერთ სუსხიან დილას კლდის გუმბათი პალტოებსა და ჰიჯაბებში გამოწყობილი ქალებით ივსება. მაშინ, როდესაც მამაკაცები სამხრეთით, 100 მეტრის მოშორებით, გაცილებით დიდი ალ-აქსას მეჩეთისკენ მიეშურებიან, ეს მშვიდი სივრცე უმეტესწილად მუსლიმი ქალებისა და ბავშვების განკარგულებაშია.
შავებში ჩაცმული შუახნის საბავშვო ბაღის მასწავლებელი სირინ კარიმი ნაგებობის ცენტრში მოქცეულ საძირკვლის ქვაზე მიგვითითებს.
„მუჰამედი (მშვიდობა მას) სწორედ აქ ამაღლდა ზეცად, რათა წინასწარმეტყველებს შეხვედროდა და აქვე დაბრუნდა ღვთის გზავნილით, დღეში ხუთჯერ ელოცა“, – ამბობს იგი. „ამგვარად იგი სევდისგანაც განიკურნა. სწორედ აქ მოვდივართ ჩვენც მძიმე სულიერი მდგომარეობის შესამსუბუქებლად“.

ეს საკრალური საძირკვლის ქვა მთვარესავით ნაცრისფერია; მისი უხეში და ორმოებიანი ზედაპირი მკვეთრად განსხვავდება ტაძრის შთამბეჭდავი ინტერიერისგან. იგი გარშემორტყმულია მარმარილოსა და პორფირის ქვის სვეტებისა და ბურჯების ორი კონცენტრული წრით, რომლებზეც წარმოუდგენლად რთული დეტალებით მოჩუქურთმებული გუმბათი დგას. კედლებზე არაბული წარწერები და შუა საუკუნეების მოზაიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოლექციაა წარმოდგენილი. ქვემოდან ეს მინის პაწაწინა კუბური პიქსელები აყვავებულ პალმებად, მწიფე ყურძნებად, დიადემებად და ყელსაბამებად იშლება. დროდადრო, ოთხიდან ერთ-ერთი ღია კარიდან მტრედი შემოფრინდება და მრგვალ სივრცეში წრეზე ფრთხიალებს.
მარმარილოს ვიწრო გაცვეთილ საფეხურებს საძირკვლის ქვის ქვეშ უხეშად ნაკვეთ გამოქვაბულში მივყავართ, რომელსაც „სულების ჭას“ უწოდებენ. მუსლიმური ტრადიციის მიხედვით, გამოქვაბულის ქვეშ სამოთხის წყლები მიედინება, ხოლო ზოგიერთი ქრისტიანისა და ებრაელის წარმოდგენით, ეს სივრცე ძვირფასი არტეფაქტებით სავსე საიდუმლო დერეფანს მალავს.
1911 წელს ევროპელი განძის მაძიებლები ტაძარში შეიპარნენ და აღთქმის კიდობნის პოვნის იმედით ამაოდ ამოთხარეს გამოქვაბულის ძირი. მათ მკრეხელობას საზოგადოების განრისხება მოჰყვა. 70 წლის შემდეგ, ებრაელმა რაბინებმა გოდების კედლის საძირკველი გათხარეს და აღთქმის კიდობნის მოსაძიებლად გვირაბის მეშვეობით აღმოსავლეთით გადაძვრნენ. ამ უშედეგო ძიებებს შეხლა-შემოხლისა და რეგიონული კონფლიქტის საშიშროების შექმნის გარდა არაფერი მოუტანია.
კლდის გუმბათი არაერთხელ გადაურჩა მძარცველებს, მიწისძვრებს, რელიგიურ უთანხმოებებს, სისხლიან შემოსევებსა თუ ისეთ საფრთხეს, როგორიცაა მტრედების სკინტლით სანიაღვრო მილების ჩაკეტვა, რის გამოც წვიმის წყალს კედლებში შემოუღწევია.
„თითქმის 2 მილიარდი ადამიანი გრძნობს ამ ადგილთან კავშირს“, – მეუბნება შეიხ ომარ კისვანი, 14,4 ჰექტარზე გაშლილი რელიგიური კომპლექსის დირექტორი, – როდესაც ამ სალოცავის საყრდენ ქვის პლატფორმაზე ვდგავართ.
დღეს კლდის გუმბათი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გეოპოლიტიკური კონფლიქტის ცენტრშიც ექცევა და მისი ოქროსფერი კამარა პალესტინელ მლოცველებსა და ისრაელის პოლიციას შორის ძალადობრივ დაპირისპირებებს ხშირად უქმნის ფონს.

„წმინდა მიწაზე ნებისმიერი ეკლესია ან სინაგოგა მშვიდობის ადგილია“, – ამბობს კისვანი და ამოიოხრებს. „მხოლოდ აქაურობა იქცა საომარ ზონად“.
მუსლიმებისთვის ეს ტაძარი მექისა და მედინის შემდეგ ისლამის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია, ხოლო პალესტინელები მას თავიანთი ერის უძვირფასეს სიმბოლოდ მიიჩნევენ. ბევრი მორწმუნე ებრაელი კი ნაგებობას სიძულვილით უყურებს და მის განადგურებას მოელის, რათა ახალ ებრაულ ტაძარს დაეთმოს ადგილი. ზოგიერთი ევანგელისტის რწმენით, მისი ახალი ტაძრით ჩანაცვლება იესო ქრისტეს დაბრუნებისთვისაა საჭირო. რწმენა-წარმოდგენების ასეთი არასტაბილური ნაზავი ჟრჟოლას ჰგვრის რეგიონის პოლიტიკოსებს, რომლებიც შიშობენ, რომ ტაძრის განადგურების ნებისმიერი მცდელობა კატასტროფულ ომში გადაიზრდება.
უთანხმოებას და გაურკვევლობას იწვევს კლდის გუმბათის აგების საფუძველიც.
„ჩვენ ხახვის ფურცლებივით უნდა ჩამოვაშოროთ ნაგებობას მის თავს მოხვეული პოლიტიკა, რათა გავიგოთ, რატომ და როგორ აშენდა ის“, – ამბობს ბეატრის სენ-ლორანი, ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე, რომელიც 30 წლის განმავლობაში შეისწავლიდა ამ ადგილს თავის პალესტინელ კოლეგასთან, ისამ ავადთან ერთად (იგი 2018 წელს გარდაიცვალა). მათი კვლევები ძალიან საინტერესო ახალ ხედვას გვთავაზობს იდუმალებით აღსავსე ძველი ტაძრისა და იმ შორსმჭვრეტელი მუსლიმი ლიდერის შესახებ, რომელსაც ის შეიძლება აეშენებინა.
ომაელების მიერ იერუსალიმისა და მისი ებრაული სატაძრო კომპლექსის განადგურებიდან ექვსი საუკუნის შემდეგ, ამ აკროპოლისისგან ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. ბიზანტიელი ქრისტიანებისთვის ამგვარი აოხრება იმის მტკიცებულებად იქცა, რომ მათმა რწმენამ იუდაიზმზე გაიმარჯვა. ახ. წ. 632 წელს, მედინაში მუჰამედის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე წელიწადში, მუსლიმთა ჯარმა ქრისტიანების უწმინდესი ქალაქი უბრძოლველად ჩაიგდო ხელში. როდესაც ახალმა მმართველებმა თავიანთი სალოცავის დაფუძნება გადაწყვიტეს, არჩევანი აშკარა იყო.
ადრეულ წყაროებზე დაყრდნობით, არქიტექტორებად იერუსალიმის ორი მოქალაქე – მუსლიმი თეოლოგი რაჯა იბნ ჰაივა და ქრისტიანი იაზიდ იბნ სალამი დანიშნეს.

მათ ინსპირაციისთვის ხანგრძლივი ძიება არ დასჭირვებიათ. თვალწინ ედგათ IV საუკუნის წმინდა საფლავის ტაძარი თავისი ვეებერთელა როტონდით, რომლის ქვეშ, ქრისტიანების რწმენით, იესოს საფლავი მდებარეობს. ოქტაგონალური ეკლესიები კი, რომელთა კონსტრუქცია ძველი რომიდან მომდინარეობს, მათ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე კესარიასა და ტიბერიადის ტბის გასწვრივ ეგულებოდათ.
1992 წელს მუშებმა, რომლებიც იერუსალიმიდან ბეთლემამდე მიმავალ გზატკეცილს აფართოებდნენ, სხვა რვაკუთხა ნაგებობის ნანგრევებიც აღმოაჩინეს. ამ არქეოლოგიური ველის გათხრებს სათავეში ჩაუდგა ისრაელის სიძველეთა სამსახურის თანამშრომელი რინა ავნერი.
მან დაადგინა, რომ ეს დიდი ხნის წინ დაკარგული კაფიზმის ეკლესია იყო. ეს ეკლესია ახ. წ. 456 წელს აშენდა, მისი შიდა და გარე წრიული სვეტები დივნის ზომის ქვას ერტყა გარს; ამბობენ, რომ ბეთლემისკენ მიმავალი იესოზე ფეხმძიმე ღვთისმშობელი სწორედ ამ ქვაზე ჩამოჯდა დასასვენებლად. ავნერის ვარაუდით, ეს ეკლესია, რომელიც ადრეული მუსლიმებისთვის პოპულარული პილიგრიმობის ადგილი გახდა, კლდის გუმბათისთვის მისაბაძ ნიმუშად იქცა. „ის დრო იყო, როდესაც ქრისტიანთა წმინდა სივრცეები ჯერ კიდევ შეიძლებოდა საზიარო ყოფილიყო, – ამბობს იგი, – და მათმა სწავლებამ თუ რწმენა-წარმოდგენებმა ისლამზეც იქონია გავლენა“.
იუხედავად ამისა, კლდის გუმბათი უბრალოდ ქრისტიანული საყდრის უფრო დიდებულ ასლს არ წარმოადგენს. ბიზანტიური ეკლესიების უმეტესობისთვის დამახასიათებელი სადა ფასადისგან განსხვავებით, ტაძრის თავდაპირველი ექსტერიერი მინის მოზაიკებით ბრწყინავდა. ნაგებობის ოთხი კარიც, რომლებიც ჰორიზონტის მხარეებს გაჰყურებს, აქამდე არსად გვხვდება ამ რეგიონში.

თუმცა, გუმბათოვანი სასახლეები ოთხი შესასვლელით და ეკლესიები ექსტერიერის მოზაიკით გვხვდებოდა სამხრეთისკენ 1500 კილომეტრში, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე მდიდარ სამეფო საბაში – როგორც გვამცნობენ სენ-ლორანი და ავადი. ისინი აგრეთვე აღნიშნავენ, რომ დეტალებით დატვირთული მოზაიკები მაგალითს აღმოსავლეთით მდებარე სასანიანთა იმპერიიდან იღებს, სადაც დღეს ერაყი და ირანია.
ეს გავლენები იმაზე მეტყველებს, რომ მუსლიმ მმართველებს ხელოსნები შორეული წერტილებიდან ჩამოჰყავდათ იერუსალიმში. მშენებლებმა იერუსალიმის ებრაული, რომაული და ბიზანტიური ნანგრევებიდან შეგროვებული ქვები და სვეტებიც გამოიყენეს მშენებლობისას. შედეგად, სწრაფად მზარდ ისლამურ იმპერიაში ტრადიციების შესანიშნავი სინთეზი შეიქმნა.
კლდის გუმბათის დასრულების შემდეგ, მასში გარკვეული დროით რიტუალები იმართებოდა. ადრეული მემატიანეები აღწერენ ძვირადღირებულ მანტიებში გამოწყობილ მსახურებს, რომლებიც საძირკვლის ქვას ზაფრანის, მუშკისა და ამბრისგან დამზადებულ ოქროსფერ ზეთს სცხებენ.
მაინც რატომ უთმობდნენ მუსლიმი ლიდერები ამდენ დროს, ძალისხმევასა და ფულს ამ მდიდრულად მოწყობილ სალოცავს? დღევანდელი მორწმუნეებისთვის, როგორებიც კარიმი და კისვანი არიან, ეს ტაძარი წინასწარმეტყველ მუჰამედის ზეციური საუფლოსკენ მისტიკურ მოგზაურობას განადიდებს. თუმცა, ამ ასოციაციის შესახებ არაა ლაპარაკი იმ რამდენიმე ტექსტში, რომლებიც კლდის გუმბათის მშენებლობის პერიოდში დაიწერა.
ზოგი ამტკიცებს, რომ 661 წელს დაარსებული ახალი ომაიანების დინასტია იერუსალიმის პრესტიჟის ამაღლებას ცდილობდა მისი პოლიტიკური მეტოქეების ძალაუფლების ცენტრის – მექის დაჩრდილვით. კლდის გუმბათი, ამ ვარაუდის თანახმად, ქააბას კონკურენტად შეიქმნა. სხვები კი ამტკიცებენ, რომ ეს გუმბათი მაშინდელ დიდწილად ქრისტიანულ ქალაქში ისლამის არსებობას უსვამდა ხაზს.

რაც ნამდვილად აშკარაა, აღნიშნული ნაგებობა პატივს მიაგებს იმ საძირკვლის ქვას, რომელზეც დგას. მუჰამედის მისტიკურ მოგზაურობასთან ერთად, ისეთ მოსაზრებებსაც გაიგებთ, რომ სწორედ ამ ადგილას შექმნა ღმერთმა ადამი, აქ იყო, რომ აბრაამმა თითქმის შესწირა ღმერთს თავისი ვაჟი ისააკი, და აქ წარდგებიან გარდაცვლილები უკანასკნელი სამსჯავროს წინაშე.
ქამდე, კლდის გუმბათის აშენების თარიღისა და მისი მთავარი მფარველის ვინაობის გასარკვევად ძირითადი მტკიცებულება ნაგებობის თაღოვან ნიშებში გამოსახული წარწერები იყო. მოზაიკების წარწერებში ნახსენებია 691 წელი და ომაიანთა იმდროინდელი ხალიფა – აბდ ალ-მალიკი. თუმცა, მისი სახელი უფრო გვიანდელი მმართველის სახელით შეიცვალა, რომელსაც სურდა, კლდის გუმბათის მშენებლობა საკუთარ დამსახურებად მიეწერა. მიუხედავად ამისა, აბდ ალ-მალიკი დიდი ხანია მიიჩნევა ნაგებობის დამფუძნებლად, ხოლო მოცემული თარიღი მშენებლობის დასაწყისს ან დასასრულს უნდა აღნიშნავდეს.
თუმცა, ახალი მინიშნებების მოძიების ოქროს შანსი – პირდაპირი მნიშვნელობით – 1990-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც გუმბათს 1960-იან წლებში ეგვიპტელთა ჯგუფის მიერ წარმოებული უხეირო რეაბილიტაციის შემდეგ სასწრაფოდ ესაჭიროებოდა შეკეთება. მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმის აკროპოლისის უსაფრთხოებას ისრაელის ხელისუფლება უზრუნველყოფს, ამ წმინდა ძეგლის მეურვე იორდანიის მეფეა. მეფე ჰუსეინმა გარე გუმბათის მოოქროების მიზნით ლონდონში თავისი სახლი გაყიდა, რათა 8,2 მილიონ დოლარად 80 კილოგრამი 24-კარატიანი ოქროს ფურცლები შეესყიდა.
ავადი 1990-იანი წლების რესტავრაციას ხელმძღვანელობდა და სენ-ლორანს ამ პროცესის დოკუმენტირების უფლება მისცა. ასეთი იშვიათი შესაძლებლობის წყალობით, მკვლევრებმა ნაგებობა საძირკვლიდან გუმბათის დამაგვირგვინებელ ორნამენტამდე შეისწავლეს. ისინი ნივნივებს შორის დაძვრებოდნენ, გულდასმით შეისწავლიდნენ ათასზე მეტ ფოტოს და ადრინდელი სარემონტო სამუშაოების დროს გადაყრილ მასალებს დაეძებდნენ.

მათი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ისაა, რომ ზემოაღნიშნული ცნობილი წარწერა უფრო ადრეულ მოზაიკებს ზემოდან გადააწერეს. ამ და სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სენ-ლორანი და ავადი ვარაუდობენ, რომ ამ ნაგებობის სულისჩამდგმელი აბდ ალ-მალიკის წინამორბედი, ომაიანების დინასტიის დამაარსებელი – მუავია იყო. მუავია ვაჭრის ვაჟი, მუჰამედის ერთ-ერთი ქათიბი (მწიგნობარი) და, ერთი მუსლიმი ისტორიკოსის თანახმად, „ბრწყინვალე და ცბიერი ოპორტუნისტი“ იყო. იგი სირიის მმართველი გახდა – რეგიონის, სადაც იერუსალიმი მდებარეობდა, როდესაც ახალწარმოქმნილი იმპერიის კონკურენტ ლიდერებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ამ კონფლიქტმა მუსლიმები სუნიტებად და შიიტებად დაყო.
661 წელს მისი მეტოქის მკვლელობის შემდეგ, მუავიამ გრანდიოზული სამშენებლო პროგრამა წამოიწყო. სენ-ლორანის და ავადის მტკიცებით, კლდის გუმბათი მასშტაბური პროექტის ნაწილი იყო და როგორც სამეფო ძალაუფლების ცენტრად, ისე რელიგიური მიზნებისთვისაც მოიაზრებოდა.
სენ-ლორანის და ავადის ყველაზე საკამათო თეორიაა, რომ ტაძრის კარი ღია იყო არა მხოლოდ მუსლიმებისთვის, არამედ ებრაელებისთვის, ქრისტიანებისთვის და ზოროასტრიზმის მიმდევრებისთვის, რასაც სენ-ლორანი „ინკლუზიურობის პერიოდს“ უწოდებს. იმდროინდელი დოკუმენტებიც მოწმობს, რომ ქალაქის ახალმა მუსლიმმა მმართველებმა ებრაელებს დაბრუნების ნება დართეს და ტაძარში ქრისტიანული ღვთისმსახურება დაუშვეს, რაც ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ეს წარმავალი ეპოქა უბრალო რელიგიურ ტოლერანტობაზე მეტი იყო. ამგვარად, სენ-ლორანის თქმით, გუმბათი „მუავიას ერთიანობის ხედვას“ აგვირგვინებდა
უძველესი ტაძარი დღეს დიდწილად შეცვლილია. ექსტერიერის ფილები 1960-იანი წლებიდანაა; მოოქრული გუმბათი 1990-იანი წლებით თარიღდება. ოქროს ფენა იმდენად კაშკაშებდა მცხუნვარე მზეზე, რომ ის გაამუქეს.
შეიხ ომარ კისვანი, ალ-აქსას კომპლექსის დირექტორი, კლდის გუმბათში წყვილს აქორწინებს. „წმინდა მიწაზე ნებისმიერი ეკლესია ან სინაგოგა მშვიდობის ადგილია, – ამბობს იგი, – მხოლოდ აქაურობა იქცა საომარ ზონად“.
მამა-შვილი გუმბათის ორნამენტების ფონზე ისვენებს. კონსერვატორები ნაგებობის შენარჩუნებას ცდილობენ, თუმცა სახურავის შეკეთება ან ხალიჩის გამოცვლა შეიძლება პოლიტიკურ დრამაში გადაიზარდოს.
პალესტინელთა საპროტესტო აქცია კლდის გუმბათის საფეხურებზე. კლდის გუმბათი გადაიქცა პალესტინის დამოუკიდებლობის ისეთ სიმბოლოდ, როგორიც, მაგალითად, ებრაელებისათვის გოდების კედელია.
უძველესი ტაძარი დღეს დიდწილად შეცვლილია. ექსტერიერის ფილები 1960-იანი წლებიდანაა; მოოქრული გუმბათი 1990-იანი წლებით თარიღდება. ოქროს ფენა იმდენად კაშკაშებდა მცხუნვარე მზეზე, რომ ის გაამუქეს.
შეიხ ომარ კისვანი, ალ-აქსას კომპლექსის დირექტორი, კლდის გუმბათში წყვილს აქორწინებს. „წმინდა მიწაზე ნებისმიერი ეკლესია ან სინაგოგა მშვიდობის ადგილია, – ამბობს იგი, – მხოლოდ აქაურობა იქცა საომარ ზონად“.
მამა-შვილი გუმბათის ორნამენტების ფონზე ისვენებს. კონსერვატორები ნაგებობის შენარჩუნებას ცდილობენ, თუმცა სახურავის შეკეთება ან ხალიჩის გამოცვლა შეიძლება პოლიტიკურ დრამაში გადაიზარდოს.
პალესტინელთა საპროტესტო აქცია კლდის გუმბათის საფეხურებზე. კლდის გუმბათი გადაიქცა პალესტინის დამოუკიდებლობის ისეთ სიმბოლოდ, როგორიც, მაგალითად, ებრაელებისათვის გოდების კედელია.
სეთი ჰარმონია თანამედროვე წმინდა ქალაქში რთულად მისაღწევია. 1984 წელს ექსტრემისტი მენტორით წახალისებულმა იეჰუდა ეციონმა რამდენიმე სხვა ულტრანაციონალისტ ებრაელთან ერთად 300 კილოგრამი დინამიტი მოიპარა. მათი მიზანი გუმბათის აფეთქება იყო.
„ეს აუცილებელი იყო“, – მშვიდად განმიმარტა ეციონმა, როდესაც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე კარგად დაცულ დასახლებაში მის სახლს ვესტუმრე. „მესამე ტაძრის აშენება მხოლოდ ამ გზით იყო შესაძლებელი“. ბევრ ებრაელს სწამს, რომ კლდის გუმბათი ორი უძველესი ებრაული ტაძრის ადგილს იკავებს. თავდასხმის შესახებ პოლიციას წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია და ეციონმა დანაშაულებრივი შეთქმულების ორგანიზებისთვის ხუთი წელი ციხეში გაატარა.
სხვა თავდასხმები უფრო წარმატებული გამოდგა. 1982 წელს ისრაელის ჯარის ახალწვეულმა ბალტიმორიდან კლდის გუმბათში სროლა დაიწყო, ორი ადამიანი მოკლა, ხოლო რამდენიმე მძიმედ დაჭრა. იერუსალიმის ვაკუფი – მუსლიმური ორგანიზაცია, რომელიც აკროპოლისს მეთვალყურეობს, ირწმუნება, რომ ებრაელი ექსტრემისტების მიერ შენობის განადგურების ათობით მცდელობა დაფიქსირებულა.
ახლა კი ეციონი დაჟინებით ამტკიცებს, რომ კლდის გუმბათი მხოლოდ ვაკუფის თანხმობით უნდა დაინგრეს, რაც ძალიან საეჭვოა. თუმცა მისი ხედვა ვიწრო ექსტრემიზმიდან საყოველთაოდ მიღებულ აზრში უკვე გადაიზარდა. ებრაელი რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ტაძრის დანგრევის შესახებ ლაპარაკს წარსულში თავს არიდებდნენ, დღეს ღიად განიხილავენ მესამე ებრაული ტაძრის აშენების პერსპექტივას. ამასობაში, მორწმუნე ებრაელების მზარდი რაოდენობა პლატფორმაზე ლოცვის უფლებას ითხოვს, რაც დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ მუსლიმური ღვთისმსახურებისთვის იყო განკუთვნილი. ისრაელის მთავრობის მიერ შემოღებული ეს პოლიტიკა ორი სარწმუნოების მიმდევართა შორის დაპირისპირების პრევენციას ისახავდა მიზნად.

ისრაელის ახალი მემარჯვენე ხელისუფლების რამდენიმე მინისტრსაც სურს, აკროპოლისზე ებრაული ღვთისმსახურება დაუშვან, რაც დაძაბულობას ზრდის.
მიმდინარე წლის აპრილში პოლიცია რამადანის დროს ორჯერ შეიჭრა ალ-აქსას მეჩეთში, კარები და ფანჯრები ჩაამტვრია და რეზინის ტყვიებიც გამოიყენა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი იქ დამალული ფეიერვერკებით შეიარაღებული მეამბოხეების შეჩერებას ცდილობდნენ, მაგრამ მათი ქმედებები არაბულმა ქვეყნებმა და მუსლიმებმა მთელი მსოფლიოს გარშემო დაგმეს.
ბევრად ნაკლებად აშუქებს მედია სხვა, უფრო ჩუმად მიმდინარე კრიზისს. 2016 წელს ჰუსეინის ვაჟმა და მემკვიდრემ, მეფე აბდულა II-მ, კლდის გუმბათის ინტერიერის მთავარი პრობლემების გადასაჭრელად – დეფორმირებული მოზაიკების, აფხეკილი თაბაშირის თუ დამპალი ხის ჩასანაცვლებლად – მრავალმილიონიანი პროექტი წამოიწყო. ზიანის დიდი ნაწილი 1960-იან წლებში დამონტაჟებული სახურავიდან წყლის ჩაჟონვის ბრალი იყო ან კედლებში მაშინ შეაღწია, როდესაც თავდაპირველი 48 წყალსადინარი მილი მტრედის სკინტლებით გაიჭედა.
პროგრესი ნელა მიმდინარეობს. იორდანიის ხელისუფლება და ალ-აქსას ხელმძღვანელობა ისრაელის პოლიციას ადანაშაულებს, რომელიც ყველას და ყველაფერს აკონტროლებს, ვინც და რაც ჭიშკარში შედის.
„ყველაფერში ერევიან, რასაც ვაკეთებთ!“ – აცხადებს ბასამ ელ-ჰალაკი, ძეგლის რესტავრაციის დეპარტამენტის უფროსი, რომელთან ერთად საძირკვლის ქვის გარშემო შემოვლებულ ხის დაბალ მოაჯირთან ვდგავარ. „ყოველდღე რაღაც პრობლემა მიჩნდება“. ის თითს აჭერს იმ ადგილს, სადაც ყავისფერი საღებავი გაცრეცილია. „მინდა, ზუსტად იმავე ფერით გადავღებო, მაგრამ ნებართვას ვერ ვიღებ“.
როდესაც 2019 წელს ელ-ჰალაკმა ჩამოვარდნილი ფილის ჩანაცვლება სცადა, ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში ექვს საათზე მეტხანს დააყოვნეს. ისრაელის პოლიციამ წაყენებული ბრალდების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, მაგრამ იერუსალიმში ებრაელებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე ამ უძველესი ნაგებობის შეკეთება და შენარჩუნება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გართულდება.
ოდესაც გამთენიისას მზის შუქი ზეთისხილის მთაზე იღვრება, აკროპოლისის ერთ-ერთ ჭიშკართან ჰანადი ჰალავანის ვხვდები. პატარა და გამხდარი ჰალავანი იმ მოძრაობის წევრია, რომლის მიზანია, კლდის გუმბათი ყურანის სწავლების ცენტრად გადაიქცეს პალესტინელი ქალებისთვის. „50 მოსწავლითა და 7 მასწავლებლით დავიწყეთ, – ამბობს იგი, – ახლა კი 17 მასწავლებელი და 650 მოსწავლე გვყავს – თანაც ეს მხოლოდ ქალების პროექტია!“ ჰალავანისთვის რელიგიური სწავლება და პოლიტიკური აქტივიზმი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. „ალ-აქსა ღვთისმსახურების ადგილია და ჩვენი იქ ყოფნა მას ოკუპანტებისგან იცავს“.

ისრაელის ხელისუფლებამ, რომელიც ჰალავანის ორგანიზაციულ ძალისხმევას ეჭვის თვალით უყურებს, მას არაერთხელ აუკრძალა ამ წმინდა ადგილზე შესვლა, რის გამოც ერთმანეთს კომპლექსის გარეთ შევხვდით. ჰალავანის რწმუნებით, იგი 67-ჯერ დააკავეს და 13-ჯერ მოიხადა სასჯელი ციხეში, მათ შორის სამჯერ – კარცერშიც. ახლაც, როდესაც ვსაუბრობთ, იგი ნერვიულად ავლებს თვალს ისრაელის შეიარაღებულ პოლიციელებს, რომლებიც გვერდით ჩაგვივლიან.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კლდის გუმბათი პალესტინელებისთვის როგორც ძლიერი „ეროვნული, ასევე რელიგიური სიმბოლო“ გახდა, განმარტავს პალესტინელი ფილოსოფოსი სარი ნასიბე. თუმცა, იგი წუხს, რომ პოლიტიკისა და რწმენის შერწყმა სულ უფრო მეტად არასტაბილურ გარემოს ქმნის ორივე მხარისთვის. „ადამიანები მეტად რელიგიურები ხდებიან“, – აღნიშნავს იგი. ამასობაში, პოლიტიკური ექსტრემისტების რაოდენობაც იზრდება. „საშიშია ასეთ მომავალზე ფიქრი“.
როდესაც კომპლექსში ვბრუნდები, ორი ათეული მორწმუნე ებრაელი, რომლებსაც შეიარაღებული ისრაელის პოლიცია დაჰყვება, პერიმეტრის გარშემო გადაადგილდება; ზოგი მათგანი ქედს იხრის და ლოცვის ნიშნად ხელით შუბლს ეხება. ფეხსაცმელს ვიხდი და კლდის გუმბათში შევაბიჯებ, სადაც ფატაჰ კაიემს და მის შვილებს, იბრაჰიმს და მუჰამადს გადავეყრები.
„ეს ადგილი წმინდაა, რადგან სწორედ აქ „ჩამოვიდა ზეციდან“ წინასწარმეტყველი მუჰამედი“, – მეუბნება ეს 51 წლის ბუღალტერი. „და, ასევე, ვთვლით, რომ კლდის გუმბათი პალესტინის დედაქალაქის ცენტრია. აქ მოვდივართ, რათა ვილოცოთ, რომ ღმერთმა ყოველი უსამართლობა აღმოფხვრას“.
მისი ლაპარაკის პარალელურად, ორი მტრედი დახურული სივრციდან გასასვლელს გააფთრებული ფრთხიალით დაეძებს, ქვემოთ კი საძირკვლის ქვა დგას, როგორც მღელვარე წარსულისა და ბუნდოვანი მომავლის უტყვი მოწმე.
მწერალი ენდრიუ ლოულერი ავტორია წიგნისა: „იერუსალიმის ქვეშ: მსოფლიოს ყველაზე სადავო ქალაქის დამარხული ისტორია“. ფოტოჟურნალისტ ზია გაფიჩის ფოკუსში მთელი მსოფლიოს მუსლიმთა საზოგადოებებია.