
გველებზე მონადირე
ტაკაჩს, ტოქსინების ექსპერტს, ასზე მეტ ქვეყანაში უმოგზაურია, ათასობით რეპტილია დაუჭერია, შეუგროვებია და შეუსწავლია მათი შხამი, რათა ენახა, შესაძლებელია თუ არა შხამის გადაქცევა სიცოცხლის მხსნელ წამლად
ზოლტან ტაკაჩი გველებით ბავშვობაში დაინტერესდა უნგრეთში და ეს გატაცება დღემდე გამოჰყვა. ტაკაჩს, ტოქსინების ექსპერტს, ასზე მეტ ქვეყანაში უმოგზაურია, ათასობით რეპტილია დაუჭერია, შეუგროვებია და შეუსწავლია მათი შხამი, რათა ენახა, შესაძლებელია თუ არა შხამის გადაქცევა სიცოცხლის მხსნელ წამლად. თავად ზოლტანი შხამზე ალერგიულია.
მგონი, თქვენ სიკვდილი გინდათ…
იცით რა, ცხოვრებით კმაყოფილი ვარ და სიკვდილი არ მინდა. მყავს ოჯახი, რომელიც ძალიან მიყვარს. ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან ჩემი სამი კოლეგა გველის ნაკბენს შეეწირა. სულაც არ მინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შინ არ დავბრუნდე.
როდისმე გველს თუ უკბენია თქვენთვის?
ექვსჯერ, მაგრამ ყოველთვის ჩემი ბრალი იყო. პირველად რომ მიკბინა, 15 წლის ვიყავი. სულ ბოლოს 2008 წელს მიკბინა ბრაზილიაში, ამაზონზე. ამ ყოვლად უდაბურ, ცივილიზაციისგან მოწყვეტილ ადგილას არც თუ ისე ძლიერი შხამიანი გველის ნაკბენმა საშინელი ალერგიული რეაქცია მომცა.
როგორ ფიქრობთ, რატომ ღირს რისკზე წასვლა?
ჩემი საბოლოო მიზანი შხამის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებაა. ტოქსინებით სადღაც ათი-თორმეტი მედიკამენტია შექმნილი. ზოგი მათგანი ნამდვილი სიცოცხლის მხსნელია. გულის შეტევისას არჩევანი სამ წამალს შორის კეთდება, აქედან ორი რეპტილიის შხამისგან მზადდება. არსებობს სხვადასხვა შხამიანი ცხოველის 100 000 სახეობა 20 მილიონი სხვადასხვა ტოქსინით. წარმოიდგინეთ, რამდენი პოტენციური მედიკამენტის აღმოჩენა შეიძლება.
როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე ველზე?
ჩვეულებრივი დღე არ არსებობს. დედამიწის შორეულ კუთხეებში მივფრინავ, ვყვინთავ, ტყეში ან უდაბნოში მძინავს. დაბრკოლებები განსხვავებულია: ნიანგები, ინფექციები, სამოქალაქო ომები, მეწყერები და მეკობრეები. ციხეშიც ვმჯდარვარ, სპილოც გამომდევნებია და კობრასაც შემოუშხაპუნებია შხამი თვალებში.
ამასთან შედარებით ლაბორატორიული სამუშაო მოსაწყენი უნდა იყოს.
ვერ ვიტყოდი. ლაბორატორია მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რასაც მე ვაკეთებ. პირველი ადამიანი ხარ, ვინც ხედავს, რას აკეთებდა ბუნება ასობით მილიონი წლის განმავლობაში. ამას შევისწავლით და მედიცინაში ვიყენებთ.
თუმცა, პირველ რიგში უნდა წახვიდეთ და ეს შხამები მოიპოვოთ.
მართალია. თვითმფრინავში თუ არ ჩაჯექი, ტროპიკულ ტყეში თუ არ იმოგზაურე და ღამით გველების ძებნა თუ არ დაიწყე, სხვაგვარად არაფერი გამოგივა.