
გვითვალთვალებენ
„ტექნოლოგია ვითარდება, უსაფრთხოებაზე მოთხოვნა იზრდება, შედეგად კი ყველას გვითვალთვალებენ. რა ბედი ეწევა პირად სივრცეს?” – ასე იწყებს სტატიას „ისინი გითვალთვალებენ შენ” ავტორი რობერტ დრეიპერი და გვიყვება იმ მრავალმხრივი და კომპლექსური კვლევის შესახებ, რომელიც თვალთვალის დღევანდელ შესაძლებლობებს მიუძღვნა. ის იხსენებს ჯორჯ ორუელის 1949 წელს გამოქვეყნებულ შედევრს „1984” და წიგნის პირქუშ შეგონებას: „დიდი ძმა გითვალთვალებს”. ალბათ საკმაოდ უსიამოვნოა იმის გააზრება, რომ ვიღაც გითვალთვალებს, თუმცა, როგორც ჩანს, თვალთვალს – იქნება ეს ერთი კონკრეტული ადამიანის თვალყურის დევნება, თუ ორბიტიდან დედამიწის დაკვირვება – საკმაოდ არგუმენტირებული გამართლებაც აქვს – საზოგადოებრივი უსაფრთხოება ერთ, ხოლო სამყაროში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვება მეორე შემთხვევაში. საინტერესოა, რომ ხშირად ჩვენ თვითონვე ვაწვდით მათ – „მოთვალთვალეთ” საკუთარი თავისა და ცხოვრების შესახებ ინფორმაციას ისე, რომ ეს არც კი ვიცით; მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში არაერთხელ ვიხილეთ სხვისი ცხოვრების ამსახველი კადრები ან მოვისმინეთ აუდიოჩანაწერები, მაინც არ ვიცი, რამდენად ვიაზრებთ თანამედროვე ადამიანები, რომ შეიძლება ყოველ წამს – აი, ახლაც – გვიყურებდეს ვიღაც, რომ პრაქტიკულად აღარ არსებობს ადგილი, სადაც ჩვენი პირადი სივრცე დაცულია და როგორც მელონის უნივერსიტეტის პროფესორი ალესანდრო აკისტი ამბობს, „თუ თითოეული ჩვენგანი დაკარგავს პირად სივრცეს, საზოგადოებამ, როგორც მთლიანობამ, მისი ფასი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ გაიაზროს, რაც ის სრულიად გაქრება”.