
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ჩოქელა პატარა ზღაპრული “უნიკორნია“
უძველეს ტყეში ნაპოვნი მითური არსება
ბრაზილიის ატლანტისპირა ტყის შესწავლისას მეცნიერებმა ჩოქელას 5-7 ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ახალაღმოჩენილ სახეობებს შორის არის „ჩოქელა-უნიკორნი“, რომელსაც ისეთივე იდუმალი, რქისმაგვარი წანაზარდი აქვს თავზე, როგორიც ზემოთ მოცემულ ფოტოზე გამოსახულ სწორფრთიანთა წარმომადგენელს. გაუგებარია, ზუსტად რას ემსახურება ეს რქა. „შესაძლოა, კამუფლირების გარკვეული ხერხი იყოს“, – ამბობს ჯგუფის უფროსი ლეონარდო ლანა, რომლის ექსპედიციაც „Projeto Mantis“ National Geographic Society-ს მიერ იყო დაფინანსებული. მტაცებელს შეიძლება ჩოქელა ფოთლებში აერიოს და საკვებად უვარგისად ჩათვალოს. თავიანთი მოსახელე ზღაპრული რქიანი ცხენისგან განსხვავებით, ჩოქელები შენიღბვის ოსტატები არიან. – დაგლას მეინი
ბაბუაწვერას ფრენა

ბაბუაწვერას მოფარფატე თესლების შესწავლისას მეცნიერებმა ფრენის ახალი ფორმა აღმოაჩინეს. თესლურას საფრენის სამარჯვში გამავალი ჰაერის ნაკადი ქარბორბალასავით ტრიალებს და თესლს ჰაერში იტაცებს. ამ აღმოჩენით გაირკვევა, თუ როგორ იკვებებიან და გადაადგილდებიან სიცოცხლის სხვა ფორმები. – კეტრინ ცუკერმანი
ძილი განკურნების საწინდარია

ჟურნალმა Nature Communications ძილის უპირატესობების დამატებითი ჩამონათვალი გამოაქვეყნა. დანიო-რერიოს (თევზის სახეობა) ტვინის ტომოგრამების შესწავლამ ცხადყო, რომ დღისით დნმ-ის აღდგენითი სისტემა ცურვის პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ვერ ახდენდა, ძილის პერიოდში კი გაცილებით ეფექტურად მუშაობდა. მკვლევრების თქმით, ამ აღმოჩენას შეუძლია ნათელი მოჰფინოს ძილის ჩვევებს, ტვინის მდგომარეობასა და სიბერეს შორის არსებულ კავშირს. – კეტრინ ცუკერმანი