
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ინჟინრები ბატიბუტის ენერგიას იყენებენ
ფეთქებადი პოტენციალი
კორნელის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, დაბალტექნოლოგიურმა, იაფმა რობოტებმა შეიძლება უჩვეულო მასალის – ბატიბუტის გამოყენებით იმუშაონ. სითბური დამუშავებისას ბატიბუტის მარცვლები „სასწაულებრივად გარდაიქმნებიან“ და წამზე ნაკლებ დროში ფართოვდებიან. ეს თვისება ბატიბუტს ენერგიის წყაროს კარგ კანდიდატად აქცევს რობოტების გარკვეული სახეობისთვის, რომელიც სამუშაოს შესასრულებლად დრეკადიდან მყარად უნდა გარდაიქმნას. წარმოიდგინეთ მარცვლებით სავსე სილიკონის რობოტი, რომელიც კაშხლის ბზარში შეძვრება და მას „გასკდომის“ საშუალებით დააცობს. – კეტრინ ცუკერმანი
მფრინავი ციყვები ანათებენ კიდეც

იმ შემთხვევაში, თუ ხიდან ხეზე პლანირების უნარი არასაკმარისად შთამბეჭდავია თქვენთვის: მფრინავი ციყვის ბეწვი ულტრაიისფერ შუქზე ვარდისფრად ელვარებს. მფრინავი ციყვები ძუძუმწოვართა იმ მცირე ნაწილს მიეკუთვნებიან, რომლებიც ფლუორესცირებენ, ანუ სინათლის ერთ ფერს ან ტალღას შთანთქავენ და მას სხვა ფერად გამოსცემენ. ძუძუმწოვართა სპეციალისტ პოლა შპეთ ანიჩის თქმით, ნათება შესაძლოა ხელს უწყობდეს ციყვებს ღამით კომუნიკაციასა და გარემოპირობების აღქმაში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. „თოვლზე ულტრაიისფერი სხივების მაღალი ოდენობით არეკვლის გამო ეს თვისება შეიძლება თოვლის პირობებში უკეთ შესამჩნევი იყოს“. – ჯეიკ ბიულერი
ეს ვეშაპის ყურის გოგირდია

დიდი ხანია, მუზეუმები ვეშაპების ნიმუშებს აგროვებენ. მრავალ მათგანს გოგირდის დიდი მასა აქვს ყურებში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვეშაპის ყურის გოგირდს წლიურად ორი ფენა ემატება და კორტიზოლის მაღალი კონცენტრაციის მქონე ფენების ზრდა ვეშაპებში მაღალი სტრესის პერიოდებს ემთხვევა. – კრისტი უილკოქსი