
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ადამიანის სხეული გრავიტაციისთვისაა შექმნილი. ჩვენ ნელ-ნელა ვიგებთ, რა შეიძლება მის გარეშე ცხოვრებისას დაგვემართოს.
ტვინი კოსმოსში
New England Journal of Medicine-ის უახლესი კვლევა უწონადობის პირობებში ტვინის პრობლემებს ეძღვნება. 10 ასტრონავტის ტვინის შემოწმებამ კოსმოსში გაფრენამდე და უკან დაბრუნებისას აჩვენა, რომ ტვინის რუხი ნივთიერება ცერებროსპინალური სითხის მატების გამო შეიკუმშა. უმრავლეს შემთხვევაში რუხი ნივთიერება აღდგა, მაგრამ ტვინის სხვადასხვა ნაწილის შემაერთებელი თეთრი ნივთიერება დაპატარავდა. ამ საკითხს მეტი კვლევა სჭირდება, მაგრამ ამ აღმოჩენის მიხედვით დედამიწის მკვიდრთათვის ვარსკვლავებს შორის ცხოვრება შეიძლება რთული იყოს. – მაია ვეი-ჰაასი
ბაზების ზურგჩანთები

მკვლევრებმა ბაზების ზურგზე დასამაგრებელი მცირე ზომის სენსორები შექმნეს. ბაზები ფრენისას მონაცემებს შეაგროვებენ, რომელთა გამოყენებაც მცენარეებისა და ცხოველების ბიოლოგიის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება და სოფლის მეურნეობას წაადგება. – დაგლას მეინი
საიდუმლო ბაღები

კალიფორნიაში ოქროს ციებ-ცხელების პერიოდის სამთო მრეწველობის ადგილები საიდუმლო განძს ინახავს: იშვიათი სახეობის ხილსა და კაკლებს. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ ბაღებისგან, რომლებიც გვალვებს, დაავადებებსა და მავნებლებს ადამიანის დახმარების გარეშე 150 წლის განმავლობაში გადაურჩა, ბევრს ისწავლიან. ჩარლი ბრუმერის თქმით, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის დევისის მცენარეთა გამოყვანის ცენტრის უფროსია, „ეს მცენარეები ისეთ გარემოში იზრდებიან, რომელიც ჩვენს სავარაუდო გარემოს ჰგავს მომავალში – ანუ უფრო ცხელი და მშრალია“. – მარინ მაკკენა