
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ოკეანე პლასტმასის მიკრობოჭკოებით ივსება და მათ პლანქტონი ჭამს.
დანაგვიანება მცირე, ტოქსიკურ შეფუთვებში
ზემოთ ნაჩვენები მიკრობოჭკოების კვანძი სიგანეში ოთხ მილიმეტრზე ნაკლებია, რაც, დაახლოებით, პლანქტონის – წყლის მცირე მიკროორგანიზმის ზომაა. ყოველკვირა მეცნიერი რიჩარდ კირბი ინგლისში, პლიმუთის ნაპირიდან ზღვაში გადის და თავის ყვითელ ნავზე მიბმული ბადით პლანქტონს აგროვებს, მაგრამ, ბოლო ხანებში, ის დაახლოებით იმავე რაოდენობის პლასტიკსაც იჭერს. ვარაუდობენ, რომ ყოველწლიურად ოკეანეებში 550 000 ტონა პლასტმასის მიკრობოჭკოები ჩაედინება, რომლებიც შალის მაგვარ, სინთეტიკურ ქსოვილებს რეცხვისას შორდება. პლანქტონი ხანდახან მათ ჭამს ან შიგნით იხლართება. ბოჭკოების ეკოლოგიურ ზეგავლენას ჯერ კიდევ იკვლევენ. – ალეხანდრა ბორუნდა
როგორ მოიპოვეს ძალა ყაყაჩოებმა

ადამიანები, დიდი ხანია, მორფინსა და კოდეინს იღებენ ხაშხაშიდან, ე.წ. ოპიუმის ყაყაჩოდან, მაგრამ როგორ განვითარდა ყვავილი ისე, რომ ტკივილგამაყუჩებელი ძალა აქვს? ქაოტურად. ყაყაჩოს დნმ აჩვენებს, რომ 110 მილიონი წლის განმავლობაში მათი გენომის დიდი წილი ორჯერ დუპლიცირდა, ხოლო ორი დამატებითი გენი ერთ გენად შეირწყა, რომელიც გადამწყვეტია ნარკოტიკის ფორმირებისთვის. ამ აღმოჩენამ შეიძლება ხელი შეუწყოს ოპიატების გაუმჯობესებას, რომლებსაც, მიუხედავად დამოკიდებულების გამომწვევი თვისებისა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. – მაიკლ გრეშკო
ტარაკნები წიხლით იგერიებენ დამნესტრავ მაზომბირებლებს

„როგორ არ გადავიქცეთ ზომბად“ – ასე დაარქვა ბიოლოგმა კენეთ კატანიამ თავის მოხსენებას ამერიკულ ტარაკნებზე ზურმუხტოვანი კრაზანების პარაზიტიზმის შესახებ. თუ კრაზანამ ტარაკანს ტვინში უჩხვლიტა ნესტარი, ტარაკანი მას ხვრელში მიჰყვება, სადაც კრაზანა კვერცხს დებს და ტარაკანს მატლების საკვებად ტოვებს. კვლევამ აჩვენა, რომ ტარაკნები ფეხების ენერგიული კვრით ჩხვლეტებს შემთხვევათა 63%-ში ირიდებდნენ.