
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
დასავლეთის დაბლობის გორილა, მკვლევრებს საშუალებას აძლევს, მისი რძის ნიმუშები შეაგროვონ და კონსერვაციის პროგრამის ფარგლებში შეინახონ
ცხოველების რძის შეგროვება
ერთ-ერთი ზოოპარკის მაცივარი რძითაა სავსე, რომელიც ძუძუმწოვართა კვებაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს. კალაია, დასავლეთის დაბლობის გორილა, მკვლევრებს საშუალებას აძლევს, მისი რძის ნიმუშები შეაგროვონ და კონსერვაციის პროგრამის ფარგლებში შეინახონ სმითსონის ეროვნულ ზოოპარკში, რომელიც ძუძუმწოვართა რძის მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი საცავით გამოირჩევა. ბანკს, რომელშიც 200-ზე მეტი სახეობის რძე ინახება, ორი დანიშნულება აქვს: თავშესაფრის ცხოველებისთვის საკვები ფორმულების შემუშავება და Homo sapiens-ის წარმოშობის კვლევა – გორილის რძისგან მიღებული მონაცემები ადამიანის რძის ევოლუციის გაგებას უწყობს ხელს. – კეტრინ ცუკერმანი
არც ისე პრიმიტიული ლორწოვანი სოკო

მიუხედავად იმისა, რომ ლორწოვან სოკოებს ტვინი და ნეირონები არ აქვთ, ამ ერთუჯრედიან ორგანიზმებს შეიძლება მაინც ჰქონდეთ დასწავლისა და ადაპტაციის უნარი. კვლევებში, რომლებსაც ბიოლოგი ოდრი დიუსუტური უძღვება, ლორწოვანი სოკოს ერთ-ერთმა სახეობამ – Physarum Polycephalum-მა ზოგიერთი გამღიზიანებლის მიმართ რეაქციის შესუსტება, ანუ შეჩვევის უნარი გამოავლინა. მომდევნო კვლევაში აღმოჩნდა, რომ ლორწოვანას ახსოვდა, რაც ისწავლა. – კეტრინ ცუკერმანი
მარწყვის სქესი

მცენარეების უმრავლესობისგან განსხვავებით, მარწყვი მამრობითი ან მდედრობითი სქესისაა. ახალი კვლევის მიხედვით, ეს ბოტანიკური ხრიკია, რომელსაც სქესის განმსაზღვრელი გენები ხდის შესაძლებელს; ისინი თაობების ცვლასთან ერთად „დახტიან“ ან ადგილებს იცვლიან.