
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
განსხვავებული „სახელები” ურთიერთობების დადგენას უწყობს ხელს
დელფინები მეგობრებს სტვენით ცნობენ
ცხოველთა სამყაროში ერთი სოციალური წრის არსებების მიერ ერთნაირი ხმოვანი სიგნალების გამოცემა ჩვეული მოვლენაა. მეცნიერები თვლიდნენ, რომ დელფინებიც ასევე იქცეოდნენ, მაგრამ როდესაც სტეფანი კინგმა, დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის ბიოლოგმა, შარკის ყურეში მამრი აფალინების ხმოვანი სიგნალები ჩაიწერა, აღმოჩნდა, რომ ვიწრო ჯგუფებშიც კი ინდივიდუალური აფალინები უნიკალურ სიგნალებს იყენებდნენ. კინგმა დაასკვნა, რომ დელფინების ეს სიგნალები მათ მეგობრებისა და კონკურენტების გარჩევაში ეხმარება. შემდგომში კინგი ამ სიგნალების მეშვეობით იმის გამოკვლევას აპირებს, თუ როგორ აყალიბებენ და ინარჩუნებენ მამრი დელფინები ინდივიდუალურ სოციალურ ურთიერთობებს. კინგს ეს სიტუაცია ძალიან ეცნობა. მისი თქმით, „დელფინებისა და ადამიანების საზოგადოებებს შორის ბევრი საოცარი მსგავსებაა“. – ნინა სტროქლიკი
ტრანსკრიპციაში დაკარგული

გრიპის გენები რნმ-შია კოდირებული, დნმ-ის მაგვარ ქიმიურ კოდში, რომლის გაშიფვრა უფრო რთულია. მარტივად რომ ვთქვათ, მეცნიერებს რნმ-ის დნმ-ად „გადაწერა“ შეუძლიათ, მაგრამ ამ პროცესში ინფორმაციას კარგავენ. არსებობს გრიპის გენების წაკითხვის პირდაპირი გზაც – დამუხტული მემბრანის მცირე ფორებში რნმ-ის გატარების მეშვეობით. – ტერეზა მაკემერი
ყვავების სამგლოვიარო რიტუალი

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარ კეილი სვიფტის თქმით, ყვავები ის იშვიათი არსებები არიან, რომლებიც თავიანთი თანამოძმეების სიკვდილზე მძაფრად რეაგირებენ. მისივე თქმით, სასიკვდილო შემთხვევის შემდეგ გუნდი ერთად იკრიბება და ხმამაღლა ჩხავის. როგორც ჩანს, ამ საშუალებით ისინი საფრთხეს სწავლობენ, რომელსაც უნდა ერიდონ. უმრავლესობა დაღუპულ ინდივიდს არ უახლოვდება, თუ გამრავლების სეზონი არაა, როდესაც ჰორმონები ზეგავლენას ახდენენ ქცევაზე. – ლორი ქათბერტი