
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
არსებობს მოსაზრება, რომ უძლეველი ვიკინგები ბრძოლის წინ რაღაცას იღებდნენ მეტი მრისხანებისთვის
ეს მცენარე ვიკინგებს გაცოფებაში ეხმარებოდა?
ინგლისური სიტყვა Berserk (რომელიც გაშმაგებულს აღნიშნავს) სათავეს სკანდინავიელი მებრძოლი ბერსერკერებიდან იღებს; არსებობს მოსაზრება, რომ უძლეველი ვიკინგები ბრძოლის წინ რაღაცას იღებდნენ მეტი მრისხანებისთვის. მეცნიერების აზრით, წითელი შხამა სოკო, რომელიც დიდი ოდენობით ჰალუცინოგენს შეიცავდა, ბერსერკერების რჩეული ნარკოტიკი გახლდათ, თუმცა, ეთნობოტანიკოს კარსტენ ფატურის აზრით, ისინი შავ ლენცოფას მოიხმარდნენ. მისი თქმით, სკანდინავიაში ეს მცენარე ფართოდ არის გავრცელებული და, დიდი დოზით, აგრესიასაც იწვევს. -ენი როთი

დიდოსტატების ვარჯიში
მართალია, ჭადრაკი ათლეტური სპორტის სახეობას არ მიეკუთვნება, მაგრამ გროსმაისტერებს ისეთივე ფიზიკური დატვირთვა აქვთ, როგორც სხვა სპორტსმენებს. სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ელიტური თამაშის დროს მიღებული სტრესის გამო ადამიანის ორგანიზმი 6000-მდე კალორიას წვავს. – ენი როთი

გიგანტური ჟეოდა
ჟეოდა დიდი ინტერესის საგანია: რომელი გეოლოგიური ძალები ქმნიან კრისტალებიან ღრმულებს? ესპანეთში, ქალაქ პულპის მაღაროში აღმოჩენილი ჟეოდა კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს. მისი ფართობი 11 კვადრატულ მეტრს აღწევს, თაბაშირის კრისტალების სიგრძე კი 2 მეტრამდეა. მეცნიერები ამ კრისტალების წარმოშობის გზების გარკვევას ცდილობენ.
როგორც ჩანს, რეცეპტი სპეციფიკურია: მინერალ ანჰიდრიტის 250 მილიონი წლის მარაგი, კლიმატური პირობები კრისტალის ფორმირებისთვის, ბევრი წყალი და დრო. ქიმიური პროცესების შედეგად, დიდმა კრისტალებმა პატარების კანიბალიზაცია მოახდინა, ტემპერატურის ცვალებადობამ კი მათი ზრდა კიდევ უფრო დააჩქარა.
ბევრი რამ ჯერ ისევ იდუმალებით არის მოცული, თუმცა არაამქვეყნიურ სანახაობას წარმოშობის შესაძლო ისტორია გაუჩნდა. – რობინ ჯორჯ ენდრიუსი