
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ყინულის სახლმა მარსის კოლონიზატორები შეიძლება რადიაციისგან დაიცვას
როგორ გავგრილდეთ წითელ პლანეტაზე
მარსის კოლონიზაცია? იქ ძალიან მაღალი რადიაციაა. ქვემოთ ნაჩვენები დამცავი საცხოვრისი შუქის შემოსაშვებად და რადიაციის დასაბლოკად ყინულს გამოიყენებს.
გეგმა: მარსის ყინულის სახლის კომპონენტები პლანეტაზე დაჯდება და აწყობას დაიწყებს. სფერულად აწყობილი კამერები გაიბერება და მარსის ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული წყლით გაივსება. გაყინვის შემდეგ ეს რადიაციის ფარად იქცევა. შესაძლებელი იქნებოდა სახლების ერთმანეთზე გადაბმა და ისეთ ბაზად გარდაქმნა, რომლის თანდათან გაფართოება მოხერხდება.
NASA-მ პროექტი 2019 წლის MISSE-11 მისიის ნაწილად აარჩია, რომლის ფარგლებშიც სახლის მასალას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გარედან დაამაგრებენ და გამოცდიან, რამდენად გამძლეა ის. – ლორი ქათბერტი
სალამანდრებმა შეიძლება გვიჩვენონ, როგორაა შესაძლებელი ადამიანების სხეულის ნაწილების რეგენერაცია

მინესოტის უნივერსიტეტში აქსოლოტლი – მექსიკური სალამანდრა, რომელსაც სხეულის ნაწილებისა და ორგანოების რეგენერირება შეუძლია, მეცნიერებს ასწავლის, რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს იგივე. მას ადამიანთან საერთო გლიური უჯრედი აქვს. აქსოლოტლის ხერხემლის დაზიანებისას, გლიური უჯრედები დაზიანებულ ნერვს აღადგენენ. ადამიანებში იგივე უჯრედები ნაიარევს ქმნიან, რომელიც ხელს უშლის ნერვული გზების რეგენერაციას. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ აქსოლოტლის რეგენერაციის პროცესის შესწავლა ჩვენც მოგვცემს ჩვენი სხეულის ნაწილების აღდგენის საშუალებას. – ლორი ქათბერტი
უხსოვარი დროის სისხლისმწოველები

აი, მტკიცებულება, რომ ტკიპები უხსოვარი დროის ჭირია: მეცნიერებმა ქარვაში 99 მილიონი წლის, სისხლით სავსე ტკიპა აღმოაჩინეს (A). მეორე ტკიპასთან ერთად გაქვავებული ბუმბულის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ (B), ტკიპები, შესაძლებელია, ბუმბულიანი დინოზავრების სისხლით იკვებებოდნენ ცარცულ პერიოდში. – ლორი ქათბერტი