
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
როგორ გვეხმარება ტყის ფლორა სარეცხის სიქათქათეში
სოკოს სისუფთავე
რა წარმოგიდგებათ თვალწინ, როდესაც „სარეცხი ფხვნილი“ გესმით? ალბათ, ბევრი რამ, მაგრამ არა სოკო. დანიური კომპანია Novozymes კი სწორედ სოკოებს იყენებს სარეცხი ფხვნილების ეფექტურობის, ეკოლოგიურობისა და ენერგოეფექტურობის გასაზრდელად.
უფრო ზუსტად კი, კომპანია სოკოებისაგან ენზიმებს (ფერმენტებს) იღებს. ენზიმები სოკოებს იმ რთული მასალის დაშლაში ეხმარებიან, რომლებსაც ისინი საკვებად იყენებენ. ნებისმიერი სახის ლაქის – მაგალითად, შოკოლადის ნაყინის, ბალახის და ა.შ. მოსაშორებლად ყველაზე ეფექტური ფერმენტის მიგნებამ, შესაძლებელია, სარეცხი საშუალების გაუმჯობესება შეგვაძლებინოს, რის შედეგადაც, ის უფრო დაბალ ტემპერატურაზე იმუშავებს, ნაკლებ ენერგიას დახარჯავს რეცხვისას და ბიოდეგრადირებადიც იქნება.
„ენზიმები ბუნების კუთვნილი ტექნოლოგიაა“, ამბობს Novozymes-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი – პედერ ჰოლკ ნილსენი. – ლორი ქათბერტი
მინის ზღვის ცხოველები

დანაშაულზე მომუშავე გამომძიებლის მსგავსად, რომელიც კვალს მიჰყვება, კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი მინის ხელნაკეთ შედევრებს იყენებს ოკეანის უხერხემლო ცხოველების ჯანმრთელობის დასადგენად. ზღვის საოცარი მრავალფეროვნების აღსანიშნავად, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ლეოპოლდ ბლაშკამ და მისმა შვილმა, რუდოლფმა, მინისგან ზღვის უხერხემლო ცხოველების შვიდასზე მეტი სახეობა დაამზადეს. კოლექციის კურატორ დრუ ჰარველს დიდი სია აქვს, რომელშიც ყველა ექსპონატია ჩაწერილი. ის რვა წლის განმავლობაში ეძებდა ხელოვნების ნიმუშების შესატყვის ცხოველებს, რათა ენახა, თუ რა შეიძლებოდა შეცვლილიყო. მან ცხოველების უმრავლესობას მიაკვლია, თუმცა ნაწილს საფრთხე მაინც ემუქრება. – ლ.ქ.
ლოსრაფი? ჟირაფოსი?
ჟირაფის ახალაღმოჩენილი წინაპარი, რომელიც, დაახლოებით, ცხრა მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, უზარმაზარ ლოსს უფრო ჰგავდა, ვიდრე თანამედროვე ჟირაფს. მას შედარებით მოკლე კისერი და ორი წყვილი ძვლოვანი წანაზარდი ჰქონდა თავზე.