
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
კვლევის თანახმად, ზღვის არსებების მხიარული “საუნდტრეკი“ თევზებს დაზიანებულ რიფებზე დასასახლებლად იზიდავს.
მარჯნის რიფებს გამოჯანმრთელებაში ხმის ჩანაწერი ეხმარება
ჯანსაღი მარჯნის რიფები საკმაოდ ხმაურიანი ადგილებია. „კრევეტების და თევზების ფუსფუსი გასაოცარ ხმოვან ლანდშაფტს ქმნის“, რაც ბინის მაძიებელ ნორჩ თევზებს იზიდავს, – ამბობს საზღვაო ბიოლოგი სტივ სიმფსონი. დეგრადირებულ, უკაცრიელ რიფზე სიჩუმე ისადგურებს, „თუმცა დინამიკების მეშვეობით შეგვიძლია დაკარგული ხმოვანი ლანდშაფტი დავაბრუნოთ“. 2017 წელს სიმფსონმა, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდთან ერთად, ასეთი დინამიკები ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის გაყოლებაზე დაამონტაჟა. ექვსი კვირის შემდეგ რიფის იმ გაუფერულებულ უბნებში, რომლებშიც ხმა უკრავდა, ორჯერ მეტი თევზი დასახლდა, ვიდრე ჩუმ ადგილებში. „თევზებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ მარჯნის რიფების ეკოსისტემის სიჯანსაღისთვის“, – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ტიმ გორდონი. „თევზის პოპულაციების გამრავლება ბუნებრივი აღდგენის პროცესს დაეხმარება“. – ენი როთი
ქსოვილში შეფუთული საჩუქარი

გულიდან სისხლისა და უჯრედების მოშორების შემდეგ რჩება შემაერთებელი ქსოვილის „ჩონჩხი“. ტეხასის გულის ინსტიტუტის მეცნიერი დორის ტეილორი ამ „გულ-მოჩვენებას“ ღეროვანი უჯრედებით, ჟანგბადითა და სისხლით ამარაგებს – შედეგად იზრდება გულის ახალი ქსოვილი. ასზე მეტი საცდელი გული მზადაა გადასანერგად. – პატრისია ედმონდსი
დანესტვრა მცენარეთა ყვავილობას აჩქარებს

ბაზები ფოთლებზე კბენით მცენარეებს ყვავილობას აიძულებენ – ამ აღმოჩენამ შეიძლება სოფლის მეურნეობას შეუწყოს ხელი. გაზაფხულზე გამოჩენილი ბაზებისა და მათი ლარვების ერთადერთი საკვები ყვავილის მტვერია. აღმოჩნდა, რომ თუ მცენარე არ ყვავილობს, ბაზები მათ კბენენ, ეს ჭრილობები კი როგორღაც აჩქარებს მტვრით დახუნძლული ყვავილების გაფურჩქნას. მეცნიერების მიერ მწერის ნაკბენების იმიტირების შედეგად მცენარეებმა ყვავილობა მართლაც ნაადრევად დაიწყეს, თუმცა არც ისე ადრე, როგორც ბაზების შემთხვევაში. – ვირჯინია მორელი