გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
შეიძლება თუ არა ნანონაწილაკების მეშვეობით კიბოს წამლის მიტანა უშუალოდ თავის ტვინის სიმსივნემდე?
საგანგებო ტრანსპორტი
გლიობლასტომასთან საბრძოლველად შექმნილმა ასობით წამალმა კლინიკური ტესტირება ვერ გაიარა, რადგან ხშირ შემთხვევაში მათ ჰემატოენცეფალური ბარიერი აჩერებს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჯოელ სტრელა მუშაობს ნანონაწილაკებზე, რომლებმაც შეიძლება პირდაპირ სიმსივნესთან მიიტანონ წამალი. სტრელას თაგვის სისხლში შეჰყავს ცარიელი ნანონაწილაკები და ფლუორესცენციური საღებავი, რომლის მეშვეობით ტომოგრამაზე სისხლძარღვები (ცხრა ფოტო ზემოთ) და ნაწილაკები კონტრასტული მანათობელი ფერებით ჩანს. თუ ნაწილაკები ტვინში (ნაჩვენებია შავად) შეაღწევენ, ალგორითმი თითოეულს დააფიქსირებს. ფოტოებზე წინწკლებად ჩანს ჯანმრთელ უჯრედებში თავმოყრილი რამდენიმე ნაწილაკი. თუ ეს ნაწილაკები ტვინში აღწევს, მაგრამ არა სიმსივნეში, მათი გამოყენება სხვა დანიშნულებით მაინც იქნება შესაძლებელი, მაგალითად, იმუნოთერაპიაში. – ტერეზა მაკემერი
ფარაონების ახალი საძვალე

კაიროში ახალ, ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნულ მუზეუმში 22 მონარქის მუმია – მათ შორის დედოფალ ჰატშეფსუტისა – სტენდზე აღარ იქნება გამოფენილი. გასულ გაზაფხულზე ფარაონების მუმიები საზეიმოდ გადააბრძანეს ახალ მუზეუმში. მათ სამარხის მსგავს, სუსტად განათებულ დარბაზებში დაასვენებენ. იქვე იქნება გამოფენილი მათ სამარხში ჩაყოლებული სიმდიდრეც. – ტომ მიულერი
მუმიფიცირებული საფრინველე

ჩრდილოეთ ჩილეში, ატაკამის უდაბნოს გათხრების დროს, არქეოლოგებმა სხვადასხვა სახეობის მუმიფიცირებული თუთიყუშების საფრინველე აღმოაჩინეს. მეცნიერებმა იცოდნენ, რომ მსოფლიოს უმშრალეს უდაბნოში აქამდეც აღმოჩენილა ტროპიკულ ფრინველთა ბუმბული, თუმცა მათი წარმომავლობის საკითხი გაურკვეველი იყო. ახალი კვლევის თანახმად, თუთიყუშები, სავარაუდოდ, 500 კილომეტრით დაშორებული ამაზონიდან წამოიყვანეს და ლამაზი ბუმბულისთვის აშენებდნენ. მუმიფიცირების მიზეზი კვლავ ამოუხსნელია, თუმცა ცნობილია, რომ ეს ფრინველები სიმდიდრისა და სტატუსის სიმბოლოდ მიიჩნეოდნენ. – ენი როთი