გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
146 000 წლის წინანდელი თავის ქალა შესაძლოა ადამიანის ახალ სახეობას მიეკუთვნებოდეს.
ვინ იყო „ადამიანი დრაკონი“?
მას შემდეგ, რაც 90 წლის წინ, მიტოვებული ჭის ძირში დამალეს, შესანიშნავად შემონახული თავის ქალა მზის შუქს პირველად ხედავს. ეს არტეფაქტი შეიძლება ადამიანთა ახალ სახეობას წარმოადგენდეს: Homo longi, იგივე “ადამიანი დრაკონი“ (რეკონსტრუქცია ზემოთ). თავის ქალა ერთდროულად უძველესი და თანამედროვე მახასიათებლებით გამოირჩევა. ეს კი, ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით, ჩვენთან მჭიდრო ნათესაობაზე მეტყველებს. ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეოანთროპოლოგის და კვლევის თანაავტორის, სიძიუნ ნის თქმით, „ადამიანმა დრაკონმა დავა გამოიწვია“. ზოგიერთ ექსპერტს ის დენისოველი ჰგონია, ნეანდერტალელების მონათესავე მწირი ნამარხი ნაშთებით ცნობილი ჯგუფი. ყველაფრის მიუხედავად, „ადამიანი დრაკონი“ ხაზს უსვამს ადამიანის გენეალოგიური ხის ჩახლართულობას. – მაია ვეი-ჰაასი
„ხელოვნების დაბადების“ მტკიცებულება?

გერმანიის ერთ მღვიმეში ნაპოვნ, ამ 5,5 სანტიმეტრის სიგრძის ირმის ძვალზე 50 000 წლის წინ ამოკაწრული ირიბი ხაზები გვამცნობს, რომ ნეანდერტალელებისთვის შემოქმედებითობა უცხო არ იყო. ამ არტეფაქტის კვლევაში არქეოლოგმა ტომას ტერბერგერმა მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, ამოტვიფრული ხაზები „აბსტრაქტული აზროვნების საწყისზე, ხელოვნების დაბადებაზე“ მეტყველებს. – ენდრიუ კარი
მეტი სიღრმე = ნაკლები ფერი
WIKIMEDIA COMMONS
ოკეანის დათბობა ზოგიერთ თევზს უფრო ღრმად, გრილ წყალში ჩასვლისკენ უბიძგებს, სადაც მათ სავარაუდოდ ფერების აღქმა უჭირთ. ქვემოთ მოცემული ორი ფოტო ასახავს ანგელოზთევზას მხედველობის სიმულაციას 20 მეტრი სიღრმის განსხვავებით; ერთ-ერთი მკვლევარი ასეთ გაუფერულებას “შავ-თეთრი ტელევიზორის დროში დაბრუნებას“ ადარებს. ფერების დაქვეითებულმა აღქმამ შესაძლოა თევზებს ნადავლის, მტაცებლის და პოტენციური მეწყვილის გარჩევაში შეუშალოს ხელი. – ჰიქს ვოგანი