
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ტრიასული პერიოდის ფეკალიებში ნაპოვნი ხოჭოს ახალი სახეობა
აღმოჩენა ექსკრემენტის სკანირებით
ზოგიერთი უძველესი ნივთი დახვეწილ საცავებშია მოთავსებული – მოოქრულ სარკოფაგებსა თუ შემკულ კიდობნებში. ხოჭო Triamyxa coprolithica კი არც ისე სახარბიელო სათავსში იპოვეს. მეცნიერების გუნდმა ეს სახეობა პოლონეთში აღმოჩენილ კოპროლიტში, ანუ გაქვავებულ განავალში, ძლიერი რენტგენის დასხივების ტექნიკის, სინქროტრონული მიკროტომოგრაფიის მეშვეობით იპოვა. 230 მილიონი წლის ექსკრემენტში ხუთცენტიანი მონეტის ზომის ნიმუში მშვენივრადაა შემონახული. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა მისი, როგორც აქამდე უცნობი, გადაშენებული სახეობის იდენტიფიცირება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მწერი კოპროლიტიდან აღწერეს. მეცნიერების ვარაუდით, განავალი დინოზავრის ნათესავ Silesaurus opolensis-ს მიეკუთვნება. ისინი იმედოვნებენ, რომ მომავალში პალეონტოლოგები უფრო ხშირად აიღებენ უძველესი ექსკრემენტების სინჯებს. – ჰიქს ვოგანი
ფუღუს თვითგადარჩენა

სეზონურად ძილში მყოფი ცხოველებისგან განსხვავებით, დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე პატარა ძუძუმწოვარს, ფუღუს სიცოცხლის შესანარჩუნებლად ნოყიერი კვება მთელი წლის განმავლობაში ესაჭიროება, თუმცა ამ მწერიჭამიამ ზამთარში ენერგიის დაზოგვის სხვა გზებიც იცის: ის თავის ტვინის ნაწილს 25%-ით ამცირებს, დაკარგულ უჯრედებს კი ზაფხულის განმავლობაში აღიდგენს. – ჰიქს ვოგანი
ყავით ნაკვები ახალი ტყეები

თუ ყავა საკმარისად აქვთ, ტყეებიც, ჩვენი არ იყოს, უფრო მხნედ არიან. კოსტა-რიკის ტროპიკულ ტყეში ცდა ჩაატარეს. გაჩეხილი მიწა დაიფარა რბილობით, რომელიც ყავის წარმოების ნარჩენი პროდუქტია. ექსპერიმენტით არკვევდნენ, როგორ იმოქმედებდა ის ტყის ხელახლა ზრდაზე. ორი წლის შემდეგ რბილობით დაფარულ ტყის მონაკვეთზე ხეები ბევრად უკეთ ხარობდა, ვიდრე სხვაგან, რაც ყავის მწარმოებლებს ნარჩენების გადაყრის ახალ, მდგრად ალტერნატივას სთავაზობს. – სარა გიბენსი