
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
საკვების ძებნისას ზღვის წავები საფრთხეში მყოფი წყლის მცენარეების გენეტიკურ მრავალფეროვნებას უწყობენ ხელს.
სას-წავურად სასარგებლო
ბრიტანეთის კოლუმბიაში წავები მოლუსკების საპოვნელად ზღვის ფსკერზე არსებული ბალახის (Zostera marina) მდელოებში ორმოებს თხრიან. ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მდელოებზე, სადაც წავები იკვებებიან, მეტად გამძლე და გენეტიკურად მრავალფეროვანი ზღვის ბალახი იზრდება. ფსკერის მთლიანობის დარღვევით, წავები თესლების გასაღვივებლად საჭირო სივრცეს ათავისუფლებენ, რითიც მცენარეების ყვავილობას და გამრავლებას აძლევენ ბიძგს. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზოსტერა ეკოსისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის წყალში არსებულ დაბინძურებას ფილტრავს, ნახშირბადს ინახავს და ბევრი ცხოველისთვის სახლისა და საკვების დანიშნულებას ასრულებს. კვლევის შედეგები თვალსაჩინოს ხდის მტაცებლების მნიშვნელოვან გავლენას თავიანთ ეკოსისტემებზე, ამბობს მკვლევარი ერინ ფოსტერი. – დაგლას მეინი
მკვლევრები ყურადღებას ლურჯ ყვავილებზე ამახვილებენ.

ალპური რეგიონის მცენარეებზე 45 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების განხილვამ გამოავლინა, რომ მეცნიერებს ლურჯი ყვავილები ყველაზე მეტად აინტერესებთ; შემდეგ მოდის: ყვითელი, თეთრი, წითელი და ვარდისფერი ყვავილები. მწვანე და ყავისფერი ყვავილები ბოლო ადგილს იკავებენ. ასევე პოპულარულია მაღალი ყვავილები. კვლევების მიკერძოებულობა გავლენას ახდენს იმაზე, თუ რომელი მცენარეები იქნებიან დაცულნი. – ლორი კათბერტი
ანგარიშის საწყისების აღმოჩენა

როგორ განავითარეს ადამიანებმა თანდაყოლილი, ზოგადი ცნებები რაოდენობების შესახებ – წყვილი, ცოტა, ბევრი – და როგორ გამოიგონეს რიცხვები და არითმეტიკა? რატომაა თვლის სისტემები გლობალურად მრავალფეროვანი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ორჯერ ორივით მარტივი არ გახლავთ. ამიტომ ევროპის კვლევების საბჭო აფინანსებს QUANTA-ს, თვლის სისტემების საფუძვლების კვლევას. QUANTA შეისწავლის ლინგვისტურ და ეთნოგრაფიულ მონაცემებს, ასევე იკვლევს ისეთ არტეფაქტებს, როგორიც ეს 60 000 წლის აფთრის დაკაწრული ბარძაყის ძვალია. ნეანდერტალელები მას, სავარაუდოდ, ჩანაწერების გასაკეთებლად იყენებდნენ. – მაიკლ გრეშკო