გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ზღაპრულად გამოიყურებიან, მათი გასაკვირი სიმყარე კი ინჟინრების ნახელავს ჰგავს.
გიგანტური წყლის შროშანების ფარული გამძლეობა
3 მეტრამდე დიამეტრის გიგანტური წყლის შროშანის (Victoria-ს გვარის) მოტივტივე ფოთლები მსოფლიოში უდიდესია. ისინი სამხრეთ ამერიკის წყლებში იზრდება და სხვა მცენარეებს ავიწროებს. ზოგიერთი იმდენად მყარია, რომ პატარა ბავშვის წონას უძლებს.
V. cruziana-ს სახეობის გამძლეობის საიდუმლო მისი ფოთლების ქვედა ნაწილის შესწავლამ გამოავლინა. სხვა წყლის შროშანებთან შედარებით, მდგრადი ძარღვოვანი არქიტექტურა ამ მცენარეს საშუალებას აძლევს, ნაკლები ენერგია დახარჯოს ფოთლის ზომის შენარჩუნებაზე; კვლევის მთავარი ავტორის სიტყვებით, ეს უზრუნველყოფს „მაღალ გამძლეობას დაბალ ფასად“. შროშანის ფოთლების აგებულება შეიძლება სხვა მიზნებს, მაგალითად ოკეანეში მოტივტივე მზის პანელების პლატფორმების აგებას მოარგონ. – ჰიქს ვოგანი
ზღვის ბინადართა ნათელი მომავალი

ცდებმა ცხადყო, რომ სათევზაო ბადეებზე მწვანე ფერის LED-ნათურების მიმაგრება საგრძნობლად ამცირებს მათში შემთხვევით გაჭედილი ზღვის ბინადრების რაოდენობას. მანათობელ ბადეებს შეკეთებაც უფრო იშვიათად სჭირდება, რადგან ზღვის კუები, ზვიგენები და სხვა არსებები მათ უკეთ ამჩნევენ და თავს არიდებენ. ნათურები ცხოველების არასაჭირო სიკვდილიანობას ამცირებს და არ ვნებს სამიზნე ნადავლის სიუხვეს. – ჰიქს ვოგანი
“ჯოხებზე წამოცმული ხერხემლის მალები”

დაახლოებით 500 წლის წინ, პერუში ესპანელების მმართველობის პერიოდში, ადგილობრივი მოსახლეობა წინაპრების საფლავების ძარცვის შემდეგ მათი სხეულების აღდგენას ჯოხებზე ხერხემლის მალების აცმით ცდილობდა. არქეოლოგმა ჯეიკობ ბონგერსმა ხერხემლის მალების 192 წყება შეისწავლა; მისი თქმით, დათარიღებამ გვამცნო, რომ ისინი პირველად ადრეულ 1500-იან წლებში დამარხეს და ჯოხებზე დაახლოებით 40 წლის შემდეგ წამოაცვეს. შთამომავლები სავარაუდოდ “თავიანთი გარდაცვლილი წინაპრების ნაწილებს აგროვებდნენ და ცდილობდნენ სხეულების მთლიანობის აღდგენას“ ნამარხებისთვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად, ამბობს არქეოლოგი. – ტომ მეტკალფი