
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ახალ სამშობლოში სწრაფად გამრავლებამ გომბეშოებში საკუთარი სახეობის კანიბალიზაცია გამოიწვია.
ზედმეტად ბევრი მშიერი გომბეშო?
ლერწმის გომბეშოდ, ასევე აგად ცნობილი Rhinella marina მშობლიურ სამხრეთ ამერიკაში მწერებით იკვებება. ამიტომ 1935 წელს ის ავსტრალიაში შაქრის ლერწმის პლანტაციების ხოჭოებისგან გასაწმენდად ჩაიყვანეს. შხამიანმა ამფიბიებმა ხოჭოების პოპულაციას ვერაფერი დააკლეს, სწრაფად გამრავლდნენ და მავნებლები თავად გახდნენ.
დღეს 200 მილიონზე მეტი ლერწმის გომბეშო ყველას აწუხებს, მათ შორის თავად გომბეშოებსაც, რომელთა შიდასახეობრივი კონკურენცია კანიბალიზმში გადაიზარდა.
ჟურნალ Ecology and Evolution-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, როდესაც ავსტრალიაში მობინადრე ლერწმის გომბეშოს თავკომბალა თავისი სახეობის კვერცხებში არსებულ სპეციფიკურ ტოქსინს ავლენს, ხარბად იწყებს კვერცხების ჭამას. სამშობლოში გომბეშოებს ასეთი ქცევა არ ახასიათებთ; ფიქრობენ, რომ ავსტრალიის გომბეშოებში მსგავსი ქცევა ახლახან განვითარდა კონკურენციის შესამცირებლად. „ავსტრალიაში ისინი საკუთარი თავის ყველაზე უარესი მტრები არიან“, – ამბობს კვლევის თანაავტორი მაიკლ კროსლენდი. – ენი როთი
ძველი ეგვიპტის ფარფლებიანი სიმბოლოები

ნილოსის ორი ბინადარი, ლოქო და ტილაპია ძველმა ეგვიპტელებმა სხვა ცხოველების მსგავსად მითიურ გმირებად აქციეს. ამ თევზებს ჯადოქრობა, რეგენერაცია და ნაყოფიერება მიეწერებოდათ; ითვლებოდა, რომ მათი გამოსახულების მქონე ამულეტები განსაკუთრებული ძალით გამოირჩეოდნენ – მათ შორის, მფლობელს წყალში დახრჩობისგან იცავდნენ. – ელიზა კასტელი
დამამტვერიანებლები მეტს ამჩნევენ

მზესუმზირის ულამაზესი ყვავილის ცქერა განსაკუთრებით დამამტვერიანებელ მწერებს სიამოვნებთ. ისინი ყვავილის ფერებს ულტრაიისფერ სპექტრში ხედავენ, რომელიც ყვავილის ცენტრში ჩვენთვის უხილავ, წრის ფორმის ლაქას ამჟღავნებს. დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ ყვავილს ეს ლაქა მხოლოდ დამამტვერიანებელი მწერების მოსაზიდად განუვითარდა, თუმცა ახალმა კვლევამ ეს მოსაზრება გააქარწყლა. მოლეკულები, რომელთაგანაც შედგება წრიული ლაქა, მცენარეს ექსტრემალური ტემპერატურების და გვალვის გადატანაში ეხმარება. – ენი როთი