
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
მტაცებელი ფრინველებისაგან თავის დასაცავად ბალახის ოთხთათიანი მკრეჭავები ეკოსისტემას ცვლიან.
რისკების შემცირება

ბალახის გაკრეჭა სტეპის მემინდვრიასთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ეს პატარა მღრღნელები მონღოლეთის და ჩინეთის მინდვრებში ბინადრობენ. ისინი კბილებით ამოკლებენ საკუთარ სოროებთან ამოზრდილ ბალახს, რათა ადვილად შენიშნონ ღაჟოების – მათი მთავარი მოწინააღმდეგე ფრინველის – მოახლოება.
ცდის სახით, მეცნიერებმა მემინდვრიების სოროებს ბადეები დააფარეს ისე, რომ ღაჟოებს მათთან მიახლოების საშუალება აღარ ჰქონოდათ. ამის შემდეგ მემინდვრიებმა ბალახის მოჭრა შეწყვიტეს.
ღაჟოებიც ადაპტირდნენ: ისინი თავს არიდებენ ტერიტორიებს, სადაც ბალახს მემინდვრიები ხშირად ჭრიან. ეს ცხადყოფს, რომ პატარა სახეობებსაც კი შეუძლიათ ეკოსისტემის სრულიად შეცვლა. – ენი როთი
ვერხვების ტყე = ერთი კოლოსალური ხე

იუტაში 43 ჰექტარზე იზრდება ვერხვნარი, რომელიც ჯამში 6500 ტონას იწონის და მსოფლიოში ყველაზე მძიმე ხმელეთის ორგანიზმია. ის, რაც 47 000 ცალკეულ ხედ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში საერთო ფესვთა სისტემიდან ამოზრდილი გენეტიკურად იდენტური ღეროებია. ირმები და შინაური ცხოველები ვერხვის ახალ ამონაყარს ჭამენ, რითაც საფრთხეს უქმნიან ამ გასაოცარ ხეს, რომელმაც ათასწლეულების განმავლობაში საკუთარი თავისგან ტყე შექმნა. – კრეგ უელჩი
ჯვაროსნულ ომებში ხელყუმბარებს ისროდნენ?

ახლო აღმოსავლეთში სფეროკონუსური კერამიკული ჭურჭელი ჩვეული არქეოლოგიური არტეფაქტია. ახალი ქიმიური ანალიზების დახმარებით დადგინდა, რომ XI ან XII საუკუნის იერუსალიმში, ჯვაროსნული ომების დროს, ზოგიერთ მათგანს, სავარაუდოდ, ხელყუმბარებად იყენებდნენ.
ცეცხლგამჩენი ხელსაწყოები უფრო ადრეც არსებობდა: ხელყუმბარების არსებობის ნიშნები XII საუკუნის კაიროში; ლიგროინის, იგივე ნაფთის (ნავთობის გამოხდის ფრაქცია ბენზინსა და ნავთს შორის) საცეცხლე ჭურჭელი ძვ. წ. IX საუკუნის ასურეთში, თუ ალექსანდრე მაკედონელის წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ცეცხლის ბურთი ძვ. წ. 327 წელს. – ადრიან მეიორი