
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ეს გამჭვირვალე ბაყაყი მტაცებლებს სისხლის წითელი უჯრედების დაფარვით ემალება.
გაუჩინარება
გამჭვირვალე კანისა და კუნთების წყალობით ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მობინადრე მინის ბაყაყები მწვანე ფოთლებს მარტივად ერწყმიან, თუმცა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მათი კამუფლაჟი კიდევ უფრო დახვეწილია. ძილის დროს მინის ბაყაყები (Hyalinobatrachium fleischmanni) სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) 89%-ს კრისტალებით დაფარულ ღვიძლში ინახავენ. კრისტალები ირეკლავენ სინათლეს და არ აძლევენ სისხლის უჯრედებს მისი შთანთქმის საშუალებას. დამალული ერითროციტები მძინარე ბაყაყებს ორ-სამჯერ უფრო გამჭვირვალეს ხდის. საინტერესოა, რომ ბაყაყებს არ ვნებთ ამ უჯრედების საათობით ერთ ადგილას შენახვა. ჭრილობის მიღების შემთხვევაშიც სისხლი ჩვეულებრივ უდედდებათ. „თრომბოზით დაავადებული ყოველი ოთხი ადამიანიდან ერთი კვდება“, – ამბობს კვლევის თანაავტორი ჯესი დელია. შესაძლოა მათი გადარჩენის საიდუმლო მინის ბაყაყის დისკობურთისმაგვარ ღვიძლში იმალებოდეს. – ჯეისონ ბიტელი
პრეისტორიული გვირგვინის ფურცლები

ეს 1872 წელს აღწერილი 28 მმ დიამეტრის ყვავილი 34-დან 38 მილიონამდე წლისაა. ქარვაში განამარხებულ მსგავს ნიმუშებს შორის ის ყველაზე დიდია. ყვავილის მტვრის ახალმა კვლევამ გამოავლინა, რომ ეს მცენარე Symplocos-ის გვარის წარმომადგენელია, რომელიც დღეს აზიაში, ავსტრალიასა და ამერიკის კონტინენტებზე ხარობს. – მაიკლ გრეშკო
ზეთი, რომელიც პლანეტას არ ვნებს?

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მცენარეული ზეთი, პალმის ზეთი, მრავალ საკვებსა და საყოფაცხოვრებო პროდუქტში გამოიყენება, თუმცა მისი წარმოება პლანეტას აზიანებს და ტროპიკული ტყეების გაჩეხის მთავარი მიზეზია. ეკომეგობრული ალტერნატივა უკვე შემუშავების პროცესშია: მიკრობებისგან დამზადებული ზეთი. მეცნიერებმა გამოავლინეს ზეთით მდიდარი წყალმცენარეები და საფუარის შტამები, რომლებიც გასაზრდელად არ საჭიროებენ დიდ ადგილს ან მზეს და შეუძლიათ სხვა ინდუსტრიის ნარჩენი ჟანგბადით და შაქრით იკვებონ. – სენდი ონგი
ფოტო: გრანტ კორნეტი (საკვების და რეკვიზიტების დიზაინი: მეგი რუჯერო; რებეკა ბარტოშესკი)