
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
უკონტაქტო წყალქვეშა ულტრასონოგრაფიით მეცნიერები ავლენენ მდედრი სკაროსების რეპროდუქციული სისტემების თავისებურებებს.
ექოსკოპია ზღვაში

12-13-თვიანი მაკეობის დასასრულისკენ სკაროსი საკმაოდ გაბერილია: მის საშვილოსნოში მოკეცილი სრული ასაკის ნაყოფის ფრთების შლილი 1,5 მეტრია, მაგრამ რიფის სკაროსს (Mobula alfredi) ორსულობა დიდი ხნის განმავლობაში არ ეტყობა. ამიტომ მეცნიერებმა მალდივის კუნძულებზე გამოიყენეს უკონტაქტო წყალქვეშა სონოგრამები (ჩანართი), რათა სკაროსების მომწიფების საფეხურები შეესწავლათ. მათი აღმოჩენები, რომლებიც ახლახან Journal of Fish Biology-ში გამოქვეყნდა, „საგანგაშოა“, – ამბობს წამყვანი ავტორი ნივ ფრომანი (ზემოთ გამოსახული მყვინთავი). მეცნიერებმა შეიტყვეს, რომ რეპროდუქციულად მომწიფებულ სკაროსთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე აქამდე ეგონათ. ახალი მონაცემებით, მათი პოპულაციის ნაყოფიერების კოეფიციენტი ძველ ნიშნულზე დაბალია. ეს რიფის სკაროსებს „კიდევ უფრო მოწყვლად პოზიციაში აყენებს, ვიდრე აქამდე გვეგონა“, – ამბობს ფრომანი. შეიძლება, რომ ნაყოფიერებაზე მოქმედი ფაქტორების უკეთ შესწავლამ სკაროსების კონსერვაციის ახალი გზები გვაპოვნინოს? – მელისა ჰობსონი
ჟანგბადის გადაკეტვა სიმსივნის მოსაკლავად

ბიოინჟინრებმა ჩინეთში შექმნეს პატარა იმპლანტირებადი ელემენტი, რომელიც სიმსივნეებს უფრო მარტივად ანადგურებს მათთვის ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტით, თავად კი ახლომახლო ქსოვილში შეყვანილი მარილწყლით იტენება. ეს საშუალება ჯერ არ გამოუცდიათ ადამიანებზე, თუმცა თაგვების იღლიაში შეყვანისას, ექსპერიმენტულ წამლებთან ერთად, მან 90%-ით შეამცირა ძუძუს კიბოს ანალოგიური უჯრედები. ეს მოწყობილობა გვთავაზობს თანამედროვე სტრატეგიას იმ ახალი წამლების ეფექტურობის გასაზრდელად, რომელთა სამიზნე ჟანგბადისგან დაცლილი უჯრედებია (აქ გამოსახულ სიმსივნის სკანოგრამაზე ნაჩვენებია მწვანედ). – ფრენ სმითი
ტელესკოპი მესამე რგოლს ამჩნევს

ფომალჰაუტი კაშკაშა ვარსკვლავია, რომელსაც გარს კოსმოსური ნაგვისგან შემდგარი ორი რგოლი არტყია. ის დიდი ხანია ასტრონომების დაკვირვების ობიექტია, ახლა კი შესასწავლი უფრო მეტია: გამოსახულებები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიდან ნათლად აჩვენებს სამ რგოლს, რომელთა შორის არსებულ სიცარიელეს, სავარაუდოდ, პლანეტების გრავიტაცია ქმნის. – მეგან გენონი