
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ხელსაწყოები, რომლებიც მზის ენერგიას დედამიწაზე რადიოსიგნალების სახით გამოაგზავნის.
მზის ენერგია კოსმოსიდან
მალე კოსმოსური მზის ენერგია შეიძლება რეალობად იქცეს და განახლებადი ენერგიის სფეროში გარღვევა მოახდინოს. ის ინფრასტრუქტურის არქონის შემთხვევაშიც კი ყველგან ხელმისაწვდომი იქნება დედამიწაზე.
უზარმაზარ კოსმოსურ კონსტრუქციებზე დამაგრდება ფოტოელექტრული პანელები, რომლებიც მზის შუქს რადიოსიგნალებად გარდაქმნიან და დედამიწაზე გააგზავნიან. ასეთი კოსმოსური მისია „ერთ-ერთი ურთულესი საინჟინრო ამოცანაა“, – ამბობს მამათა მაჰეშვარაპა, დიდი ბრიტანეთის კოსმოსური სააგენტოს მარგი ტვირთის სისტემის ხელმძღვანელი. ამასთანავე, ეს მისია რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი ეღირება.
ახლახან კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მკვლევრებმა გამოაცხადეს საგრძნობი წინსვლა „კოსმოსური მზის ენერგიის დემონსტრატორთან“ დაკავშირებით. ეს აპარატი 2023 წლის იანვრიდან ორბიტაზეა და მასალებსა თუ ელექტრომოწყობილობებს ამოწმებს. მან ერთხელ უკვე წარმატებით გადასცა კოსმოსში ენერგია უსადენოდ. „ეს გრძელ გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია“, – ამბობს აღნიშნული ინსტიტუტის გუნდის თანადირექტორი, ალი ჰაჯიმირი. – ლიზ კრუსი
მოსავლის მოყვანა სიბნელეში

მარსის მომავალ მისიებზე NASA საკვებ მცენარეთა გაზრდას ფიქრობს, რაც გამოწვევა იქნება – ეს წითელი პლანეტა დედამიწის მზის შუქის ნახევარზე ნაკლებს იღებს. ამიტომ მეცნიერები მუშაობენ მცენარეზე, რომელიც მცირე სინათლის პირობებშიც შეძლებს გაზრდას და ასტრონავტთა გამომუშავებული ნახშირბადით მდიდარი ხსნარით ისაზრდოებს. – ენი როთი
ვარსკვლავთწარმოქმნა

წარმოიდგინეთ, რომ კოსმოსი ხელის გულზე გაქვთ. კოსმოსის დინამიკურ რეგიონებს, სადაც მკვრივი მტვერი და აირის ღრუბლები ვარსკვლავებს წარმოქმნიან, ვარსკვლავურ ინკუბატორებს უწოდებენ. მათში მიმდინარე ფიზიკური პროცესების ცოდნაზე დაყრდნობით ასტრონომებმა ნია იმარამ და ჯონ ს. ფორბსმა, 3D ბეჭდვის ექსპერტ ჯეიმს ს. უივერთან ერთად, ვარსკვლავური ინკუბატორების სიმულაციები შექმნეს. ეს სოფტბოლის ბურთის ზომის სფეროები საშუალებას აძლევს დედამიწის მკვიდრებს, თვალი შეავლონ ვარსკვლავთა კომპლექსურ მახასიათებლებს, კოსმოსის აღნიშნულ ნაწილს რომ ასე განსაკუთრებულს ხდიან. – ენი როთი