
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
მიგრაციისას პეპელა-მონარქს თეთრი ლაქები შესაძლოა უპირატესობას ანიჭებდეს.
ლაქების უპირატესობა
ყოველწლიური მიგრაციისას ზოგიერთი პეპელა-მონარქი ათასობით კილომეტრს ფარავს სამხრეთ კანადიდან მეხიკოს მიმდებარე მთებამდე. როგორ ახერხებენ ამას? ახალი კვლევის მიხედვით ამ პეპლებს, რომლებიც მეხიკოს გამოსაზამთრებელ ადგილებამდე აღწევენ, ფრთებზე სამი პროცენტით უფრო დიდი თეთრი ლაქები აქვთ, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის სხვა ტერიტორიაზე მიგრირებად მონარქებს. მათი შავ-თეთრი შეფერილობა შეიძლება თბილი და გრილი ჰაერის მიკრომორევებს ქმნიდეს, რაც სიცხეში ფრენისას წინაღობას ამცირებს. წინაღობის შემამცირებელი მსგავსი თვისებები ზღვის ფრინველების ფრთების შეფერილობაშიცაა შემჩნეული და ოდესმე შესაძლოა უკეთესი საფრენი აპარატების შექმნაში დაგვეხმაროს. „თუ გსურთ შექმნათ დრონები, რომლებიც უფრო დიდ მანძილზე იფრენენ და ენერგიას მზისგან მიიღებენ, ეს საუკეთესო მაგალითია“, – ამბობს კვლევის თანაავტორი მოსტაფა ჰასანალიანი, ნიუ-მექსიკოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის ასოცირებული პროფესორი. – ჯეისონ ბიტელი
უჩვეულო საშენი მასალა

ჟურნალ Scientific Reports-ის თანახმად, ინდონეზიაში ბეტონის კომპოზიტური მასალა, რომელიც ნაწილობრივ შედგება ბავშვის გამოყენებული საფენებისგან, საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა სახლის ასაშენებლად. ასეთმა გადამუშავებამ შესაძლოა არადეგრადირებადი ნარჩენები იაფ საცხოვრებელთა ასაშენებელ რესურსად აქციოს. – პატრისია ედმონდსი
უძველეს კბილებზე შემორჩენილი დნმ

ადრეული ხანის ადამიანების დნმ ამოიღეს ირმის კბილისგან გამოთლილი სამკაულიდან, რომელსაც მოსართავად ან ხელსაწყოდ იყენებდნენ. მეცნიერებმა ადამიანის დნმ გამოავლინეს ქვემოთ წარმოდგენილ გულსაკიდზე. პატრონის კანთან კონტაქტმა დნმ სამკაულზე, სავარაუდოდ, 20 000 წლის წინ გადაიტანა. ხელსაწყოებზე, ისრის პირებსა და ნემსებზე არსებული დნმ-ის შესწავლამ შესაძლოა უძველესი ადამიანების საქმიანობების გენდერულ როლებზე ცოდნა გაგვიღრმაოს. – ტომ მეტკალფი