გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ასტრონომები საშუალებას აძლევენ მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს, ეს ციური მოვლენა ახლებური გზით აღიქვან.
მოუსმინე მზის დაბნელებას

2024 წლის 8 აპრილს მთვარე მზესა და დედამიწას შორის ჩაივლის და ჩრდილოეთ ამერიკის თავზე დღეს ბინდად აქცევს. მათთვის, ვისაც დაქვეითებული მხედველობა ამ მოვლენის დანახვაში ხელს უშლის, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ხელსაწყო LightSound შეიმუშავეს. ეს სმარტფონის ზომის მოწყობილობა სონიფიკაციის მეშვეობით გარემომცველ სინათლეს ხმად გარდაქმნის. ფლეიტის ხმა კაშკაშა შუქს აღნიშნავს, კლარნეტის ჰანგები ნაწილობრივი დაბნელების დაწყებას, სუსტი წკაპუნა ბგერები სრულ დაბნელებას იუწყება. პროექტი LightSound აღნიშნული მოწყობილობის 500 ნიმუშს გაავრცელებს მუზეუმებში, ეროვნულ პარკებსა და მხედველობადაქვეითებულთა სკოლებში. ჰარვარდის ასტრონომიის ლაბორატორიის მენეჯერი ელისონ ბიერილა ამბობს, რომ მიზანი ხელმისაწვდომობის გაზრდა და ასტრონომიის სფეროსთვის ახალი პერსპექტივების შექმნაა. „ასტრონომიული მოვლენებით აღტაცებამ შეიძლება მოაზროვნეთა მომავალი თაობები შთააგონოს, ჩვენ კი ყველა მათგანი გვჭირდება“. – სტეფანი ვერმილიონი
ვეშაპის მოგზაურობა

კუზა ვეშაპმა, სახელად ფროდომ, თავისი სახეობის წარმომადგენლებს შორის რეკორდი დაამყარა წყნარ ოკეანეში 11 000 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვით. ამ მოგზაურობამდე ის დააფიქსირეს რუსეთში, ბერინგის ზღვაში – ბევრად შორს კუზა ვეშაპების ჩვეული მარშრუტიდან (ეს სახეობა მექსიკის წყლებში მრავლდება). Happywhale-ის საიდენტიფიკაციო მონაცემთა ბაზის დახმარებით, ბიოლოგმა ნიკოლა რენსომმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს კიდევ 117 ვეშაპი, რომლებიც მსგავს მოგზაურობაში გაემართნენ. აღმოჩნდა, რომ მიგრაცია იმაზე უფრო კომპლექსურია, ვიდრე ადრე გვეგონა. – ბრიანა რენდალი
აგურები ჩიტებისთვის

ნამგალები ძველი შენობების ნაპრალებში ბუდობენ, თუმცა ასეთი ადგილები სულ უფრო და უფრო იშვიათია. ამ ფრინველის პოპულაციის შემცირებასთან საბრძოლველად დიდი ბრიტანეთის კონსერვაციონისტებმა შეიმუშავეს „ნამგალას აგურები“. ამ სამშენებლო ბლოკებს აქვთ ხვრელები, სადაც ნამგალებს ბუდის მოწყობა შეუძლიათ. კონსერვაციონისტები მშენებლობაში მის სავალდებულო გამოყენებას უჭერენ მხარს. – ენი როთი