
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
მეცნიერები თავფეხიანთა სამგანზომილებიან მხედველობას სწავლობენ (როდესაც ცხოველები სათვალეებს არ იძრობენ)
მელანთევზას ნადირობის ახალი განზომილება
ეს სათვალე უბრალოდ ლამაზი არაა: მისი საშუალებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მელანთევზები, ადამიანების მსგავსად, ორი თვალის მეშვეობით აღიქვამენ სიღრმეს. მელანთევზები ლურჯი და წითელი კრევეტების კომპიუტერული გამოსახულების დანახვისას ციფრულ მსხვერპლს საცეცებით დაჭერისთვის საჭირო მანძილზე უახლოვდებოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მელანთევზებს შეეძლოთ, წითელი და ლურჯი კრევეტების სურათები ერთ 3D გამოსახულებად აღექვათ. მინესოტის უნივერსიტეტის ეკოლოგ ტრევორ უორდილის თქმით, წყალში სხვა ცხოველის ადგილმდებარეობის დადგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპული მელანთევზებისათვის სხარტი მსხვერპლის დასაჭერად. თუმცა, კვლევა წინაღობას წააწყდა – მელანთევზები სათვალეებს იძრობდნენ, სანამ მეცნიერებმა მათ ძღვენი – ცოცხალი კრევეტები არ მიართვეს. – კრისტინ დელ ამორე

ინკების ჩანაწერების სისტემის პატივსაცემად
ინკების იმპერიაში, ანბანური დამწერლობის არარსებობის გამო, ბიუროკრატები ჩანაწერებს კიპუს – ფერადი ძაფებისა და კვანძებისგან შედგენილი ნაკეთობის მეშვეობით აკეთებდნენ. მეცნიერთა თქმით, რომლებიც ათასამდე შემორჩენილ კიპუს იკვლევენ, მათ, სავარაუდოდ, მოსახლეობის აღწერის მონაცემების, გადასახადებისა და ინკების მმართველებთან დაკავშირებული ისტორიების ჩასაწერად იყენებდნენ. იანვარში კიპუსთვის ეროვნული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებით პერუს კულტურის სამინისტრომ კიპუს პატივი მიაგო როგორც მკვიდრი კულტურის გონებამახვილურ მემკვიდრეობას. – ნინა სტროქლიკი

მაგნიტური გული ტესტირებას გადის
მსოფლიოში 26 მილიონამდე ადამიანს აქვს გულის უკმარისობა, ყოველწლიურად კი მხოლოდ 5500-ს უკეთდება გულის გადანერგვა. ეს პრობლემა შეიძლება ახალმა „მაგნიტურმა გულმა“ გადაჭრას. ტიტანის მუშტისოდენა მოწყობილობის ტესტირებამ ძროხებზე წარმატებით ჩაიარა და მალე ტესტირება ადამიანებზეც დაიწყება. – კრისტინ დელ ამორე