
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ქამელეონის ტიპის მუხლუხების შესწავლამ გვაჩვენა, რომ ისინი არა მარტო თვალებით „ხედავენ“.
როგორ იცვლიან მწერები ფერს, რომელსაც ვერ ხედავენ?
არყის ხის მზომელა შენიღბვის ოსტატია. ლარვულ სტადიაში მას ისე შეუძლია სხეულის ფერის შეცვლა, რომ ვერც კი ხედავს თავის გარშემო არსებულ ფერებს. ბრიტანელმა მკვლევრებმა 300-მდე არყის ხის მზომელას მუხლუხს შავი საღებავით დაუფარეს თვალები (რომელიც შემდეგ უვნებლად მოშორდათ) და ყუთებში მოათავსეს, რომლებშიც თეთრი, მწვანე, ყავისფერი ან შავი ჯოხები იდო.

ინტეგრაციული ბიოლოგიის ინსტიტუტი, ლივერპულის უნივერსიტეტი.
ცოტა ხანში მათ ნახეს, რომ მხედველობის შეზღუდვის მიუხედავად, თითქმის ყველას ყუთში მოთავსებული ჯოხის ფერი ჰქონდა მიღებული. შემდეგ მუხლუხები სხვა ყუთებში გადასვეს, სადაც ორი ფერის ჯოხი ეგდო; მუხლუხების 80% იმ ჯოხზე იყო გაჩერებული, რომელიც მისი ტანის ფერს შეესაბამებოდა. მკვლევრების აზრით, არყის ხის მზომელას მუხლუხს კანის ფოტორეცეპტორი აქვს და „კანით ხედვა“ შეუძლია. – ენი როთი
სოკოსგან მიღებული სამკურნალო საშუალება

საპილოტო კვლევის მონაწილე პაციენტებმა, „ჯადოსნურ სოკოებში“ არსებული ჰალუცინოგენის – ფსილოციბინის დიდი დოზის მიღებიდან ერთ კვირაში შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქება იგრძნეს. Scientific Reports-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პრეპარატმა შესაძლოა ნეგატიური განწყობისა და მავნე ჩვევების შემცირებას შეუწყოს ხელი. – პატრისია ედმონდსი
მომავლის ცემენტი?

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
ცემენტის დამზადების პროცესი იმდენად ჭარბად გამოყოფს სათბურის აირებს, ქვეყანა რომ ყოფილიყო, CO2-ის ემისიით მესამე ადგილზე იქნებოდა – ამ სტატისტიკას გვაწვდის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სადაც მეცნიერებმა შეიმუშავეს პროცესი, რომელიც ცემენტს ელექტროენერგიის საშუალებით და არა წიაღისეული საწვავის გამოყენებით აწარმოებს. წყლის ელექტროლიზერში, ელექტროდებისკენ მიმავალი დენი ქმნის წყალბადისა და ჟანგბადის აირებს, მჟავას და ფუძეს. როგორც კი კირქვა ემატება მჟავაში, ხდება მისი დაშლა და დეკარბონიზაცია, გამოიდევნება CO2 და იქმნება ცემენტის მთავარი ინგრედიენტი. – ენი როთი