გზაზე
თუში მეცხვარეები ყოველწლიურად თითქმის ოც დღეს გზაში, ცხვრის გადარეკვაში ატარებენ – ეს მიგრაცია თუშების ცხოვრების წესის, კულტურისა და ისტორიის ნაწილია.


გზაზე
თუში მეცხვარეები ყოველწლიურად თითქმის ოც დღეს გზაში, ცხვრის გადარეკვაში ატარებენ – ეს მიგრაცია თუშების ცხოვრების წესის, კულტურისა და ისტორიის ნაწილია.
დილის ექვსი საათი იქნებოდა, როდესაც თუშეთის გზაზე, მანქანის სავალ ნაწილზე მოუხერხებლად გაშლილ კარავში მეცხვარე გიორგი ქარსამაულის შეშფოთებულმა ხმამ გამაღვიძა – „სწრაფად ადექით, მივდივართ!“ კარვის ღია კარიდან სიცივე და ძლიერი წვიმისგან გზაზე გაჩენილი ნიაღვრის ხმა შემოდიოდა, ხოლო ათასამდე ცხვარი, რომელიც წინა ღამეს ჩვენი ბანაკის შორიახლოს, მთის ძირში შეგროვილი მეგულებოდა, აღარსად ჩანდა.
ქარსამაულმა კარვის ელვა არცკი შეკრა, ისე მიბრუნდა თავისი ძველი „პიკაპისკენ“, რომლის ძარაზეც კაპიუშონიან საწვიმარში გახვეული კაცი რაღაცას ალაგებდა. გარეთ ძლიერი წვიმა მოდიოდა – იმდენად ძლიერი, რომ კარვიდან გამოსვლისთანავე ორიოდე წუთში წყალმა საწვიმარი ლაბადის ქვეშ გაატანა. შორიდან შიგადაშიგ სტვენის ხმა და მწყემსების შეძახილები აღწევდა – გათენებისთანავე ცხვრის ფარა ბარისკენ დაეძრათ, ხოლო გიორგი ქარსამაული და მისი დეიდაშვილი ხვიჩა აფშინაიძე ჩვენი გადამღები ჯგუფის აბარგებას ელოდებოდნენ.
გეგმის მიხედვით, 10 მაისის დილას მამა-შვილი, რობიზონ და გიორგი ქარსამაულების ცხვრის ფარას დათოვლილი საცალფეხო ბილიკების გავლით შირაქიდან თუშეთში უნდა გადავყოლოდით, თუმცა წინა ღამეს დაწყებულმა წვიმამ ყველაფერი შეცვალა. ახლა მწყემსები ფარას მთაზე აყვანის ნაცვლად დაბლა მიერეკებოდნენ, ხოლო ბანაკის ირგვლივ დახოცილი ცხვრები ეყარა.

კახეთში, ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში, მდინარე ალაზნის ნაპირზე ცხვრების სადგომია მოწყობილი. ხის ძელებითა და მავთულის ბადით შემოსაზღვრული ბაკი თავისუფლად იტევს ქარსამაულების ოჯახის 850 ცხვარს. ეს ოჯახი მეცხვარეობის ტრადიციულ საქმიანობას თუშეთში სამი თაობაა მისდევს. როგორც თუშების უმეტესობა, წელიწადის 7-8 თვეს ისინიც ბარში, სოფელ ალვანში ატარებენ და როგორც კი დათბება, ცხვარს თუშეთში, ქარსამაულების სოფელ ვესტომთაში მიერეკებიან.
მას შემდეგ, რაც ისტორიული წყაროების მიხედვით XVI და XVII საუკუნეებში თუშებს შირაქის ვაკესა და ალვანში ზამთრის საცხოვრებელი და სამეურნეო მიწები გადაეცათ, ყოველწლიური სეზონური მიგრაცია ბარიდან მთაში მათი ცხოვრების წესია.
განათლებით ვეტერინარი, 58 წლის რობიზონ ქარსამაული გამოცდილი მწყემსია – იგი უკვე 30 წელიწადზე მეტია, რაც ცხვარშია. მისი მამა მეცხვარე იყო, უფროსი შვილი, გიორგიც მეცხვარეა. „გამოყარ ფარნა!“ – რაც შეიძლება ხმამაღლა ეძახის გიორგი ქარსამაული უმცროს ძმას, რომ ცხვრების ბღავილში ხმა მიაწვდინოს. მაისის ნათელი, მზიანი დილაა და ოჯახი ფარას საზაფხულო საძოვრებისკენ გასარეკად ამზადებს.
მდინარის ნაპირზე მდგარ ორსართულიან სახლში ქარსამაულების ოთხი თაობა ცხოვრობს. „ბებო, სათუშეთე მზითვებ ჩაჰყარე?“ – თუშურ დიალექტზე ეკითხება გიორგი ქარსამაული ხანში შესულ ქალს, რომელიც ეზოში დილაადრიან თიბავს ბალახს. თუშური დიალექტი ლიტერატურული ქართულისგან იმდენად განსხვავდება, რომ ზოგ შემთხვევაში აზრის გამოტანაც კი მიჭირს. ამ შემთხვევაში ვხვდები, რომ „მზითევში“ გიორგი მთაში გასაყოლებელ ბარგს და საგზალს გულისხმობს, მაგრამ იმის გარკვევა ნამდვილად მიჭირს, ეს თუშური დიალექტია, თუ გიორგისთვის ჩვეული მორიგი ხუმრობა.
29 წლის გიორგი ქარსამაული პროფესიით ეკოლოგია. ცოტა ხნის წინ დაქორწინდა და მთაში ასვლამდე მცირეწლოვან შვილთან თამაშობს. ოჯახურ მეურნეობაში მისი მიზანი წარმოების განახლებაა. გიორგი მეუბნება, რომ ტრადიციულ წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა უნდა. ეს იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც რამდენიმე წლის წინ იტალიასა და საფრანგეთში იმოგზაურა და იქაური ფერმერების საქმიანობას გაეცნო.

თუშეთის სოფლის მეურნეობაში ახალი სტანდარტების დასამკვიდრებლად ქარსამაულები, ხუთ სხვა მეცხვარესთან ერთად, თუშური გუდის ყველის ასოციაციაში არიან გაერთიანებულნი. ასოციაცია გუდის ყველის ტრადიციული წარმოების აღდგენასა და პოპულარიზაციაზე მუშაობს. მეცხვარეების თქმით, გარდა იმისა, რომ ყველი აუცილებლად ცხვრის ტყავის გუდაში უნდა დამზადდეს, აუცილებელია, ცხვარი თუშეთის ალპურ საძოვრებზე მოიწველოს. ამიტომაც ჩქარობენ ქარსამაულები ცხვრის მთაში გადარეკვას, რათა წველის პერიოდი მაქსიმალურად გაახანგრძლივონ. ალვანიდან ვესტომთამდე ცხვრის გარეკვას სამი დღე სჭირდება და ეს გზა მეცხვარეებმა ფეხით უნდა გაიარონ.
მთის წვერზე, ზღვის დონიდან 2290 მეტრზე აშენებული სოფელი ვესტომთა იმდენად პატარაა, რომ, როდესაც მას მოპირდაპირე გორიდან გავყურებ, სახლების თითებზე ჩამოთვლა შემიძლია. თორმეტიდან ერთ-ერთი ქარსამაულების სახლია, რომელიც საოჯახო სასტუმროდ გადაუკეთებიათ. ძველი სახლის რესტავრაცია ოჯახს ძალიან გაურთულდა, რადგან სოფლამდე სამანქანო გზა არ მიდის და სამშენებლო მასალის ატანა მათ მთლიანად ცხენებით მოუხდათ.
ვესტომთაში მოსახვედრად სამანქანო გზასთან მდებარე უახლოესი სოფლიდან, ილიურთიდან საცალფეხო ბილიკი უნდა გაიაროთ. მიხვეულ-მოხვეული ვიწრო გზა რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ციცაბო მთის ფერდობებსა და ტყეს მიუყვება. ეს ბილიკი ერთადერთი გამონაკლისია ამ მხარეში, სადაც მობილური ტელეფონი იჭერს, ისიც მხოლოდ ერთი ოპერატორი.
ბილიკის ბოლოს თვალწარმტაცი სანახაობა იშლება. ირგვლივ სრული სიჩუმე სუფევს. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადგილას სადმე ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ. მხოლოდ შორს, მაღალი მთების ფონზე ხელისგულისოდენად მოჩანს სოფელი ვესტომთა, რომელიც, ცასა და დედამიწას შორის გამოკიდებული, თითქოს სრულიად არის მოწყვეტილი გარე სამყაროს.

მაისის დასაწყისში თუშეთისკენ სამანქანო გზა ჯერ კიდევ არაა გახსნილი, ცხვრის ბილიკები კი გაუკვალავია. როდესაც ამ მოგზაურობას ვგეგმავდით, იმედი გვქონდა, ცხვრის თოვლში გადარეკვის ერთ-ერთ ჩვეულ, ექსტრემალურ ნაწილს – ცხენების მთაზე დაგორებას ვიხილავდით. მსუბუქტანიანი თუშური ჯიშის ცხვრისგან განსხვავებით, ცხენები თოვლში ეფლობიან და დაღმართზე წონასწორობის დაცვა უჭირთ; ამიტომაც გზის ზოგ მონაკვეთზე მეცხვარეები ცხენებს აწვენენ და აცურებენ ფერდობზე, რომლის ძირშიც სხვა მწყემსი დგას და პირუტყვს იჭერს. წელს თოვლი იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რომ ცხენების მთაზე გადაყვანა საერთოდ გამოირიცხა. შესაბამისად, მწყემსებს ბარგისა და სურსათის ტარება ზურგჩანთებით უწევთ.
მთაში ცხვრების გარეკვის ეს რისკიანი იდეა გიორგის დაებადა.უფრო გამოცდილი მწყემსები ამბობდნენ, რომ ჯობდა, გამგზავრება ერთი კვირით მაინც გადაედოთ, თუმცა რობიზონი შვილს მიემხრო. თუ ყველაფერი კარგად იქნა, 2019 წლის გაზაფხულზე ქარსამაულები პირველები იქნებიან, ვისი ფარაც დათოვლილ უღელტეხილს გადალახავს და თუშეთში ხელუხლებელი საძოვრები დახვდება.
მეცხვარეები დილის ცხრა საათისთვის ფარას თუშეთისკენ ძრავენ. რობიზონს თან კიდევ ერთი მწყემსი, ილია ბასილაშვილი მიჰყვება, რომელიც ქარსამაულებთან თითქმის რვა წელია მუშაობს. სამი დაქირავებული მეცხვარე მათ საღამოს შეუერთდება, როდესაც ცხვარს მთის ძირში დააბანაკებენ.

ფოტო: ნიკოლოზ მჭედლიძე
მწყემსებთან მოლაპარაკებისა და ანაზღაურების საკითხს ოჯახში რობიზონის ცოლი, თინა ბელადიძე აგვარებს. 50 წლის ქალი სრულად არის ჩართული ოჯახის სამეურნეო საქმიანობაში და როგორც სხვა მწყემსები, ისიც ყოველ გაზაფხულს ფეხით მიერეკება საქონელს მთისკენ. ოჯახს ცოტა ნახირიც ჰყავს, რომელსაც თუშეთში შედარებით გვიან მიერეკებიან, როდესაც თოვლი უკვე გამდნარია და პირუტყვს გზაზე სერიოზული დაბრკოლება არ შეექმნება.
თინა ვესტომთაში საოჯახო სასტუმროს დიასახლისიცაა და იქ ჩასულ ტურისტებს ტრადიციულ თუშურ საჭმელს – გორდილას, ხინკალს, ხავიწს, კოტორსაც სთავაზობს: – „ჩვენ, თუშებს ბავშვობიდანვე გვაქვს შესისხლხორცებული მეცხვარეობა და რადგან ჩვენი მეუღლეები და შვილები ამ პროფესიას მისდევენ, ჩვენც მხარში ვუდგავართ და მათთან ერთად გვიწევს შრომა“, – მეუბნება თინა.
რაც უფრო მეტს ველაპარაკები ქარსამაულებს თუშეთსა და მეცხვარეობაზე, მით უფრო მეტად ვიაზრებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ოჯახური ტრადიციის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. მეცხვარეობა თუშეთისთვის არა მარტო შემოსავლის წყაროა, არამედ ეს მათთვის არის გზა, შეინარჩუნონ კავშირი ისტორიულ სახლთან, რომელშიც მათი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. „ბავშვები, რომლებიც ამ შრომაში იზრდებიან, უფრო მეტად შეისისხლხორცებენ თავიანთ კუთხეს და ასე ცდილობენ, ამ პატარა ქვეყნის კიდევ უფრო პატარა კუთხემ – თუშეთმა – გააგრძელოს არსებობა“, – ამბობს თინა ბელადიძე.
თუშური თქმულებები და ლეგენდებიც, რომლებიც თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემა, მეტწილად მეცხვარეობას უკავშირდება. აქ ყოველ სოფელში შეხვდებით სიპი ქვით ნაშენ წინაქრისტიანულ სალოცავებს. მათ კედლებზე მიმდნარი თაფლის სანთლები წლების განმავლობაში აღსრულებულ რიტუალებზე მეტყველებს, რომლებსაც დღემდე მართავენ დღეობების, ათინგენების დროს. ასოციაცია „თუში მეცხვარის“ დამფუძნებლის, ზურაბ მურთაზაშვილის ნაშრომში „თუშეთის გეოსოციალური სამკუთხედი“, ვკითხულობთ: „წინაქრისტიანული ხანის თუშეთში, მსგავსად შუმერისა, ფურ-მესაქონლეობას მფარველობს სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღვთაება ინანა, ხოლო მეცხვარეობას – სიყვარულის, ნაყოფიერებისა და გაზაფხულის მომყვანი მწყემსი ღვთაება დორაელი (დუმუზი)“.
თუმცა, თუშეთში მეცხვარეობას უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მისდევს. მწყემსების პოვნაც ძნელია, რადგან, როგორც მეცხვარეები ამბობენ, ეს რთული საქმეა – ცხვარს დიდი შემოსავალი ვერ მოაქვს, მატყლი გაუფასურებულია და ზოგ მეცხვარეს შარშანდელი ყველი ჯერაც არ გაუყიდია.
მთაშიც უფრო და უფრო ნაკლები თუში ადის, ხოლო ალვანში მათი ძირითადი შემოსავლის წყარო სურსათის პატარა მაღაზიებია, რომლებშიც გამყიდველები ძირითადად ქალები არიან. „კაცები ან მშენებლობაზე მუშაობენ, ან სვამენ და დროს ატარებენ, ყველაზე ხშირად კი აქ ისეთ ოჯახებს შეხვდებით, რომლებიდანაც ერთი ან რამდენიმე წევრი უცხოეთშია წასული სამუშაოდ – ძირითადად ევროპაში“, – მიყვება თინა ბელადიძე, როდესაც გიორგის მანქანით ახალ მწყემსთან მოსალაპარაკებლად მივყავართ.
წელს ქარსამაულებს გაუმართლათ, რადგან იმ მწყემსის მაგივრად, რომელმაც გამგზავრების დღეს მთაში წასვლაზე უარი თქვა, სამსახურს თინას ახლო ნათესავი, 45 წლის მახო ბელადიძე დათანხმდა. ის რომ არა, გიორგის პანკისის ხეობაში მოუწევდა წასვლა გამოცდილი მეცხვარის საპოვნელად.
„იმისთვის, რომ თუშეთი განვითარდეს, იქ მიმოსვლა, წელიწადში 4-ის ნაცვლად, 12 თვის განმავლობაში უნდა გახდეს შესაძლებელი.“ – გიორგი გოცირიძე.
გიორგი ქარსამაული მეცხვარეებს საღამოს შეუერთდა, როდესაც მათ ცხვრების დეზინფექცია ან, როგორც თუშები უწოდებენ, „გაბანება“ ჰქონდათ დაწყებული. ეს აუცილებელი პროცედურა ფარას მთაში აყვანამდე უტარდება ცხოველების პარატიზებისგან გასაწმენდად. ამისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიოუსაფრთხოების, ანუ ვეტერინარული ზედამხედველობის ექვსი პუნქტი აქვს მოწყობილი: ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანში, თელავში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში.
ასეთ პუნქტებში ცხვრის „გაბანება“ უფასოა, თუმცა დედოფლისწყაროში, სადაც ქარსამაულებს ფარა აპრილში უნდა გაებანათ, ადგილი დაკეტილი დახვდათ, რადგან პუნქტი მუშაობას მხოლოდ მაისიდან იწყებდა. ფარის პატრონებს ამიტომ ისევ ძველი, კერძო, ფასიანი აბაზანის გამოყენება მოუხდათ, რომლითაც ისინი ახალი ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტების აშენებამდე სარგებლობდნენ.
ცხვრების „გაბანება“ დაგეგმილზე ოთხი საათით გვიან დაიწყო, რამაც მეცხვარეების მგზავრობის გეგმები შეცვალა. ცხვრების დეზინფექციის პროცედურას მთლი დღე დასჭირდა და საღამოს მეცხვარეებს იქვე, მდინარის პირას დაბანაკება მოუხდათ – ეს კი დაგეგმილი გრაფიკიდან თითქმის ერთი დღით ჩამორჩენას ნიშნავდა.
ბიოუსაფრთხოების წესების გარდა, მეცხვარეები მკაცრად იცავენ მთის ტრადიციულ კანონებსაც. საგზალში, რომელიც გიორგი ქარსამაულმა მწყემსებს ბანაკში მიუტანა, ღორის ხორცისგან დამზადებული პროდუქტი არ ურევია. თუშეთში ღორის ხორცის არათუ ჭამა, არამედ ატანაც კი აკრძალულია. ეს ტრადიციაც წინაქრისტიანული წეს-ჩვეულებებიდან მომდინარეობს და მას დღემდე საგულდაგულოდ იცავენ. ზოგიერთი თუში ოჯახი ღორის ხორცს ბარშიც არ ჭამსო, – ამბობს გიორგი ქარსამაული. თუშებს სჯერათ, რომ ღორის ხორცის მთაში ატანა უბედურების მომტანია და სალოცავებისგან სასჯელს იმსახურებს.

ბავშვობაში, როდესაც ზაფხულში მთისკენ დავიძრებოდით, ღორის ტყავისგან შეკერილ ქალამნებს ბარში, მთის ძირში ვტოვებდით იმ ადგილას, საიდანაც უკვე თუშეთი იწყებაო – მიყვება 83 წლის მაშო აბაიძე-ბეწუნაიძე, რომელიც ყოველ ზაფხულს ადის თუშეთის ისტორიულ სოფელ დიკლოში და სანამ შვილები და შვილიშვილები ბარიდან მოაკითხავენ, სახლში მარტო უვლის საქონელს.
ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე ამ სოფელში კარგად არის შემონახული ტრადიციული თუშური არქიტექტურა – ბრტყელი სიპი ქვისგან ნაშენი სახლები და მათ შორის ჩადგმული სასიგნალო კოშკები, რომელთა უმეტესობაც XVII-XVIII საუკუნეებშია აგებული. მაღალი მთებით გარშემორტყმულ ტრიალ მინდორზე მდგარი ეს კოშკები ისტორიულად თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა, დღეს კი ადგილობრივ მოსახლეობას აქ საოჯახო სასტუმროები აქვს მოწყობილი. სოფელთან ახლოს, მთის წვერზე, ძველი დიკლოს ციხე-კოშკის ნანგრევები მოჩანს, სადაც თუშური გადმოცემების მიხედვით არაერთი ბრძოლა გამართულა ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსულ მტერს შორის.
თუშეთის მხარე ოთხ თემად არის დაყოფილი – ჩაღმა, გომეწარი, პირიქითი და წოვათა, თუმცა ოთხი თემიდან მხოლოდ პირველი სამია დასახლებული, წოვათას თემში კი სოფლების ნანგრევებიღაა შემორჩენილი და იქ სამანქანო გზაც აღარ ადის. მიუხედავად იმისა, რომ წოვათუშები ისტორიულ სახლებში ზაფხულობით ასვლასაც კი ვერ ახერხებენ, მათ დღემდე აქვთ შემორჩენილი საკუთარი სალაპარაკო ენა – ბაცბური, რომელიც სრულიად განსხვავდება როგორც ქართულის, ასევე თუშური დიალექტისგან.
რამდენადაც თვალწარმტაცია თუშეთის სოფლები, რომლებიც მთის მწვერვალებსა ან ფერდობებზეა გაშენებული, იმდენად სევდიანია იმის ხილვა, რომ მათი უმეტესობა სრულიად არის დაცარიელებული. აღფრთოვანებას იწვევს არა მარტო არქიტექტურა, არამედ ისიც, რომ საუკუნეების წინ აშენებული ეს სოფლები თავიდან ბოლომდე მორგებულია თუშების მომთაბარე ცხოვრების წესს. თუშები სოფლებს ტრადიციულად ორ ნაწილად აშენებდნენ: ძირითადი საცხოვრებელი, ანუ სოფელი, მთის ნაკლებად დაქანებულ, მზიან ფერდობებზე შენდებოდა, სადაც მოსახლეობა ზამთარში ცხოვრობდა. სოფლის მეორე ნაწილში კი, რომელსაც „ბოსელს“ უწოდებდნენ, ადამიანების საცხოვრებლებთან ერთად, საქონლის სადგომები იყო მოწყობილი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ზაფხულში გადაინაცვლებდა ხოლმე.


1 – შირაქის ზამთრის საძოვრებიდან ალვანამდე ცხვრის გადარეკვას თითქმის ერთი კვირა სჭირდება.
2 – ცხვრის გადარეკვის მარშრუტის ნაწილი არსებულ სამანქანო გზას მიუყვება.
3 – თუშეთის სივრცითი მოწყობის გეგმაში შესული შემოვლითი გზა ხადორის ხეობის გავლით სოფელ ომალოს უნდა დაუკავშირდეს.
4 – დაახლოებით ამ ადგილიდან თუშეთის გზაზე მობილური ტელეფონი სიგნალს აღარ იჭერს.
5 – ცხვრის გადარეკვისას გზის ყველაზე რთული ნაწილი უღელტეხილზე (ცერზე) გადის, სადაც გაუკვალავ თოვლში უნდა გაიარო.
6 – მეცხვარეები გადარეკვისას ფარას ერთი ღამით ორწყალში, ორი მდინარის შეერთების წერტილში აშენებულ პატარა ბაკში აბინავებენ.
★ – ქარსამაულების სოფელ ვესტომთაში სამანქანო გზა არ ადის, იქამდე მხოლოდ მთის ფერდობებსა და ხევებზე გამავალი საცალფეხო ბილიკებით მიხვალთ.
რუკა: NGM-საქართველო/გიორგი ფარცხალაძე, რუსუდან ყიფიანი;
წყარო: „გეოგრაფიკი“; გიორგი გოგუა
თუშეთში, სადაც ევროპის ყველაზე მაღალ, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე აშენებულ სოფელ ბოჭორნას შეგიძლიათ ესტუმროთ, დღეს ისტორიული ნაგებობების დიდი ნაწილი ან დანგრევის პირასაა, ან იერსახე აქვს დაკარგული. ბევრი სახლი მიტოვებულია, რადგან აქ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი ამოდის ზაფხულობით, ზამთარში კი დიდთოვლობის გამო სამანქანო მიმოსვლა შეუძლებელია და თუშეთში სულ რამდენიმე ადამიანი თუ რჩება.
„სოფლები თითქმის ცარიელია, ვისაც სასტუმროები აქვს, ძირითადად ისინი ამოდიან“, – მეუბნება 63 წლის ნუნუ საღირიძე, რომელსაც გომეწრის თემის სოფელ ვერხოვანში XVIII საუკუნის ციხე-კოშკში სასტუმრო აქვს მოწყობილი. სამანქანო გზა ამ სოფლამდეც არ მიდის და იქ მისასვლელად მანქანით მდინარე უნდა გადაიაროთ.
იმისთვის, რომ თუშეთი განვითარდეს, იქ მიმოსვლა წელიწადში 4-ის ნაცვლად 12 თვის განმავლობაში უნდა გახდეს შესაძლებელი“, – ამბობს კომპანია „გეოგრაფიკის“ დამფუძნებელი და დირექტორი, გეოგრაფი გიორგი გოცირიძე. „გეოგრაფიკი“ არქიტექტურულ კომპანიასთან „სტუდია 21“ ორი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის შესადგენად, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტმა 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა.
პროექტი დეტალურად განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა განვითარდეს მუნიციპალიტეტი გრძელვადიან პერსპექტივაში – მაგალითად, როგორ უნდა შენარჩუნდეს და აღდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ისე, რომ თუშეთის იერსახე არ დაიკარგოს, როგორი კომუნიკაციის არხები უნდა აშენდეს და ასე შემდეგ.
თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი სამანქანო გზის რეაბილიტაცია კი ამ პროექტის უმთავრესი ნაწილია. გეგმა მოიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წრიულ საგზაო ინფრასტრუქტურას და მუნიციპალურ მობილობას დასახლებებთან მაქსიმალური მიღწევადობისა და მთელი წლის განმავლობაში მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფის აუცილებლობის გამო.
„აღნიშნული წრიული გზა (რომელიც პანკისის ხეობიდან წოვათას გავლით უერთდება გომეწარს, ომალოს და აბანოს უღელტეხილით ისევ ალაზნის ხეობას უბრუნდება) მოიცავს ყველა თემის მთავარ კარიბჭეებს და მაქსიმალურად მოქნილს ხდის კლდეზვავებით, მეწყრებითა და თოვლზვავებით მოწყვეტილი სოფლების სიცოცხლისუნარიანობის მართვას“, – ამბობს გიორგი გოცირიძე.
„სტუდია 21-ის“ დამფუძნებელი, არქიტექტორი გია აბულაძე კი მეუბნება: „დღეს თუშეთში გვაქვს სეზონური, ჩიხური გზა. არსებული გზა თავისი პარამეტრებით ყველაზე დაბალი კატეგორიის საავტომობილო გზაზე უარესია“. თუმცა, წრიული გზის არსებობის გადაუდებელი საჭიროების მიუხედავად, სივრცითი მოწყობის გეგმა ხაზს უსვამს ნებისმიერი გზის პროექტირებისას სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებების და საჯარო განხილვების ჩატარების სამართლებლივ აუცილებლობას.

თუშეთის გზის პრობლემურობაში ჩვენ თვითონვე დავრწმუნდით, როდესაც გასული წლის მაისში National Geographic – საქართველოს ჯგუფს მეცხვარეებთან ერთად მოგზაურობისას წვიმამ მოგვისწრო. სტიქიამ ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზა თითქმის მთლიანად გაანადგურა, იქიდან თავის დაღწევა კი სულაც არ აღმოჩნდა ადვილი.
კარგ ამინდში ეს გზა ქვეითებისთვის საკმაოდ უსაფრთხოა. ის სოფელ ფშაველიდან ჯერ მდინარე სტორის ხეობას მიუყვება, შემდეგ კი აბანოს უღელტეხილის გავლით თუშეთის სოფელ ომალომდე ადის. მისი ყველაზე მაღალი წერტილი 3000 მეტრამდე აღწევს. მეცხვარეების მარშრუტის თითქმის ნახევარი სწორედ ამ გზას მიუყვება და ეს მონაკვეთიც ყველაზე ნაკლებ სახიფათოა, თუმცა, როგორც 2019 წლის 9 მაისს დაწყებულმა სტიქიურმა უბედურებამ გვიჩვენა – მხოლოდ კარგ ამინდში.
ცხვრის „გაბანების“ მეორე დღეს ფარა დილის შვიდ საათზე დაიძრა თუშეთისკენ, რათა დაღამებამდე ტყისთავამდე მიესწროთ – იქ უკვე ალპური ზონაა, ზღვის დონიდან თითქმის 3000 მეტრზე. აქ მწყემსების საბოლოო ბანაკია უღელტეხილზე (ან, როგორც მეცხვარეები უწოდებენ, ცერზე) გადასვლამდე, სადაც სამანქანო გზა აღარ არის და ცხვარმა გაუკვალავ თოვლში უნდა გაიაროს.
გრაფიკიდან ჩამორჩენის გამო, მეცხვარეებმა დაგეგმილ ადგილამდე ვერ მიაღწიეს და შებინდებისას ფარა მთის ფერდობზე გზის პირას, მოსახვევში დააბინავეს. აქ არც გაშლილი ადგილია, არც ბალახი, რომ ცხვრებმა მოძოვონ, თუმცა სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენმა გუნდმა კარვები პირდაპირ გზაზე გაშალა, სადაც ერთ დროს ბეტონი ან ასფალტი უნდა ყოფილიყო დაგებული, ახლა კი ადგილ-ადგილაა შემორჩენილი მყარი საფარი.
მეცხვარეები კარვებით არ დადიან, კარვები და საძილე ტომრები მგზავრობისთვის ზედმეტად მძიმეა, – მეუბნება მეცხვარე ილია ბასილაშვილი, – ამიტომ ურჩევნიათ, ცხენებს მხოლოდ ნაბდები აჰკიდონ და წვიმის დროს პოლიეთილენის ან ბრეზენტის ნაჭრებს იფარებენ და ისე იძინებენ მიწაზე“.
საღამოს აცივდა. ცხრა საათისთვის წვიმაც დაიწყო, თუმცა ჯერ მხოლოდ ცრიდა. კოცონის ირგვლივ შეკრებილი მწყემსები ვარაუდობდნენ, რომ წვიმა ნახევარ საათში გადაიღებდა, მაგრამ ღამით ნალექი კიდევ უფრო გაძლიერდა და გამთენიისას უკვე სეტყვასა და თოვლჭყაპში გადაიზარდა.


2019 წლის 9 მაისის სტიქიამ თუშეთში მიმავალი მთავარი გზა თითქმის მთლიანად გაანადგურა. ამ ფოტოზე ჩანს დამეწყრილი სერპანტინი, რომლის გავლასაც National Geographic საქართველოს გუნდი მეცხვარეებთან ერთად ცდილობდა აბანოს უღელტეხილიდან ბარში დაბრუნებისას. როგორც მეცხვარეები ამბობდნენ, ასეთი მასშტაბის სტიქიას უკვე ათწლეულებია აქ არავინ მოსწრებია (მარცხნივ). ქარსამაულებს 9 მაისს 100-მდე ცხვარი დაეხოცათ, რაც ათასობით ლარის ზარალია (მარჯვნივ).
ფოტო: ნიკოლოზ მჭედლიძე
მთის კალთები, რომლებიც წინა დღეს ყვითელი ბალახით იყო დაფარული, დილას თოვლს გადაეთეთრებინა. ალაგ-ალაგ ჩამოწოლილი მეწყერი სულ უფრო ქვევით, ხრამისკენ მიიწევდა და ყოველ წუთს უფრო და უფრო მეტად იზრდებოდა. მწყემსებმა ცხვარი სასწრაფოდ ჩარეკეს ბარისკენ, რათა მთის ფერდობზე, მეწყრისა და ღვარცოფისგან უსაფრთხო ადგილას გადაეყვანათ, ან, თუ საჭირო გახდებოდა, სულაც ბარში დაებრუნებინათ.
ჩვენც სასწრაფოდ დავიძარით დაღმართზე, თუმცა ამოწვერილ მზეს უკვე მოესწრო გაყინული თოვლის გალღობა და ჩამოწოლილი მეწყრის გამო გზის გაგრძელება მანქანით შეუძლებელი გახდა. მეცხვარეებმა გაგვასწრეს, ჩვენ კი ავტომობილი მოსახვევში, შედარებით უსაფრთხო ადგილას გავაჩერეთ. დილის შვიდ საათზე ისევ თოვდა და მთის ფერდობებიდან დაგორებული ქვების ხმაური მანქანის დახურულ ფანჯრებში აღწევდა. ხრამის პირას გაჭედილები ვცდილობდით, როგორმე გვეპოვა ფიჭური სიგნალი, რომ ვინმესთან დაკავშირება შეგვძლებოდა. რამდენიმე წუთში მთას გრუხუნით მოსწყდა თოვლის უზარმაზარი მასა. ზვავისგან გადამტვრეული ხეების გამაყრუებელმა ხმაურმა ექოდ მოაღწია ხევიდან.
გზის გაგრძელება მხოლოდ ორ საათში შევძელით, როდესაც რეინჯერებმა სავალი ნაწილის ბულდოზერებით გასუფთავება დაიწყეს, თუმცა სპეციალური ტექნიკით გზის გაწმენდა მხოლოდ იმ მონაკვეთებში აღმოჩნდა შესაძლებელი, სადაც მეწყერი იყო ჩამოწოლილი. გზის დიდი ნაწილი სტიქიას ჩაენგრია და ახლა ამ ადგილებში რამდენიმე მეტრის სიგანის ღრმა ნაპრალები გაჩენილიყო, ალაგ-ალაგ კი გზის მთელი მონაკვეთი იყო განადგურებული.
გზის გაგრძელება მეცხვარეებმაც ვერ შეძლეს – ვერც წინ მიდიოდნენ, ვერც – უკან. მთელი გზა დახოცილი ან მომაკვდავი ცხვრებით იყო მოფენილი. მწყემსები მომაკვდავ ცხვრებს ყელს სჭრიდნენ, რომ მათი ხორცი ან ტყავი მაინც გამოეყენებინათ. გადარჩენილი ცხვარი კი დამშეული დაფანტულიყო მთის ფერდობებზე და აქა-იქ ამოჩრილ გამხმარ ბალახს წიწკნიდა. „ეს რა გააკეთა, კაცო! – ლუღლუღებდა მთელი ღამის უძინარი რობიზონი, – მთელი ცხოვრება მთაში დავდივარ და ასეთი სტიქია ჯერ არ მახსოვს“. ქარსამაულებმა 100-მდე ცხვარი დაკარგეს, რაც რამდენიმე ათასი ლარის ზარალია.
მეცხვარეებმა ცერზე გადასვლა მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოახერხეს. ამ დროის განმავლობაში მათ ორჯერ სცადეს უღელტეხილის გავლა, მაგრამ უშედეგოდ. მესამე დღეს, დილაადრიან, როდესაც თოვლი ჯერ კიდევ გაყინული იყო, როგორც იქნა, ცერი გადალახეს, თუმცა არც მეორე მხარეს დახვდათ კარგი მდგომარეობა. სტიქიის გამო ხევში დაგუბებულ ტბას გზა ჩამოერეცხა და მეცხვარეებს მისთვის გვერდის აქცევა მოუხდათ


თუშეთში ხშირად შეხვდებით მწყემს ქალებს, მათ უმეტესად ნახირი აბარიათ და მამაკაცების მხარდამხარ შრომობენ. მათაც ყოველ წელს უწევთ თუშეთიდან ბარისკენ (და პირიქით) ურთულესი გზის გავლა მიუხედავად ასაკისა (მარცხნივ); სოფელ დიკლოს ამ ღია ცისქვეშ სამზარეულოში მხოლოდ კაცები ტრიალებენ – ქალები შორიდან ეხმარებიან ხინკლის მომზადებაში. მოგვიანებით კი ყველანი ერთად მიუსხდებიან საზეიმო სუფრას (მარჯვნივ).
ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო (მარცხნივ), ნიკოლოზ მჭედლიძე (მარჯვნივ)
მას შემდეგ, რაც ამ ადგილას 2017 წელს ჩამოწოლილმა მეწყერმა მდინარის კალაპოტი ჩახერგა და ტბა გააჩინა, გზას თითქმის ყოველ გაზაფხულზე წყალი ანგრევს. ამიტომ, მთელი გზის მონაკვეთის სრული რეაბილიტაციის დაწყებამდე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასეთი, ყველაზე პრობლემური მონაკვეთების შეკეთებაზე მუშაობს.
გზების დეპარტამენტი მუშაობს 238-კილომეტრიანი სნო-ჯუთა-როშკა-არხოტი-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის დამაკავშირებელ პროექტზეც, რომელიც გზის ამ მონაკვეთს მოიცავს და რომელმაც გარემოს დამცველი ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია.
„მთავარი შეცდომა ისაა, რომ პროექტის ავტორები შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის დამაკავშირებელი გზის გაყვანაზე ლაპარაკობენ მანამდე, სანამ გარემოზე ზემოქმედების შეფასება დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ერთიანი გზის და არა მისი ცალკეული მონაკვეთების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება“, – ამბობს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ბიომრავალფეროვნების პროგრამების ხელმძღვანელი ირაკლი მაჭარაშვილი. მთელი თუშეთი სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა. აქ არის სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი და დაცული ლანდშაფტი. გარდა ამისა, 2019 წელს თუშეთი გახდა პანევროპული ეკოლოგიური ქსელის – „ზურმუხტის ქსელის“ ნაწილი, რომელიც ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის, ანუ „ბერნის კონვენციის“ ეგიდით დაცულ სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის ტერიტორიებს აერთიანებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი კანონით დაწესებულ მკაცრ რეგულაციებს უნდა მოერგოს და დეტალურად განისაზღვროს მათი სტრატეგიული მნიშვნელობა.
გარემოზე ისეთი მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე საქმიანობის დასაწყებად, როგორიც ხევსურეთისა და თუშეთის დამაკავშირებელი გზაა, გზების დეპარტამენტმა ნებართვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან უნდა აიღოს. გარემოს დაცვის სამინისტრომ გზების დეპარტამენტს რამდენჯერმე მოსთხოვა შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის სხვადასხვა მონაკვეთის გზის პროექტების ჩასწორება, შესაბამისად, პროექტი ჯერ კიდევ მუშავდება და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშიც მომზადების ეტაპზეა.
გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი ამბობს, რომ შესაძლებელია, საავტომობილო გზა დაცულ ტერიტორიებზეც გავიდეს: „მსოფლიოში არსებობს პრაქტიკა, ევროპაშიც და ამერიკაშიც, სადაც გზები ნაკრძალებზეც კი გადის. რა თქმა უნდა, არსებობს გარემოსდაცვითი რეგულაციები, ნორმები და სტანდარტები, რომლებიც მსგავსი სამუშაოს დაწყებისას უნდა გავითვალისწინოთ, ხოლო გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემთხვევაში, საკომპენსაციო ქმედება და შემარბილებელი ღონისძიებები უნდა შემუშავდეს. თუმცა, ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, რადგან პროექტირება ჯერ არ დასრულებულა“.
გარემოს დამცველმა აქტივისტებმა და ორგანიზაციებმა გზის ამ პროექტის წინააღმდეგ პეტიციაც შეიმუშავეს, რომელსაც 13 ათასამდე ადამიანმა მოაწერა ხელი. „ეს პროექტი თუშეთში მასობრივ ტურიზმზეა გათვლილი, რაც ველურ ბუნებას საშიშროებას შეუქმნის. ხალხს თუშეთი იმით იზიდავს, რომ შეგიძლია ფეხით და ცხენით იარო ისეთ გრძელ მანძილებზე, რომლებზეც მანქანით ვერ ივლი. ეს თვითონ ღირსშესანიშნაობაა“, – მეუბნება პეტიციის ერთ-ერთი ავტორი, კავკასიის გარემოს ფონდის სადამკვირვებლო საბჭოს წევრი, თეოდორ ჯონასი და დასძენს, რომ პეტიცია ეწინააღმდეგება ამ მონაკვეთზე ახალი, კაპიტალური გზების გაყვანას და არა აქ უკვე არსებული გზების რეაბილიტაციას.

ტურიზმი თუშეთში სეზონურია. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, სამანქანო გზის გახსნასთან ერთად, ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლები მთაში ყველგანმავალი მანქანებით ადიან. „თუშეთი საოცარი მხარეა, რადგან აქ სრულიად წყდები სამყაროს – ტელეფონი არ იჭერს, ურთიერთობაც ლაღია. ხალხი ეგრევე თავისად გიღებს და გიმეგობრდება. ერთხელ უცხოელმა ტურისტებმა მკითხეს, რატომ ესალმები ყველას, ვინც გზაზე გხვდებაო. ავუხსენი, რომ აქ ასეთი ტრადიციაა, უცხოებსაც ესალმებიან. შემდეგ მათაც დაიწყეს იმავეს კეთება“, – ყვება გიდი გაგა ჩიკვაიძე, რომელსაც საკუთარი „მიცუბიში დელიკათი“ დაჰყავს ტურისტები თბილისიდან თუშეთში.
გიდები დამსვენებლებს თუშეთის რამდენიმედღიან საფეხმავლო და საცხენოსნო ტურებსაც სთავაზობენ, რომლებიც მოიცავს ისტორიული სოფლებისა და ეროვნული პარკის დათვალიერებას. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწყობილ საოჯახო სასტუმროებში დამსვენებლებს ტრადიციული კერძების მომზადებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, რის შემდეგაც აუცილებლად იშლება სუფრა თუშური სადღეგრძელოებით. ასეთ სუფრაზე „უჯამაგირო მწყემსების“ სადღეგრძელოსაც მოისმენთ. ამ სადღეგრძელოთი თუშები პატივს მიაგებენ მეცხვარე ძაღლებს, რომლებიც ფარას მთელი წლის განმავლობაში იცავენ მტაცებლებისგან.
თინა ბელადიძე ვესტომთის პატარა სასტუმროში უკრაინელი ტურისტების ჯგუფს მასპინძლობს და მათთან ერთად ახვევს ხინკალს. საოჯახო სასტუმროს უკან, ხის პატარა შენობიდან, სადაც ვახშამს ამზადებენ, მხიარული საუბრის ხმა გამოდის.
ქარსამაულებმა საგვარეულო სახლის სასტუმროდ გადაკეთება რამდენიმე წლის წინ დაიწყეს; მისი კეთილმოწყობა ჯერაც არ არის დასრულებული, რადგან სამშენებლო მასალის ცხენებით ზიდვას დიდი დრო სჭირდება. შენობის პირველი სართული ბრტყელი სიპი ქვით არის ნაგები, მეორე კი – ხით, რომელიც თუნუქის ფირფიტებით მოუპირკეთებიათ. რადგანაც ჩვენი გადამღები ჯგუფის ჩასვლა ტურისტების ვიზიტს დაემთხვა, სასტუმროში ყველასთვის საკმარისი ოთახი არ აღმოჩნდა. საღამოა, წვიმას აპირებს და თინა ცდილობს, დაბნელებამდე მოუძებნოს ყველას ღამის გასათევი ადგილი. ჩვენი ჯგუფის ნაწილს იგი საბოლოოდ მეზობელ სახლში აბინავებს, რომელიც მის ნათესავს ეკუთვნის, მაგრამ რომელშიც წლების განმავლობაში არავინ ასულა.
სანამ თინა ტურისტებს ემსახურება, მისი ქმარი, რობიზონი, სოფლიდან სამასიოდე მეტრში, გორის წვერზე მოწყობილ მწყემსების ბინაში უვლის ფარას. მეცხვარეები პირუტყვს დღეში ერთხელ ან ორჯერ წველიან, დილაადრიან და საღამოს. რძეს ტრადიციული მეთოდით იქვე დაკრეფილი ჭინჭრის ფოთლებით ფილტრავენ და მას ყველის ამოსაყვანად ამზადებენ. ბაკთან მოწყობილ პატარა ქოხში ცხვრის ტყავის გუდები უკვე გამზადებულია. გუდაში დასავარგებლად ყველს დაახლოებით ორმოცი დღე სჭირდება.
გუდაში ყველის დამზადების ძველი ტრადიციული მეთოდი საბჭოთა კავშირის პერიოდში თითქმის დაიკარგა, პრიორიტეტული მატყლის წარმოება იყო და ცხვრის ყველი ბარში, კოლმეურნეობებში იწარმოებოდა. დღესაც ბაზარზე ხშირად შეხვდებით ცელოფნის პარკებში დამზადებულ ყველს, რომლებიც „გუდის ყველის“ სახელით იყიდება. სწორედ ცელოფანში, ხშირად არაჰიგიენურად დამზადებულმა ყველმა გაუჩინა ხალხს არასწორი დამოკიდებულება, რომ თუშური ცხვრის ყველი აუცილებლად უნდა ყარდესო, ამბობს გიორგი ქარსამაული.
2019 წელს თუშური გუდა ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტად დაარეგისტრირეს, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდაჭერა გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების მეშვეობით“. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორის – მარიამ ჯორჯაძის აზრით, რომელიც უკვე 25 წელიწადზე მეტია, საქართველოში ორგანული სოფლის მეურნეობის გაძლიერებისთვის მუშაობს, „თუშური გუდა არის სპეციფიკური, განსაკუთრებული პროდუქტი – მსგავსი სხვა არ არსებობს, რადგან მომთაბარეობისა და გუდაში ყველის დავარგების საუკუნეებით განმტკიცებული ტრადიციული ცოდნა, თუშური ცხვარი და ის ბალახი თუ კლიმატი, რა პირობებშიც რძე იწველება და ყველი მზადდება, მხოლოდ თუშეთისთვის არის დამახასიათებელი“.
ტურისტული მარშრუტების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი დღეობებია. ივლისის დაწყებასთან ერთად სოფლები თავ-თავის დღეობებს, ათინგენებს აღნიშნავენ. ერთ-ერთ ასეთ დღეობას, ხითანობას, ჩვენც შევესწარით. კილომეტრებზე გადაჭიმული მდინარის ქვა-ღორღიან ჭალებში მხედრები ცხენებს თავგანწირვით მოაჭენებდნენ. ფინიშამდე დაუზიანებლად რამდენიმე მათგანმა მიაღწია, მაგრამ მათთვის ეს იმად ღირდა, რომ დოღის დასასრულს პატარა თუშურ სალოცავთან არყით დაელიათ სადღეგრძელოები და ყოველ ჯერზე ერთხმად შემოეძახათ, „გარევედ’ გარევ, გვწყალობდეს!“ (ითარგმნება, როგორც „კიდევ და კიდევ, გვწყალობდეს!“).
ასეთი შეჯიბრებები ყველა დღეობის აუცილებელი ნაწილია. ზოგჯერ მხედრები ერთმანეთს ციცაბო დაღმართებზე დაშვებაში ეჯიბრებიან, ზოგჯერ ოჩოფეხებზე (თუშურად, ქოკებზე) სიარულში, ზოგჯერ კი ქალებსა და კაცებს შორის ნამდვილი ბრძოლა იმართება, როდესაც შუბ- და შოლტებმომარჯვებული ქალები მოზარდებთან ერთდ ცდილობენ, გზა გადაუღობონ ცხენზე ამხედრებულ კაცებს (ბუნებრივია, ყველა იარაღი, რომელსაც შეჯიბრებების დროს იყენებენ, ბლაგვია და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის).
ყველა ეს შეჯიბრება გადმონაშთია თუშეთის ისტორიული წარსულისა, რომელშიც მხედრობაც, ოჩოფეხებზე შედგომაც და ქალების მიერ საკუთარი ტერიტორიის დაცვაც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო.
„თუშეთში ისტორიულად ქალები მამაკაცებთან ერთად სწავლობდნენ საბრძოლო ხელოვნებას“, – მეუბნება კობა ბახტურიძე, National Geographic-ის ექსპედიციის კონსულტანტი თუშეთში. კობა წარმოშობით თუშია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ცხოვრობს, ყოველ ზაფხულს ესწრება ან თავად მასპინძლობს დღეობებს. იგი ხშირად სიამაყით აღნიშნავს, რომ ქალები თუშურ საბჭეოებში, ანუ ერთგვარ სასამართლოებში მოსამართლის ფუნქციას ისევე თანაბრად ასრულებდნენ, როგორც კაცები. მიუხედავად ამისა, თუშეთში მკაცრად არის გაყოფილი „დედათა და მამათა“ სალოცავები. ბავშვების და მოხუცების გარდა, „მამათა“ სალოცავებში ქალები არ დაიშვებიან და – პირიქით.
გაგიჭირდებათ იპოვოთ თუში, რომელსაც ყოველ ზაფხულს თვალი დათოვლილი მთებისკენ არ უჭირავს. ერთმანეთთან ღრმა ხევებზე გამავალი ვიწრო ბილიკებით დაკავშირებული, მაღალ მთებში მიმოფანტული პატარა სოფლები აქაურებისთვის არამარტო მამაპაპისეული მიწაა, არამედ საკრალური ადგილია, რომელსაც ლექსებსა და სიმღერებს უძღვნიან. აქ ჩამოსვლა ზოგისთვის საქმიანობის ნაწილია, ზოგისთვის – ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევა. ეს მათი ცხოვრების წესია, რომელსაც ისინი საუკუნეების განმავლობაში იცავენ.

სამუშაოდ საზღვარგარეთ წასული თუშებიც პირველივე შესაძლებლობის გამოჩენისთანავე უბრუნდებიან მთას. „ვერ წარმომიდგენია, რომ წელი გავიდეს და არ ჩამოვიდე“, – მეუბნება 34 წლის მაია იუკურიძე, რომელიც 15 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ომალოში, სასტუმროს ეზოში, ხის გრძელ სკამზე ვსხედვართ, ჩვენ წინ კი მაღალ მთებს შორის მოქცეული ხეობა იშლება, საიდანაც მდინარის ხმაური აღწევს.
წინა ღამით ომალოში, პატარა სასტუმროს წინ დანთებული კოცონის ირგვლივ შემომსხდარი ფრანგი ტურისტებისთვის მაია გიტარისა და აკორდეონის თანხლებით შვილთან ერთად ასრულებდა ხან თავის დაწერილ თუშურ სიმღერებს, ხან კი – ამერიკულ ბლიუზსა და ფოლკს. „მინდა, ყველამ ნახოს, ყველამ დააფასოს, რატომაც გვიყვარს ეს მთა“, – მეუბნება მაია და დასძენს, რომ შვილსაც სწორედ ამ სიყვარულით ზრდის.
შემოდგომის დადგომასთან ერთად, ხალხი თუშეთიდან ბარში ჩასვლას იწყებს. სექტემბრის ბოლოსთვის მეცხვარეებიც დაძრავენ ცხვარს და ბარისკენ დაეშვებიან. უკვე დათოვლილი უღელტეხილის ციცაბო ბილიკზე მწკრივად შეფენილ დედალ ცხვრებს ბატკნები ბღავილით გაჰყვებიან, ფარას თავში და ბოლოში ჩამდგარი მწყემსები კი სტვენა-სტვენით გარეკავენ ცხვარს.
სანამ დაიძრებიან, რობიზონი, ძველი თუშური ტრადიციისამებრ, სიპი ქვის კედელზე დამაგრებულ თაფლის სანთელს აანთებს, არყით იტყვის გასავლელი გზის სადღეგრძელოს და სასმელს მოხარშული ცომისგან დამზადებულ საჭმელს, თუშურ გორდილას მიაყოლებს.
სამი დღის შემდეგ ბარში ჩასულ რობიზონს გზაშივე შეეგებებიან გადამყიდველები, რომლებიც მზად არიან, ასობით ცხვარი იქვე იყიდონ და სატვირთო ავტომობილში შეყარონ. რობიზონი არ იჩქარებს, იცის, რომ გზად სხვა შემოთავაზებებიც ექნება და ყველა მყიდველს გიორგისკენ გადაამისამართებს.
გასაყიდია ყველიც, რომელიც მეცხვარეებს მთელი ზაფხულის განმავლობაში დაუგროვდათ. გიორგის უნდა, რომ ტრადიციულ გუდის ყველთან ერთად ახალი ნაირსახეობის წარმოებაც დაიწყოს, რისთვისაც უკვე რამდენიმე წელია, ევროპული ყველის დამზადების მეთოდებს სწავლობს. ეს ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტია, თუმცა მას სჯერა, რომ რამდენიმე წელიწადში წარმოებას გაზრდის. მას უნდა, რომ მეცხვარეობით ახალგაზრდა თუშებიც დაინტერესდნენ. სულ ათი-თხუთმეტიღა ვართ ჩემი თაობის მეცხვარეებიო, მეუბნება გიორგი. მისი მიზანია ევროპული სტანდარტების შესაბამისი ჯანსაღი პროდუქტის წარმოება.
თინა ბელადიძე ნახირს ბარში მეცხვარეებზე ადრე გარეკავს უმცროს შვილ ფარნასთან ერთად. სამი დღის განმავლობაში ისევ ღია ცის ქვეშ, ნაბადში გახვეულმა უნდა დაიძინოს, შემდეგ კი მწყემსების ჩამოსვლას ალვანში დაელოდება.
ოცდაათი წლის განმავლობაში, რაც თინა და რობიზონი ამ საქმიანობას ეწევიან, არასოდეს ყოფილან დასასვენებლად. „არჩევანი რომ გქონდეთ, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?“ – ვეკითხები მათ. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ თინა მპასუხობს, რომ არაფერს შეცვლიდა: „წლებია მაქვს იმის სურვილი, რომ სხვა საქმე დავიწყო, მაგრამ ალბათ ძალიან გვაქვს თუშეთი შესისხლხორცებული. თუ ერთხელ მიეჯაჭვე შენს კუთხეს, ისე გიყვარდება, რომ აღარც გახსოვს ის წვალება, შრომა და ჯაფა, რაც მთელი ზაფხულის მანძილზე გამოიარე. უღელტეხილზე რომ ფეხით გადახვალ, ყველაფერი გავიწყდება: ქარბუქიც, თოვლიც და ქარიშხალიც და როცა ბარში გაზაფხული მოვა, ისევ მთას გახედავ და გაიფიქრებ: „ნეტა როდის…“
ჟურნალისტი და ფოტოგრაფი გიორგი გოგუა National Geographic – საქართველოსთან უკვე მეორედ თანამშრომლობს, ამჯერად როგორც ავტორი. ფერნანდო ხავიერ ურკიხო არგენტინული წარმოშობის ფრანგი ფოტოგრაფია, რომელიც ძირითადად არქიტექტურას იღებს და ხშირად სტუმრობს საქართველოს. ნიკოლოზ მჭედლიძე არქიტექტორი და ფოტოგრაფია. National Geographic – საქართველოსთან ორივე ფოტოგრაფს უთანამშრომლია, თუმცა ეს პირველი ვრცელი სტატიაა მათთვის.
დოკუმენტური ფილმი “გზაზე” სწორედ თუში მეცხვარეების სირთულეებით აღსავსე სეზონურ მიგრაციასა და ცხოვრების წესზე მოგითხრობთ.