გზიდან მონათხრობი ამბები
დედის წაკითხული ლექსები, მამის თავგადასავლები, ქალიშვილის მახვილი თვალი, ფოტოები წიგნში. რა განაპირობებს კარიერის არჩევანს?
მოგზაურობაში გავიზარდე. მამაჩემი ლონდონიდან იყო, თუმცა ოცნებობდა სოფლად, ცხენშებმულ ფურგონში ცხოვრებაზე.
მე გზაში დავიბადე 1981 წელს და პირველი წლები ინგლისში ხეტიალში გავატარე. საბოლოოდ მშობლებმა იყიდეს მიწა დევონში და იქ ფურგონებში დავსახლდით.
13 წლამდე წყალგაყვანილობა, ელექტროენერგია, ტელევიზორი არ გვქონია, მაგრამ მამაჩემი ბრწყინვალე მთხრობელი იყო; მიყვებოდა ევროპაში, ამერიკაში, აზიაში თავისი ჰიპური მოგზაურობების შესახებ. მისი მონაყოლებით და დედაჩემის მიერ ყოველ ღამე წაკითხული საბავშვო პოეზიით ვიზრდებოდი. ვფიქრობდი, ზიგფრიდ სასუნივით და უილფრედ ოუენივით ომის პოეტი გავხდებოდი.
სკოლაში ფოტოგრაფიის სწავლისას დონ მაკკალინის ვიეტნამის ომის ამსახველი ფოტოების წიგნს გადავეყარე. შავ-თეთრ ფოტოებზე დაჭრილი ახალგაზრდა საზღვაო ქვეითები ერთმანეთს უვლიდნენ. დრამატულმა და ამავდროულად რომანტიკულმა სურათებმა ჩემთვის ნაცნობი პირველი მსოფლიო ომის პოეზია მომაგონა.
მაშინ პირველად გავიფიქრე, რომ შემეძლო ფოტოჟურნალისტი გავმხდარიყავი. ქვეცნობიერად, ალბათ, ომის ფოტოგრაფირება მის შესახებ ლექსების წერაზე უფრო მარტივად მეჩვენებოდა. მშობლებს რომ მოვუყევი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, დედას ძალიან შეეშინდა, მამამ კი თავიდანვე მხარი დამიჭირა. მისი აზრით, ეს ცხოვრების შესანიშნავი გზა იქნებოდა.
დოკუმენტური ფოტოგრაფია უნივერსიტეტში შევისწავლე და 2003 წელს ერაყის ქურთისტანში გავემგზავრე ფეშმერგას ქალთა დანაყოფის შესახებ მოსათხრობად. მამამ 1970-იან წლებში იმოგზაურა ქურთისტანში და საოცარ ამბებს მიყვებოდა ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობაზე. არასოდეს მოგშივდება, არ იგრძნობ თავს მარტო, ან თავშესაფრის გარეშეო. მართალი აღმოჩნდა.
მან ასევე დაარწმუნა ბებიაჩემი, რომ 1000 ფუნტი ესესხებინა ჩემთვის. 20-ფუნტიანი ბანკნოტები უსაფრთხოებისთვის ფეხსაცმლის ლანჩების ქვეშ შევინახე. 22 წლის ვიყავი და არაფერი ვიცოდი ადგილობრივი წეს-ჩვეულებების შესახებ; არ ვიცოდი, რომ ახლო აღმოსავლეთში სახლში შესვლისას ფეხსაცმელი გარეთ უნდა დამეტოვებინა. მომიწია, მაშინ ჩემთვის უზარმაზარი თანხა კარის ზღურბლთან მიმეგდო.
ფეშმერგას ქალ მებრძოლებთან ერთად განვთავსდი სამხედრო ბაზაზე. ასე ჰყვები ადამიანის ისტორიას: მცირე დეტალების აღწერით.
რამდენიმე კვირა გავატარე ფეშმერგას 35-მდე ქალ მებრძოლთან ერთად სლემანის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე. მათ ყოველდღიურობას, ცხოვრების ყველა ასპექტს ვასურათებდი – ძილის დროს, კბილების გახეხვისას, ვარჯიშის, სადილის მომზადებისა და საგუშაგოზე დგომისას ვუღებდი ფოტოებს. მაშინ არ ვიცოდი, რომ ადამიანის ცხოვრების ისტორიის მოთხრობა თუ გინდა, ასეთი, მცირე დეტალებით უნდა მოჰყვე. უკვე წლებია, ზუსტად ასე ვიქცევი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ადამიანის ცხოვრების ფოტოგრაფიით აღწერისას.
ამ ფოტოზე ხედავთ საგუშაგოზე „კალაშნიკოვით“ მდგომ გაშოუ ჯაფარს. მანამდე არასოდეს მიმიღია მონაწილეობა ფოტოკონკურსში. ეს ფოტო ცხოვრებაში პირველად წარვადგინე დამოუკიდებელი ბრიტანული გაზეთის, Guardian-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე და, ჩემთვის გასაოცრად, მთავარი პრიზი მივიღე.
დევიდ ბეილი, ინგლისელი ფოტოპორტრეტისტი, კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო. მან ჩემი ფოტო ალბერტო კორდას მიერ გადაღებულ ჩე გევარას ცნობილ ფოტოს მიამსგავსა. 5000 ფუნტი და ახალი მივლინება ქურთისტანში, ამჯერად ქურთების მუშათა პარტიის (PKK) ქალი მებრძოლების გადასაღებად – ეს იყო ჯილდო, ჩემი პირველი დიდი გარღვევა ფოტოჟურნალისტიკაში.

მოისმინეთ ტეილორ-ლინდის ნაამბობი თავისი ცხოვრებისა და სამუშაოს შესახებ ჩვენი პოდკასტის მესამე სეზონის მეშვიდე ეპიზოდში. გაიგეთ მეტი: natgeo.com/overheard.
ფოტო: ანასტასია ტეილორ-ლინდი
2014 წელს კვლავ მოვხვდი ფეშმერგას იმავე ბაზაზე. ამჯერად ახალ მტერს – ISIS-ს ებრძოდნენ. მხოლოდ ორი დღე მქონდა ქალთა პორტრეტების გადასაღებად. ჩემ მიერ მათი პორტრეტების გადაღებიდან ერთ თვეში მათი მეთაური, პოლკოვნიკი რანგინ იუსუფი პირველი ფეშმერგა ქალი აღმოჩნდა, რომელიც ISIS-თან ბრძოლაში დაეცა 2014 წლის 11 ოქტომბერს.
ახალგაზრდობიდან მინდოდა, საკუთარი თვალით მენახა ომი. აღმოჩნდა, რომ ის არც მაკკალინის ფოტოს ჰგავდა და არც უილფრედ ოუენის ლექსს.
ვფიქრობდი, ძალადობის შესახებ მოყოლას ძალადობის მოსპობა შეეძლო; მეგონა, ომები იმიტომ ხდებოდა, რომ ხალხმა არაფერი იცოდა მათ შესახებ. ცხადია, ვცდებოდი.
მამას ყოველთვის სჯეროდა, რომ ფოტოჟურნალისტი გამოვიდოდი და სიცოცხლის ბოლომდე სიამაყით აჩვენებდა მეგობრებს ჟურნალებში გამოქვეყნებულ ჩემს ფოტოებს, ის 2017 წელს გარდაიცვალა. დედა ფსიქოთერაპევტი და ძალადობის წინააღმდეგ მედიატორი გახდა. დედას საქმიანობამ შთამაგონა, დამეხვეწა ომის აღწერისადმი ჩემი მიდგომა. ახლა მეტ აქცენტს ვაკეთებ მოვლენებზე ქალების გადასახედიდან. ვერიდები რეალური ადამიანების საერთაშორისო ომის უბრალო პერსონაჟებად წარმოჩენას. ვცდილობ, მათი ყოველდღიურობა ავსახო. ადამიანები კონფლიქტის ზონაშიც კი განაგრძობენ ცხოვრებას.
ანასტასია ტეილორ-ლინდი, National Geographic-ის ლონდონელი ფოტოგრაფი და ამბების მთხრობელი. აღწერილი აქვს უკრაინის, ერაყის, ღაზის, ავღანეთის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტები.