გზის გამკვალავი
როგორ მოხვდა სულხან-საბა ორბელიანის სახელი ძველ ევროპულ რუკებზე.
ექვსი წლის წინ სულხან-საბა ორბელიანი ხელახლა აღმოვაჩინე, უფრო სწორად, საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო XIV-ის სამეფო კარტოგრაფ გიომ დელილის მიერ 1723 წელს პარიზში გამოცემულმა რუკამ აღმომაჩენინა. ეს რუკა დელილმა ევროპაში სულხან-საბას ჩატანილ ჩანაწერებსა და აღწერებზე დაყრდნობით შექმნა. ევროპაში სულხან-საბას დიპლომატიური მისიაც სხვა მხრიდან დავინახე. მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ.
1713-1716 წლებში სულხან-საბა დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ვატიკანსა და საფრანგეთში, სადაც, საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-სთან შეხვედრების დროს, საუბარი სხვა მნიშვნელოვანი საკითხების პარალელურად, სპარსეთის სამეფოს მხარეებში – გილანსა და შემახში აბრეშუმის წარმოებას და ვაჭრობასაც შეეხო. საფრანგეთი ცდილობდა სახმელეთო გზით დაკავშირებოდა სპარსეთსა და ინდოეთს, ხოლო ამ გზის ნაწილს სამეფო-სამთავროებად დაშლილ საქართველოზე უნდა გაევლო.
თუმცა, ამ მიზნის მიღწევის პოლიტიკური სირთულის გარდა, პრობლემას წარმოადგენდა ისიც, რომ იმდროინდელ ევროპაში ჯერ კიდევ არ არსებოდა ჩვენი რეგიონის დეტალური რუკა. სწორედ სულხან-საბას მიერ საფრანგეთში ჩატანილი ცნობების გამოყენებით შექმნა ფრანგმა კარტოგრაფმა გიომ დელილმა ჩვენი რეგიონის პირველი დეტალური რუკა, სახელწოდებით „კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა“, რომელიც სულხან-საბას ელჩობის შემდეგ, 1723 წელს პირველად დაიბეჭდა პარიზში, ხოლო იმავე საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში – ამსტერდამში.

რუკა სულხან სალაძის პირადი კოლექციიდან.
მტკიცებულება, რომ დელილის რუკის შექმნა ნამდვილად სულხან-საბას ცნობებს ეფუძნება, რუკის პარიზული და ამსტერდამული გამოცემების ლეგენდაშია მოცემული, სადაც ქართველი თავადი სულხან-საბა და მისი ხელნაწერია დასახელებული („Sur les Memoires manuscrits de Soskam-Sabbas Prince de Georgie“).
ამ ამბის თხრობა შეგვეძლო აქ დაგვესრულებინა, რომ არა კიდევ ერთი რუკა, რომელიც ინგლისელმა კარტოგრაფმა, ემანუელ ბოუენმა გამოსცა ლონდონში 1747 წელს და რომელშიც სულხან-საბაა მოხსენიებული. როგორც ბოუენის მიერ ლონდონში დაბეჭდილი კასპიის ზღვის რუკიდან ვიგებთ, რუკის შექმნა ქართველი თავადის, სულხან-საბას ჩანაწერების საფუძველზე უნდა გამხდარიყო შესაძლებელი („Laid down from the memoirs of – Soskam Sabbas a Georgian Prince“).
საინტერესოა, თუ როგორ მოხვდა ინგლისელი კარტოგრაფის რუკაზე სულხან-საბა. მით უმეტეს, რომ დიდი ალბათობით ბოუენი და ქართველი დიპლომატი ერთმანეთს არ იცნობდნენ. ამ კითხვაზე პასუხი ინგლისელი კარტოგრაფის ბიოგრაფიაშია. საქმე ის არის, რომ ემანუელ ბოუენი, გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში ინგლისის მეფის, ჯორჯ II-ის სამეფო კარტოგრაფი იყო, მოგვიანებით საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო XV-ის სამეფო კარტოგრაფი გახდა. შესაბამისად, მას წვდომა უნდა ჰქონოდა ყველა იმ დოკუმენტსა და რუკაზე, რომლებიც საფრანგეთის მეფის კარზე ინახებოდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ საფრანგეთში მოღვაწეობის დროს ბოუენი გაეცნო სულხან-საბას მიერ პარიზში ჩატანილ ცნობებს და მოგვიანებით, 1747 წელს, ლონდონში გამოცემულ „კასპიის ზღვის“ რუკაზე წყაროდაც მიუთითა.
სულხან-საბა ორბელიანი ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ქართველია, რომელიც ძველ ევროპულ რუკებზე პერსონალურად არის მოხსენიებული.