ჰაერის გასუფთავება
ნახშირბადის ემისიის განულება მსოფლიოს ვერ გადაარჩენს. ატმოსფერო მასშტაბურად უნდა გავწმინდოთ ნახშირბადისგან. ამისთვის კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო გლობალური ძალისხმევაა საჭირო.


ჰაერის გასუფთავება
ნახშირბადის ემისიის განულება მსოფლიოს ვერ გადაარჩენს. ატმოსფერო მასშტაბურად უნდა გავწმინდოთ ნახშირბადისგან. ამისთვის კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო გლობალური ძალისხმევაა საჭირო.
გასული ორი-სამი საუკუნის განმავლობაში ჩვენ ვთხრიდით, ვჩეხდით, ვწვავდით, ვბურღავდით, ვტუმბავდით, ვაწრთობდით, ვაალებდით, ვაჩახჩახებდით დავფრინავდით, ვმართავდით ავტომანქანებს, ვუშვებდით რაკეტებს და შედეგად 2,4 ტრილიონი ტონა ნახშირორჟანგი შევმატეთ დედამიწის ატმოსფეროს.
თვალსაჩინოებისთვის, ეს არის იმდენი CO2, რამდენსაც 522 მილიარდი ავტომანქანა გამოაფრქვევდა წელიწადში; ანუ, წარმოვიდგინოთ ისეთი ვითარება, დღეს მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, 65 ავტომობილი რომ ჰყავდეს.
ისლანდიაში, რეიკიავიკიდან 30 კილომეტრის დაშორებით, მთვარის ზედაპირის მსგავს უდაბურ ველზე მყოფ ედა არადოტირს ერთი მისია აქვს: ეს ნახშირორჟანგი საიდანაც მოვიდა, იქ დააბრუნოს.
CO2-ის უკან, დედამიწის წიაღში გაშვებით იგი ცდილობს, შეაქციოს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი შედეგის მომტანი ქმედება: უზარმაზარი რაოდენობის მიწისქვეშა ნახშირბადის გამოთავისუფლება მოპოვებული წიაღისეული საწვავის სახით, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციას აცოცხლებს, მაგრამ ახლა უკვე უბედურების მომასწავებლადაც გვევლინება.

არადოტირს ბევრი დრო აღარ რჩება. არც ჩვენ, ყველა დანარჩენს. კლიმატის ცვლილებით განპირობებული ექსტრემალური ამინდი და რეკორდულად მაღალი ტემპერატურა უკვე ფიქსირდება – და თითქმის ეჭვგარეშეა, რომ ეს პროცესები კიდევ უფრო დამძიმდება.
იგლუს მსგავს ალუმინის ნაგებობაში არადოტირი – ქიმიკოსი ინჟინერი, და ისლანდიური კომპანია Carbfix-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიჩვენებს, თუ როგორ ერწყმის დატყვევებული CO2 წყალს, შემდეგ ეშვება მილსადენების კომპლექსურ სისტემაში და ჩადის 750 მეტრ სიღრმემდე მიწის ქვეშ. იქ ნახშირორჟანგი, რომელიც უკვე გახსნილ მდგომარეობაშია, ურთიერთქმედებს ფოროვან ბაზალტთან და ამ მაგმურ ქანს ნაღებისფერი წინწკლებივით ეფინება.
შესათვალიერებლად, იგი ერთ ასეთ ნიმუშს მიჩვენებს – ჰაერიდან გამოწოვილი, მინერალიზებული და ქვად ქცეული CO2 უკვე აღარ ათბობს ჩვენს პლანეტას.
არადოტირის მსგავსი მეცნიერები და მეწარმეები იწყებენ ამბიციურ – და ზოგჯერ საკამათო – პროექტებს, რომ ნახშირორჟანგი ამოიღონ გარემომცველი ჰაერიდან და სადღაც შორს გამოამწყვდიონ. არიზონაში ინჟინერიის პროფესორი მიჩვენებს თავის „მექანიკურ ხეს“, რომელმაც ერთ დღესაც შეიძლება ათასობით ბუნებრივი ხის ფუნქცია შეასრულოს CO2-ის დაჭერისა და შენახვის კუთხით. ავსტრალიაში მოწინავე ოკეანოგრაფი მეუბნება, რომ კაცობრიობის ხსნა წყალმცენარეებშია – თუ მოვახერხებთ ლამინარიისა და ვაკამეს გაზრდას გიგანტურ აკვაბაღებში, რომელთაც შეეძლებათ მილიარდობით ტონა ნახშირორჟანგის შენახვა. ციურიხში თვალებანთებული ურუგვაელი გამომგონებელი პატარა სინჯარით მიჩვენებს საწვავს, რომელიც მიღებულია მხოლოდ მზის სინათლითა და ჰაერით. ეს, ალბათ, ნახშირბადის დაჭერის ყველაზე დამაინტრიგებელი მეთოდია, რაც კი ოდესმე მინახავს; რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მოგვეხერხებინა, ნახშირბადი ჩაგვება ენერგიის ნულოვანი ემისიით გამომუშავების „უმანკო“ წრეში. შეიძლება – ერთ მშვენიერ დღეს.

ამ ძალისხმევებს საერთო მიზანი აერთიანებს: შეამცირონ ერთი კონკრეტული რიცხვი, რაც, კლიმატოლოგების აზრით, არსებითია ჩვენი პლანეტის სიჯანსაღისთვის. ლაპარაკია ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციაზე, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში ინარჩუნებდა სტაბილურ ნიშნულს ან ოდნავ ჩამოსცდებოდა 280 ერთეულს ერთ მილიონზე – სანამ ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყებოდა XIX საუკუნის შუა ხანებში. ახლა ეს კრიტიკული რიცხვი დგას დაახლოებით 420 ერთეულზე ერთ მილიონში – სხვა სიტყვებით, ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაცია დაახლოებით 50%-ით გაიზარდა 1850 წლიდან. მისი ზრდის ფონზე ნახშირბადიც მეტ სითბოს ატყვევებს და დედამიწა სულ უფრო სახიფათო დონეზე თბება. ნახშირბადის დაჭერის მხარდამჭერთა თქმით, ეს ტექნოლოგია, რომელიც კლიმატის ცვლილების გამომწვევი მთავარი აგენტის დატყვევებას გულისხმობს, აღნიშნულ რიცხვს შეამცირებს.
მაგრამ ამ ყველა ძალისხმევას საერთო აქვთ კიდევ ის, რომ მრავალი ოპონენტის შეხედულებით, ჰაერიდან ნახშირბადის გამოწოვა ყურადღების გადატანაა ბევრად უფრო გადაუდებელი ამოცანიდან: რადიკალურად შევკვეცოთ ნახშირორჟანგის გამოფრქვევა – პრობლემის სათავე.
500-ზე მეტი გარემოსდაცვითი ჯგუფი აწერდა ხელს პეტიციას, რომელიც მოსთხოვდა აშშ-ისა და კანადის სახელმწიფო ლიდერებს, „დაანებონ თავი ნახშირბადის დაჭერა-შენახვის ბინძურ და სახიფათო მითს“. აღნიშნული კონცეფცია გაკრიტიკებულია პეტიციის ტექსტში, სადაც ნათქვამია: „ეს არის საფრთხის შემცველი აქცენტის გადატანა, რომელსაც მხარს უჭერენ იგივე მსხვილი დამაბინძურებლები, ვინც შექმნა საგანგებო კლიმატური სიტუაცია“, – ეს სიტყვები მიემართებოდა ExxonMobil-ს, Chevron-სა და სხვა გიგანტურ ნავთობმომპოვებელ კორპორაციებს, რომლებმაც განაცხადეს თავიანთი გეგმების შესახებ, ჩაერთონ ნახშირბადის დაჭერის ბიზნესში. კრიტიკოსთა განცხადებით, აღმაშფოთებელია, რომ ვინც გლობალურ ქაოსამდე მიგვიყვანა, ახლა ცდილობს, ამ სიტუაციით იხეიროს.
მსგავს დებატებში ხშირად ჩნდება ტერმინი „მორალური საფრთხე“ – ვითარება, როდესაც ადამიანები აგრძელებენ გარისკვას, თუ თავს დაცულად გრძნობენ შედეგებისგან. თუ პოლიტიკის შემმუშავებლები, აღარაფერს ვამბობთ რიგით მოქალაქეზე, იფიქრებენ, რომ ჩვენს ხელთაა ჯადოსნური მეთოდი მთელი ამ პრობლემური CO2-ის გასაქრობად, ისინი, ალბათ, ნაკლებადაც იღელვებენ დედამიწის წიაღიდან მოპოვებულ ნავთობზე, ბუნებრივ აირსა და ქვანახშირზე. მაგრამ ატმოსფეროდან ნახშირბადის ამოღების მხარდამჭერთა განცხადებით, ჩვენ საშინლად გვჭირდება ორივე მიდგომა: სამომავლო ემისიის შეკვეცა და უკვე გამოფრქვეული ნახშირორჟანგის ზეგავლენის უკუქცევაც.

„ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ ნახშირორჟანგის უკან გამოწოვა პრობლემის მოგვარების მხოლოდ ერთ-ერთი გზაა“, – ამბობს არადოტირი. ის უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა მიდგომასთან ერთად, რომელთაც მსოფლიომ უნდა მიმართოს ენერგიის წყაროების გაუნახშირბადოებისთვის“.
ან, როგორც მეთიუ უორნკენი, Corporate Carbon-ის თავმჯდომარე განმარტავს ჩემთან საუბრისას: „ხალხი გამუდმებით მეკითხება: „ოჰო, ეს არის პანაცეა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად?“ მე კი ვპასუხობ: არა, ასე არ გახლავთ. მაგრამ ეს არის ერთ-ერთი წამალი – და ჩვენ ის დაგვჭირდება“.
უორნკენის დასკვნები ეფუძნება გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC) პროგნოზებს, რომელთა თანახმად, საგანგებო კლიმატურ სიტუაციასთან გასამკლავებელი ნებისმიერი რეალისტური გზა უნდა მოიცავდეს ატმოსფეროდან ნახშირბადის ამოღებას უზარმაზარი მასშტაბით. გლობალური ტემპერატურა რომ არ ასცდეს კრიტიკულ ზღვარს, ანუ 1,5 გრადუსზე მეტით რომ არ გაიზარდოს პრეინდუსტრიულ მაჩვენებელთან შედარებით, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ნახშირბადნეიტრალობას და ყოველწლიურად 12 მილიარდ ტონამდე CO2 ამოვიღოთ მიმდინარე საუკუნის შუა პერიოდისთვის.
ეს საოცრად რთული გამოწვევაა, რადგან აღნიშნულ რაოდენობაზე სამჯერ მეტ სათბურის აირს ვამატებთ ყოველწლიურად.
დღეს სეკვესტრირებული CO2-ის თითქმის მთლიანი მოცულობა ბუნების ან ბუნებასთან დაკავშირებული ტრადიციული მეთოდების დამსახურებაა: ხეების დარგვა თუ სამეურნეო მიდგომების ცვლილება, რაც მიმართულია ნიადაგის უნარის გაზრდისკენ, შეიკავოს მეტი ნახშირბადი. ამ დროისთვის ტექნოლოგიებს, როგორიცაა „პირდაპირ ჰაერიდან დაჭერა“, – ნახშირორჟანგს რომ ამწყვდევს და შემდეგ Carbfix-ი მიწისქვეშ გადაისვრის ისლანდიაში, – ატმოსფეროდან ამოღებული CO2-ის მხოლოდ 0,1% მიეწერება.
ამ კრიზისს ვერ დაძლევს მხოლოდ ხეების რგვა და ნიადაგის დამუშავება, აცხადებენ IPCC-ის წარმომადგენლები; გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული მეთოდები საკვების მოსაყვანად საჭირო მიწასა და წყალს იტაცებს. ამასთან, ნახშირბადის ამოღების ტექნოლოგია კვლავ უკიდურესად ძვირი და სრულიად შეუმოწმებელია მასობრივ დატვირთვაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონცეფცია უკვე დიდი ხანია არსებობს. ამის მაგალითია, ჰიპოთეზური ცივი ბირთვული სინთეზი თუ მწვანე წყალბადი, რომლებსაც მთვარეზე გაფრენის ამბიცია აქვთ, მაგრამ ჯერ სასტარტო მოედანს არ გასცდენიან.

თუმცა ახლა ამ ინდუსტრიამ მსხვილი ფინანსები მოიზიდა, რაც წინ წაწევს კვლევა-განვითარებას და შეამცირებს ნახშირბადის ამოღების ტექნოლოგიათა ხარჯებს, აცხადებენ აღნიშნულ სფეროში ჩართული ადამიანები. შვეიცარიულმა კომპანია Climeworks-მა, რომელიც ისლანდიაში Carbfix-თან ერთად მართავს CO2-ის დამატყვევებელ საწარმოს, ამ წლის დასაწყისში 650 მილიონი დოლარი მოიზიდა საინვესტიციო კომპანიებისგან. Climeworks-ის კერძო კლიენტები – მათ შორის, Microsoft-ი – დიდი მოწადინებით ცდილობენ ნახშირბადის კრედიტების შეძენას, რაც საშუალებას მისცემთ ამტკიცონ, რომ მათი ბიზნესი ნახშირბადნეიტრალური ან სულაც ნახშირბადუარყოფითია.
Climeworks-ის თანადამფუძნებლის, იან ვურცბახერის თქმით, პირდაპირ ჰაერიდან დაჭერის ტექნოლოგიის ხარჯები ისევე შემცირდება, როგორც მზის პანელებისა თუ ქარის ტურბინების შემთხვევაში ვნახეთ უკანასკნელ წლებში. მისი კომპანიის მოდულურ სექციებად აწყობილი აგრეგატები, თითოეული სატვირთო კონტეინერის ზომის, შეგვიძლია შორს გავამგზავროთ გემითა თუ რკინიგზით და დანიშნულების ადგილზე მოხვედრისას ისინი ისე აეწყობა, როგორც ლეგოს ნაწილები.
„პრაქტიკული თვალსაზრისით, სავსებით რეალურია, რომ ამ გზით პრობლემის მოგვარებას შეუწყო ხელი“, – ამბობს ვურცბახერი, გერმანიაში დაბადებული და შვეიცარიაში მცხოვრები ინჟინერ-მექანიკოსი.
„არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ ვერ უნდა ააწყოთ ასობით ათასი, მილიონობით ასეთი სექცია. არის ახლა აქ მორალური საფრთხე? – შესაძლოა, მაგრამ რის გაკეთება შეგვიძლია? 20 წლის წინ ეს ტექნოლოგია შეიძლება „ან-ან“ შეთავაზებად მიგვეჩნია, მაგრამ დღეს ჩვენ გვჭირდება ორივე – ატმოსფეროდან ნახშირბადის გამოწოვაც და ემისიის შემცირებაც“.
ვურცბახერის მიზნები, თუ რამდენი ნახშირბადი უნდა ამოიღოს მისმა კომპანიამ პირდაპირ ჰაერიდან დაჭერის მეთოდით წლიურად, ამბიციურია: ერთი მეგატონა 2030 წლისთვის, 100 მეგატონა – 2040 წლისთვის, ხოლო ერთი გიგატონა – მილიარდი ტონა – 2050 წლისთვის.
ისლანდიაში განთავსებული Climeworks-ის საწარმო CO2-ის დასატყვევებლად იყენებს გიგანტური ვენტილატორების სისტემას და ფილტრებს, რომლებიც გეოთერმულ ენერგიაზე მუშაობს. ეს კი ხაზს უსვამს აღნიშნული ტექნოლოგიის ნაკლოვანებას – ყოველ შემთხვევაში, ახლანდელი მდგომარეობით. პირდაპირ ჰაერიდან დაჭერის ტექნოლოგიები უნდა მუშაობდეს სუფთა, განახლებად ენერგიაზე – სხვა შემთხვევაში, ისინი თითქმის იმავე რაოდენობის ნახშირბადს გამოყოფენ, რასაც ატმოსფეროდან ამოიღებენ.
რამდენიმე წლის წინ ვურცბახერი სიტყვით გამოდიოდა ლონდონში და სცენაზე 5-კილოგრამიანი ნაგვის პარკები მოისროლა თავისი ხედვის საილუსტრაციოდ. როგორც მან აუდიტორიას განუცხადა, ნაგვის მოსაშორებელ ყველაზე მარტივი და იაფი მეთოდი იქნებოდა მისი დაყრა, სადაც მოესურვებოდა, მაგრამ საზოგადოებამ დიდი ხნის წინ გადაწყვიტა – ეს მიუღებელია! ამგვარად, ჩვენ მეტ ფულს ვიხდით ნაგვის შესაგროვებლად და შესაბამის ადგილას განსათავსებლად. არც სათბურის აირებს უნდა შევხედოთ სხვაგვარად, დაასკვნა მან, თუმცა კაცობრიობა, როგორც წესი, არ ბეგრავდა ემისიებს და არც რამე ჯარიმას აწესებდა.

დღეს კი ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მოშორებამ თავისი ფასი შეიძინა. ზოგიერთი დამაბინძურებელი კი მზადაა, ბევრი გადაიხადოს.
როდესაც ვუსმენთ მსხვილი ავიაკომპანიების დაპირებებს, რომ ნახშირბადნეიტრალურები გახდებიან 2030 ან 2040 წლისთვის, მათგან არ უნდა ველოდოთ იმას, რომ თვითმფრინავთა ძრავები რაღაც ჯადოქრობით შეწყვეტენ CO2-ის გამოშვებას დათქმული პერიოდისთვის. ამის ნაცვლად, ისინი გეგმავენ ნახშირბადის კრედიტების ყიდვას Climeworks-ის და Carbfix-ის მსგავსი კომპანიებისგან.
და, მიუხედავად იმისა, რომ მათი ფული დიდად წაადგება აღნიშნულ ტექნოლოგიათა კვლევა-განვითარებას, ის მაინც ძალიან მწირია რეალური ცვლილების მისაღებად და კლიმატის ცვლილების შესაქცევად – ან, სულ მცირე, შესარბილებლად. ჩვენ დაგვჭირდება ბევრად მეტი. თანხის ასეთი რაოდენობა, ალბათ, ტრილიონობით დოლარში გაიზომება და ფინანსური კუთხით ერთ-ერთ უდიდეს ინდუსტრიულ წამოწყებად ჩაითვლება კაცობრიობის ისტორიაში. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანების ავტორისა და ფილოსოფოსის, კიმ სტენლი რობინსონის სიტყვებით, `ჩვენ მიერ ჰაერში გამოფრქვეული ნახშირბადის უკან მობრუნებას მთელი ცივილიზაციის მონაწილეობა დასჭირდება“.
ავსტრალიის ერთი მეჩხრად დასახლებული რაიონის სიღრმეში მდებარეობს უზარმაზარი ბუნებრივი აირის საბადო, სახელად მუმბა.
როგორც მარწმუნებს Aspira DAC-ის მმართველი დირექტორი ჯულიან ტურეჩეკი, მუმბა და მთელი ეს ვრცელი უდაბური რაიონი იდეალურ პირობებს ქმნის მზის ენერგიაზე მომუშავე ათობით ათასი მოდულის ფუნქციონირებისთვის, რომელთაც შეუძლიათ ნახშირორჟანგის დაჭერა და დედამიწის სიღრმეში გამომწყვდევა.
„გვსურს, მხოლოდ რამდენიმე ათწლეულში დასრულდეს ის პროცესი, რომელსაც ჩვეულებრივ მილიონობით წელი სჭირდება“.
კელი ერჰარტი Vesta-ს თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი
„მზე, სივრცე, შესანახი ადგილი!“ – განმარტავს ტურეჩეკი. „ავსტრალიას ეს ყველაფერი უხვად აქვს“.
Facebook-ისა და Google-ის დამფუძნებელ კომპანიათა დაფინანსებული კონტრაქტებით ზურგგამაგრებული ტურეჩეკის საწარმო ავითარებს მოდულებს და მათ დამონტაჟებას მომდევნო წელს გეგმავს მუმბაში, ხოლო Aspira DAC-ი შვილობილი კომპანიაა Corporate Carbon-ისა – ავსტრალიური ფირმისა, რომელიც ნახშირბადის კრედიტებით ვაჭრობს.
თითოეული მოდული, დაახლოებით, ორკაციანი კარვის ფორმისა და ზომისაა, 2 მეტრი სიგრძის ორი მზის პანელით გვერდებზე. ეს პანელები მუხტავენ ვენტილატორს, რომელიც ჰაერს უბერავს ფიჭის მსგავს მოწყობილობაში, ის კი CO2-ს ფილტრავს შემკრებ სისტემაში. ეს მოდულები აღჭურვილია საკმარისი სიმძლავრის ბატარეებით, რომ მთელი ღამის განმავლობაში იმუშაონ – თუ დღისით ასევე საკმარისი რაოდენობის მზის სხივი მიიღეს. ამ აბრდღვიალებულ რეგიონში კი მზიანი დღეების სიმცირეს არ განიცდიან, როგორც ტურეჩეკი ამბობს.
ნახშირბადი დახლებზე მეწარმეები ჩქარი ტემპით ცდილობენ CO2-ის გარდაქმნას ისეთი ტიპის პროდუქტად, რომელსაც ხალხი იყიდის, მათ შორის, ბრილიანტად კომპანია Aether-ი ძვირფას ქვებს ქმნის ატმოსფეროში დაჭერილი ნახშირორჟანგისგან და უარს ამბობს ტრადიციულ, ენერგოტევად სამთო მრეწველობაზე.
არაყი ფოტოსინთეზის პროცესის იმიტაციის დახმარებით Air Company-მ დაამზადა არაერთი პროდუქტი, მათ შორის, არაყი (ნაჩვენებია ფოტოილუსტრაციაზე). ამ კომპანიის განცხადებით, თითოეული ბოთლით ნახევარი კილოგრამი ნახშირორჟანგი ამოიღება ატმოსფეროდან.
საწვავი „დაჭერილი CO2 შეგიძლიათ გადააქციოთ იმ პროდუქტად, რომელიც წიაღისეული საწვავით მზადდებოდა“, – ამბობს ნიკოლას ფლანდერსი, Twelve-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომლის კომპანიაც ავიასაწვავს ამზადებს ნახშირორჟანგისა და წყლისგან.
ტანისამოსი Post Carbon Lab-ი (ლონდონი) ტანსაცმელს ქმნის მიკრობების ბაზაზე დამზადებული საღებავების გამოყენებით, რომლებიც ნახშირორჟანგს იღებენ ატმოსფეროდან და ჟანგბადს გამოყოფენ. „ტრადიციულად მოდა ექსპლუატაციას უწევდა ბუნებას, – ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ტიენ-ძენ ლინი, – ეს ტენდენცია უნდა შევცვალოთ“.
ნახშირბადი დახლებზე მეწარმეები ჩქარი ტემპით ცდილობენ CO2-ის გარდაქმნას ისეთი ტიპის პროდუქტად, რომელსაც ხალხი იყიდის, მათ შორის, ბრილიანტად კომპანია Aether-ი ძვირფას ქვებს ქმნის ატმოსფეროში დაჭერილი ნახშირორჟანგისგან და უარს ამბობს ტრადიციულ, ენერგოტევად სამთო მრეწველობაზე.
არაყი ფოტოსინთეზის პროცესის იმიტაციის დახმარებით Air Company-მ დაამზადა არაერთი პროდუქტი, მათ შორის, არაყი (ნაჩვენებია ფოტოილუსტრაციაზე). ამ კომპანიის განცხადებით, თითოეული ბოთლით ნახევარი კილოგრამი ნახშირორჟანგი ამოიღება ატმოსფეროდან.
საწვავი „დაჭერილი CO2 შეგიძლიათ გადააქციოთ იმ პროდუქტად, რომელიც წიაღისეული საწვავით მზადდებოდა“, – ამბობს ნიკოლას ფლანდერსი, Twelve-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომლის კომპანიაც ავიასაწვავს ამზადებს ნახშირორჟანგისა და წყლისგან.
ტანისამოსი Post Carbon Lab-ი (ლონდონი) ტანსაცმელს ქმნის მიკრობების ბაზაზე დამზადებული საღებავების გამოყენებით, რომლებიც ნახშირორჟანგს იღებენ ატმოსფეროდან და ჟანგბადს გამოყოფენ. „ტრადიციულად მოდა ექსპლუატაციას უწევდა ბუნებას, – ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ტიენ-ძენ ლინი, – ეს ტენდენცია უნდა შევცვალოთ“.
„ვფიქრობთ, საბოლოოდ, ასობით ათასი მოდული იქნება ავსტრალიის სხვადასხვა შორეულ კუთხეში“, – ამბობს როჰან გილესპი, Southern Green Gas-ის მმართველი დირექტორი, რომლის ეს ახალბედა კომპანია განახლებად ენერგიაზეა ფოკუსირებული და აღნიშნულ მოდულებს ამზადებს Aspira DAC-თან ერთად. თითოეული მოდული კი 2 ტონამდე CO2-ს იჭერს.
ავსტრალიას შეგვიძლია ვუწოდოთ ნახშირბადის ამოღებაზე მიმართული კვლევების პიონერი, თავისი დიდი სახელმწიფო მხარდაჭერით, თუმცა მათ მხოლოდ ალტრუისტული მიზნებიც არ ამოძრავებთ. პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა (ქვეყანას უძღვებოდა 2018-2022 წლებში) პირობა დადო, რომ ავსტრალია მსოფლიო ლიდერი გახდებოდა აღნიშნული ტექნოლოგიის წარმოების სფეროში და მისი თქმით, ისინი მიაღწევდნენ ნახშირბადნეიტრალობას 2050 წლისთვის. მაგრამ ავსტრალია მსოფლიოს ლიდერია ასევე ქვანახშირის ექსპორტში და მორისონს არაფერი აღუნიშნავს მისი როლის შემცირებაზე.
ამ კუთხით მორისონის პოლიტიკა ზუსტად წარმოაჩენს იმ მორალურ საფრთხეს, რომლის თაობაზეც გარემოს დამცველები გვაფრთხილებენ: დავეყრდნოთ ნახშირბადის ამოღების ტექნოლოგიებს, რათა თავი ავარიდოთ ენერგიის სუფთა წყაროზე გადასვლას და განვაგრძოთ ქვანახშირის, ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის მოხმარება.
პირდაპირ ჰაერიდან დაჭერა მაინც ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა ნახშირბადის ამოსაღებად და, მხარდამჭერთა თქმით, ის უდიდეს პოტენციალს ატარებს IPCC-ის მიერ გაცხადებულ უზარმაზარ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად. აღნიშნული მეთოდის ინტელექტუალური „ნათლია“ კლაუს ლაკნერია, ფიზიკოსი, რომელიც უძღვება „ნახშირბადუარყოფითი ემისიების ცენტრს“ არიზონის შტატის უნივერსიტეტში.
როდესაც მის ლაბორატორიას ვესტუმრე ქალაქ ტემპეში, ლაკნერი ცდიდა „მექანიკური ხეების“ (როგორც თავად უწოდებს) უახლეს ვერსიას: სამსართულიანი შენობის სიმაღლის, ნახშირბადის გამომწოვ-გამფილტრავ-შემნახველ მოწყობილობებს. მისი თქმით, ბუნებრივ ხეებთან შედარებით, ის ათასჯერ უფრო ეფექტურია CO2-ის სეკვესტრირებისთვის და უფრო საიმედოდაც ინახავს ნახშირორჟანგს, რადგან ნამდვილი ხე, ბოლოს მთელ თავის შთანთქმულ CO2-ს აფრქვევს კვდომისას.
„მჯერა, რომ ამ პრობლემას მისაღებ ფასად მოვაგვარებთ!“ – აცხადებს ლაკნერი. მიზეზი, თუ რატომაც არ აიტაცეს ეს იდეა აქამდე, ამტკიცებს იგი, გახლავთ დიდი ფულის „ჩაყრის“ აუცილებლობა ყველა იმ კვლევის დასაფინანსებლად, რომლებიც აღნიშნული ტექნოლოგიის ხარჯებს შეამცირებდა. მაგრამ რთულია მოიძიოთ ამგვარი თანხები, როდესაც მისი საოპერაციო ხარჯები კვლავ ასეთი მაღალია.

თუმცა ვითარება შეიძლება შეიცვალოს. 2022 წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო „ინფლაციის შემცირების აქტი“, რომელიც მოიცავს გასავითარებელ თანხებს და საგადასახადო შეღავათებს პირდაპირ ჰაერიდან დაჭერის ტექნოლოგიათა შემმუშავებელი კომპანიებისთვის. ამ ბოლო პერიოდში 1,2 მილიარდი დოლარი გადაეცა აღნიშნული ტექნოლოგიის დამნერგავ ორ საწარმოს სამხრეთ ტეხასსა და ლუიზიანაში (დღეისთვის ტერმინები „ნახშირბადის ამოღება“ და „ნახშირბადის დაჭერა“ სასაუბრო ენაში სინონიმებად გამოიყენება, მაგრამ ტექნიკურად, განსხვავებულ წარმომავლობასა და მნიშვნელობას ატარებენ. ნახშირბადის დაჭერისას CO2 ამოიღება კონცენტრირებული ემისიის წყაროდან, როგორიც ქარხნის საკვამურია, ხოლო ნახშირბადის ამოღება ნიშნავს ნებისმიერ ტექნოლოგიას, რომელიც CO2-ს გამოიწოვს ატმოსფეროდან).
ლაკნერი აღნიშნავს ასევე ერთ მიმდინარე მშენებლობას დასავლეთ ტეხასში. მას უძღვება Carbon Engineering-ი – კანადური კონსორციუმი, რომელიც ახლახან შეისყიდა Occidental Petroleum-მა. ეს უკანასკნელი აწყობს პირდაპირ ჰაერიდან დაჭერის ქარხანას, რომელიც ზემოხსენებულ ისლანდიის საწარმოსაც ჯუჯად წარმოაჩენს და ერთ მილიონ ტონამდე CO2-ის ამოღებას გეგმავს ყოველწლიურად – ასეთი რაოდენობა 217 000 ავტომანქანის გაქრობის ეკვივალენტურია. ამ ქარხანას აშენებენ პერმულ აუზში და, ამგვარად, ერთ-ერთი პირველი სახელგანთქმული ადგილი, სადაც ნავთობის ინდუსტრიას ჩაეყარა საფუძველი, შესაძლოა მსგავსად ცნობილი გახდეს უზარმაზარი რაოდენობის ნახშირბადის კვლავ მიწისქვეშ ჩაბრუნებით.
ლაკნერის თქმით, აქ საკვანძო შეკითხვაა არა ის, თუ რამდენად იმუშავებს ეს ტექნოლოგია, არამედ – რა თანხის გადახდაზე დათანხმდება საზოგადოება.
„600 დოლარი ერთ ტონაზე, ხალხი იტყვის, „ოჰ, ეს ხომ არარეალურია“, – განმარტავს იგი. „100 დოლარად, ალბათ იტყვიან: „ჰმმ, ძვირია, მაგრამ, იცი რა, შეიძლება ღირდეს კიდეც ამ ფულად“. 10 დოლარად უკვე ყველა დათანხმდება“.
ლაკნერის გაანგარიშებით, ნახშირბადის ამოღების რამდენიმე ათასი ქარხანა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საკმარისი იქნება გლობალური CO2-ის ისეთ დონემდე შესამცირებლად, რომ ხელი შევუშალოთ კლიმატის ცვლილებას კატასტროფული შედეგების გამოწვევაში. როდესაც ვეკითხები, ამის რამდენად გჯერათ-მეთქი, მისი პასუხი მახსენებს ნახშირბადის დაჭერის სხვა მხარდამჭერთა განცხადებებს.
„მე ტექნოლოგიის მჯერა, – მეუბნება ლაკნერი, – მაგრამ არ მჯერა პოლიტიკის“.

ასეთი პოლიტიკა, როგორსაც ლაკნერი გულისხმობს – ან, სულაც პოლიტიკის არარსებობა – წარმოაჩენს მთავრობათა უუნარობას, დააწესონ გადასახადები ნახშირბადის ემისიებისთვის. ლაკნერის თქმით, „ჩვენ ვიცით, თუ რამდენად აზიანებს ის ჩვენს პლანეტას. მაგრამ მაინც ვერაფერი შევცვალეთ. ამგვარად, როგორც უკვე ვთქვი, არ ვფიქრობ, რომ ეს იმდენად ტექნოლოგიის პრობლემაა, რამდენადაც კოლექტიური ნებისა“.
2022 წლის ივლისის ერთ დილას ნიუ-იორკის ნორთ-სი-ბიჩ-კოლონის რაიონში სამშენებლო ტექნიკა 400 კუბურ მეტრ პიტნისფერ ქვიშას ჩამოტვირთავდა და ახარისხებდა, შემდეგ მას ურევდა ადგილზე არსებულ ქვიშას, ამ დროს კი მეცნიერთა გუნდი ყურადღებით აწარმოებდა გაზომვას.
მთელი ეს მწვანე ქვიშა მოასწავებდა ერთი საპილოტე პროექტის დაწყებას, რომლის მიზანია ნახშირბადის მოშორება დედამიწის ზედაპირის ორი მესამედიდან – ოკეანეებიდან.
ჩვენ ვცდილობთ ბუნებრივი დაშლის პროცესების გოლიათური ნაბიჯებით დაჩქარებას, განმარტავს კელი ერჰარტი, კორპორაცია Vesta-ს თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, რომელიც უძღვება ზემოხსენებულ კვლევას. მათი გუნდი იმედოვნებს, საფუძველი ჩაუყაროს კომერციულ ინდუსტრიას, რომელიც ერთ დღესაც შეძლებს ოკეანეებიდან ყოველი ერთი ტონა ნახშირბადის სულ რაღაც 35 დოლარად ამოღებას.
„თუ შევძლებთ ჰაერიდან ნავთის სინთეზირებას და მას ვაქცევთ ნახშირბადნეიტრალურად, მაშინ უამრავ პრობლემას გადავჭრით“.
ალდო სტაინფელდი ინჟინერი
„ჩვენ ვლაპარაკობთ დედამიწის ხანგრძლივ ციკლებზე და რამდენად შეგვიძლია მათი დაჩქარება კლიმატის ცვლილების ზიანის შესაქცევად“, – ამბობს ერჰარტი.
„გვსურს, მხოლოდ რამდენიმე ათწლეულში მოხდეს ის, რასაც ჩვეულებრივ მილიონობით წელი სჭირდება“.
ეს მწვანე ქვიშა რეალურად წარმოადგენს წვრილად დაფშვნილ ოლივინს – მაგნიუმის რკინის სილიკატის ნაირსახეობას, რომელიც უხვად გვხვდება დედამიწის ზედა მანტიაში. წყლის პირობებში ოლივინი CO2-ს შეიწოვს ბუნებრივი ქიმიური პროცესის ფარგლებში, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ნახშირბადის დამჭერი ბიკარბონატები. რაც უფრო იზრდება ოლივინით დაფარული ტერიტორიები, მით მეტი ნახშირორჟანგი შეიწოვება და ამიტომაც იყენებს Vesta მიკროსკოპულ კრისტალებად დაფშვნილი ოლივინის სპეციალურ ტიპს.
Vesta-ს მსგავსად, კვლევის მთელი მიმართულება ყალიბდება, რომელიც ნახშირბადის ამოღებას ესწრაფვის ოკეანეებიდან და არა ჰაერიდან ან ხმელეთიდან, რათა ფართო მასშტაბის შედეგები მივიღოთ. აღნიშნული მიდგომის მხარდამჭერთა განცხადებით, ამდენი ლაპარაკი ხეების რგვაზე ჩრდილში აქცევს უზარმაზარ წყალქვეშა შესაძლებლობებს: ზღვის წყალმცენარე, კილოგრამი-კილოგრამზე რომ ავიღოთ, ხეებზე 40-ჯერ უფრო ეფექტური შეიძლება იყოს ნახშირბადის სეკვესტრირებისთვის.
„თუ ჩვენ გამოვიყენებთ ოკეანის ბუნებრივ ინფრასტრუქტურას და შევქმნით ზღვის წყალმცენარეთა ვრცელ კუნძულებს, კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევი აგენტი შესაძლოა მკვეთრად შევამციროთ“, – მეუბნება საზღვაო სისტემების ეკოლოგი პია უინბერგი, როდესაც ქაღალდის მწარმოებელ ძველ ფაბრიკას მათვალიერებინებს ახალ სამხრეთ უელსში (ავსტრალია). აღნიშნულ დაწესებულებას მან პროფილი შეუცვალა და ზღვის წყალმცენარეთა მექად გადააქცია.
PhycoHealth, კომპანია, რომელიც უინბერგმა დააფუძნა, წარმოაჩენს ზღვის მაკროწყალმცენარეთა პოტენციალს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად და გვთავაზობს ამ მცენარეთა ბაზაზე დამზადებული პროდუქტების შთამბეჭდავ ასორტიმენტს. ეს კომპანია ყიდის ზღვის წყალმცენარეთა კომბუჩას, ფეტუჩინის, გრანოლას, ასევე პრობიოტიკებს, კოსმეტიკურ თუ კანის მოვლის საშუალებებს და ეს ყველაფერი მიღებულია სწორედ ზღვის წყალმცენარეთა ექსტრაქტებისგან.
უინბერგი განმიმარტავს, თუ რატომ გადაიქცა ზღვის წყალმცენარეთა მეწარმედ მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე მაღალპროფესიულ საზღვაო მკვლევრად მიიჩნეოდა და, ამგვარად, თავის კარიერას ახალი მიმართულება დაუმატა.
„ზღვის წყალმცენარეები დედამიწას წმენდს, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობამ არც კი იცის ამის შესახებ“, – ამბობს იგი. „რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ ამ მცენარეებზე ნაშრომების წერას, სჯობდა, ზღვის წყალმცენარეებისგან შემექმნა ხალხისთვის სასურველი პროდუქტი. ჩართეთ ის ყოველდღიურ რაციონში და შემდეგ უკვე შეძლებთ ადამიანთა ცნობიერების ამაღლებას, თუ როგორ საოცარ ძალას ფლობს ზღვის წყალმცენარე ჩვენი პლანეტის განსაკურნად“.
უინბერგი და სხვები მთავრობებს მოუწოდებენ სახელისუფლებო ჩართულობისკენ, რადგან ინდივიდუალურ კომპანიებს ძალიან უჭირთ კაპიტალის მოზიდვა მსგავსი წარმოების დასაწყებად; ამასთან, საჭიროა კვლევებიც, რათა წარმოჩნდეს მათი ეფექტურობაც და უსაფრთხოებაც, აცხადებენ ისინი.

ამ მიდგომის მხარდამჭერთა თქმით, ღია ზღვაში მოწყობილი გიგანტური „კელპის ფერმები“ სწრაფად შეიწოვდა CO2-ს და მარტივად მოახდენდა მის სეკვესტრირებას მომდევნო ათწლეულებში, რაც საჭიროა კლიმატის უფრო უსაფრთხო დონეებზე დასაბრუნებლად – ნახშირორჟანგის ნაკლები კონცენტრაციით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ავითვისოთ ოკეანის ზედაპირის უზარმაზარი ფართობი, მაგრამ მთელ ოკეანესთან თანაფარდობით, მისი წილი მაინც უმნიშვნელო იქნება. და მაინც, აღნიშნული მეთოდის მომხრეებიც ფრთხილობენ, რომ ბევრად მეტი კვლევაა საჭირო მოსალოდნელი შედეგების (განზრახულისა თუ შემთხვევითის) გადასამოწმებლად, როდესაც ასე მასშტაბურად ვერევით ბუნებრივ პროცესებში.
ალდო სტაინფელდს ქიმია პატარა ასაკიდანვე შეუყვარდა, როდესაც ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში იზრდებოდა. თუმცა, ერთ დღესაც მისი ეს გატაცება კინაღამ სიკვდილით დასრულდა: სტაინფელდმა ფერადი ქიმიკატები ერთმანეთს შეურია და თავისი ბებიის ბინას ცეცხლი წაუკიდა.
ყველა გადარჩა, მაგრამ დღეს, თითქმის, 50 წლის შემდეგ, სტაინფელდი კვლავ ცეცხლს ეთამაშება. ახლა მისი მოედანი სამეცნიერო შენობაა ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის კამპუსში. სტაინფელდი მდგრადი ენერგოსისტემების სპეციალისტია. ერთ-ერთი ასეთი სისტემა კი გრაალის თასად მოიაზრება ნახშირბადის დაჭერისა და ხელახლა გამოყენების კუთხით: ნახშირწყალბადის საწვავის შექმნა მხოლოდ მზის სინათლითა და გარემომცველი ჟანგბადით.
პლაჟის ქოლგის ზომის სარკიანი თორმეტკუთხა პანელების ნაკრების გამოყენებით, სტაინფელდი მიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მზის სინათლე ისეთ ძლიერ სხივად შეკრიბოს ფოკუსში, რომ CO2 და წყალი შემადგენელ ნაწილებად გახლიჩოს და ორ განცალკევებულ ნაკადად აქციოს: ნახშირჟანგი და წყალბადი ერთ ნაკადში, რისგანაც მზადდება მზის სინთეზირებული საწვავი – როგორც თავად უწოდებს, „მზის სინსაწვავი“, ხოლო მეორე ნაკადში – ჟანგბადი, რომელსაც კვლავ ატმოსფეროში უშვებენ.
„ეს უნარჩენო წარმოების თვალსაჩინო ნიმუშია“, – მეუბნება სტაინფელდი და პატარა სინჯარით წარმიდგენს სითხეს, რომელიც მდგრადი ალტერნატივაა წიაღისეული წარმოშობის ისეთი სატრანსპორტო საწვავებისა, როგორიცაა საავიაციო ნავთი, ბენზინი ან დიზელი. ასეთ შემთხვევაში „ნახშირბადი არ ემატება ატმოსფეროს – ის გროვდება და ხელახლა გამოიყენება. თუ ჩვენ შევძლებთ ჰაერიდან ნავთის სინთეზირებას საწვავის მისაღებად და მას ვაქცევთ ნახშირბადნეიტრალურად, მაშინ უამრავ პრობლემას გადავჭრით“.
ეს დამაინტრიგებელი კონცეფცია მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს, რადგან მას უამრავი ძვირადღირებული მზის პანელი სჭირდება სულ მცირე რაოდენობის საწვავის მისაღებად. სტაინფელდის თქმით, მზის უზარმაზარი პანელების შექმნა და სტრატეგიულ წერტილებში განლაგება (45 000 კვ. მეტრის ტერიტორიაზე), ამ საწვავის ფასებს მკვეთრად შეამცირებდა და ნახშირბადნეიტრალურ სინთეზურ ნავთს მიაწვდიდა მთელი მსოფლიოს საავიაციო ფლოტს. ეს მეთოდი ნამდვილად დიად ხედვას ასხივებს, მაგრამ აქამდე – თუ არ ჩავთვლით, ორ ავიაკომპანიასა და ციურიხის აეროპორტს, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს, მცირე პერიოდით გამოცადონ აღნიშნული საწვავი – არავის ჩაუდია ინვესტიცია იმ უზარმაზარ ინფრასტრუქტურაში, რომელიც საჭიროა აღნიშნული ტექნოლოგიის ქმედითი ფუნქციონირებისთვის.

და მაინც, სტაინფელდის იდეა ნახშირბადის მოხმარებისა და მისი ხელახლა გამოყენების ჩაკეტილი წრის შესახებ, შთამაგონებელია და სავსებით შესაძლებელია, მომავალმა თაობებმა მხოლოდ გაოცებით აღნიშნონ, რატომ დაგვჭირდა ამდენი დრო უტოპიური ენერგიის მისაღები გზის საპოვნად. თუმცა დღეისთვის ნახშირბადის ამოღება (აღარაფერს ვამბობთ ნახშირბადის გადამუშავებაზე) კვლავ უკიდურესად რთული ამოცანაა. მსგავსი მიდგომები შესაძლოა სრულიადაც არ დაგვჭირვებოდა, ჩვენ რომ თავიდანვე რეალურად შეგვეფასებინა ნახშირბადის უარყოფითი ზეგავლენა – მოქმედება უნდა დაგვეწყო რამდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც პირველად გაცხადდა ადამიანის საქმიანობით წარმოქმნილი CO2-ის კავშირი დედამიწის დათბობასთან. ამის ნაცვლად, დღეს გვაქვს ამგვარი მოცემულობა: ნახშირბადის ამოღება არის აბსურდულად ძვირი, პოტენციურად კონტრპროდუქტიული („მორალური საფრთხის“ კონცეფცია) და უკიდურესად აუცილებელიც.
თავად ნახშირბადი სულაც არ გახლავთ ჩვენი მტერი. რა თქმა უნდა, ის დარჩება სიცოცხლის არსებით წყაროდ – ორგანული მოლეკულების საბაზისო ელემენტად. ადამიანის სხეულის დაახლოებით 18,5% ნახშირბადია – უფრო მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერი ელემენტი ჟანგბადის გარდა. ნახშირბადი მცენარეებსაც სჭირდებათ, როდესაც ისინი CO2-ს მოიხმარენ ფოტოსინთეზისთვის.
მაგრამ ახლა ატმოსფეროში ზედმეტად ბევრი ნახშირბადია – ჯინი, რომელიც სიხარულით გამოვუშვით ლამპრიდან, თუმცა ვეღარ ვთოკავთ. მის მოცილებას დასჭირდება მთელი კაცობრიობის გამჭრიახობა.
„ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, – ამბობს კლაუს ლაკნერი, რომელსაც ტექნოლოგიური პროგრესის სწამს. „ჩვენ შეგვიძლია იმ ენერგიის მიღება, რომელიც მსოფლიოს სჭირდება და ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ნაკვალევის გაწმენდა“.
სემ ჰოუ ვერჰოვეკი ხშირად თანამშრომლობს National Geographic-თან. 2021 წლის ოქტომბრის ნომერში მან დაწერა ავიაციის სფეროზე, რომელიც ცდილობს მწვანე საწვავზე გადასვლას.
სრული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში