ჰაერში
როგორ გადაიქცა სამხრეთ კალიფორნიული სკეიტბორდინგი მსოფლიო ტრენდად,
რომლის გავლენის ქვეშ მთელი ქალაქები და კულტურები მოექცა


ჰაერში
როგორ გადაიქცა სამხრეთ კალიფორნიული სკეიტბორდინგი მსოფლიო ტრენდად, რომლის გავლენის ქვეშ მთელი ქალაქები და კულტურები მოექცა
ერთ მზიან ორშაბათს, ნაშუადღევს, ვენის-ბიჩზე მაისურსა და მოფლაშულ შარვალში გამოწყობილი აწოწილი ახალგაზრდა მამაკაცი სკეიტპარკის მოაჯირზე ხტება, სკეიტბორდს ბეტონზე ანარცხებს და პარკში იჭრება. მალე პარკის ორი ვეებერთელა ჩაღრმავებიდან (ე.წ. `ბოული“) ერთ-ერთში ეშვება, შემდეგ კი ცაში იჭრება და მის მეორე კიდეზე ეშვება. პლატფორმას რომ უახლოვდება, თავის სკეიტბორდიანად ზედ ხტება, დაშვებამდე კი მისი უკანა ფეხი სკეიტს 360 გრადუსით ატრიალებს. ამ მოძრაობას პლატფორმის მეორე კიდიდან აფრენისასაც იმეორებს და ტროტუარზე ეშვება.
მისი სახელია შონ დევისი. რვა წლიდან თავის თავს პირველ რიგში სკეიტბორდისტად მიიჩნევს. დაბადებულია ნაპერვილში, ილინოისში, თუმცა ლოს-ანჯელესში შარშან გადავიდა; ხან უცხო ადამიანებთან რჩება, ხან საკუთარ მანქანაში სძინავს – ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დრო სამხრეთ კალიფორნიაში, ამ სპორტის დაბადების ადგილას, გაატაროს.
სკეიტბორდინგი თავიდან უბნის ჰობი იყო, 1950-იან წლებში სპორტმა ფეხი კალიფორნიის სერფერებში მოიკიდა, დღეს კი ის მსოფლიოსაა მოდებული. მისი უწესრიგო ეთოსი, რომლის მიხედვითაც ამ სპორტის დაუფლება ნებისმიერს შეუძლია, ისეთ ადგილებს მისწვდა, როგორებიცაა შანხაი, სან-პაულუ, ჰელსინკი და ქაბულიც კი. სკეიტბორდინგს გააჩნია საკუთარი ტერმინოლოგია (მოძრაობები: „ფეიკი“, „ვერტი“, „კიკფლიპი“, „ოლი“), ავტორიტეტული ჟურნალი (სან-ფრანცისკოს Thrasher-ი), მიმდინარეობის განმსაზღვრელი ფილმი (2001 წლის დოკუმენტური ფილმი Dogtown and Z-Boys, რომლის რეჟისორიც სკეიტბორდინგის ლეგენდა, სტეისი პერალტაა, მთხრობელი კი – შონ პენი) და ჰყავს დამფუძნებელი მამები (მათ შორის, ტონი ალვა, სტივ კაბალერო და ტონი ჰოუკი), მას მისდევენ ცნობილი ადამიანები (ჯასტინ ბიბერი, რიანა, მაილი საირუსი).

აღიარების ნამდვილი დასტური (და იმის ნიშანი, რომ ოლიმპიურ თამაშებზე უფრო ახალგაზრდა მაყურებლის მიზიდვას ცდილობენ) არის ის, რომ შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე ახალი ღონისძიებები დაემატება: მამაკაცთა და ქალთა ქუჩისა და პარკის სკეიტბორდინგი. პირველი ტიპის შეჯიბრება გაიმართება ისეთ ადგილებში, როგორებიცაა კიბეები, მოაჯირები, გზისპირები და სხვა ურბანული ელემენტები; მეორე ტიპისა კი – დაქანებებითა და ჩაღრმავებებით სავსე მიხვეულ-მოხვეულ ზედაპირზე.
ფართო გავრცელების მიუხედავად, სკეიტბორდინგის ცენტრი მაინც მისი დაბადების ადგილია: სამხრეთი კალიფორნია. შტატის ისტორია – ოქროს მაღაროებიდან ტექნოლოგიურ ანტრეპრენიორებამდე – ხელახალი გამოგონებისა და ნორმების ნგრევის დაუსრულებელი ციკლია.
„ზუსტად ისეა ყველაფერი, როგორც ამბობენ“, – ამბობს 32 წლის პროფესიონალი სკეიტბორდისტი სებასტიან „სებო“ უოკერი, რომელიც სალემიდან, ორეგონიდან, ათზე მეტი წლის წინ გადმოვიდა და ოთხი წელი ავტოფურგონში ეძინა, რათა დღისით „სოკალის“ (სამხრეთ კალიფორნიის) სკეიტპარკებში ილეთებზე ემუშავა. „ყოველი დღე მზიანია, ყველგან მაგარი სკეიტერები არიან და აქ მართლაც ნახავთ ცხოვრების იმ სტილს, რომელზეც მთელ მსოფლიოში სმენიათ“.
ამ უბრალო ცხოვრების წესს ახლა ექსკლუზიურობის აურაც შეემატა, რადგან ვენის-ბიჩი პოპულარულ ტურისტულ ადგილად გადაიქცა. ამ უბანში ვიზიტის განუყოფელი ნაწილი კი სკეიტსამყაროს მონახულებაა.
სკეიტპარკი პლაჟის იდილიას წარმოადგენს – პალმები, მკრთალი დაისი და ჯერ კიდევ არასრულად კეთილმოწყობილი პლაჟის ძველებური აურა. ნებისმიერ დროს ნახავთ, რომ პარკის სტუმრები სკეიტბორდისტების მთელ სპექტრს წარმოადგენენ: პატარა ბავშვები თავზე მდგომი მოვიშვიშე მშობლებით, ამომავალი ვარსკვლავები, როგორიცაა შონ დევისი, აქა-იქ რამდენიმე მაღალანაზღაურებადი პროფესიონალიც. და ბოლოს, თინეიჯერი ქომაგები – მათ სკეიტბორდინგში სწორედ ის ინდივიდუალიზებული, შემოქმედებითი მიდგომა იზიდავთ, რომელსაც სპორტის სხვა სახეობები ვერ სთავაზობენ.

და მაინც, ვენისის სკეიტპარკი მხოლოდ ათეულ წელს თუ ითვლის. სანტა-მონიკას პარკი „კოუვი“ 2005 წელს მოაწყვეს, ხოლო დასავლეთ ლოს-ანჯელესის სკეიტბორდისტების სამოთხე, „სტოუნერ-სკეიტპარკი“ 2010 წელს გაიხსნა. თითოეულ მათგანს თავისი უბნის ერთგული სტუმრები ჰყავს. „ეს გარკვეული ტიპის საძმოა“ – ამბობს ჯიმ მაკდაუელი, სანტა-მონიკას პატარა, თუმცა სკეიტბორდინგის ნოსტალგიური მაღაზიის, „რიპ სითი სკეიტსის“ (რომელიც 1978 წელს ყოფილ ბარში დაარსდა), თანამფლობელი.
სამხრეთი კალიფორნიის სკეიტპარკები – რომლებსაც დღეს მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივ სივრცეებზე აქვთ გავლენა – თავადაც მოშიშვლებული ურბანული გზების ასლებია. ისინი სკეიტბორდის იმ რენეგატული ტრადიციის მსგავსად არის აგებული, რომელიც მობეზრებული, აკურატული ქალაქების ახლებურად წარმოსახვას ცდილობს. კიბეები, პარკის სკამები, მოაჯირები – ეს ყველაფერი სკეიტბორდინგისთვისაა. „სკეიტბორდინგი საზოგადოებრივი წესების გაფართოებას გულისხმობს, – ამბობს სტივ ალბა, ამ სპორტის ერთ-ერთი ლეგენდა, – „ჩვენ და სხვები“ – ეს არის ჩვენი მენტალობა“.
ახლა 57 წლის სალბა (ასე იცნობენ) პიონერი სკეიტბორდისტების მეორე, Z-Boys-ის შემდგომი ტალღის წარმომადგენელი იყო. მან წვლილი შეიტანა 1970-იან წლებში ვერტიკალური – „ვერტ“ სკეიტბორდინგის პოპულარიზაციაში, როდესაც სამხრეთ კალიფორნიაში ხანგრძლივმა გვალვამ ხალხს აუზების ავსების საშუალება არ მისცა.
დღევანდელ საგულდაგულოდ აგებულ სკეიტ-პარკებში არსებული დიდი ორმოები სწორედ იმ კერძო აუზების იმიტაციაა, რომლებშიც სალბა და მისი მეგობრები ჩუმად იპარებოდნენ და მხიარულად იჭრებოდნენ ცაში გაბედული ილეთებით პოლიციის მოსვლამდე.

ზამთრის ერთ დილას სან-ბერნარდინოს ოლქში რეზიდენციის გარეთ ალბასა და რამდენიმე ათეულ ახალგაზრდა სკეიტერს ვახლავარ თან. ისინი საკუთარ ილეთებსა და უნარებზე მუშაობენ დაცარიელებულ აუზში, რომლის გამოყენების უფლებაც მეპატრონისგან მიიღეს. ორი მათგანი ამ ჟანრის სუპერვარსკვლავია: ოსკარ „ოსკი“ როზენბერგი, 23 წლის ქარიზმატული შვედი სკეიტბორდისტი, რომელსაც მიიჩნევენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შემოქმედებით სკეიტერად და 22 წლის ტრისტან რენი, სან-ბერნარდინოს მოსახლე, რომელიც ზებუნებრივი სიმშვიდით იწონებს თავს.
ერთი საათის განმავლობაში ისინი მორიგეობით ტრიალებენ და სრიალებენ – ისინი ბორბლებზე შემომდგარ, გრძელთმიან გლადიატორებს ჰგვანან “ეზოს კოლიზეუმში”. სკეიტერები ერთმანეთის ილეთებს შეძახილებით ხვდებიან, სალბა კი მათთან ერთად აუზში ეშვება. მას ჩაფხუტი უკეთია – ყოველთვის წითელი – და ლეოპარდის ტყავის შეფერილობის იდაყვისა და მუხლის დამცავები. მას სიარულის ბევრად უფრო ხისტი მანერა აქვს. და მაინც, ახალგაზრდა სკეიტბორდისტები სალბას მოწიწებით უყურებენ. მრავალი სპონსორის, მენტორის, ვიდეოგაყიდვების, ტანსაცმლის ბრენდებთან ხელშეკრულებისა და, რაც მთავარია, ლოს-ანჯელესისა და სან-ბერნარდინოს ოლქის აუზებში, ე.წ. „ბედლებდებში“ დაუღალავი სრიალის შედეგად, სალბამ სკეიტბორდში ყველაზე რთული ილეთი შეასრულა: მან ეს სპორტი კარიერად აქცია.
„მაგარია, რომ ვხედავ – ახალი თაობაც ძველ ტრადიციებს უბრუნდება, – ამბობს ვეტერანი, – ოსკის მსგავსად. შვედეთში ამაზე (სკეიტის აუზებზე) ხელი დიდად არ მიუწვდება… მაგრამ სკეიტბორდინგიც ხომ ესაა – დაბრკოლებების გადალახვა“.
შონ დევისმა ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს დაბრკოლებების გადალახვა. სანტა-მონიკას სტეიკ-რესტორანში მიმტანად მუშაობს. სამსახურში ვენის-ბიჩის სკეიტ-პარკიდან სკეიტბორდით დილით მიდის, უკან პარკში კი შუადღისკენ ბრუნდება. როდესაც ბნელდება, დევისი კომპიუტერთან ჯდება და თავისი 12000-ზე მეტი გამომწერისთვის Instagram-ზე უკანასკნელი ტრიუმფების ვიდეორგოლებს აქვეყნებს – სასიამოვნო, მეგობრული ბიჭი ხის ფიცრით თითქოს ჩამავალ მზეში ეშვება. ღამე ახალი ილეთები ესიზმრება. მისი ყოველი დილა სახტუნაოთი, გირებით და იოგათი იწყება. კანაბიდიოლის (CBD) ადგილობრივ მაღაზიაში კანაფის შემცველ ლოსიონს ყიდულობს ტკივილის გასაყუჩებლად. მისნაირ ტრავმებს ხშირად ნახავთ სპორტში, რომელიც დამცავი აღჭურვილობის გარეშე ბეტონის ჯამში ჩახტომას გულისხმობს. რა არ დაუზიანებია: კოჭი, იდაყვი, მტევანი, თითი, ცერი თუ ფეხის თითი.

იგი სრულადაა თავდადებული სპორტისთვის. დევისს არაერთი სპონსორი ჰყავს, მათ შორის Nike, თუმცა მათგან მეტწილად უფასო აღჭურვილობას იღებს. სურს, რომ პროფესიონალი გახდეს, სკეიტბორდინგით ფული გამოიმუშაოს, იქნებ, სკეიტბორდინგისთვის შესაფერისი ტანსაცმლის წარმოებაც დაიწყოს. ამჟამად მას ერთი, მთავარი მისია აქვს: „ავისრულო ბავშვობის ოცნება და სკეიტბორდზე ჩემი სახელი ვნახო“.
ეს არც ისე გიჟური ოცნებაა. ამ სპორტის წინააღმდეგობრივი სული უკვე დიდი ხანია დაპირისპირების გზაზეა თავის კომერციულ პოტენციალთან.
ოლიმპიურმა სტატუსმა სპორტს ახლა ლეგიტიმურობა მიანიჭა, რაც, ცოტა არ იყოს, უხერხულადაც კი შეიძლება მოგვეჩვენოს. არავინ იცის, როგორ გაუმკლავდებიან ოლიმპიური შეჯიბრების კონფორმისტულ ნორმებს ტრისტან რენის მსგავსი სკეიტერები – ისინი ხომ ისეთ სპორტს წარმოადგენენ, რომელიც ყველაზე დიდ პრიორიტეტს ინდივიდუალურ სტილს ანიჭებს („საერთოდ რა წვრთნა უნდა გავიაროთ?“ – კითხულობს რენი).
„საკმაოდ დიდი დაძაბულობაა, – აღიარებს სალბა – პირადად მე ვფიქრობ, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება მაგარია. და მაინც, ოლიმპიურ თამაშებს უფრო სჭირდება სკეიტბორდინგი, ვიდრე სკეიტბორდინგს – ოლიმპიური თამაშები“.
ვენის-ბიჩიდან მანქანით ორი საათის სავალზე, ოკეანისპირა ქალაქ ენსინიტასში, 16 წლის ბრაის უეტსტინს თავის ეზოში ვხვდები. გოგონა თავის პირად სკეიტრამპებზე ვარჯიშობს – აქაურობას ოჯახის გარდაცვლილი შინაური იგუანას პატივსაცემად „იგუანას ღრმული“ ჰქვია.

უეტსტინი სხვა თინეიჯერებისგან დიდად არ განსხვავდება: მოკისკისე, მობუტბუტე და ცოტა მოუქნელია, მაგრამ როდესაც ფიცარზე დგება – იქნება ეს წყნარ ოკეანეში თუ ბეტონზე – იგი ტიტანად გადაიქცევა. ის 5 წლის ასაკიდან მისდევს სკეიტბორდინგსა და სერფინგს, რვა წლიდან შეჯიბრებებზეც გამოდის; არჩევანის გაკეთება აქამდე უჭირდა, სამი წლის წინ კი მიხვდა, რომ მისი შემოქმედებითი იმპულსების სტიმულირება სკეიტზე დგომისას უფრო სრულფასოვნად ხდებოდა, ვიდრე ტალღაზე სრიალისას. „სერფინგში იღბალზე ან დედაბუნების მოწყალებაზე ხარ დამოკიდებული“, – ამბობს უეტსტინი. 2019 წელს მან აშშ-ის პარკის სკეიტბორდინგის ქალთა ეროვნულ შეჯიბრებაში გაიმარჯვა. სპორტში, რომელსაც თავიდანვე მამაკაცთა მომეტებული ტესტოსტერონი და სიამაყე ამოძრავებდა, ქალები იშვიათობაა და უეტსტინიც გამორჩეულთა შორისაა. სკეიტბორდინგი ქალებისთვის შესაძლებლობაცაა და გამოწვევაც.
„კაცებში უამრავი ნიჭიერი კანდიდატია და მათთვის რთულია, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრონ“, – ამბობს უეტსტინის აგენტი, იულინ ოლივერი. „მეორე მხრივ, ქალებს იმდენად ცოტა დაფინანსებასა და შეჯიბრებაში მონაწილეობას სთავაზობენ, რომ ამ სპორტით თავის სარჩენად დაფინანსების რამდენიმე წყაროა საჭირო“.
ოლივერის თქმით, ამერიკაში სულ რაღაც ათიოდე ქალია ისეთი, რომელთაც შეუძლიათ სკეიტბორდინგს სრულგანაკვეთიანი სამუშაო უწოდონ; თანაც, სპორტული დაფინანსების ხარჯზე ჯერ არცერთი მათგანი არ გამდიდრებულა.
უეტსტინი ჯერ კიდევ სკოლაშია. მისი მთავარი საზრუნავი არა ფინანსური მდგომარეობა, არამედ ისაა, რომ სკოლიდან არ გარიცხონ – ბრაზილიაში, შვედეთში, პერუსა და ჩინეთში შეჯიბრებების გამო ბევრი სასკოლო დღე გააცდინა.
მას იმედი აქვს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისთვის კვალიფიკაციის გავლასაც შეძლებს. თუ ხის ბორბლებიანი ფიცრით ჰაერში აჭრა კალიფორნიის უდიდესი ფანტაზიაა, მაშინ მედლის პლატფორმებისა და ეროვნული ჰიმნების სამყარო საერთოდ ახალი მასშტაბის ოცნებაა.
სამხრეთი კალიფორნიის სკეიტბორდისტები ბორბლებიანი არქიტექტორები არიან, რომლებიც თავის მზით გახუნებულ ურბანულ ლანდშაფტს უსასრულოდ გარდაქმნიან. როდესაც ვუყურებთ, როგორ მისდევენ ახლა უკვე ოლიმპიურ სპორტს ვენის-ბიჩზე – და თავიანთ ბილიკებზე „ლეჯ გრაინდინგსა“ და „ქიქფლიპებს“ აკეთებენ – წყნარი ოკეანის ტალღებივით მარადიული მოვლენის მომსწრე ვხდებით: ჩვენ ვხედავთ ადამიანის იმპულსს, დაძლიოს ბუნების კანონები. და, რა თქმა უნდა, პროცესში მაგარიც გამოჩნდეს.
რობერტ დრეიპერი National Geographic-ის შტატგარეშე ავტორია 2007 წლიდან. დინა ლიტოვსკიმ ბოლოს ნოემბრის 2019 წლის ქალთა გამოცემისთვის გადაიღო გოგონები სამეცნიერო ბაზრობებზე.
იმოგზაურეთ ცოდნით: სამხრეთი კალიფორნია
ვენის-ბიჩი
ლოს-ანჯელესის სკეიტბორდინგის ცენტრი ბევრ სამხრეთკალიფორნიულ ურბანულ საზოგადოებას უყრის თავს. აბოტ კინის ბულვარის ჩაყოლებაზე რესტორნებსა და კაფეებში იოგები და ვეგანები „სილიკონ-ბიჩის“ ტექნოლოგიურ ექსპერტებსა და ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ირევიან. მაგრამ ვენის-ბიჩი, უპირველესად, ცნობილია „ოკეანისპირა ბილიკით“ – ჯერაც ყველასთვის საყვარელი ბოჰემური უფასო სივრცით.
სანტა-მონიკა
ვენისის ჩრდილოელი მეზობელი დღე და ღამე ფუსფუსებს. მაღაზიათა ქსელები, რესტორნები და ბარები უმანქანო „მესამე ქუჩის პრომენადზე“ ჩამწკრივებულან. სანტა-მონიკას პირსი ყველას იზიდავს კარნავალისებური სანახაობებითა და აქაურობისთვის სახასიათო, მზის ენერგიაზე მომუშავე „ეშმაკის ბორბლით“.
ენსინიტასი
ლოს-ანჯელესიდან ორ საათში სტუმრები ამ მდიდრულ, მშვიდ სანაპირო ქალაქში, სან-დიეგოს ჩრდილოეთ ოლქში მოხვდებიან. ადრე პუანსეტიას პლანტაციებით ცნობილი ენსინიტასი დღესაც ბევრი ბაღით იწონებს თავს, თუმცა მთავარი სანახაობა მაინც კლდეებით შემოსაზღვრული პლაჟებია.
– ენ კიმ-დანიბეილი