ჰანს-ერდმან შიონბეკი ისტორიის ყველაზე მასშტაბურ და სისხლიან ბრძოლას გადაურჩა. 1940 წელს იგი გერმანიის სატანკო დივიზიაში გაუშვეს. შიონბეკი ამბობს, რომ მაშინ მსოფლიოს საუკეთესო არმიის წევრად გრძნობდა თავს. შემდეგი წლის განმავლობაში მისი დანაყოფი საბჭოთა კავშირის მიწაზე დათარეშობდა. ომისას რვა ტანკი აუფეთქდა. განსაკუთრებული სიმამაცისთვის უფროსობა გამუდმებით აწინაურებდა. 1942 წლის აგვისტოში მისმა ტანკმა სტალინგრადის მისადგომებამდე მიაღწია. ჯერ 20 წლისაც არ იყო და უკვე სატანკო ბრიგადას ხელმძღვანელობდა.
შემდგომი ხუთი თვე გერმანიისა და შიონბეკისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ასობით ათასი გერმანელი ჯარისკაცი მომარაგების გარეშე დარჩა. ზამთარში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა.
ტანკებისთვის საწვავი აღარ იყო, ჯარისკაცები შიმშილობდნენ, ერთ დროს მხარბეჭიანი და ძალღონიანი შიონბეკი 45 კილო გახდა და საკუთარი თავის აჩრდილად იქცა. იგი მანამდე უცნობმა განცდამ – ეჭვმა შეიპყრო. ღამით ახალგაზრდა ოფიცერს ჯარისკაცების ხმა ესმოდა, რომლებიც ჰიტლერს ამ გამყინვარებაში მათი ბედის ანაბარა მიტოვებისთვის ლანძღავდნენ. შიონბეკი ხმას არ იღებდა და გულის სიღრმეში ჯარისკაცებს ეთანხმებოდა.
1943 წლის 19 იანვარს შიონბეკი საარტილერიო ჭურვის აფეთქებისას დაიჭრა და გერმანული ბომბდამშენით საჩქაროდ დააბრუნეს სამშობლოში. ამის წყალობით შიონბეკი იმ თითზე ჩამოსათვლელ გერმანელ ჯარისკაცებს შორის აღმოჩნდა, რომლებიც სტალინგრადის ბრძოლას ცოცხალი გადაურჩნენ. მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ბრძოლაში დამარცხება აღმოსავლეთ ფრონტზე ვერმახტის დაცემისა და ნაცისტური გერმანიის დასასრულის დასაწყისი იყო.
სამშობლოში დაბრუნებიდან ათი თვის შემდეგ, ახალგაზრდა ოფიცერს ბრესლაუში (დღევანდელი ვროცლავი, პოლონეთი), ჰიტლერის უშუალო გარემოცვაში, დაავალეს მუშაობა. შიონბეკს ახსოვს, როგორ გააღო მანქანის კარი და იქიდან გადმოსულ ჰიტლერს სამხედრო სალმით შეხვდა.
როდესაც იგი ჰიტლერს მიჰყვებოდა, თვალწინ სტალინგრადში დაღუპულები ედგა. ქამარზე დამაგრებული იარაღი მოსინჯა, მაგრამ შემდეგ ისევ სტალინგრადი გაახსენდა: „საკუთარ თავს ვუთხარი: „სტალინგრადში გაგიმართლა და გადარჩი. თუ ამას გააკეთებ, აუცილებლად მოგკლავენ – შენ და მთელ შენს ოჯახს“.
შიონბეკი ჰიტლერის ცენტრალურ შტაბში მოქმედ სადაზვერვო დანაყოფში მუშაობდა. ერთხელ, მეთაურმა უცნაური კითხვა დაუსვა: თუ რაღაც სერიოზული მოხდა, ხომ უნდა გვქონდეს შენი იმედიო? მოგვიანებით გაიგო, რომ რამდენიმე ოფიცერი ჰიტლერის მოკვლას გეგმავდა. ბომბს მისი თანამეოთახე ლოგინის ქვეშ მალავდა, მაგრამ სტალინგრადიდან ცოცხლად დაბრუნებულმა შიონბეკმა შეთქმულებაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა: „როდესაც დიქტატურაში ცხოვრობ, არასოდეს იცი, ვის უნდა ენდო“.
როდესაც შეთქმულება ჩავარდა, მისი მონაწილეები სასტიკად დასაჯეს. „ჩემი თანამეოთახე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ჩამოახრჩეს“, – ამბობს შიონბეკი.
ომის შემდეგ იგი მიუნხენში დასახლდა და ავტოქარხანაში დაიწყო მუშაობა. 1980 წელს ის გერმანიის ავტომანქანების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო. „მე შევძელი და გადავრჩი. არ მინდოდა, ამ ყველაფრის შემდეგ ცხოვრების წლები უმიზნოდ გამეფლანგა“.