
იდეები, რომლებიც აოცებს ხალხს
გაიცანით ჩვენი ერთ-ერთი მხატვარი
სახატავი მასალა, მაკეტები, იარაღები – ესაა კადრი National Geographic-ის მთავარი მხატვრის, ფერნანდო გ. ბაპტისტას სტუდიიდან. ფერნანდოს ნამუშევრებს ამ გამოცემაში დიდი რაოდენობით შეხვდებით, სწორედ მას ეკუთვნის გარეკანზე დაბეჭდილი გლადიატორი, ამ რომაელი მებრძოლების შესახებ ვრცელი სტატიისთვის შექმნილი საინფორმაციო გრაფიკები და კალაჰარის ბინადარი ცხოველების სიცხესთან ადაპტირების საილუსტრაციო მასალა.
როდესაც National Geographic-ი ფერნანდოს დაუკავშირდა, იგი მშობლიურ ესპანეთში, ბილბაოში მუშაობდა ვიზუალური თხრობით განთქმული გაზეთის, El Correo-ს გრაფიკული დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელად. „სამსახური რომ შემომთავაზეს, რატომაც არა-მეთქი, ვიფიქრე“, – ამბობს ფერნანდო, რომელიც აშშ-ში 2007 წელს გადმოსახლდა და ჟურნალს შემოუერთდა.

ფერნანდოს ილუსტრაციებისა და გრაფიკული დიზაინის შემფასებელი ყველა კომპეტენტური ჟიურის აღიარება აქვს მოპოვებული: 200-ზე მეტ ჯილდოსა და მედალს შორის „ემის“ ორი ნომინაციაც არის, ანიმაციური ნამუშევრებისთვის.
როგორ ქმნის ფერნანდო? ხშირად, სანამ ხატვას დაიწყებს, პოლიმერული თიხისგან სამგანზომილებიან მაკეტებს ძერწავს. მოდელი საუკეთესო რაკურსის შერჩევაში მეხმარებაო, ამბობს; ხედავს, სინათლე როგორ ეცემა და, შედეგად, უფრო რეალისტურ გამოსახულებასა და საჭირო ხედვის კუთხეს იღებს.
ზოგჯერ მოდელს ფოტოს გადაუღებს და ზედვე დაახატავს; შეიძლება მოდელი გამოიყენოს ფანქრით ჩანახატის გასაკეთებლად, ეს უკანასკნელი დაასკანეროს და ციფრულად განაგრძოს ხატვა. თავის მოდელებს პერიოდულად ანიმაციურ ფილმებშიც ათამაშებს.
ცალკე თემაა ექსპერტებთან თანამშრომლობა. მაგალითად, გლადიატორების პროექტზე მუშაობისას, ფერნანდომ შესაბამის მეცნიერთან თანამშრომლობით გააკეთა ისტორიული სიზუსტის მქონე ჩანახატები. შემდეგ კიდევ რამდენიმე ექსპერტმა განიხილა მისი დახატული სამოსი, ფონი, არენა, ხალხის გარეგნობა, საბრძოლო ილეთები – მოკლედ, ყველა დეტალი, რათა ილუსტრაციები უშეცდომო ყოფილიყო.
„ყოველთვის სიახლეს ვეძებ“, – ამბობს იგი და ყოველ თემას ამ კითხვებით იწყებს: „რა არ იცის ხალხმა? როგორ გავაოცო ყველა?“
National Geographic-ის ვიზუალურ ნაწილზე ფიქრისას უმეტესობას ფოტოგრაფია ახსენდება. თუმცა, ჩვენი გუნდის ნიჭიერ ილუსტრატორებსა და გრაფიკოსებსაც ისეთივე გადამწყვეტი როლი აქვთ ჩვენი მიზნის მიღწევაში, როგორიც ფოტოგრაფებს: გამოვიკვლიოთ და გაგიზიაროთ ჩვენი სამყაროს ამბები.
გმადლობთ, რომ კთხულობთ National Geographic-ს.