იდუმალი ადამიანი
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ამ რეგიონში იმდენი ნაშთი აღმოაჩინეს, რომ მოგვიანებით ამ ადგილს „კაცობრიობის აკვანიც“ კი ეწოდა


იდუმალი ადამიანი
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ამ რეგიონში იმდენი ნაშთი აღმოაჩინეს, რომ მოგვიანებით ამ ადგილს „კაცობრიობის აკვანიც“ კი ეწოდა
2013 წლის 13 სექტემბერს გამოქვაბულების მოყვარული მკვლევრები სტივენ ტაკერი და რიკ ჰანტერი იოჰანესბურგიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 50 კილომეტრში, დოლომიტის ქანით ნაგებ გამოქვაბულთა სისტემაში შევიდნენ. ამ გამოქვაბულებს „ამომავალ მზეს“ ეძახიან. იქაური ფილიგრანული არხები და მღვიმეები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული, კარგადაა შესწავლილი. თუმცა, ტაკერს და ჰანტერს იმედი ჰქონდათ, რომ ნაკლებად გაკვალულ ბილიკს მაინც იპოვიდნენ.
გულის სიღრმეში მათ უფრო დიდი მიზანი ამოძრავებდათ – ადამიანის ადრეული წინაპრის ძვლების პოვნა. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ამ რეგიონში იმდენი ნაშთი აღმოაჩინეს, რომ მოგვიანებით ამ ადგილს „კაცობრიობის აკვანიც“ კი ეწოდა. განამარხებების ძიების პიკმა დიდი ხნის წინ ჩაიარა, თითქოს ყველა კუთხე-კუნჭული მოვლილი იყო, თუმცა ერთი მეცნიერი იოჰანესბურგის ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტიდან, ახალი აღმოჩენის იმედს არ კარგავდა და კვლავინდებურად განაგრძობდა კვლევას. შანსი საკმაოდ მცირე იყო, მაგრამ, როგორც ამბობენ, ცდა ბედის მონახევრეა. იმავეს ფიქრობდნენ ტაკერი და ჰანტერიც.
ისინი გამოქვაბულის სიღრმეში, „სუპერმენის კროლში“ მიიკვლევდნენ გზას. ამ ვიწრო გასასვლელში რომ გაეტიო, ცალი ხელი ტანზე მჭიდროდ უნდა მიიკრა, ცალი კი თავზევით გაიშვირო (სუპერმენის ფრენის პოზა). დიდი კამერის გავლის შემდეგ, ისინი კლდის დაკბილულ კედელზე, „დრაკონის ზურგზე“ აძვრნენ და სტალაქტიტებიან პატარა ლამაზ ღრმულში აღმოჩნდნენ. ჰანტერმა ვიდეოკამერა ამოიღო; კადრში რომ არ მოხვედრილიყო, ტაკერი გამოქვაბულის იატაკის ნაპრალში ჩაძვრა, ფეხით კლდის შვერილი იპოვა, ქვევით – კიდევ ერთი, შემდეგ… სიცარიელე.
მოულოდნელად ტაკერი ვერტიკალურ ვიწრო ნაპრალში აღმოჩნდა, რომელიც ზოგან სულ 20 სმ სიგანის იყო და ჰანტერს გასძახა, უკან მიჰყოლოდა. ორივე სპელეოლოგი სპორტული აღნაგობის, მაგრამ თხელი მამაკაცი იყო. რომ არა მათი ასეთი ფიზიკური მონაცემები, ნაპრალში ვერ გაეტეოდნენ და ვერც ამ უნიკალურ განამარხებებს აღმოაჩენდნენ. ეს ბოლო ნახევარ საუკუნეში აღმოჩენილი ადამიანის ყველაზე გასაოცარი განამარხებებია – მეცნიერების უდავოდ ყველაზე დიდი თავსატეხი. პალეოანთროპოლოგმა ლი ბერგერმა ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტში გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მუშაობა და განამარხებების ძიებასაც მაშინ შეუდგა.
ბერგერი ძვალმსხვილი ამერიკელია, მაღალი შუბლითა და წითური სახით, გულღია ღიმილით და მისი პროფესიული კარიერისთვის მნიშვნელოვანი, უშრეტი ოპტიმიზმით. 90-იან წლებში, როდესაც ბერგერმა სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო, ადამიანის ევოლუციის მკვლევრების ყურადღება აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზისკენ იყო მიმართული. სამხრეთ აფრიკას კი, მკვლევართა უმეტესობა, ადამიანის ევოლუციის ისტორიაში უფრო ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნევდა.
20 წლის განმავლობაში ბერგერი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მკვლევრები ცდებოდნენ. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში მის მიერ გაკეთებული აღმოჩენები არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მკვლევრები საპირისპიროში დაერწმუნებინა.
ბერგერს იმ განამარხებების აღმოჩენა უნდოდა, რომლებიც ადამიანის ევოლუციის მთავარ საიდუმლოს ნათელს მოჰფენდა. როგორ მოხდა ჩვენი გვარის, Homo-ს წარმოშობა ორიდან სამ მილიონამდე წლების პერიოდში? ამ ევოლუციური მოგზაურობის უფრო შორეულ, გაღმა ნაპირზე მაიმუნის მსგავსი ავსტრალოპითეკები არიან (Australopithecus afarensis). მათი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია 1974 წელს ეთიოპიაში აღმოჩენილი „ლუსი“. უფრო ახლო ნაპირზე კი Homo erectus-ია, ცეცხლითა და იარაღებით აღჭურვილი, მთელ მსოფლიოში მიმოფანტული სახეობა, დიდი ზომის ტვინითა და ჩვენი სხეულის მსგავსი პროპორციებით. ამ მილიონწლოვან იდუმალებით მოცულ პერიოდში ორფეხა ცხოველი ადამიანს მიმსგავსებულ არსებად გარდაიქმნა, რომელსაც გარემოსთან არა მხოლოდ შეგუება შეეძლო, არამედ გონების გამოყენებით მისი გადაკეთებაც. როგორ მოხდა ეს რევოლუცია?
განამარხებები წინააღმდეგობრივია. Homo erectus-ზე ოდნავ უფროსი სახეობაა Homo habilis-ი. „მარჯვე ადამიანი“ – ასე უწოდეს ამ სახეობას 1964 წელს ლუის ლიკიმ და მისმა კოლეგებმა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ტანზანიაში, ოლდუვაის ხეობაში ნაპოვნი ქვის იარაღები სწორედ მან დაამზადა. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში მკვლევართა ჯგუფებმა ლუის ლიკის ვაჟის, რიჩარდის ხელმძღვანელობით უფრო მეტი H. habilis-ის ეგზემპლარი აღმოაჩინეს კენიაში. დღეს მიჩნეულია, რომ ადამიანის გენეალოგიური ხის ფესვები სწორედ ამ სახეობიდან, აღმოსავლეთ აფრიკიდან მოდის. თუმცა, ეს მოსაზრება არამყარია, რადგან Homo habilis-ამდე ადამიანის ისტორია ბურუსითაა მოცული. უფრო ადრეული Homo მხოლოდ რამდენიმე განამარხებული ფრაგმენტითაა წარმოდგენილი, რომლებიც საკმაოდ ზედაპირულია იმისთვის, რომ სახეობის სახელი მიენიჭოს. ბერგერი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ზედმეტად პრიმიტიულ H. habilis-ს ჩვენი გენეალოგიური ხის ფესვებთან პრივილეგირებული პოზიცია დაუმსახურებლად ეკავა. ზოგიერთი მეცნიერი ეთანხმება მოსაზრებას, რომ H. habilis-ს სინამდვილეში ავსტრალოპითეკი უნდა ეწოდებოდეს. თუმცა, ბერგერი თითქმის ერთადერთი იყო, ვინც ამტკიცებდა, რომ პირველი ნამდვილი Homo სამხრეთ აფრიკაში უნდა ეძებნათ. წლების განმავლობაში ამ თემაზე მისი ემოციური განცხადებები მხოლოდ გაუცხოებას იწვევდა ზოგიერთ მის კოლეგაში. თანაც, ბერგერს ხომ არც მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაუკეთებია, რითაც ამ თეორიას გაამყარებდა. მას ჰქონდა ამბიცია, რომ თავის სფეროში ცნობილი მოთამაშე გამხდარიყო, ისეთი, როგორიც რიჩარდ ლიკია ან დონალდ იოჰანსონი, რომელმაც ლუსის ჩონჩხი აღმოაჩინა. ბერგერს ფართო აუდიტორიის მოხიბვლაც შეეძლო და სამუშაოების დაფინანსების წყაროების მოძიებაც. წარმატებისთვის მას მხოლოდ ერთადერთი და მთავარი რამ არ ჰქონდა – ძვლები!
2008 წელს მან ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. „ამომავალი მზისგან“ დაახლოებით 16 კილომეტრში ერთი ადგილის კვლევისას (რომელსაც მოგვიანებით მალაპა უწოდეს), ბერგერმა თავის 9 წლის ვაჟ მეთიუსთან ერთად, დოლომიტის ნატეხებიდან გამოშვერილი ჰომინინის რამდენიმე განამარხებული ნიმუში იპოვა.
მომდევნო წლის განმავლობაში ბერგერის გუნდმა კლდიდან ორი თითქმის მთლიანი ჩონჩხი გამოიღო. დაახლოებით, ორი მილიონი წლით დათარიღებული ეს ჩონჩხები ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველი მსხვილი მონაპოვარი იყო სამხრეთ აფრიკაში. მრავალი თვალსაზრისით, ისინი ძალიან პრიმიტიულები იყვნენ, თუმცა თანამედროვე ადამიანის ზოგიერთ შტრიხსაც შეიცავდნენ.
ბერგერმა ჩათვალა, რომ ჩონჩხები ავსტრალოპითეკის ახალ სახეობას წარმოადგენდნენ, რომელსაც Australopithecus sediba უწოდა. თუმცა იმასაც ამტკიცებდა, რომ ეს ჩონჩხები Homo-ს წარმოშობაში „როზეტის ქვა“ იყო. პალეოანთროპოლოგიის ავტორიტეტებმა აღნიშნეს, რომ მისი აღმოჩენა „ყბის ჩამოვარდნამდე” დაუჯერებელი და მნიშვნელოვანი იყო, თუმცა უმეტესობამ არ გაიზიარა ბერგერის ინტერპრეტაცია. მათი აზრით, Australopithecus sediba ძალიან ახალგაზრდა, უცნაური და ამასთან, შეუფერებელ ადგილზე იყო ნაპოვნი საიმისოდ, რომ Homo-ს წინაპრად ჩაგვეთვალა: ის არ იყო ერთ-ერთი ჩვენგანი, ფიქრობდნენ მეცნიერები. ამ აღმოჩენის შემდეგ ცნობილი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ ადრეული Homo-ს შესახებ სტატიებში საერთოდ არ იყო ნახსენები არც ბერგერი და არც მისი აღმოჩენა.
ბერგერმა საკუთარი აღმოჩენების იგნორირება არ შეიმჩნია და კვლავ სამუშაოს მიუბრუნდა. კიდევ იყო სხვა ჩონჩხები მალაპიდან, რომლებიც კირქვის ფილებისგან ბოლომდე ვერ გაასუფთავეს. ასე რომ, ლაბორატორიაში ბევრი საქმე ჰქონდა. ერთ ღამეს, მის კარზე კაკუნი გაისმა. სპელეოლოგი და გეოლოგი პედრო ბოშოფი (ბერგერმა ის განამარხებების მოსაძიებლად დაიქირავა) სტივენ ტაკერთან ერთად ესტუმრა. ბერგერმა თვალი შეავლო თუ არა „ამომავალი მზიდან“ მათ მიერ მოტანილ სურათებს, მაშინვე მიხვდა – მალაპა ცოტა ხნით უნდა დაევიწყებინა. „ამომავალი მზის“ გამოქვაბულის ვიწრო ციცაბო ნაპრალში 12 მეტრზე ჩაძრომისას, ტაკერი და ჰანტერი კიდევ ერთ დარბაზში ჩაცვივდნენ, რომლის ერთ კუთხეში თეთრი ქვის ფილები ჩანჩქერივით მოჩანდა. გასასვლელი უფრო დიდი ზომის, დაახლოებით ცხრა მეტრის სიგრძისა და ერთი მეტრის სიგანის ღრმულში გადიოდა. კედლები და ჭერი ერთმანეთში არეული კალციტის გამონაშვერებით იყო დაფარული. თუმცა, მამაკაცების ყურადღება იატაკზე მოფენილმა ძვლებმა მიიპყრო. თავიდან ძვლები ახალი ეგონათ. განამარხებულთა უმეტესობის მსგავსად, ძვლები არც ქვასავით მძიმე და არც ქვაში გამომწყვდეული არ იყო, უბრალოდ, ზედაპირზე ეყარა, თითქოს ვიღაცას მიმოეფანტა. მათ ქვედა ყბის ფრაგმენტი შეამჩნიეს, ხელუხლებელი კბილებით, რომლებიც აშკარად ადამიანისას ჰგავდა.
ფოტოებზე დაკვირვებისას ბერგერი მიხვდა, რომ ძვლები თანამედროვე ადამიანს არ ეკუთვნოდა. გარკვეული შტრიხები, განსაკუთრებით ქვედა ყბისა და კბილების, მეტად პრიმიტიული იყო. ჩანდა, რომ იქ მეტი ძვლის პოვნაც იყო შესაძლებელი; ბერგერმა ნაწილობრივ ჩამარხული თავის ქალის კონტურებიც გაარჩია. დიდი ალბათობით, ეს ნაშთები სრული ჩონჩხის დიდ ნაწილს წარმოადგენდა. გაოცდა: ადრეული ჰომინინის სრულყოფილი ჩონჩხების რაოდენობა სულ ხუთიოდე იქნება. მათ შორისაა მის მიერ მალაპაში ნაპოვნი ორიც. ახლა კი ეს! მაგრამ რა იყო ეს? რა ასაკის? როგორ აღმოჩნდა იმ გამოქვაბულში?
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ძვლები რაც შეიძლება სწრაფად ამოეტანათ, ვიდრე სხვა მოყვარულები მიაგნებდნენ (ძვლების განლაგებიდან ჩანდა, რომ იქ უკვე ვიღაც იყო ნამყოფი, შესაძლოა, ათწლეულებით ადრე). მაგრამ როგორ უნდა მოეხერხებინათ ეს? ტაკერი და ჰანტერი განამარხებების გასათხრელად საჭირო უნარებს არ ფლობდნენ. არც ბერგერსა და არც ერთ მეცნიერს, ვისაც ის იცნობდა, ამ ნაპრალში გაძრომისთვის საჭირო ფიზიკური მონაცემები არ ჰქონდა. ამიტომ ბერგერმა „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა განცხადება: „ვეძებთ გამხდარ ადამიანებს, სამეცნიერო და სპელეოლოგიური საქმიანობის გამოცდილებით. მზად უნდა იყვნენ სივიწროვეში სამუშაოდ“. კვირანახევრის განმავლობაში 60-მდე პრეტენდენტი გამოეხმაურა. მან ექვსი ყველაზე კვალიფიცირებული შეარჩია. ექვსივე ახალგაზრდა გოგონა იყო. ბერგერმა მათ „მიწისქვეშა კოსმონავტები“ შეარქვა.
ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების დაფინანსებით (ბერგერი National Geographic-ის მუდმივი მკვლევარიც გახლავთ), მან 60-მდე მეცნიერი შეკრიბა და მიწისზედა მართვის ცენტრი დააარსა. ადგილობრივმა სპელეოლოგებმა ბანაკიდან განამარხებების დარბაზამდე საკომუნიკაციო და ელექტროკაბელები გაიყვანეს. მართვის ცენტრიდან ბერგერსა და მისი გუნდის წევრებს კამერების საშუალებით ქვევით მიმდინარე პროცესებისთვის თვალის მიდევნება შეეძლოთ. მარინა ელიოტი, იმ დროს ბრიტანული კოლუმბიის საიმონ ფრეზერის უნივერსიტეტის ასპირანტი, პირველი ჩაეშვა ნაპრალში.
„ქვევით ყურებისას ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდებოდა, – იხსენებდა ელიოტი, – თითქოს ზვიგენის ხახაში ვიხედებოდი. იქ ქვის თითები, ენები და კბილები იყო“.
ელიოტმა და მისმა ორმა კოლეგამ, ბეკა პეიჟომ და ჰანა მორისმა „დასაშვები ზონის” ფსკერისკენ გზა ნელ-ნელა გაიკვლიეს, შემდეგ განამარხებების დარბაზშიც ჩაცოცდნენ. სამ-სამი ქალისგან შემდგარი ჯგუფები ორსაათიანი მონაცვლეობით მუშაობდნენ. მათ ზედაპირზე 400-ზე მეტი განამარხებული ნიმუშის ადგილმდებარეობა მონიშნეს, შემდეგ ჩანთებში ჩააწყვეს და ნახევრად ჩაფლული ქალის ირგვლივ ფრთხილად დაიწყეს მიწის ამოღება. მის ქვემოთ და გარშემო, ერთმანეთთან მჭიდროდ სხვა ძვლებიც იყო. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ გოგონები ქალის ირგვლივ 1კვ/მ ფართობის უბანს ასუფთავებდნენ, მეცნიერები ზევით, მართვის ცენტრში, ეკრანთან შეკრებილიყვნენ და ნერვიულობდნენ. დროდადრო მართვის ცენტრიდან აღტაცებული ყიჟინა ისმოდა; კიდევ ერთი საკვირველი აღმოჩენა! ბერგერიც მართვის ცენტრს მიაშურებდა და დაფიქრებული უცქერდა მოგროვებულ ძვლებს.
ძვლები შესანიშნავად იყო შემონახული. სხეულის ერთი და იმავე ნაწილის რამდენიმე ძვლის პოვნამ კი ცხადყო, რომ გამოქვაბულში ერთი კი არა, ორი, სამი, ხუთი… შემდეგ კი იმდენი ჩონჩხი იყო, რომ თვლა აერიათ; 1200-მდე ძვალი ამოიღეს, უფრო მეტი, ვიდრე აფრიკაში ადამიანის წინაპრის ნაკვალევის მქონე ნებისმიერ წერტილში. ამასთან, თავის ქალის ირგვლივ ერთი კვადრატული მეტრის ფართობიც კი არ იყო ჯერ მთლიანად გათხრილი. სულ 1550-მდე ეგზემპლარი შეგროვდა. ეს ფრაგმენტები სულ ცოტა, 15 ადამიანს ეკუთვნოდა: თავის ქალები, ყბები, ნეკნები, ათობით კბილი, თითქმის მთლიანი ფეხი, ხელი. პრაქტიკულად, ყველა ძვალი დაუზიანებელი იყო და ადამიანის ბუნებრივი ფორმით განლაგებული. შიდა ყურის პატარა ძვლები, ზრდასრულები, ახალგაზრდები, ჩვილები, რომელთა იდენტიფიცირება მათი თითისხელა მალებით მოხდა. ჩონჩხების ერთი ნაწილი განსაცვიფრებლად თანამედროვედ გამოიყურებოდა. სხვა ფრაგმენტები ძალიან პრიმიტიული იყო – ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო პრიმატის მსგავსი, ვიდრე ავსტრალოპითეკების.
„ჩვენ ყველაზე ღირსშესანიშნავი ქმნილება ვიპოვეთ!“ – თქვა ბერგერმა და გაიღიმა.
პალეოანთროპოლოგიაში ახალაღმოჩენილ ნიმუშებს, როგორც წესი, კონფიდენციალურად ინახავენ. შედეგები ჯერ გულდასმით გაანალიზდება და მხოლოდ ამის შემდეგ ქვეყნდება. ნიმუშებზე ხელი მხოლოდ აღმომჩენის უახლოეს თანამშრომლებს მიუწვდებათ. თუ ამ წესს დაიცავდნენ, „ამომავალი მზის“ მთავარ საიდუმლოზე პასუხის გაცემას, შესაძლოა, წლები და ათწლეულებიც კი დასჭირვებოდა. ბერგერს კი სამუშაოების სწრაფად დასრულება სურდა, რომ გასაჯაროება წლის ბოლომდე მოესწროთ. მისი აზრით, ამ სფეროში მოღვაწე ნებისმიერ მეცნიერს რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეეტყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ალბათ, მას მოთმინებას უკარგავდა აზრი, რომ მისი აღმოჩენის შესახებ ყველა შეიტყობდა. იმ აღმოჩენის, რომელიც, შესაძლოა, უძველესი Homo-ს ახალი კანდიდატი გამხდარიყო. და ეს ზუსტად 50 წლის თავზე იმ დღიდან, რაც ლუის ლიკიმ ჩვენი გვარის, Homo habilis-ის პირველი წევრის აღმოჩენის შესახებ საჯაროდ განაცხადა.
ერთადერთი გზა არსებობდა: ძვლები რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა შეესწავლა. ოც გამოცდილ მეცნიერთან ერთად (რომლებიც მას მალაპის ჩონჩხების შეფასებაში ეხმარებოდნენ), ბერგერმა იოჰანესბურგში განამარხებულთა ექვსკვირიანი ინტენსიური შესწავლისთვის 15 ქვეყნიდან 30-ზე მეტი ახალგაზრდა მეცნიერიც მოიწვია. ახალგაზრდა სწავლულებისთვის ეს იყო „პალეოფანტაზიის რეალობად ქცევა, – თქვა ლუკას დელეზინმა, არკანზასის უნივერსიტეტის ახალგაზრდა პროფესორმა, – ასპირანტურაში ყველა ოცნებობს ისეთ განამარხებებზე, რომლებიც ჯერ არავის უნახავს. თქვენ ხომ ახალი სახეობის იდენტიფიცირების შანსი გეძლევათ“.
ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის ახალ ლაბორატორიაში მინის თაროებზე განამარხებული ძვლები აწყვია. ანალიტიკოსები ჯგუფებად დაიყვნენ – სხეულის ნაწილების მიხედვით. თავის ქალის სპეციალისტები ერთ კუთხეში იყვნენ შეკრებილნი დიდი კვადრატული მაგიდის გარშემო, რომელზეც ქალისა და ყბების ფრაგმენტები და სხვა კარგად ცნობილი განამარხებული ქალების ეგზემპლარები ელაგა. უფრო მცირე ზომის მაგიდებზე ხელი, ფეხი, გრძელი ძვლებია გაშლილი… ახალგაზრდა მეცნიერები ძვლებს უკირკიტებენ. ბერგერი და მისი უახლოესი მრჩევლები ერთი მაგიდიდან მეორესთან მიდიან და ხმადაბლა საუბრობენ.
დელეზინს 190 განამარხებული კბილის შესწავლა დაევალა. კბილი ნებისმიერი ანალიზის იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ხშირად მხოლოდ კბილებით ხდება სახეობის იდენტიფიცირება. მაგრამ, კბილები, რომლებიც ამ ლაბორატორიაში მაგიდაზე აწყვია, აქ მომუშავე ექსპერტებს არასდროს უნახავთ. თუ დიდი ძირითადი კბილების გვირგვინები საოცრად ჰგავდა ადამიანისას, მცირე ძირითადი კბილების ფესვები უცნაურად პრიმიტიული იყო. „არ ვიცით, ეს როგორ ავხსნათ, ნამდვილი სიგიჟეა“, – ამბობს დელეზინი.
მსგავსი „სიგიჟეები“ სხვა მაგიდებზეც ხდებოდა: სრულიად თანამედროვე ხელს მაიმუნისებრი მხრები და უცნაურად მოღუნული თითები ჰქონდა, რაც მათ პატრონს ხეებზე ძრომას გაუადვილებდა. ფართოდ გაშლილი მენჯი ლუსის ეგზემპლარივით პრიმიტიული იყო, თუმცა ამავე მენჯის ძირი თანამედროვე ადამიანისას ჰგავდა. ბარძაყის ძვლების ზედა ნაწილი ავსტრალოპითეკისნაირი ჰქონდა, თუმცა რაც უფრო ქვევით ეშვებოდა, მით უფრო თანამედროვე ადამიანის ძვლების ფორმას იძენდა და ტერფები ფაქტობრივად არც კი განსხვავდებოდა ჩვენი ტერფებისგან.
„ბარძაყის ძვლებზე მკვეთრი ხაზის გავლება შეიძლებოდა – ზევით პრიმიტიული, ქვევით თანამედროვე, – მითხრა პალეონტოლოგმა სტივ ჩერჩილმა (დიუკის უნივერსიტეტი) , – მხოლოდ ტერფი რომ გეპოვათ, დაასკვნიდით, რომ ვიღაც ბუშმენი გარდაიცვალა“.
ასევე იყო თავიც. აღმოაჩინეს ოთხი ქალა, სავარაუდოდ, ორი მამაკაცის და ორიც ქალის. ზოგადი მორფოლოგიით ისინი საკმაოდ განვითარებულნი იყვნენ საიმისოდ, რომ Homo გეწოდებინათ. თუმცა, ქალა-ტვინის კოლოფები მეტად მცირე ზომის იყო – სულ რაღაც 560 კუბური სანტიმეტრი მამაკაცებში და 465 – ქალებში, H. erectus-ისა (საშუალოდ 900 კუბური სანტიმეტრი) და თანამედროვე ადამიანის ქალა-ტვინის კოლოფებზე ბევრად ნაკლები ზომის. დიდი ზომის ტვინი ადამიანის გამსაზღვრელი უპირობო ნიშან-თვისებაა, იმ სახეობის, რომელმაც საკუთარი გონების მართვა ისწავლა. ესენი არ იყვნენ ადამიანები. მათ უცნაურად პატარა ტვინი, თუმცა ადამიანის სხეულის მსგავსი ზოგიერთი ნაწილი ჰქონდათ.
„ჯოჯოხეთივით ზებუნებრივი, – მითხრა მოგვიანებით პალეონტოლოგმა ფრედ გრინმა (ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი), – საკმაოდ დიდ სხეულებში გაჭედილი პაწაწინა ტვინი“. მოზრდილი მამრები დაახლოებით 1,5 მეტრის სიმაღლის იყვნენ და 45 კილოგრამს იწონიდნენ. მდედრები – ოდნავ დაბლები და მსუბუქები. „ცხოველის ავსტრალოპითეკიდან Homo-ში გარდაქმნის გზავნილი მივიღეთ. ყველაფერი, რაც თვითგადარჩენისთვის არის საჭირო, ჩვენი მსგავსია. სხვა ნაწილები მათი პრიმიტიული წარსულის ელემენტებს ინარჩუნებენ”, – მითხრა ბერგერმა.
არსებობდა მოსაზრება, რომ „ამომავალი მზის“ ახალი ჰომინინი ბევრად ახლოს იდგა თანამედროვე ადამიანთან, ვიდრე Homo erectus-თან. ბერგერისა და მისი გუნდის წევრებისთვის ის Homo-ს გვარს მიეკუთვნებოდა, თუმცა ყველა მისი წევრისგან განსხვავდებოდა. სხვა გზა არ იყო, ახალი სახეობისთვის სახელი უნდა მიენიჭებინათ. მას Homo naledi უწოდეს და ამით ამ ძვლების „მცველი” გამოქვაბულის წინაშე ქედი მოიხარეს. ადგილობრივ სოთოს ენაზე naledi „ვარსკვლავს“ ნიშნავს.
2013 წლის ნოემბერში, მარინა ელიოტი და მისი თანაგუნდელები, რომლებიც გამოქვაბულში მუშაობდნენ, საგონებელში ჩააგდო ერთმა უცნაურობამ: „მესამე თუ მეოთხე დღე იყო, ჩვენ კი ფაუნის არც ერთი წარმომადგენელი არ შეგვხვდა“. პირველ დღეს ზედაპირზე მცირე ზომის ფრინველის რამდენიმე ძვალი იპოვეს, შემდეგ კი, ჰომინინის ძვლების გარდა, აღარაფერი უნახავთ.
Homo naledi-ს იდენტიფიცირების კიდევ ერთი თავსატეხი: როგორ მოხვდა ნეშტები ასე მოშორებულ დარბაზში? ეს არსებები აშკარად არ ბინადრობდნენ გამოქვაბულში: იქ არ იყო არანაირი ქვის იარაღი ან საკვების ნარჩენები, რაც მათ გამოქვაბულში ცხოვრებას დაადასტურებდა. შესაძლოა, Homo naledi-ს ჯგუფი გამოქვაბულში შემთხვევით შეეხეტა და იქ გაიჭედა… თუმცა, ნაპოვნი ძვლები მიუთითებს, რომ ისინი იქ დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა, შესაძლოა საუკუნეებიც კი. თუკი გამოქვაბულში ჰომინინები მტაცებლებმა შეათრიეს, მაშინ ძვლებზე მათი კბილების ანაბეჭდი უნდა დარჩენილიყო. ეს ასე არ იყო. ბოლოს, თუ ძვლები გამოქვაბულში წყალმა ჩარეცხა, მას იქ ქვები და სხვა ყორექვაც უნდა ჩაეტანა. მაგრამ იქ მსგავსი არაფერია. მხოლოდ წმინდა დანალექი, რომელიც კედლებიდან ჩამოიფშვნა ან პაწაწინა ნაპრალებში ჩაიყარა.
„როცა შეუძლებელს მოაშორებ, რაც დარჩება, თუნდაც ნაკლებად სარწმუნო, ის არის სიმართლე“, – მიმართა ერთხელ შერლოკ ჰოლმსმა ექიმ უოტსონს.
ყველა სხვა ახსნა გამოირიცხა და ბერგერი თავის გუნდის წევრებთან ერთად დაუჯერებელ დასკვნამდე მივიდა: Homo naledi-ს სხეულები იქ წინასწარი განზრახვით სხვა Homo naledi-ებმა მიიტანეს. აქამდე გარდაცვლილების მიმართ რიტუალური ქცევის მანერით მხოლოდ Homo sapiens-ი იყო ცნობილი. შესაძლოა, ზოგიერთი უძველესი ადამიანიც, მაგალითად, ნეანდერტალელები. მკვლევრები არ ამტკიცებენ, რომ ჰომინინები „სუპერმენის კროლით” ზვიგენის ხახის მსგავს ნაპრალში ჩადიოდნენ და იქ გვამების შეთრევით თავს ხიფათში იგდებდნენ. შესაძლოა, მაშინ ნაპრალი საკმარისად ფართო იყო ან ჰომინინები მასში უბრალოდ ყრიდნენ თავის ტვირთს. დროთა განმავლობაში ძვლების გროვა გაიზარდა და ნელ-ნელა მეზობელ დარბაზშიც გადავიდა.
თუმცა, ეს ყველაფერი მაინც მოითხოვდა ჰომინინებისგან გზის გაკვლევას ნაპრალის წვერამდე გაუვალ სიბნელეში და უკან, რასაც აუცილებლად დასჭირდებოდა სინათლე – ჩირაღდნები ან კოცონები. ის, რომ ასეთი პატარა ტვინის მქონე არსებები მსგავს რთულ ქცევას ავლენდნენ, იმდენად დაუჯერებელია, რომ ბევრმა მეცნიერმა უბრალოდ არ მიიღო. მათი მტკიცებით, ადრეულ პერიოდში გამოქვაბულის შესასვლელი არსებობდა, რომლითაც ჰომინინები დარბაზში მოხვდებოდნენ. ძვლებს იქ, სავარაუდოდ, წყალი ჩაიტანდა. „სხვა შესასვლელიც უნდა იყოს, – თქვა იოჰანესბურგში განამარხებების სანახავად ჩასულმა რიჩარდ ლიკიმ, – უბრალოდ, ლის ის ჯერ არ უპოვია“.
თუმცა, წყალი რომ ყოფილიყო, ძვლებთან ერთად აუცილებლად ჩარეცხავდა ყორექვას, მცენარეებსა და სხვა ნარჩენებსაც. იქ კი არაფერი მსგავსი არ არის. „ეს ფაქტია და მორჩა“, – მითხრა ავსტრალიის ჯეიმს კუკის უნივერსიტეტის გეოლოგმა ერიკ რობერტსმა. ამ გაჩხიკულმა მეცნიერმა თავადაც შეძლო მღვიმის დათვალიერება. „დანალექები არ იტყუებიან!“
გარდაცვლილი ადამიანისთვის ადგილის მიჩენა ჭირისუფალს შვებას გვრის, მის მიმართ პატივისცემას გამოხატავს. ამგვარი სენტიმენტი კაცობრიობის დამახასიათებელი ნიშანია. მაგრამ, „Homo naledi არ იყო ადამიანი!“ – კატეგორიულია ბერგერი.
„ეს ცხოველია, რომელსაც, როგორც ჩანს, შეეძლო გაცნობიერება, რომ ბუნებისგან განცალკევებულია”, – თქვა მან.
რას წარმოადგენს Homo naledi და როგორ მოხვდა მისი ძვლები გამოქვაბულში? ეს კითხვები პირდაპირ კავშირშია ძვლების ასაკთან. თუმცა, რამდენი წლისაა ძვლები, დღეს ეს არავინ იცის. აღმოსავლეთ აფრიკაში განამარხებულთა ზუსტი დათარიღება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მათ ვულკანური ფერფლის ფენების ზევით ან ქვევით პოულობენ. მათი ასაკის დადგენა ფერფლში რადიოაქტიური ელემენტების დაშლის პერიოდის განსაზღვრით ხდება. მალაპაში ბერგერს ბედმა გაუღიმა: A. sediba-ს ძვლები წყლის მიერ დალექილი კალციტის ფენებს შორის იყო მოქცეული და მათი რადიომეტრიული მეთოდით დათარიღება მოხერხდა. „ამომავალი მზის” დარბაზში კი ძვლები, უბრალოდ, გამოქვაბულის იატაკზე ელაგა ან თხელ, შერეულ დანალექში იყო ჩამარხული. „როდის?“ – ეს უფრო ძნელი ამოსახსნელია, ვიდრე“ – „როგორ?“
როგორც აღმოჩნდა, თარიღის არარსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ამ აღმოჩენის შესახებ სტატიების გამოსაქვეყნებლად. მკვლევართა უმეტესობას აფიქრებს, როგორ აღიქვამს სამეცნიერო წრე მათ დასკვნებს დათარიღების გარეშე. ბერგერს კი ეს საერთოდ არ ანაღვლებს. თუკი საბოლოოდ დამტკიცდება, რომ Homo naledi ისეთივე ხანდაზმულია, როგორც მისი მორფოლოგია მიუთითებს, დიდი შანსია, რომ ბერგერმა Homo-ს გენეალოგიური ხის ფესვებს მიაგნო. მაგრამ, თუ ეს სახეობა ბევრად ახალგაზრდა აღმოჩნდება, შედეგი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მაშინ, როდესაც ადამიანის სხვა სახეობები ევოლუციას განიცდიდნენ, მათ გვერდით, წარმოუდგენლად ახლო წარსულში, ეს განცალკევებული, პატარა ზომის ტვინისა და პრიმიტიული იერის მქონე Homo-ც თანაარსებობდა. მაგრამ როდის? ასი ათასი წლის წინ? ორმოცდაათი ათასი? ათი ათასი? გაცხოველებული კამათის შემდეგ, სამუშაო შეხვედრის დასასრულს, ბერგერი, როგორც ყოველთვის, მშვიდი იყო: „ასაკისგან დამოუკიდებლად, ამ აღმოჩენას უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება“, – თქვა მან და მხრები აიჩეჩა.
შარშან აგვისტოში, ბერგერი აღმოსავლეთ აფრიკაში გაემგზავრა, ლუის ლიკის მიერ Homo habilis-ის აღმოჩენის 50-ე წლისთავის აღსანიშნავად. რიჩარდ ლიკიმ უძველესი ადამიანის ევოლუციაზე მომუშავე წამყვანი „ტვინები” კენიაში, ტურკანის აუზის ინსტიტუტში სიმპოზიუმზე მიიწვია. ეს კვლევითი ცენტრი ლიკიმ თავად დააარსა ტურკანის ტბის დასავლეთ ნაპირის სიახლოვეს.
თავშეყრის მიზანი იყო შუღლისა და პოპულარობის სურვილის (პალეოანთროპოლოგიისათვის დამახასიათებელი ორი ნაკლი) უკანა პლანზე გადადება და უძველესი Homo-ს დამაბნეველ მონაცემებთან დაკავშირებით კონსენსუსის მოძებნა. იქ ბერგერის თავგამოდებული კრიტიკოსებიც იყვნენ მიწვეულნი, მათ შორის ისინი, ვინც მწვავე რეცენზია მიუძღვნა A. sediba-ს განამარხებების მისეულ ინტერპრეტაციას. ეს მეცნიერები ბერგერს საუკეთესო შემთხვევაში „აუტსაიდერად“, ხოლო უარესში – თაღლითად მიიჩნევდნენ.
ოთხი დღის განმავლობაში მეცნიერები ლაბორატორიის ფართო ოთახში იკრიბებოდნენ. მაგიდებზე უძველესი Homo-ს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იყო მოფენილი. ერთ-ერთ დილას მეივ ლიკიმ (National Geographic-ის მუდმივმა მკვლევარმა) ტურკანის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე აღმოჩენილი სრულიად ახალი ეგზემპლარების საცავი გახსნა. მათ შორის იყო თითქმის სრულყოფილი ტერფიც. ბილ კიმბელმა კი (ადამიანის წარმოშობის ინსტიტუტი), თავისი გამოსვლა ეთიოპიაში ახალაღმოჩენილი, 2,8 მილიონი წლით დათარიღებული, ჩვენი გვარის ჯერჯერობით უძველესი წევრის – ახალი Homo-ს ყბის აღწერას დაუთმო. არქეოლოგმა სონია ჰარმანდმა (სტოუნი-ბრუკის უნივერსიტეტი) კიდევ უფრო დიდი ბომბი შემოაგდო – 3,3 მილიონი წლით დათარიღებული, ტურკანის ტბის მახლობლად აღმოჩენილი ათობით ქვის უხეში იარაღი. თუ ეს ქვის იარაღები ჩვენი გვარის გამოჩენამდე ნახევარი მილიონი წლით ადრე შეიქმნა, მაშინ ძნელია ვამტკიცოთ, რომ Homo-ს მთავარი დამახასიათებელი ნიშან-თვისება ტექნოლოგიური გამომგონებლობის უნარია.
ბერგერი უჩვეულოდ წყნარად იჯდა და დებატებში თითქმის არ მონაწილეობდა. საკითხი A. sediba-ს და H. habilis-ის შედარებას შეეხო და მისი დროც მოვიდა.
„თქვენთვის უფრო საინტერესო ალბათ „ამომავალი ვარსკვლავია“, – თქვა მან. 20 წუთის განმავლობაში მან აუდიტორიას ამ აღმოჩენის ისტორიაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა – გამოქვაბულის შემთხვევით პოვნა, დაჩქარებული ანალიზი ივნისში და მისი აღმოჩენის მთავარი მიგნებები. ამ დროს „ამომავალი მზის“ ორი ქალა ხელიდან ხელში გადადიოდა.
დადგა კითხვა-პასუხის დრო: „თავის ქალისა და კრანიო-დენტალური ანალიზი თუ ჩაატარეთ?“ „დიახ. Homo naledi-ს ქალა და კბილები მას Homo erectus-თან, ნეანდერტალელთან და თანამედროვე ადამიანთან ერთ ჯგუფში ათავსებს“.
„არის ის უფრო ახლოს Homo erectus-თან, ვიდრე Homo habilis-თან?“ „დიახ“. „აღინიშნება ძვლებზე მტაცებელთა კბილების ნაჭდევები?“ „არა, ეს ყველაზე ჯანმრთელი გარდაცვლილი ინდივიდებია, რაც ოდესმე გვინახავს“. „გაქვთ თუ არა წარმატება ეგზემპლარების დათარიღების კუთხით?“ „ჯერ არა, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, როდისმე თარიღსაც დავადგენთ“.
კითხვები ამოიწურა და მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა, განსაკუთრებით ბერგერი – შეკრებილმა ავტორიტეტებმა ტაში დაუკრეს.
ადამიანის ევოლუციის კუთხით მნიშვნელოვანი ახალი აღმოჩენის დროს (თუნდაც ნაკლები მნიშვნელობის), მიღებულია, რომ მან ძირფესვიანად უნდა ამოატრიალოს ადრინდელი მოსაზრებები ჩვენს წინაპრებზე. ჯერჯერობით, ბერგერი ამგვარ მყვირალა განცხადებებს არ აკეთებს. აღმოჩენების ასაკი დაუდგენელია, ამიტომ ის არ ამტკიცებს, რომ უძველესი Homo აღმოაჩინა, ან რომ „კაცობრიობის აკვანის” სახელი აღმოსავლეთიდან სამხრეთ აფრიკას დაუბრუნდა. თუმცა, განამარხებები ნამდვილად მიუთითებენ, რომ ეს ორი რეგიონი და მათ შორის მდებარე ტერიტორია, შესაძლოა, ამ ისტორიის თავსატეხის გასაღებს მალავდეს.
„რაც naledi გამოჩნდა, ერთ რამეს მივხვდი: ერთი შეხედვით, შესაძლოა, იფიქროთ, რომ აქამდე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა სრულიად საკმარისია ადამიანის ევოლუციის დასადგენად, თუმცა ეს ასე არ არის“, – თქვა ფრედ გრინმა (სტოუნი-ბრუკის უნივერსიტეტი). შესაძლოა, Homo-ს პირველი სახეობები სამხრეთ აფრიკაში წარმოიშვნენ და შემდეგ აღმოსავლეთ აფრიკაში გადავიდნენ, ან კი – პირიქით.
ბერგერი მიიჩნევს, რომ მეტაფორა „ადამიანის გენეალოგიური ხე”, ანუ ის, რომ ადამიანი ერთი ფესვიდან წამოვიდა, სწორი არაა. ადამიანის ევოლუცია უფრო ერთმანეთში გადახლართული ნაკადებია: ის ჰგავს მდინარეს, რომელიც არხებად იყოფა, რათა მოგვიანებით ისევ შეერთდეს. ანალოგიურად, ჰომინინების სხვადასხვა ტიპები, რომლებიც აფრიკის ლანდშაფტებში ბინადრობდნენ, რაღაც მომენტში საერთო წინაპრისგან გაიყვნენ. თუმცა, მომდევნო პერიოდში ალბათ ისევ შეერთდნენ. ამგვარად, ჩვენ – მდინარის ყელზე მყოფებს, გარკვეული ნიშან-თვისებები აღმოსავლეთ აფრიკიდან, გარკვეული კი – სამხრეთ აფრიკიდან გვაქვს. ერთი რამ ცხადია: თუკი ჰომინინის სრულიად ახალი სახეობის შესახებ მხოლოდ იმიტომ შევიტყეთ, რომ ორი სპელეოლოგი საკმაოდ გამხდარი იყო და სამხრეთ აფრიკის კარგად გამოკვლეული გამოქვაბულის ნაპრალში გაეტია, ნამდვილად აზრზე არ ვართ, კიდევ რა იმალება იქ.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.