იდუმალი არსებების საბინადრო
სრულიად იზოლირებული სოკოტრა უცნაური მცენარეებისა და ცხოველების სამკვიდროა. ისინი საოცრად შეგუებულან კუნძულის მკაცრ, ცხელსა და ქარიან პირობებს


იდუმალი არსებების საბინადრო
სრულიად იზოლირებული სოკოტრა უცნაური მცენარეებისა და ცხოველების სამკვიდროა. ისინი საოცრად შეგუებულან კუნძულის მკაცრ, ცხელსა და ქარიან პირობებს
ფირმიჰინის ფართო გორაკზე დრაკონის ხის ტყე იზრდება. თითქმის შუაღამეა. სავსემთვარეობიდან მხოლოდ ერთი ღამე გავიდა.
მთვარის შუქი ვერცხლისფრად ეფინება დაკბილულ ლანდშაფტს. ყორეშემორტყმულ მწყემსების დასახლებაში ოთხი ადამიანის სახეს ცეცხლის ალი ანათებს, ფეხშიშველები უსხედან კოცონს და თხის ახალმოწველილ რძიან ჩაის მიირთმევენ.
ნიჰა მალჰას სარონგის მსგავსი სამოსი – ფუტა აცვია; მისი ცოლი, მეტაგალი კი – მკვეთრ იისფერ გრძელ კაბაშია გამოწყობილი და იისფერივე თავშალი ახურავს; ლაპარაკობენ იმ ენაზე, რომლის წარმოშობა აღარც კი ახსოვთ, საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა და დღეს 50 000-ზე უფრო ნაკლები ადამიანისთვისაა გასაგები.
ცოლ-ქმარმა კითხვა არ იცის, მაგრამ კარგად იციან, რა წერია გორაკის ძირში დამაგრებულ ახალ ფირნიშზე – ფირმიჰინი დაცული ბუნებრივი ნაკრძალია. ამბობენ, სოფელში უცხოელები ჩამოდიან და ფოტოებს უღებენ დრაკონის ხეებს, უდაბნოს ვარდებსა და მიშჰაჰირის ყვავილებსო. მეცნიერები კი აბრუნებენ ქვებს და ამტკიცებენ, რომ მწერებსა და ხვლიკებს აგროვებენ. მაგრამ რას ეძებენ სინამდვილეში?
მშფოთვარე იემენის კონტინენტური ნაწილიდან 350 კილომეტრის დაშორებით, არაბეთის ზღვაში მდებარე სოკოტრა – ძველ რუკებზე სამყაროს კიდეში დატანილი, ოდესღაც ლეგენდარული ადგილია. ეს მიწა მეზღვაურებისთვის მეტად სახიფათო იყო მარჩხობებითა თუ მძვინვარე შტორმებით. ხმები დადიოდა, რომ ადგილობრივები მართავდნენ ქარებს, ხომალდებს ნაპირზე რიყავდნენ და ძარცვავდნენ. დღეს სოკოტრის მდიდარი ბიომრავალფეროვნება სულ უფრო მეტ მკვლევარს იზიდავს, სურთ მანამდე ამოიცნონ აქაურობის საიდუმლო, სანამ მას სამუდამოდ შეცვლის თანამედროვე მსოფლიო.
უეცრად, მეტაგალს სევდიანი გამომეტყველება ეცვლება, დაბნეული იღიმის, სიბნელეში უჩინარდება, შემდეგ ბრუნდება და ქაღალდის პატარა პაკეტს მთავაზობს. „იქნებ, ცოტაოდენი საკმეველი იყიდოთ?“. ნიჰა პაწაწინა ნატეხს დებს ნაკვერჩხალზე. კვამლი ბოლქვებად ადის ჰაერში და ის სურნელი დგება, ოდესღაც ფარაონების აკლდამებსა და ბერძნული ღმერთების ტაძრებში რომ ტრიალებდა.
ძველი ეგვიპტელები, ბერძნები, რომაელები – ყველა მოიხმარდა სოკოტრის ბუნებრივი სამყაროს საუნჯეს: არომატული საკმეველი, ალოეს სამკურნალო ექსტრაქტი და დრაკონის ხის მუქი წითელი წვენი (რომელსაც სამკურნალოდაც იყენებდნენ და საღებავადაც). თავგადასავლის მაძიებელნი მოდიოდნენ კუნძულის სიმდიდრის ხელში ჩასაგდებად, საბის სამეფოს დედოფალი, ალექსანდრე მაკედონელი თუ მარკო პოლო არად დაგიდევდნენ გამოქვაბულების მოდარაჯე ვეება მითიურ გველებს.
საკმეველი და დრაკონის ხე განსაკუთრებით ფასეული მხოლოდ რომის იმპერიის ეპოქაში გახდა. მას შემდეგ, კუნძულმა სავაჭრო ხომალდების შუალედური პუნქტის ფუნქცია შეიძინა და საუკუნეების განმავლობაში, ნაწილობრივ მოექცა კულტურულ იზოლაციაში. მთაში ბედუინები თხებს მწყემსავდნენ, სანაპიროსთან დასახლებულნი – თევზაობდნენ, ფინიკს კი ყველა აგროვებდა. კუნძულის ისტორია, სოკოტრის ენაზე შექმნილი პოეზიით, ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას.
გარე სამყაროს კი სოკოტრისგან მხოლოდ აფრიკის რქასთან სტრატეგიული მდებარეობა აინტერესებდა. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, კვლევამ დაადასტურა, რომ ეს პატარა (134X43 კმ) ტროპიკული კუნძული მსოფლიო ბიომრავალფეროვნების უმნიშვნელოვანეს ცენტრთა შორისაა. სოკოტრაზე არსებული აფრიკის, აზიისა და ევროპის ბიომრავალფეროვნების ელემენტების ერთობლიობა კი ბიოლოგების თავსატეხია. სოკოტრა და მიმდებარე სამი პატარა კუნძული, ერთ კვადრატულ კილომეტრზე არსებულ ენდემურ მცენარეთა სახეობების რაოდენობით, მეოთხე ადგილზეა დედამიწის ყველა არქიპელაგს შორის – სეიშელის კუნძულების, ახალი კალედონიისა და ჰავაის შემდეგ. ჰაჯჰირის მთები – კუნძულის ცენტრში 1500 მეტრზე აღმართული გრანიტის პირქუში მწვერვალები ენდემური მცენარეების ყველაზე მაღალი სიმჭიდროვით გამოირჩევა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში.
ერთ პაპანაქება დღეს, მტვრიანი ქალაქის, ჰადიბუს შემოგარენში გავისეირნე ექსპერტ-ბოტანიკოს ლიზა ბანფილდთან ერთად; კლდოვან ფერდობზე ავედით და შევჩერდით მიწაზე გართხმულ მცენარესთან; სალვადორ დალის ნახატიდან გადმოსულს ჰგავდა – გეგონებოდათ, ერთ დროს მაღალი ხე სიცხეში ჩამოიღვენთა. მეწამული ყვავილების გამო, მას უდაბნოს ვარდს უწოდებენ. თუმცა ვარდს ნამდვილად ვერ მივამსგავსე.
„ეს იმ სტრატეგიის ცნობილი მაგალითია, რომელიც სოკოტრის მცენარეებმა გამოიმუშავეს მკაცრ და გვალვიან პირობებში გასაძლებად, – მითხრა ბანფილდმა, – ეს Adenium obesum sokotranum-ია. იზრდება აფრიკის კონტინენტსა და არაბეთის ნახევარკუნძულზე, თუმცა იქ ბევრად პატარა ზომისაა. მისი ღერო წყალს იმარაგებს, ხოლო ამ უცნაური მოყვანილობით ის უკეთ ემაგრება კლდეს. ზოგიერთებს არ მოსწონთ, ჩემთვის კი ძალიან ლამაზი ხეა“. ამ სიტყვებს, ალბათ, მხოლოდ ნამდვილი მეცნიერი თუ იტყოდა. მე-19 საუკუნის ერთმა მოგზაურმა უდაბნოს ვარდს „მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ხე“ უწოდა.
რამდენიმე მეტრი გავიარეთ და მივედით კიდევ ერთ მცენარესთან. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ის აუცილებლად გაიმარჯვებდა უცნაური მცენარეების კონკურსში. მისი გაბერილი ტანი ზემოდან დაგვყურებდა, კენწეროდან ბღუჯად დაშვებული შეფოთლილი ტოტები კი, კულულებივით ქანაობდნენ.
„გარეგნობით, Adenium-ს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში კიტრის ხეა – Dendrosicyos socotrana“.
კიტრის?
„დიახ. ეს ხის ერთადერთი სახეობაა გოგრისებრთა ოჯახში, რომლის წარმომადგენლებიც ჩვეულებრივ ხვიარა ან მცოცავი მცენარეებია. მაგრამ, აქ შეგვიძლია ვნახოთ უშველებელი ხეებიც. ისინი სხვა სამყაროდან მობრძანებულებს გვანან“.
თუმცა სოკოტრის სიმბოლოდ სულ სხვა ენდემი – დრაკონის ხე იქცა. ის იემენის 20-რიალიან მონეტაზეც კია გამოსახული. ჩვეულებრივი ოთახის მცენარეების მონათესავე Dracaena-ს გვარის ეს მცენარე კუნძულის თითქმის მთელ ტერიტორიაზე იზრდება – პლატოებზე, მთებში. დრაკონის ხის ყველაზე ვრცელი ტყე ფირმიჰინშია. მეორე დღეს, ბანფილდმა და მისმა სოკოტრელმა კოლეგამ, აჰმედ ედიბმა ფირმიჰინის შემოგარენში სახეტიალოდ წამიყვანეს.
ეროზირებული კირქვის კლდეები დანის პირს წააგავდა. გადამწვარი ხრიოკის ერთფეროვნებას აქა-იქ მიმობნეული ცვრიანი მიშჰაჰირის კაშკაშა მუქი წითელი ყვავილები არღვევდა. დრაკონის სისხლის ხეებს ცისკენ აეშვირათ ტოტები, ამოყირავებულ ქოლგებს წააგავდნენ. ეს ხეები ტყეშიც კი შორი-შორს იდგნენ, როგორც მორცხვი ადამიანები წვეულებაზე.
ასობით დრაკონის ხეს ვხედავდი, თუმცა ბანფილდმა ერთ შემაშფოთებელ ფაქტზე მიმითითა: მოზრდილი ხეების ქვეშ, ახალი ამონაყარი თითქმის არ ჩანდა.
აქ ბევრი მცენარე ჰაერის ტენიდან იღებს წყალს. სოკოსტრას ზოგიერთი იშვიათი ენდემური სახეობა მთის ციცაბო ფერდობებსა და კუნძულის პერიმეტრის გარშემო იზრდება, სადაც ნისლის კონდესაციის შედეგად, ქვებზე დაგროვილ ტენს იწოვს. დრაკონის ხეების ზევით აღმართული ტოტები სინამდვილეში ევოლუციური ადაპტაციაა – ისინი ძვირფას ტენს აგროვებენ ჰაერიდან. წყლის რაოდენობა კი თანდათან მცირდება. თუ დრაკონის ხეებისა და სხვა იშვიათი მცენარეების რეგენერაციის უნარის შემცირება კლიმატის ცვლილების ბრალია, მოკლევადიანი ზომების გატარებამ, შესაძლოა, ვეღარც უშველოს. კონსერვაციონისტებს ადამიანის საქმიანობით გამოწვეული საფრთხეებიც ძალიან აფიქრებთ.
1999 წლამდე, სოკოტრაზე არ არსებობდა თანამედროვე აეროპორტი, არც მოასფალტებული გზები. შემდეგ განვითარების ტემპი დაჩქარდა და სულ რამდენიმე წელიწადში მაგისტრალები მანქანებით გადაიტვირთა.
გარესამყარო სოკოტრაზე შემოიჭრა როგორც ირიბად – ტელევიზიის, მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტის საშუალებით, ასევე პირდაპირი გზით – ტურიზმით. მიუხედავად იმისა, რომ ახლო წარსულის პოლიტიკურმა მღელვარებამ დროებით შეზღუდა უცხოელთა შემოდინება, განვლილ ათწლეულში კუნძულის პლაჟებმა, კლდოვანმა მთებმა, უნიკალურმა ბიომრავალფეროვნებამ და უძველესმა კულტურამ სულ უფრო მეტი მოგზაური მიიზიდა (2000 წელს – 140, 2010-ში უკვე – 4000). სოკოტრის ბუნების ზოგი თაყვანისმცემელი შიშობს, რომ იემენის მთავრობის სწრაფვამ – 21-ე საუკუნის ცივილიზაცია შეიტანოს კუნძულზე – შესაძლოა, უკვე დააზიანა ის, რის სანახავადაც აქ ჩამოდიოდნენ. შეიძლება, ბოლო მოეღოს იმ ცხოვრების წესს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.
ბელგიელი ბიოლოგი კეი ვან დამი პირველად 1999 წელს ჩამოვიდა სოკოტრაზე, სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში. მტკნარი წყლების კიბოსნაირთა სპეციალისტი იხსენებს, რომ ბილიკებით სეირნობის ან ნაკადულების გასწვრივ ხეტიალის დროსაც კი პოულობდნენ ახალ სახეობებს. იოლად აგროვებდნენ ხვლიკებს, ლოკოკინებს, მწერებს, მცენარეებს და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს – მანამდე აღუწერავი რამდენიმე სახეობა ერთ დღეშიც აღმოუჩენიათ.
ვან დამი გრძნობდა, რომ ყოველი ჩამოსვლის დროს, წმინდა მეცნიერულ ინტერესთან ერთად, სულ უფრო მჭიდრო ხდებოდა კუნძულის კულტურასთან მისი ურთიერთობა: „ჩვენ უკვე გვეპატიჟებოდნენ საკუთარ საცხოვრებლებში. მივხვდი, რომ აქ ბევრად ძლიერია ადამიანის კავშირი გარემოსთან და, რომ ამ სახეობების გადარჩენის ერთადერთი გზა ამ ხალხის ტრადიციების შენარჩუნებაშია“.
სოკოტრაზე 600-ზე მეტი სოფელია. მათი უმეტესობა გაფართოებული ოჯახების შეჯგუფებული სახლებისგან შედგება. ყველა სოფელში ცხოვრობს მუქადამი, ანუ პატივსაცემი უხუცესი. საუკუნეების განმავლობაში, სოკოტრელებმა ისწავლეს საძოვრების, ტყის ჩეხის, კლანებს შორის მიწის საკუთრებაზე დავებისა თუ წყლის რესურსების გამოყენებისას წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების გზები. იემენის კონტინენტურ ნაწილში მცხოვრები თანამოძმეებისგან განსხვავებით, სადაც მძვინვარე შუღლი და ტომთაშორისი გარჩევები დიდი ხანია ცხოვრების წესად ქცეულა და სადაც კაცები ცეცხლსასროლი იარაღითა და ჯამბიებით (რიტუალური ხანჯლებით) შეიარაღებულები დადიან, სოკოტრის მოსახლეობა ყველაფერს მშვიდობიანად აგვარებს. რესურსებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება ერთადერთი გამოსავალი იყო კუნძულის მკაცრ გარემოში თავის გადასარჩენად, რაც თავისთავად ახდენდა გავლენას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზეც.
ვან დამი შეშფოთებით აკვირდებოდა სხვა კუნძულებზე ცივილიზაციის განვითარებას: „იკარგება ჰაბიტატები, ხდება მათი ფრაგმენტაცია, ინვაზიური სახეობების შემოჭრა, ბიომრავალფეროვნების გაქრობა“, – წერდა ის. „რეპტილიების გადაშენების 86% სწორედ კუნძულებზე დაფიქსირდა. ნახეთ, რა დაემართა გუამს, აღდგომის კუნძულს და ახალ ზელანდიასაც კი“.
სოკოტრის ბუნებრივ გარემოს უამრავი დიდი თუ მცირე საფრთხე ემუქრება, თუმცა გარემოსდაცვითი ზომების გატარებით, ბევრი, დროებით მაინც, აიცილეს თავიდან. განზრახული იყო ერთ-ერთი პლაჟის ახალ მთავარ პორტად გადაქცევა. მშენებლობის მაუწყებელი აბრა ადგილობრივებმა ჩამოგლიჯეს. ისინი ტრადიციული თევზჭერისა და რეკრეაციული ზონის გაუქმებას აპროტესტებდნენ. იაფფასიან რესტორნებსა და კაფეებში დადიოდა საკმაოდ დასაბუთებული ჭორებიც: იემენის პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებულმა პირმა საზღვაო ნაკრძალის მომიჯნავე ტერიტორია იყიდა სასტუმროს ასაშენებლადო და ნაკლებად სარწმუნოც – აშშ სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო ბაზას ათავსებსო.
მე და ბანფილდი სოკოტრის დასავლეთ კიდეზე, სოფელ ქულანსიასთან ახლოს, კლდეებზე ავბობღდით. ლიზამ მაჩვენა წითელ კლდეებზე გაზრდილი Dorstenia gigas-ი, – ბოლქვის ფორმის ლეღვი, იშვიათი ჯიშის მური, ალოე და სხვა უამრავი ენდემი. მაალას კლდეები და მიმდებარე პლატო მეორეა სოკოტრის ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ადგილებს შორის (ჰაჯჰირის მთების შემდეგ) არამარტო მცენარეებითა და უხერხემლოებით, არამედ რეპტილიებითაც, რომელთა 90% ენდემურია.
ვხედავდი ქვევიდან ზევით მიმავალ დაუმთავრებელი გზის მრუდე ხაზებს. გზა პირდაპირ გავიდოდა ამ ბიოლოგიურ საგანძურზე. კონსერვაციონისტების პროტესტის მიუხედავად, პროექტის განხორციელება მაინც დაიწყო; კლდეები მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ მშენებლებს ტექნიკური შესაძლებლობები არ ჰქონდათ მათ გასაჭრელად. უკეთესი დაგეგმარება შეინარჩუნებდა ბიომრავალფეროვნებას და მშენებლობასაც უფრო პრაქტიკულს გახდიდა. 2003 წელს დაბლობ ირიოშზე გზის გაყვანამ ბრტყელ ქვებზე ნაპოვნი უძველესი პეტროგლიფების ნაწილი გაანადგურა.
თუ ტურიზმი აღორძინდება, გაიზრდება მიწის მყიდველი უცხოელი ინვესტორების რაოდენობაც. საზოგადოებრივი საკუთრების ტრადიციის მქონე კუნძულზე კი მიწაზე პრეტენზია და სწრაფი გამდიდრების შესაძლებლობა ამწვავებს შუღლს სოფლებსა და ოჯახის წევრებს შორისაც კი, ისევე როგორც კნინდება ძველი პატივისცემა ბუნებრივი რესურსების მიმართ. სოკოტრა უკვე დაქსელილია ახალდაგებული გზებით, ჰადიბუში შენდება სასტუმროები და მაღაზიები, რომელთა უმრავლესობა უცხოელების საკუთრებაა.
მაგრამ, ჰაჯჰირის მთებში ცხოვრების ძველი სტილი ისეთივე მყარია, როგორც გრანიტის მწვერვალები. გარიჟრაჟზე სოფლის უქადამები თხებს უმღერიან, ადამიანები დადიან ტრადიციულ მკურნალებთან, რომლებიც მათ კანს უწვავენ სნეულებების განსადევნად. ღამეული ნისლი მზის ამოსვლისას ქრება, შოშიები დრაკონის ხეებში ფრთხიალებენ, პატარა მტრედები ღუღუნებენ, მიუვალ ფერდობებზე კი იდუმალი ყვავილები იშლებიან…
მოგზაურობის დასასრულს ვან დამთან, ბანფილდთან და გიდებთან ერთად წავედი მომის პლატოსკენ, სადაც კირქვის ტალღოვანი თხემები და მიმოფანტული ბუჩქებია, ქვევით კი ვრცელი გამოქვაბულები ეშვება, იშვიათი ენდემური მტკნარი წყლის კრევეტებითა და სხვა უხერხემლოებით. გავუდექით თუ არა გზას, ერთი მოხუცი მოვარდა: „რას აკეთებთ ჩემს მიწაზე? წადით აქედან!“ – ღელავდა, რადგან ფიქრობდა, რომ თუ დარჩენის ნებას მოგვცემდა, მეტი ტურისტი ამოვიდოდა და მორიელებს მოწამლავდა.
შევუთანხმდით, რომ ფერდობის გავლით, ფლატესთან გავეყვანეთ ათ დოლარად. წვეტიან ქვებზე ფეხშიშველი დადიოდა და ხელში ჯოხი ეჭირა, რომელსაც აქტიურად იქნევდა ლაპარაკის დროს. ლურჯად მოციმციმე არაბეთის ზღვიდან 600 მეტრზე ამომართულ კლდეებთან მივედით. უკანა გზაზე მოხუცმა ტოტები მოაგროვა, მწვანე მოსასხამში გაახვია და ზურგზე მოიგდო.
სოფელში დაბრუნებულებს გვითხრა, რაღაც უნდა გაჩვენოთ, აქვე ვიპოვეო. სჯეროდა, რომ ეს ნივთი გამოქვაბულების მოდარაჯე გრძნეულ გველებს ეკუთვნოდა, თუმცა უცხოელების აზრიც აინტერესებდა – გასაოცარი ნივთი გაპრიალებული მარმარილოს ერთი ჩვეულებრივი მოყავისფრო ბურთულა აღმოჩნდა.
„სოკოტრა ჯერ კიდევ შედარებით ხელუხლებელია, – ამბობს ვან დამი, – თუმცა ეს იმასაც ნიშნავს, რომ სწორედ დღევანდელი დღე, ცივილიზაციისა და განვითარების შემოტევებით, ბიომრავალფეროვნების ყველაზე დიდი საფრთხეა. ტრადიციულად, სოკოტრის მოსახლეობა იცავდა გარემოს, ახლა კი ეს ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. სოკოტრა ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილია დედამიწაზე, სადაც ჯერ კიდევ შეგვიძლია შევინარჩუნოთ კუნძულის უნიკალური გარემო“.
როცა იემენში სიმშვიდე დაბრუნდება, სოკოტრას კი გზები, კურორტები და ცნობისმოყვარე ტურისტები მოედებიან, შეძლებენ კი ადგილობრივები კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას? შეიკრიბებიან მშობლიურ ენაზე ლექსების სათქმელად? გაუძლებს დროს ბუნებასთან ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია? თუ ასე იქნება, მაშინ ის, ვინც კირქვის გორაკებზე აცოცდება, კვლავ გაიგონებს სოკოტრული გრატას ჭიკჭიკს – კუნძულის სიცოცხლის ხმას.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.