იდუმალი ლეონარდო
ცარცითა და მელნით შესრულებული უცნობი პორტრეტი შესაძლოა ლეონარდოს ხელს ეკუთვნოდეს. თუ ასეა, მაშინ მისი ფასი 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს


იდუმალი ლეონარდო
ცარცითა და მელნით შესრულებული უცნობი პორტრეტი შესაძლოა ლეონარდოს ხელს ეკუთვნოდეს. თუ ასეა, მაშინ მისი ფასი 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს
1998 წლის 30 იანვარს, როდესაც ეს უცნობი ბანოვანი პირველად წარდგა ხელოვნების სამყაროს წინაშე, მან მხოლოდ რამდენიმე მნახველის ყურადღება მიიპყრო. ნიუ-იორკის კრისტის აუქციონის მონაწილეებისთვის ის ჩარჩოში ჩასმული სანდომიანი სახე იყო, მეტი არაფერი! იმ დროს არც ახალგაზრდა ქალის და არც ავტორის სახელი იცოდა ვინმემ. კატალოგში ეწერა: მე-19 საუკუნის დასაწყისში გერმანელი ფერმწერის მიერ ფერადი ცარცითა და მელნით პერგამენტზე შესრულებული ნახატი, რენესანსის სტილში. ის ნიუ-იორკელმა ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრემ – კეიტ განცმა 21 850 დოლარად შეიძინა. პორტრეტის ღირებულება ათი წლის შემდეგაც არ შეცვლილა, რადგან ნახატით აღტაცებულმა კანადელმა კოლექციონერმა პიტერ სილვერმანმა პორტრეტი თითქმის იმავე ფასად შეიძინა განცის გალერეაში. სწორედ მას გაუჩნდა პირველად ეჭვი – იქნებ პორტრეტი მე-19 საუკუნეში კი არაა შესრულებული, არამედ აღორძინების ეპოქისაა? განცი ამბობდა, ლეონარდოს გავლენა იგრძნობაო და ვინ იცის, იქნებ თვით ლეონარდოა ავტორი?
რბილად რომ ვთქვათ, ეს ზღაპარს უფრო წააგავდა: გალერეაში შედიხარ და ყიდულობ ნახატს, რომელიც შემდეგ ლეონარდოს დღემდე უცნობი შედევრი აღმოჩნდება და ფასიც 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს; თანაც ჩვენს დროში “ახალი ლეონარდოს” აღმოჩენა არათუ იშვიათი, არამედ პრაქტიკულად არარსებული რამაა. მთელი 75 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ლეონარდოს ბოლო ნახატის ავთენტურობა დადგინდა და ამ ფონზე სილვერმანის გადაწყვეტილება – ეყიდა ნახატი, ათასობით დოლარის ქარისთვის გატანებას ჰგავდა. სიტუაციას ამძიმებდა ერთი გარემოებაც – ცნობა იმის შესახებ, რომ „მონა ლიზას“ ავტორს ოდესმე პერგამენტზე უმუშავია, არ არსებობს. ასეთი სახით მის არც ესკიზს ან ცნობილი ნამუშევრის ასლს არ მოუღწევია ჩვენამდე. და ისევ, თუ ეს სურათი ნამდვილად ლეონარდოს ეკუთვნის, სად იმალებოდა 500 წლის განმავლობაში?
სილვერმანმა ნახატის ციფრული ფოტო მარტინ კემპს – ოქსფორდის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ემერიტუს პროფესორსა და ლეონარდოს შემოქმედების ცნობილ მკვლევარს გაუგზავნა. კემპი რეგულარულად იღებს სურათებს ადამიანებისგან, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ სენსაცია მოახდინეს და ახალი შედევრი აღმოაჩინეს. ექსპერტი ამ ხალხს „ლეონარდოს ფანატიკოსებს“ უწოდებს და ადვილად იშორებს მათ. ახლაც ასე აპირებდა, მაგრამ ახალგაზრდა ქალის სახის იდუმალებამ სურვილი გაუჩინა პორტრეტი საკუთარი თვალით ეხილა. ის ციურიხში გაემგზავრა. დაახლოებით თაბახის ფურცლის ზომის (330 მმ X 239 მმ) სურათი სილვერმანს ბანკის საცავში ჰქონდა შენახული. „როდესაც სურათს დავხედე, თითქოს მეხი დამეცა და გავიფიქრე: ღმერთო! ეს შეუძლებელია! “, – იხსენებს კემპი.
და მან დაიწყო კვლევა… თითქმის დეტექტიური გამოძიების შედეგად კემპმა ნატურის სახელი დაადგინა. ეს იყო ბიანკა სფორცა, მილანის ჰერცოგის უკანონო შვილი, რომელიც 1496 წელს ცოლად გაჰყვა გალეაცო სანსევერინოს, მილანის გარნიზონის მეთაურს. პორტრეტის შექმნისას ბიანკა 13-14 წლის იქნებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ იგი ტრაგიკულად დაიღუპა საშვილოსნოსგარე ორსულობით. კემპმა პორტრეტს „მშვენიერი პრინცესა“ (La Bella Principessa) უწოდა.
2010 წელს კემპმა და კოტმა თავიანთი მიგნებები წიგნად გამოსცეს. რამდენიმე გამოჩენილი მკვლევარი დაეთანხმა მათ, თუმცა არა ყველა. ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ მუზეუმის“ სამხატვრო განყოფილების კურატორის – კარმენ ბამბაჩის აზრით, პორტრეტი უბრალოდ „არ ჰგავს ლეონარდოს ხელწერას“. მაღალი ხარისხის გაყალბებაზეც გამოთქვეს ეჭვი.
საოცარი პერიოდი დადგა, რადგან ლეონარდოს დაკარგულმა შედევრებმა დაიწყეს გამოჩენა. ნოემბერში ლონდონის ეროვნულ გალერეაში გამოფინეს „სალვატორ მუნდი“, იესო ქრისტეს პორტრეტი. იესოს ხელში შუშის სფერო უჭირავს.
ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ნიმუშების ავთენტურობის დადგენის პროცესი იშვიათადაა ცალსახა და ობიექტური, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ლეონარდო და ვინჩის უძვირფასეს ნახატს ეხება. ავტორის ვინაობის დადგენის პროცესში ყველაფერი ერთმანეთშია გადახლართული: ეგო, გემოვნება და მართლმსაჯულების შიში. „შეთანხმებას დრო სჭირდება“, – ამბობს კემპი, „მაგრამ მე მტკიცედ მჯერა, რასაც ვაკეთებ“. ერთი რამ ცხადია,თუ დადგა ის დღე, როდესაც ბიანკას პორტრეტს, როგორც ლეონარდო და ვინჩის შედევრს, მიუჩენენ ადგილს მუზეუმში, მას გულგრილად ვეღარავინ ჩაუვლის.
ვრცლად „მშვენიერი პრინცესას“ თავგადასავალს მარკო ფერი ჩვენი ჟურნალის ივლისის ნომერში გიამბობთ.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.