იდუმალი მფარველები
1536 წელს, დედოფალ ანა ბოლეინის სიკვდილით დასჯის შემდეგ, მისი სანუკვარი ლოცვების წიგნი გაუჩინარდა. ახლა უკვე ვიცით თუ ვინ ინახავდა მას.
ანა ბოლეინი მეფე ჰენრი VIII-ის მეორე ცოლი იყო. მას ხშირად წარმოაჩენენ, როგორც მაცდურ ქალს, და რაც მთავარია, მას აკისრებენ პასუხისმგებლობას ინგლისში რელიგიის სახის ცვლილებისთვის. დღეს ბოლეინი აღიარებულია, როგორც უაღრესად განათლებული და ღვთისმოსავი პიროვნება, რომელიც იღვწოდა განათლებისა და რელიგიური რეფორმისთვის, თუმცა 1536 წელს ის მეუღლის ღალატისა და ინცესტის საეჭვო ბრალდებებით დააპატიმრეს და თავი მოჰკვეთეს, რის შემდეგაც ჰენრი VIII შეეცადა მისი სახელი ისტორიიდან ამოეშალა. სასახლის კედლებიდან მოიხსნა დედოფლის სამეფო ემბლემები, მისი ძვირფასეულობა ბნელ სკივრებში გადაიმალა და მისთვის ძვირფასი წიგნებიც ყველა ისტორიული წყაროდან გაქრა.
ბოლეინის ერთ-ერთი საკუთრება, ლოცვების წიგნი, მოულოდნელად გამოჩნდა. ეს განსაცვიფრებელი „ჟამნი“, დღის განმავლობაში საკითხავი საღვთისმეტყველო ტექსტებით, დაახლოებით 1527 წელს დაიბეჭდა. მასში ვხვდებით როგორც ხელით გაფერადებულ გრავიურებს, ასევე თავად დედოფლის იშვიათ ხელნაწერ ნიმუშებს.
საუცხოოდ მოხატული გვერდების არშიაზე მიწერილია გარითმული ორი ტაეპი, რომელშიც დედოფალი ლოცვებში მოხსენიებას ითხოვს“. დედოფლის სიკვდილით დასჯისთანავე წიგნი გაუჩინარდა და XX საუკუნის დასაწყისში კვლავ გამოჩნდა, როდესაც ამერიკელმა მილიონერმა უილიამ ვალდორფ ასტორმა შეიძინა ჰივერის სასახლე ინგლისში – სახლი, სადაც ბოლეინმა ბავშვობა გაატარა. თუ რა გზა გაიარა შერისხული დედოფლის წიგნმა სასახლეში მოხვედრამდე, საიდუმლოდ რჩებოდა, თუმცა მკვლევრებმა წიგნის გვერდებზე აღმოაჩინეს აქამდე უცნობი ხელმოწერები, რამაც ნაწილობრივ ფარდა ახადა წიგნის მოგზაურობას ისტორიაში.

ფოტო: რობერტ ალექსანდერი, GETTY IMAGES
აღმოჩენა
2020 წლამდე უცნობი იყო, სად ინახებოდა წიგნი ბოლეინის სიკვდილიდან 360-ზე მეტი წლის განმავლობაში. სწორედ ამ დროს ქეით მაკკაფრიმ, კენტის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა, თავის ნაშრომზე მუშაობისას დედოფლის ლოცვების წიგნის გვერდებზე მოულოდნელი რამ აღმოაჩინა.
„შეუიარაღებელი თვალით, გადღაბნილ მელანს ჰგავდა“, – იხსენებს მაკკაფრი, ახლა უკვე ჰივერის სასახლის ასისტენტ-კურატორი. ცნობისმოყვარეობით აღვსილმა სასწრაფოდ ითხოვა ინდუსტრიული სიმძლავრის ულტრაიისფერი განათება და სასახლის ყველაზე ბნელ ოთახში დააყენა. ასეთი ტიპის სინათლე გამოიყენება ისტორიული დოკუმენტების გამოსაკვლევად, ვინაიდან მელანი ულტრაიისფერ ტალღას შთანთქავს და დასხივებისას უფრო მკვეთრი გამოსახულება ჩნდება ფურცელზე. „სიტყვებმა მაშინვე ამოანათა ფურცელზე, ეს საოცარი სანახაობა იყო“, – იხსენებს კურატორი.
მაკკაფრის თანახმად, „უჩინარი“ სიტყვები გვიან ვიქტორიანულ ხანაში წაშალეს, როდესაც მიღებული იყო, რომ უნდა წაშლილიყო ყველა „არასაჭირო“ შენიშვნა წიგნებსა და ხელნაწერებში. სწორედ მისი საგამოძიებო სამუშაოს შედეგად აღმოჩენილმა წაშლილმა სიტყვებმა გვიამბო ამ წიგნის ისტორია, თუ როგორ გადაურჩა ის სამეფო კარზე განადგურებას და როგორ აღმოჩნდა სანდო ადამიანთა ხელში, რომლებიც ბოლეინის ერთგული მხარდამჭერები იყვნენ.
ქალები
წიგნში ტექსტებთან დატანილი აღნიშვნები და სახელები ავლენს ქალთა მთელ რიგს კენტიდან, მათ შორისაა ელისაბედ შირლი, ფილიპა გეიჯი და მერი უესტი. ისინი გაერთიანდნენ ბოლეინის ძვირფასი ლოცვების წიგნის გადასარჩენად, რითაც შეძლეს დედოფლის ხსოვნის შენარჩუნება.
თუ ვის ხელში აღმოჩნდა პირველად დედოფლის „ჟამნი“, ჯერ უცნობია, თუმცა ბოლეინის ისტორიის მკვლევრის, ნატალი გრიუნინგერის აზრით, დედოფალმა ის ელისაბედ ჰილს გადასცა. იმ დროისთვის ჰილი ჰივერის სასახლესთან ცხოვრობდა, მისი მეუღლე რიჩარდი კი მეფე ჰენრის კარზე სამეფო მარნის განმკარგველად მსახურობდა. არსებობს იმის დამადასტურებელი ჩანაწერები, რომ წყვილი მეფესთან ერთად ბანქოს თამაშობდა და რადგან დედოფალი ელისაბედ ჰილთან მეგობრობდა, მან „ჟამნი“ სწორედ ელისაბედს გადასცა სიკვდილით დასჯის წინ. „დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, კენტში მცხოვრები ოჯახის თაობები ინახავდა ამ წიგნს, რაც უაღრესად გაბედული ქმედება იყო, რადგან შესაძლოა ისინი ღალატში დაედანაშაულებინათ“, – ამბობს გრიუნინგერი, ავტორი წიგნისა „ანა ბოლეინის უკანასკნელი წელი“.
„ჟამნში“ არშიაზე მიწერილი სახელებიდან ჩანს, რომ 1500 წლამდე, ის საგვარეულოში ქალებს გადაეცემოდათ, დედებს, ქალიშვილებს, დებს ან დისშვილებს. „ის, რომ ქალებმა შეინახეს ეს წიგნი, მართლაც სოლიდარობის, ერთობისა და სიმამაცის ლამაზი ისტორიაა“, – ამბობს მაკკაფრი.
დღეს წიგნი ჰივერის სასახლეში ინახება. როგორც ისტორიკოსი ოუენ ემერსონი აღნიშნავს, დედოფლის დნმ ამ წიგნის გვერდებზეა, რომელსაც ყოველდღე ეხებოდა და ეამბორებოდა ლოცვის დროს. „ეს მართლაც მისთვის ყველაზე სანუკვარი ნივთი იყო“, – ამბობს ემერსონი. „ჩვენ არ ვფლობთ მისივე სიტყვებით გადმოცემულ ინფორმაციას თავისი ცხოვრების შესახებ, თუმცა მასზე დაწერილი ლამაზი ტაეპი კარგად აღწერს ანას სახასიათო პიროვნებას“. ბოლეინის ლოცვების წიგნმა თავის სახლს მიაგნო, მაგრამ მისი იდუმალი ამბის კვლევა ამით არ დასრულებულა. მაკკაფრი აგრძელებს ამ წიგნის მიერ განვლილი იდუმალი გზისა და მისი მფლობელის ისტორიის კვლევას, რომელიც 500 წლის შემდეგაც იმსახურებს აღფრთოვანებას.