იემენის ისტორიის გადასარჩენად
იმ ფონზე, როდესაც ომი ემუქრება მილიონობით იემენელს, ისტორიკოსები და არქეოლოგები იბრძვიან უძველესი კულტურის სიმბოლოთა დასაცავად.


იემენის ისტორიის გადასარჩენად
იმ ფონზე, როდესაც ომი ემუქრება მილიონობით იემენელს, ისტორიკოსები და არქეოლოგები იბრძვიან უძველესი კულტურის სიმბოლოთა დასაცავად.
დამშრალი უადის არხში ვდგავარ და კისერს ვიგრძელებ, რომ თავს ზემოთ აზიდული უზარმაზარი ნაგებობა შევათვალიერო: აკურატულად გამოთლილი ქვების უთვალავი წყება 15 მეტრზე იჭრება გახუნებული უდაბნოს ცაში. დაახლოებით 2500 წლის წინ ის ერთ „უნაკერო“ მთლიანობად აქციეს კირდუღაბის გამოუყენებლად.
როდესაც მარიბის დიდი კაშხალი აშენდა იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს იემენია, მისი კედლები 620 მეტრის სიგრძეზე იშლებოდა. დღემდე აღმართული კოლოსალური რაბები იმ კომპლექსური სისტემის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც სეზონური წვიმების ნაკადს აკონტროლებდა იემენის მთიანეთიდან მის გადახრუკულ უდაბნოებამდე აღმოსავლეთით, სადაც ის 9600 ჰექტარზე გაშლილ სასოფლო-სამეურნეო ოაზისებს კვებავდა. ამ ყველაფრის ცენტრში კი იდგა აყვავებული ეკონომიკური ჰაბი: მარიბი, საბას დედაქალაქი. ეს არაბული სამეფო უმეტესად ცნობილია თავისი ლეგენდარული ბილკისით – ბიბლიასა და ყურანში უკვდავყოფილი შებას დედოფლით.

ძვ. წ. VIII საუკუნიდან მარიბი იწყებს მწვერვალზე ასვლას და მისი კეთილდღეობის წყარო სწორედ ზემოხსენებული კაშხალია. ეს კომპლექსური ნაგებობაა იმის მიზეზიც, რომ საბას დედაქალაქი წარმოადგენდა ნაყოფიერ, საკვებითა და წყლით უზრუნველყოფილ გასაჩერებელ პუნქტს მწყურვალი აქლემებისა თუ მშიერი მოვაჭრეებისთვის.
აღნიშნული სამეფო ყვაოდა სამხრეთ არაბეთში, სადაც ძვირადღირებულ საკმეველს, მურსა და სხვა არომატულ ფისებს ყიდულობდნენ თუ ყიდდნენ. საბას ტერიტორიაზე გადიოდა „საკმევლის გზა“, რომელიც ინდოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე იყო გადაჭიმული. ის გახლდათ ასევე საქარავნო ვაჭრობის საკვანძო პუნქტი, სადაც სპილოს ძვალი, მარგალიტები, აბრეშუმი და ძვირფასი ხეები იბეგრებოდა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმოსვლის დროს.
დღეს მარიბის სიმდიდრე ქვიშაში ჩაფლული ნავთობი და ბუნებრივი აირის მარაგებია. აღნიშნული გარემოება კი მას აქცევს სტრატეგიულ სამიზნედ იმ ომში, რომელიც მიმდინარეობს იემენის ჰუსიტ ამბოხებულებსა და საუდის არაბეთი-საამიროების კოალიციას შორის. ეს უკანასკნელი მხარს უჭერს ადგილობრივ ძალებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჰუსიტების გავლენის ზრდას. ზემოხსენებული ომი უკვე 8 წელია ტანჯავს იემენს. 2020 წლიდან უძველესი დედაქალაქი მარიბი ფრონტის წინა ხაზად გადაიქცა და ერთ-ერთ უკანასკნელ ქალაქ-ციტადელად საერთაშორისოდ აღიარებული იემენის ხელისუფლებისთვის.
ჩამავალი მზის მკრთალ შუქზე მარიბის კაშხლის შემორჩენილ კედლებში დავეხეტები და მათი კონსტრუქციები მაოცებს – მეფიქრება იმ კომპლექსურ ლოგისტიკაზე, რომელიც დასჭირდებოდა აყვავებული ქალაქის შენარჩუნებას სამხრეთ არაბეთში ათასობით წლის წინ. შემდეგ მქუხარე არტილერიის ნაცნობი ხმები ისმის მახლობელი მთებიდან და ექოსავით ვრცელდება უადიში.

„გაიგონეთ ეს“, – ჩურჩულით მეუბნება ჩემი იემენელი გამცილებელი და თარჯიმანი ამარ დერვიში. მომდევნო აფეთქება კიდევ უფრო ხმამაღალია და ამარს სწრაფად ვპასუხობ.
„კი, გავიგონე“.
ეს ომი იემენის წარსულ საგანძურთა უშუალო სიახლოვეს მიმდინარეობს. იემენის უძველესი სამეფოები – საბა, კატაბანი, მაინი, ჰადრამავთი, ჰიმიარი, აუსანი – დგანან არაბეთის ნახევარკუნძულის ცივილიზაციის საწყისებთან. მათი ისტორია, ჰიდრავლიკური ინჟინერია თუ ქვის არტეფაქტებზე ამოკაწრული უძველესი ტექსტები გვიყვება ვაჭარ ხალხსა და კომპლექსურ, ბინადარი ცხოვრების წესის მიმდევარ ცივილიზაციაზე, რომელიც ძლიერ შორდება ფესვგადგმულ სტერეოტიპებს უდაბნოში მოხეტიალე არაბებზე.
ომი 2014 წელს დაიწყო, როდესაც ჩრდილოეთ ჰუსიტების აჯანყებულებმა აიღეს დედაქალაქი სანა. მიზნის მიღწევაში მათ ყოფილი პრეზიდენტის, ალი აბდალა სალეჰის მხარდამჭერები დაეხმარნენ. მოქმედ პრეზიდენტს, აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადის, შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ალ-ჰადი ქვეყნიდან გაიქცა, საუდის არაბეთში გადავიდა და იქაური ხელისუფლება დაარწმუნა, საჰაერო დაბომბვის იერიში დაეწყოთ რეგიონული კოალიციის მხარდაჭერით, რომელთაც ზურგს უმაგრებდა აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები. ყველა ეს მხარე კი მცირე ყურადღებას თუ იჩენდა დაუცველი 30 მილიონი მოქალაქისა თუ მათი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
საჰაერო დაბომბვამ მუზეუმები მიწასთან გაასწორა, განადგურდა ასობით გამორჩეული, საუკუნოვანი სახლი, სადაც უამრავ თაობას უცხოვრია; დაიბომბა პრეისლამური სამარხებიც, სუფიური ტაძრები კი სამხედროებმა დაარბიეს.

მიუხედავად ასეთი ნგრევისა, იემენელ ისტორიკოსთა, არქეოლოგთა და სხვა გულანთებულ ადამიანთა პატარა, მაგრამ უკომპრომისო გუნდი თავის მისიას აგრძელებს იემენის სიძველეების დასაცავად – არტეფაქტები ჩაკეტილია მუზეუმებში, დამალულია საწყობებში და ჩამარხულია ქვიშაში. ისინი ცდილობენ, მომავალი შემოუნახონ თანამოქალაქეებს, რომლებიც თვითგადარჩენისთვის იბრძვიან შუაგულ ომში.
ათასწლეულების განმავლობაში მარიბი სამხრეთ არაბეთის უდიდესი ქალაქიდან დანგრევის პირას მისულ, XXI საუკუნის პროვინციულ დასახლებად გადაიქცა, რომელიც ასოცირდება იარაღასხმულ, ადამიანთა გამტაცებელ ტომობრივ დაჯგუფებებთან. მათ განრისხებას იწვევს ცენტრალური ხელისუფლება, რომელმაც მიითვისა მარიბის ნავთობისა და ბუნებრივი აირის შემოსავალი და ადგილობრივ მოსახლეობას, ფაქტობრივად, არაფერი დაუტოვა. მარიბი ასოცირდა ასევე ალ-კაიდასთან მას შემდეგ, რაც აღნიშნული დაჯგუფების იემენური შტოს მებრძოლებმა პასუხისმგებლობა აიღეს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენებისა თუ უცხოელ მოქალაქეთა თავდასხმებზე. თუმცა, 2014 წლიდან მოყოლებული, სიტუაცია შეიცვალა. დღეის მარიბი უკიდურესად განსხვავდება 8 წლის წინანდელი მტვრიანი ქარიშხლების ქალაქისგან. იქ ნახავთ უამრავ ახალ სახლს, თანამედროვე წრიულ მაგისტრალს, სასტუმროებსა თუ რესტორნებს, რომელთაც ჰუსიტების კონფლიქტური ტერიტორიებიდან გამოქცეული ადამიანები აშენებენ. ახლა მარიბი ომში ჩაძირული იემენის სწრაფად მზარდ ქალაქს წარმოადგენს.
აქლემების ნაცვლად, რომლებიც წარსულში საკმევლებს დაატარებდნენ, სატვირთო მანქანები ცემენტს ეზიდებიან უდაბნოში და ხალხი სახლებსა თუ სასტუმროებს აშენებს. ნავთობის წარმოება გაჩერების პირას მივიდა 2015 წელს, თუმცა თანდათან ის ისევ აღდგა და ახლა აძლიერებს ეკონომიკას, რომელიც მარიბს თვითუზრუნველყოფილ ქალაქად აქცევს.

მარიბისა და მისი გარემომცველი მუჰაფაზის მოსახლეობა – ნახევარ მილიონ ადამიანზე ნაკლები ომის დაწყებამდე – შვიდჯერ გაიზარდა. აღნიშნული მატება განაპირობა ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა ტალღამ, რომლებიც გაურბოდნენ ჰუსიტების კონტროლირებულ ზონებსა და სადავო ტერიტორიებს. მარიბის მუჰაფაზის დაახლოებით 85%-ს სწორედ დევნილები შეადგენენ.
და მაინც, ამ ქალაქის სასიკეთო ცვლილებებს კვლავ საფრთხე ემუქრება. 2021 წლის დასაწყისში ჰუსიტებმა იერიში მიიტანეს მარიბის უძველესი კაშხლის უკან მდებარე მთებზე; თავდასხმები გააქტიურდა მიმდინარე წლის დასაწყისშიც. ახლა ქალაქი ამბოხებულთა ჭურვებისთვის მისაწვდომ მანძილზეა. ათობით რაკეტა იმ რაიონებშიც ჩამოვარდა, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა თვალუწვდენელი ბანაკებია 200 000 იემენელითა და მიგრანტით. ამ დრომდე კოალიციური ძალების საჰაერო თავდასხმები (თავის მხრივ, მათ საომარ მოქმედებებს მიეწერება ქვეყნის მასშტაბით 19 200-ზე მეტი მოქალაქის სიკვდილისა თუ დაშავების ფაქტი 2015 წლიდან) ჰუსიტების წინსვლას აფერხებდა. დღეს კი ფრონტის ხაზი ახლოვდება და მარიბის მოსახლეობაც თავის ბედს ელის, რაც, შესაძლოა, ნიშნავდეს თავშესაფრის ძიებას უკვე მესამედ თუ მეოთხედ აღნიშნული ომის განმავლობაში. მიმდინარე წელს აღინიშნა ცეცხლის დროებით შეწყვეტის ყველაზე გრძელი პერიოდი. აპრილში 2-თვიანი მშვიდობა დაიწყო, რომელიც კიდევ 2 თვით გახანგრძლივდა ივნისში – იმედს იტოვებენ, რომ იქნებ ომი პოლიტიკური საუბრებით დასრულდეს.
ამ კონფლიქტის ყველაზე მძიმე მხარე აქტიური ფრონტის ხაზია, რადგან ის პირდაპირ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს ემუქრება. რაც შეეხება იემენის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას, ომის მონაწილეთა ქმედებები აჩვენებს, რომ ისინი სულაც არ ერიდებიან მსგავსი ადგილების ბრძოლის ველად გადაქცევას. 2015 წლის მაისში კოალიციის საჰაერო შეტევისას რაკეტა მოხვდა მარიბის დიდი კაშხლის ერთ-ერთი რაბის ჭიშკარს, მისი შემორჩენილი კოშკურა ჩამოაქცია და ადგილზე მხოლოდ ნანგრევების წყება დატოვა.
თანამედროვე მარიბის აღმოსავლეთით საბას ცნობილი ტაძრებია – ბარანი და ავამი, რომლებიც განადიდებს საბას უზენაეს ღვთაება ალმაკაჰს, ირიგაციისა და მიწათმოქმედების ღმერთს. ერთმანეთისგან კილომეტრი მანძილით დაშორებული ეს უნიკალური ტაძრები გახლავთ ჩვენი ძალიან მცირე ცოდნის დიდი ნაწილი, რაც კი გვსმენია საბაელთა სამყაროზე.
საბაელების რელიგიური მსახურების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ საკმეველსა და მურს ფართოდ იყენებდნენ რიტუალებში. ალმაკაჰს ეთაყვანებოდნენ ვაჭრები თუ პილიგრიმები, რომლებიც მარიბის ოაზისებში ჩერდებოდნენ ხოლმე თავიანთი გრძელი და სახიფათო გზის გავლისას არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნოებში. ამასთან, საბა მოწინავე გახლდათ წერასა და სალაპარაკო ენაში. მისი კულტურული ზეგავლენა არქიტექტურაზე, იკონოგრაფიასა და ორნამენტებზე მთელ სამხრეთ არაბეთში გავრცელდა – მოგზაურმა ვაჭრებმა კი ის უცხო ქვეყნებამდეც ჩაიტანეს.


(მარცხნივ) ძვ. წ. პირველ ათასწლეულში აშენებული მარიბის დიდი კაშხალი სიცოცხლეს უნარჩუნებდა იემენის აღმოსავლეთ უდაბნოს. დღეს მხოლოდ ქვიშაქვის რაბებია დარჩენილი; ჩრდილოეთი რაბი დაზიანდა კოალიციის საჰაერო იერიშისას 2015 წელს. (მარჯვნივ) იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში მცხოვრები ბიჭი დგას მარიბის კაშხალთან. 8 წლის წინ დაწყებული ომის შედეგად 19 000-ზე მეტი იემენელი დაიღუპა ან დაშავდა კოალიციური ძალების საჰაერო იერიშებისას. 4 მილიონამდე ადამიანი კი იძულებით გადაადგილდა.
ბოლოდროინდელ ომამდე კარგა ხნით ადრე, იემენის ტაძრებს ხშირად არბევდნენ მძარცველები და გაუმაძღარი უცხოელი არქეოლოგები, რომლებიც ნებისმიერ აღმოჩენას თავის საკუთრებად აცხადებდნენ. მათ შორის ერთ-ერთი უკანასკნელი გახლდათ სახელგანთქმული უენდელ ფილიპსი, ამერიკელი არქეოლოგი, რომელმაც 1950-დან 1952 წლამდე რამდენიმე ადგილი გათხარა სამხრეთ არაბეთში.
„დროს ჩაეძინა აქ და უძველეს ცივილიზაციათა ნაჭუჭი ღრმად ჩაიმარხა ქვიშაში, ისე შემოინახა, როგორც ყვავილები წიგნის ფურცლებში“, – დაწერა ფილიპსმა 1955 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნში „კატაბანი და შება“, რომელიც გვიყვება მის პირველ მოგზაურობაზე იემენში.
ფილიპსის გათხრებიდან ყველაზე მეტად ცნობილია ავამის ტაძარი, სადაც მან აღმოაჩინა ჰაერში გამოკიდებული სვეტები, უზარმაზარი გალავანშემორტყმული ზღუდე და სასაფლაო – 20 000 განსვენებული მოქალაქით. გათხრების საშუალებით დადგინდა, რომ ეს ტაძარი პირველი ათასწლეულის ადრეულ პერიოდს მიეკუთვნებოდა. ავამი, ისევე როგორც ბარანი, ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ ცნობილ ისტორიულ ძეგლად გადაიქცა იემენში, რომელიც ასოცირდება საკულტო ქვის სვეტებთან, ბრინჯაოსა და თაბაშირის პატარა ფიგურებთან თუ გამორჩეულ წარწერებთან.
ავამის ტაძარში ჩატარებულ ფილიპსის გათხრებს მოჰყვა ევროპელ და ამერიკელ არქეოლოგთა გუნდები. მათ აღმოაჩინეს კიდევ უფრო მეტი რამ – მიაგნეს არტეფაქტებსა და დეტალურ წარწერებს, რაც მარიბის მიმზიდველობას განაპირობებდა იემენის ერთ დროს აქტიურ ტურისტულ გზაზე.
დღეს ვინმე იშვიათ ვიზიტორს შეუძლია ცნობისმოყვარე ხელით გადაბერტყოს ქვიშის დამცავი ფენა და მის ქვეშ აღმოაჩინოს ტაძრის იატაკის გლუვი ქვები, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში აპრიალებდნენ პილიგრიმები. ვიღაც სხვა მოიხიბლება ფართო ცერემონიულ კიბეებზე გუშაგებივით მდგარი გარეთხის სკულპტურებით თუ თავგზისამბნევი წარწერებით, რომლებიც ტაძრის გალავნის შიდა კედლებზე მიიკლაკნება. ავამში მისტიკა იგრძნობა. მაგრამ ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვანი არტეფაქტებიდან ზოგი მოთავსებულია ჰუსიტების კონტროლირებულ სანას ეროვნულ მუზეუმში, რომელიც დახურულია ზემოხსენებული კონფლიქტის მიზეზით, სხვები კი ათასობით კილომეტრის მანძილზეა გადატანილი დასავლეთისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოთა მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში.

გასული 15 წელი არქეოლოგიური უყურადღებობით გამოირჩეოდა, რამაც ცოტა ამოსუნთქვის საშუალებაც მისცა ტაძრებში მიკვლეულ სიძველეებს: ავამის ტაძრის დაუცველი საკრალური ზონები კვლავ ქვიშაში ჩაიმარხა ორი-სამი მეტრის სიღრმეზე. „ეს კარგია, რომ ყველაფერი მიწის ქვეშაა. ქვიშა უსაფრთხოებაა“, – ნაღვლიანად აღნიშნავს სადექ ალ-სალვი, იემენის სახელმწიფო სააგენტო GOAM-ის (General organization of Antiquities and Museums) მარიბში არსებული ფილიალის დირექტორი.
საქარავნე მარშრუტს რომ სამხრეთით გაუყვებით, მოხვდებით საბას უძველესი მეზობლისა და მეტოქის, კატაბანის სამეფოს ყოფილ დედაქალაქ ტიმნაში. სწორ ხაზს თუ გავავლებთ, მარიბსა და ტიმნას შორის 60 კილომეტრია, მაგრამ იქ ჩასასვლელად 3-4-საათიანი მგზავრობა დაგჭირდებათ იემენში მიმდინარე საომარ მოქმედებათა გამო. მაღალი გამავლობის მანქანით მგზავრობისას ამარი და მე ვითვლით თავის ქალისა და ორი გადაჯვარედინებული ძვლის გამაფრთხილებელ ნიშნებს, რომლებიც დანაღმული ველების შესახებ გვატყობინებს. კონფლიქტის დაწყებიდან ეს მიწები არაერთხელ გადავიდა ხელიდან ხელში და მათ ხან ჰუსიტები აკონტროლებდნენ, ხანაც – კოალიციური ძალები. ადგილობრივი მოსახლეობა ფრთხილობს და თავს არიდებს რომელიმე მხარის მიმართ ნეგატიური აზრის გამოთქმას, რადგან არავინ იცის, თუ ვინ მოვა სათავეში ერთი კვირის ან ერთი თვის შემდეგ.
იემენის მასშტაბით ტიმნამ უკიდურესი ფორმებით იწვნია კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება. ამ ქალაქის ნანგრევებში სიარულისას ვხედავდით ძირს მიმოფანტულ 2000-წლოვანი კერამიკის ნატეხებსა და ახალ დანამატებსაც: AK-47-სა თუ ტანკების დაცლილ ჰილზებს. ამუნიციის ცარიელი ყუთები ავსებდა სანგრებს, რომლებიც ტიმნას მთავარი ტაძრის ნანგრევთა ქვეშ გაუთხრიათ. ეს ტაძარი განადიდებს ასტარს, ჭექა-ქუხილის ღმერთს, რომელიც შურისმგებელი ბუნებითაა ცნობილი.

დაბომბვის შედეგად ასტარის ტაძრის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა, მისი აღმოსავლეთი მკლავი კი 10 მეტრის სიგანისა და 3 მეტრი სიღრმის კრატერად იქცა. კოალიციური ძალების საჰაერო იერიშის შედეგად დარჩენილ უზარმაზარ ხვრელში ორი პატარა ბავშვი დახტოდა ქვის დიდ ნატეხებზე, რომლებიც აფეთქების ძალამ გამოტყორცნა.
იტალიელ არქეოლოგთა მისია ტიმნის გათხრებს აწარმოებდა 1990-2005 წლებში. იქ მათ ახალი მუზეუმის მშენებლობაც დააფინანსეს, რომლის მიტოვებაც მოუწიათ კონფლიქტის გამწვავების გამო. დღეს ეს ნაგებობა სავსეა ქვის ნამტვრევებით, კედლები კი ჩამოქცეულია საბრძოლო მოქმედებათა მიზეზით.
ტიმნის მუზეუმი, დაუსრულებელი და დაბომბილი კარკასით, ერთ-ერთია შაბვის მუჰაფაზის იმ სამი მსგავსი დაწესებულებიდან, რომლებიც მოქცეულია კირიან ალ-ზუბაიდის (GOAM-ის დირექტორი შაბვის მუჰაფაზის ფილიალში) ზედამხედველობის ქვეშ. მეორე გახლავთ ბაიაჰანში, რომელიც უკვე 25 წელია აღარ ფუნქციონირებს, მესამე კი ატაკში – შაბვის მუჰაფაზის დედაქალაქში. ამ სამი მუზეუმისთვის გამოყოფილი სამთავრობო დაფინანსება მხოლოდ 16 000 იემენურ რიალს (20 დოლარზე ნაკლები) შეადგენს თვეში.
რა ფასი შეიძლება დაედოს ისტორიის შემონახვას მომავალი თაობისთვის, როდესაც დღეს ბავშვები შიმშილით იხოცებიან?
35 წელიწადზე მეტია, რაც ალ-ზუბაიდი არქეოლოგიურ საქმიანობას მისდევს იემენში. 1986 წლიდან იგი შაბვის მუჰაფაზის სიძველეთა სამსახურს ხელმძღვანელობს. ალ-ზუბაიდი და მისი კოლეგა ალ-სალვი საბასა და კატაბანის სამეფოთა მკვლევარი მსოფლიოს მოწინავე ექსპერტები არიან. როდესაც ალ-ზუბაიდიმ ექსკურსია ჩაგვიტარა ატაკის მუზეუმში, კარგად გამოჩნდა მისი მგზნებარება ისტორიის შესწავლის მიმართ.
ალ-ზუბაიდის 32 წლის ვაჟი, აჰმედი, აღნიშნავს, რომ იემენის კულტურულ მემკვიდრეობაზე ფიქრი ნაკლებ პრიორიტეტულია მთავრობისთვის. ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტი, ასევე უსაფრთხოების საკითხები, მართლაც უფრო დიდი პრობლემაა. „მაგრამ ეს, – ამბობს აჰმედი და გულისხმობს თავისი მამის პროფესიულ თავგანწირვას იემენის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, – ეს მის გულშია“. ერთი რამ ცხადია: ალ-ზუბაიდი თავის საქმეს ფულისთვის არ აკეთებს. მიუხედავად გამოცდილების ათწლეულებისა, იემენის მთავრობა მას თვეში დაახლოებით 100 დოლარს უხდის, რაც მცირედით აჭარბებს ჯარისკაცის ანაზღაურებას.
70%-ზე მეტ იემენელს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება იმ ქვეყანაში, რომელსაც ომამდე პერიოდში იმპორტით შემოჰქონდა (ღირებულებას იხდიდა აშშ დოლარით) სურსათის 90%. შიმშილი გამოიყენეს საბრძოლო მოქმედებათა იარაღად; გაეროც არაერთგზის გვაფრთხილებდა, რომ იემენში შიმშილის პირობები იქმნებოდა – მიუხედავად უხვი საკვებისა ბაზრებში. ანტიჰუსიტური კოალიციის არაოფიციალური, თუმცა ფაქტობრივი ბლოკადით იმპორტის წილი მკვეთრად შემცირდა და მასთან ერთად ვალუტაც გაუფასურდა; ამასობაში ჰუსიტებს ადანაშაულებდნენ, რომ თითქოს ისინი ხელს უშლიდნენ გამოგზავნილი დახმარების მოსახლეობაში დარიგებას და ზრდიდნენ გადასახადებს თავიანთი საომარი მოქმედებების დასაფინანსებლად. სასიცოცხლოდ არსებით პროდუქტთა ფასები, როგორიცაა ხორბალი, ფქვილი და ბრინჯი, 250 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როდესაც იემენური რიალის ღირებულება 80%-ით დაეცა (აშშ დოლართან მიმართებით) ომის განმავლობაში. აღნიშნულ ვითარებას კიდევ მეტად ამძიმებს ის ფაქტი, რომ იემენში ხორბლის თითქმის ნახევარი უკრაინიდან და რუსეთიდან შედის. „ადამიანები ყველაფერს გაყიდიან მუცლის ამოსავსებად და შვილების გამოსაკვებად. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“, – ამბობს ალ-ზუბაიდი და გულისხმობს არტეფაქტების მოპარვის მზარდ პრობლემას.


(მარცხნივ) ტრადიციული სახლების მშენებელი მალიკ ალ-ნაჯიბი ამოწმებს სანას ძველი ქალაქის აღდგენით სამუშაოებს. სანა მოქცეულია ჰუსიტების კონტროლქვეშ და წარმოადგენს კოალიციის საჰაერო იერიშების სამიზნეს; თუმცა, აპრილში ცეცხლი შეწყდა 2 თვით, რომელიც კიდევ 2 თვით გახანგრძლივდა ივნისში – იმედს იტოვებენ, რომ იქნებ პოლიტიკური საუბრებით დასრულდეს ომი.(მარჯვნივ) UNESCO-ს მიერ დაქირავებული მჯაჰიდ ადიბი, რომელსაც ტალახის გუნდა უჭირავს, ნაგებობათა განახლებაზე მუშაობს შიბამში (ჰადრამავთი). ეს ქალაქი შესულია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში და ამაყობს ცაში აჭრილი მიწის ნაგებობებით, რის გამოც შიბამს უწოდებენ „უდაბნოს მანჰეტენს“.
არტეფაქტების გადასარჩენად იგი ადგილობრივ ბაზრებში დადიოდა და უკანონო მოვაჭრეებთან გარკვეული შეთანხმებების მიღწევით ცდილობდა, რომ ნებისმიერი ძველი ნივთი კვლავ მუზეუმში დაებრუნებინა. გასულ წელს მან საკუთარი ხელფასიდან 450 დოლარი გაიღო 20 არტეფაქტის შესაძენად, რომლებიც, მისი ვარაუდით, ძვ. წ. 700 წლით თარიღდებოდა; მათ შორის იყო სრულად შემონახული რამდენიმე ლარნაკი და თაბაშირის ფიგურა. ალ-ზუბაიდი დღემდე ელოდება, რომ მთავრობა აუნაზღაურებს აღნიშნული ნივთებისთვის გაღებულ თანხას, რომლებიც ახლა უკვე მუზეუმშია გამოფენილი. არტეფაქტებით მოვაჭრეებმა არ იციან მათი ფასი, აღნიშნავს იგი. მაგრამ, რა ფასი შეიძლება დაედოს ისტორიას ან მის შემონახვას მომავალი თაობებისთვის, როდესაც დღეს ბავშვები შიმშილით იხოცებიან? მისი შეკითხვა ჰაერშია გამოკიდებული.
ალ-ზუბაიდის უდიდესი აღმოჩენა უკავშირდება შაბვას, ჰადრამავთის სამეფოს დედაქალაქს. ქალაქი შაბვა გახლდათ ადგილზევე დამზადებული საკმევლის სადისტრიბუციო ცენტრი და თავისი დიდების დღეებში სახელი ჰქონდა გათქმული უამრავი ტაძრით. ამ ქალაქის ნანგრევებში ამარსა და მე ადგილობრივი შეიხი ჰასან რაკნა მიგვიძღვის, რომელიც შესასვენებლად ჩერდება 10 მეტრი სიგანის კიბის თავზე. იგი აღწერს მომაჯადოებელ ფრთოსან ლომს ხარის რქებითა და კობრის კუდით, რომელიც შაბვაში აღმოაჩინეს. სხვა არაერთ იქაურ ძვირფას არტეფაქტთან ერთად, ლომის ეს ქანდაკებაც უსაფრთხოების მიზნით ადენის ეროვნული ბანკის საცავებში გადაიტანეს.

ქალაქ შაბვიდან სამხრეთისკენ დავიძარით, გავუყევით უძველეს საქარავნო მარშრუტს და აქლემით 8-დღიანი მგზავრობის შემდეგ თეთრი ქვიშიდან ასობით მეტრი სიმაღლის ჩამქრალი ვულკანი ამოიზარდა – იქ, სადაც არაბეთის ნახევარკუნძული ეგებება ადენის ყურეს. თუ მის მწვერვალზე აძვრებით, თქვენს წარმოსახვაში 2000 წლის წინანდელი სურათი გაცოცხლდება: ვაჭრები, მზიდავები და საბაჟოს მცველები ირევიან კანას დატვირთულ პორტში; უძვირფასესი საქონლით დატვირთული ხომალდები გეზს იღებენ ეგვიპტისა და ინდოეთისკენ.
მაგრამ გარდასულ სამეფოთა ზმანება აქ წამიერია, რადგან ახლა ჯავშანტრანსპორტიორები და იარაღითა თუ მებრძოლებით დატვირთული „პიკაპები“ დაქრიან იმ მოკირწყლულ გზატკეცილებზე, რომლებზეც ერთ დროს საბაელთა ქარავნები მოძრაობდნენ.

შაბვის მუჰაფაზიდან ადენისკენ მიმავალ უდაბნოს გრძელ გზაზე ამარი და მე ვმგზავრობთ კიდევ ერთ ქვიშის ქარიშხალში, ჩვენი მანქანის მაგნიტოლადან კი ბარბითის სევდიანი მუსიკა ისმის. მელოდიას ერწყმის სტროფები იემენის ყველაზე ცნობილი თანამედროვე პოეტის, აბდალა ალ-ბარადუნის ლექსიდან, რომლის სიტყვები ძლიერ ეხმიანება იემენის თანამედროვე ყოფას:
„სიკვდილის მღვიმეებში ჩემი ქვეყანა არც კვდება, არც ცოცხლდება. ის მიძვრება დამუნჯებულ სამარხებში და დაეძებს თავის წმინდა საწყისებს, თავის ახალგაზრდობას, რომელიც თვალის დახამხამებაში მიილია, თავის ოცნებას, რომელიც მოაკითხავს დამალულ აჩრდილს“.
იონა კრეიგი იემენზე მოგვითხრობს 2010 წლიდან; მან არაერთი ჯილდო მიიღო მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებისთვის. Magnum-ის ფოტოგრაფი მოისეს სამანი აქტიურად მუშაობს ახლო და შუა აღმოსავლეთში.