ილით შეზავებული თავგადასავალი
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პირველყოფილი ტყის დალაშქვრა ძვირფასი ილის საპოვნელად


ილით შეზავებული თავგადასავალი
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პირველყოფილი ტყის დალაშქვრა ძვირფასი ილის საპოვნელად
უცებ, თითქოს არსაიდან, ვიღაც შეგვეჩეხა პნევმატური იარაღით, როდესაც ლანგი და მე გზას მივიკვლევდით მთიან ველზე. ეს უკვე საინტერესოა-მეთქი – გავიფიქრე.
„გამარჯობა, მგონი დავიკარგეთ“, – უთხრა ლანგმა, რომელსაც ხელით ნაქსოვი ტრადიციული ბლუზა, სპანდექსის შარვალი და რეზინის ჩექმები ეცვა. – „ჩემი ნათესავები ხომ არ შეგხვედრიათ? – შვიდი მამაკაცი და ორი ქალი?“
აქ მოსახვედრად ჩვენ მთელი დღე ვაბღუვლეთ მოტოციკლები, გადავიარეთ მთის ოღროჩოღრო უღელტეხილი, გადავეშვით მუხლამდე მდინარეში, ხან ციცაბო აღმართებს შევუდგებოდით და ხანაც თავქვე მივქროდით, კინაღამ შხამიან გველსაც დავაბიჯეთ. ჩვენ უკვე ახლოს ვიყავით დანიშნულების ადგილთან. შავი ილის ტყე სადღაც ძალიან ახლოს ჩანდა მწვერვალზე, მაგრამ ბუჩქნარსა თუ მინდვრის ყვავილებში ჩავიკარგეთ და ბილიკს ვეღარ ვპოულობდით. ლანგის მეუღლე დუონგმაც მის ძიებაში გადაუხვია ჩვენი მარშრუტიდან.
„აქ, ჰოანგლიენის ეროვნულ პარკში, წლების განმავლობაში მომყავს ილი და ზუსტად ვიცი, სად დაბანაკდა შენი ოჯახი“, – მიუგო შემხვედრმა.
ლანგი და დუონგი ქალაქ შაპაში ცხოვრობენ და ტურისტებს მეგზურობას უწევენ ხოლმე ეროვნულ პარკში, მაგრამ მათი ოჯახური საქმიანობა ისტორიულად უფრო ილის მოყვანას უკავშირდება, რომელსაც ჰოანგლიენის მთებში 1990-იანი წლებიდან თესავენ. ახლა ამ ყოველწლიური მკის ოჯახურ ექსპედიციას სათავეში ედგა ლანგის უმცროსი ძმა, სახელად ჩო.
შაპა გამორჩეულად თვალწარმტაცია მთელ ვიეტნამში. ის მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი მწვერვალის, ფანშიპანის (3143 მ) გვერდით და აღნიშნული ეროვნული პარკის შესასვლელთან. შაპა დიდებული ადგილია სალაშქროდ და აქ საუკუნეების განმავლობაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ტრადიციების გასაცნობად.
ჩვენი მოგზაურობა დიდ თავგადასავლად გვეჩვენებოდა, თუმცა, ამავე დროს, კარგ საველე გაკვეთილადაც გამოდგებოდა ვიეტნამის ამჟამინდელი საკონსერვაციო მდგომარეობის შესაფასებლად. 1990-იან წლებში შავი ილი პირველად ჰოანგლიენის მთებში დათესეს; მას ოპიუმი უნდა ჩაენაცვლებინა. ერთ დროს, კოლონიურ პერიოდში, სწორედ ოპიუმზე იდგა ინდოჩინეთის ეკონომიკა. ამავე პერიოდიდან იწყება ჰოანგლიენის ეროვნული პარკის სიმბოლური ისტორიაც – ომისშემდგომი ვიეტნამი ცდილობს, თავისი ბიომრავალფეროვნება დაიცვას. და აი, თავსატეხიც: როგორ შეიძლება ერთსა და იმავე ტყეში მოექცეს საკონსერვაციო ზონა და, მასთან ერთად, დიდი შემოსავლის მომტანი სასაქონლო კულტურის ნათესები?

მოგზაურობა ჰანოიდან დავიწყე. იქ ერთ ბაზარში შევედი და შავი ილის ექვსი ნაყოფი (თითოში ოცამდე თესლით) ვიყიდე 9000 ვიეტნამურ დონგად (39 ცენტი). ზომით ორჯერ აღემატებოდნენ ფრჩხილისოდენა თავიანთ მწვანე „ბიძაშვილებს“, რომელთაც ხშირად იყენებენ ინდურ სამზარეულოში. თითქოს, სიგარისა და გლინტვეინის შერეულ არომატს აფრქვევდა.
შავი ილი (ვიეტნამური სახელი – თაო-კვა) იზრდება ზღვის დონიდან მაღლა მდებარე ტყის მდინარეთა ნაპირებთან და მაღალი ხეების ჩარდახებს აფარებს თავს. გამომშრალი ფორმით ამ სუნელს ვიეტნამური ატრიის წვნიანსა (ფო) და კიდევ რამდენიმე პოპულარულ კერძში იყენებენ.
შავ ილს, ძირითადად, ჩინელი ვაჭრები ყიდულობენ. მათ ქვეყანაში თაო-კვას იყენებენ ტრადიციულ მედიცინაში ყაბზობისა და სხვა ტიპის დაავადებების სამკურნალოდ. ჩინეთში სულ უფრო იზრდებოდა მასზე მოთხოვნა, რის შედეგადაც შაპა შავი ილის სავაჭრო ცენტრად გადაიქცა.
იმ ღამით ჰანოის მატარებელს გავყევი და ჩინეთის საზღვრისკენ გავემართე. მომდევნო დილას, როდესაც ვიეტნამის სასაზღვრო ქალაქ ლაოკაიში ჩავედი, ტაქსი გავაჩერე და შაპაში მოსახვედრად ერთი საათი ვიმგზავრე; იქ ლანგი დამხვდა და ილის საწყობში წამიყვანა, სადაც ახალმოკრეფილ ნაყოფს ახარისხებდნენ ერთადერთი ნათურის შუქზე.
როგორც ჩანს, აქ ეს ბიზნესი ყვაოდა. ყოველ წუთში ვიღაც ფერმერი მოაჩერებდა მოტოციკლს, ჩამოაგდებდა თაო-კვათი გადავსებულ ტომრებს და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ. მერე გამოჩნდებოდა საწყობის მეპატრონეც, ამოიღებდა ბღუჯა ფულს და იქვე ჩაუთვლიდა საქონლის თანხას. ვხედავდი ათასობით დასახარისხებელ ილის ნაყოფს, გარეთ კი სატვირთო მანქანების მთელი „ფლოტი“ იცდიდა, რომ ეს პროდუქტი ლაოკაისა თუ ჩინეთის საზღვრისკენ გაექანებინათ.

საწყობის უფროსმა გვითხრა, ერთ კილო თაო-კვას ხუთ დოლარად ვყიდულობო, მაგრამ მისი ფასი მუდმივად მერყეობდა მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად. „ერთი თაობის წინ ასე რეგულარულად ვერ ვუკავშირდებოდით ჩინელ გადამყიდველებს, – დაამატა საწყობის მეპატრონრემ და თან თავის აიფონს დახედა, – მაგრამ ახლა ყველაფერი მარტივადაა. მხოლოდ ნომრის აკრეფაა საჭირო“.
ვიეტნამში მაღალმთიან მიწებს ხშირ შემთხვევაში ამუშავებენ არა ვიეტნამელები, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები.
ლანგის ოჯახი (ჰმონგების ეთნიკური ჯგუფი) შაპას შემოგარენ სოფელ ტავანში ცხოვრობს და მათ კარგად იხეირეს ამ ბოლო წლებში, რადგან შაპაში სალაშქრო ტურიზმი აყვავდა.
მაგრამ ილი კვლავ რჩება სოფლელთა შემოსავლის არსებით წყაროდ. ლანგის მამამ მითხრა, რომ 1994 წელს ერთი ტყის სიღრმეში დაიწყო ილის მოყვანა – თურმე, მთავრობას უბრძანებია მისთვის, რომ ოპიუმის თესვაზე ხელი აეღო. შემდეგ, დრო გასულა და ის ტყე ჰოანგლიენის ეროვნულ პარკად გადაქცეულა. „სულ მიყვარდა იქ ხეტიალი, – მეუბნებოდა იგი, – ახლა კი შვილებს ვუჩიჩინებ, რომ ნათესებს მიხედონ“.

ჰოანგლიენის ეროვნული პარკი 2002 წელს დაარსდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მწირი შემოსავლის მქონე, მიმდებარედ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები იქ შოულობენ თავიანთ სარჩოს, საკონსერვაციო ღონისძიებების გატარება ხშირად რთულდება. – „ამ დაცულ ზონებთან ხომ უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს“, – ამბობს პამელა მაკელვი, ანთროპოეკოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი რატგერსის უნივერსიტეტში. „ასე, მარტივად, ვერაფერი მოხდება; აუცილებელია ალტერნატიული საკონსერვაციო მოდელის შემუშავება“, – მითხრა მან.
მაკელვის თქმით, „ილის მოდელი“ (სოფლელებს მოჰყავთ თაო-კვა ეროვნული პარკის ფარგლებში, ხოლო რეინჯერები ამაზე თვალს ხუჭავენ) აქამდე საკმაოდ კარგად მუშაობდა ორივე მხარისთვის. დიახ, გასაგებია, რომ ეს არალეგალურია, დათესო ილი პარკის საზღვრებს შიგნით, შემდეგ კი იქ შეშა შეაგროვო და კოცონი დაანთო ნაყოფის გამოსაშრობად, მაგრამ მთელი ტყის გაჩეხა უარესი არ იქნებოდა?! – ამბობს მაკელვი. ასე რომ, ვიეტნამის ხელისუფლება ხშირად მიდის მსგავს კომპრომისებზე.
ჟურნალისტი მაიკ აივსი ცხოვრობს ჰონკონგში და, ძირითადად, New York Times-ისთვის წერს სტატიებს. იან ტე კუალა-ლუმპურის მკვიდრია, მან პულიტცერის ცენტრის გრანტი მიიღო მდინარე ხუანხეს სანაპიროებზე მცხოვრები ხალხის კვლევისთვის.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.